ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ხმაური (წერილი I)

ყოველ დილით „ილუზიებით“ ვიღვიძებ. ეს გაღვიძება იძულებითია, მაგრამ სულ მგონია, რომ სამხრეთ აფრიკაში ჩანჩქერ „ტუგელას“ ახლოს ვიმყოფები ან სულაც პერუში ვარ, ჩანჩქერ „სამ დასთან“ (სწორედ ასე უწოდებენ სამი განტოტვილი ნაკადის გამო).  აჰა, ბრაზილიისა და პარაგვაის საზღვარზე ვარ ჩანჩქერ „გუაირას“ ძირში… ბრაზილიაში მოგზაურობა კრიმინალური სიტუაციის გამო სახიფათოა და ნეტავ რატომ წამოვედი? ან, იქნებ არგენტინისა და ბრაზილიის საზღვრად მდებარე ჩანჩქერ „იგუასუზე“ ვარ? უჰ, არა… „ნიაგარას“ ჩანჩქერთან ვარ, კანადაში… როგორ ვერ მივხვდი?..

ესეც ვერ გამოვიცანი. სახლში, ჩემსავე ოთახში, წყლის დგაფუნის გაუსაძლისი ხმით (იძულებით) გავიღვიძე. ეს ჩანჩქერი კი არა, ავტოფარეხში გახსნილი მანქანების სამრეცხაოა, სადაც მოცალეობის ჟამს ხალიჩებსაც სიამოვნებით რეცხავენ და შემდეგ იქვე ქუჩაში გაბმულ მოაჯირზე აშრობენ, მტვრით რომ კარგად გაჯერდეს.

ყოველ დილას რვა საათზე იწყებენ ბეჯითად რეცხვას და ღამის თერთმეტ საათამდე დგაფუნ-ჩქაფუნობენ. რას იზამ, თურმე კანონით ეს ხმაურის საათები ყოფილა. დაკეტე ბატონო ფანჯარაო, მეტყვის მავანი. რა ვქნა, ზამთარ-ზაფხულ ღია ფანჯარაში  მიყვარს ძილი, თბილისის ჰაერის დარჩენილი საცოდავი ნაწილით მაინც რომ ვისუნთქო. თუ არ რეცხავენ, გამაყრუებელ ხმაზე ჩართულ სიმღერებს უსმენენ, სადაც „სტიუარდესა ჟანასაც“ მოისმენ და „ჩემო კაკლის მურაბასაც“!

თუ, სიმღერებიც მობეზრდებათ, არც ერთმანეთში ჩხუბსა და კინკლაობაზე ამბობენ უარს. ჰოდა, ვწევარ ძალათ გაღვიძებული, ვუსმენ საშინელ ხმაურს და ვცდილობ ამ აბეზარ მრეცხავებზე რამე პამფლეტი შევთხზა:

სამრეცხაო, რომ გავხსენით,

მაშინვე გავხდით ამაყნი,

გვიყვარს უბანში მუსიკა,

ჩხუბი და აყალმაყალი…

შენიშვნასაც არავინ აძლევს, თავადაც წელში გამართული არიან, თურმე კანონის ფარგლებში ხმაურობენ.

ძვირფასო კანონის დამწერნო… იცით, რომ…

ხმაური უსიამოვნო ხმაა, ისეთი, რომელიც არ გვსიამოვნებს. ასეთ ხმებს დაბადებამდეც ვისმენთ. ბოლო დროს ის გარემოს ერთ-ერთ საშიშ დამაბინძურებლად არის აღიარებული, რომელიც ანთროპოგენური აქტიურობითაა  გამოწვეული. ინდივიდზე ის გარკვეულ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. რაც შეიძლება მისი კომუნიკაციის, მუშაობის, დასვენების, ძილის უნარზეც აისახოს. თუმცა, ეს კამათის საგანია, რადგან მავანი ხმაურის მიმართ მგრძნობიარეა, მეორე კი ისეთი გამობრძმედილი, რომ უკვე თითქოს ვეღარც აღიქვამს მას. თუმცა, ეს მას ჰგონია ასე, სინამდვილეში კი, მისი ნერვული სისტემა ჩუმად რეაგირებს ხმაურზე.

ზოგადად, ორი სახის ხმაურს გამოყოფენ. ერთი მასშაბით ჰაერისა და წყლის დაბინძურებასთანაა გაიგივებული და გარემოში რაღაც პერიოდით არსებობს.  მხოლოდ ბოლო დროს  მიაქციეს ყურადღება მეორე ტიპის ხმაურს, ე.წ. ენერგიის ნარჩენს, მაღალი ტემპერატურის წარმოების პროცესებიდან, რომლებიც თერმული დაბინძურების წყაროა. ხმის ტალღებში არსებული ენერგია წარმოქმნის სპეციფიური  ტიპის ბგერით ტალღებს, თუმცა, საბედნიეროდ, გარემოში დიდი ხნით არ რჩება.

ხმაურის დონე სხვადასხვაა. ქალაქის ტიპის დასახლებაში  გარემოს ხმაური 30 dB-ის ტიპის დაბალი შეიძლება იყოს. ქალაქის (აქ საზოგადოებრივი და ინდუსტრიული ხმაურიცაა) ან მის ახლოს მდებარე საცხოვრებელ ადგილებშიც კი ეს დონე იშვიათად ნარჩუნდება და 70 dB-ს აჭარბებს. გზასთან ახლოს სახლებში 90 და 100 dB-იც შეინიშნება.

 

ხმაურის წყარო ხმაურის დონე dB
სამრეწველო
დიდი ზომის გაზის მარეგულირებლები 150
ჩამოსასხმელი ქარხანა 128
მანქანათმშენებლობა 125
გაგრილების კოშკები 130-130
სამთო სამშენებლო
ბულდოზერი 90-105
ჟანგბადზე მომუშავე საბურღი 128
ხელის ბურღი 122
ტრანსპორტი
ვერტმფრენი 130-140
დიზელის საწვავზე მომუშავე 85-110
მსუბუქი მანქანა 70-80
მეტრო 110
საზოგადოებრივი ადგილები
ბიზნეს ობიექტების ადგილი ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობით 110
ტროტუარის პნევმატური ბურღვა 95
ბალახის საჭრელი მანქანა 65
ძაღლის ყეფა 15-25
სამრეცხაო 80-90
საყოფაცხოვრებო
Hi-fi (აუდიო-ვიდეო-ტელე ) მოწყობილობა საძინებელში 125
სამზარეულოს ბლენდერი 90-95
ელექტრო წვერის საპარსი 75-90

ადამიანზე ხმაურის ეფექტი სხვადასხვაა. იმაზე შევთანხმდეთ, რომ ყველა დისკომფორტს გრძნობს და ხმაური ფიზიოლოგიური სტრესია. ქვეითდება სამუშაოს შესრულების უნარი, განსაკუთრებით, თუ საქმე გონებრივ მუშაობას ეხება. იწყება უძილობა.  შემდეგ უკვე,  ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე. ერთსა და იმავე ინდივიდზეც კი სხვადასხვა დროს განსხვავებულად მოქმედებს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაღლილობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. პირველ რიგში, ზიანდება ადამიანის სასმენი ორგანო. 80 dB სიმძლავრის ხმაურის 0,05 წამის შემდეგ შუა ყურის მუსკულატურა ვიბრაციას იწყებს. აკუსტიკური ტრავმა 100  dB-დან იწყება, ოღონდ აქაც ყველაფერი ინდივიდუალურია და ხმაურის ზემოქმედების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

ნორვეგიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ხმაურის გავლენა სამუშაო ადგილზე. აქ საუბარი კვლავ გონებრივ მუშაობას შეეხება, თორემ ფაბრიკა-ქარხნებში, (დიახ, განვითარებულ ქვეყნებში ასეთებიც არის) წესით, ხმაურისგან დამცავ ყურსასმენებს იყენებენ.

ხმაურის გავლენა შემდეგი ფორმულით გამოითვლება: D=C/T

სადაც: D ხმაურის გავლენაა, C ხმაურის ხანგრძლივობა, T ხმაურის გავლენის ზღვარი საათების განმავლობაში, ანუ რამდენის გაძლება შეგვიძლია. ეს უკანასკნელი სპეციალურ ცხრილში უნდა მოვნახოთ:

 

ხმაურის დონე ხანგრძლივობის ზღვარი (საათებში)
80 dB 32
85 dB 16
90 dB 8
95 dB 4
100 dB 2
105 dB 1
110 dB 0.5
115 dB 0.25
120 dB 0.125
125 dB 0.063
130 dB 0.031

 

ცხრილი შემუშავებულია OSHA-ის მიერ. OSHA The Occupational Safety and Health Administration (პროფესიული  უსაფრთხოება და ჯანდაცვის ადმინისტრირება).

ზემოთ დაწერილი ფორმულის თანახმად, თუ მანქანების ხმაურს უსმენთ მაგ. 14 საათის განმავლობაში და მათი ხმაურის მაჩვენებელი 80 dB-ია, მაშინ ცხრილის თანახმად, ხანგრძლივობის ზღვარი 32 გამოდის. ფორმულის თანახმად კი, ხმაურის გავლენის კოეფიციენტი 0.4375 გამოდის. ამავე მსჯელობით გამოანგარიშებული სამრეცხაოს გავლენის მაჩვენებლად 1.75 მივიღე.

Dმანქანა=14სთ/32=0.4375

Dსამრეცხაო=14სთ/8=1.75

 

შარშან მაისში სტამბოლში საზაფხულო სკოლაში მიწვეული მომხსენებელი ვიყავი. მეცნიერები რვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული და რადგან, ყველანი მიწვეულები გახლდით, ერთად განგვათავსეს ერთ ლამაზ და სუფთა სასტუმროში, ზეითინბურნუს უბანში. სტამბულის ამ ნაწილში პირველად ვიყავი და რაც უჩვეულო იყო (ჩემთვის!), ბევრი ხე, ბევრი სიმწვანე გახლდათ. ამას დამატებული  ზღვის ჰაერი…

თუმცა, ღამით, ასე 12 საათზე ბულდოზერების ხმა გაისმა. დილის ხუთ საათამდე თხრიდნენ.

Dბულდოზერი=5სთ/4=1.25.

მეორე დღეს, ათზე საათზე ყველანი ფუატ სეზგინის ფონდის სააქტო დარბაზში შევიკრიბეთ. ყველა თავის ტკივილს, უძილობას და შრომის სრულ უუნარობას უჩიოდა. მხოლოდ, მე ვიყავი მხნედ.

აი, რას ნიშნავს მუდმივი  წვრთნა…

 

P.S. ხმაურისადმი მიძღვნილ პირველ წერილში, ე.წ. „ქუჩის ხმაურზე“ ვისაუბრეთ. თუმცა, თავისი მასშტაბებით არანაკლებ საშიში და გამაღიზიანებელია „სახლის ხმაური“, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთ დამაბინძურებლებად მეზობლები გვევლინებიან.

თუმცა, ამ მტკივნეულ საკითხზე მეორე წერილში დავწერ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი