პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვასწავლოთ სახალისო ჭადრაკი სკოლამდელი განათლების საფეხურზე

დიდი ხანია, მინდა დავწერო იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოიტანა ჩემმა გადაწყვეტილებამ, რომ საბავშვო ბაღში ჭადრაკის აქტივობა შემეტანა.

ბავშობიდან მახსოვს შთაბეჭდილებები და ფრაზები, როდესაც  ახლობლები/ნაცნობები იგებდნენ, ჭადრაკზე რომ  დავდიოდი:

„რა კარგია, მანჩო, ძალიან დაგეხმარება, ჭადრაკი გონებას ხსნის…“

„მათემატიკა აღარ გაგიჭირდება…“

„შენ ხომ დამახსოვრება გიჭირს, ახლა კი უკეთ შეძლებ, დამიჯერე!..“

ასეთი ფრაზები არც თუ ცოტა იყო. კარგად ვერც ვიგებდი, რა კავშირში იყო ამ ჩამონათვალთან  ჭადრაკი. ის უბრალოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა იყო ჩემთვის. თან მე საკმაოდ დაკავებული ბავშვი ვიყავი: მხატვრული კითხვა, ბალეტი, ცურვა, სიმღერა, ფორტეპიანო… პირველი შვილი ვარ და რაც კი არსებობს სპორტისა თუ ხელოვნების დარგი (აქტივობა), ყველაფერზე დავყავდი მშობლებს, მაგრამ აი ჭადრაკი მაინც განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა ხალხში. მიკვირდა და ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ასე.

გავიდა დრო და, რა თქმა უნდა, თავადაც მივხვდი –

რატომ მაინცდამაინც ჭადრაკი… რისთვის არის სასარგებლო…

ძნელად  თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ჭადრაკის მნიშვნელობის შესახებ არ სმენია. ამიტომ აქ არ გიამბობთ ჭადრაკის ისტორიას.

მოკლედ, გავიდა დრო და ვერც მივხვდი, როდის შემიყვარდა ეს უნიკალური თამაში, უმოძრაო  სპორტი და, ამავდროულად, ხელოვნება – პატარა სათამაშო 32 ფიგურით, ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციის, გამარჯვებისკენ სწრაფვის უნარს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში რომ ავითარებს. დიახ, ჭადრაკი ადამიანებს ამზადებს ცხოვრებისთვის.  ასწავლის ფიქრს, გააზრებას, წესრიგს და საკუთარი საქციელის მიზეზშედეგობრიობაზე აფიქრებს.

ერთხელ გონებაში რაღაც იდეურმა მონახაზმა გამიელვა და ვიფიქრე, ვცდი, ვნახავ, იქნებ გაამართლოს, ბავშვებსაც მოეწონოთ ჭადრაკი და რამე პატარა შედეგიც მოგვიტანოს-მეთქი.    ჭადრაკის გაკვეთილები უკვე ბევრ სკოლაში ტარდება, მაგრამ ბაღში არც ისე ხშირად შეხვდებით. ამიტომ ვიფიქრე, რატომაც არა, სახალისო ჭადრაკს გავაკეთებ-მეთქი.

პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ის იყო, რომ ბავშვებისთვის ეს იდეა  საინტერესოდ და მიმზიდველად უნდა მიმეწოდებინა. ასე დავიწყეთ გაცნობა: პატარა ქაღალდის ჩანთაში ჩავდე ციცქნა ჭადრაკი თავისივე ფიგურებით. ჩანთა ხელში მეჭირა და დემონსტრაციულად ვამოძრავებდი. ფიგურები ამ დროს ერთმანეთს ეჯახებოდნენ და წკრიალა ხმას გამოსცემდნენ. ბავშვები იმწამსვე დაინტერესდნენ, თუ რა იდო ქაღალდის ჩანთაში. ერთმანეთის მიყოლებით მორბოდნენ და მეკითხებოდნენ – რა არის? რა არის?  სანამ ყველა არ მოგროვდა და მოუთმენელი ინტერესით სავსე თვალებით არ მომაჩერდნენ, არაფერი მითქვამს. ბოლოს ვთქვი, მინიშნებებით გეტყვით რა არის და უნდა გამოიცნოთ-მეთქი. უფრო გაუმძაფრდათ ინტერესი და დაძაბულობამაც იმატა. პასუხის ჩქარა თქმა უნდოდათ.

– პირველი მინიშნება: ჩანთაში დევს სათამაშო.

დაუფიქრებლად დაიწყეს ძახილი, უბრალოდ, მთავარია, დაესწროთ ერთმანეთისთვის:

– დათუნია…

– ლეგო…

– ბურთები…

მე გავაგრძელე:

– აქ დევს სათამაშო, რომელსაც ორი ადამიანი ერთდროულად თამაშობს.

კვლავ პასუხების ზღვა:

– იქს ბოქსი?

– სათამაშო ფეხბურთი?

-დომინო?

ჩემი მესამე მინიშნება:

– ამ სათამაშოს აქვს 62 უჯრა და 32 ფიგურა ჰყავს. მთავარი კი მეფეა.

ერთხმად შესძახეს: ჭადრაკი! ჭადრაკი! მე ვიცოდიი, ვამბობდიი…..

ჭადრაკი ჩანთიდან ამოვიღე, რომ ენახათ. აიღეს, შეეხნენ, დაათვალიერეს და ამ დროს მე ისევ განვაგრძე.

– ერთი იდეა მაქვს, რომელიც მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ, რადგან თქვენი დახმარება მჭირდება. დიდი ჭადრაკის დაფა მინდა გავაკეთოთ ერთად მე და თქვენ, ისეთი, ჩვენც ზედ რომ დავდგეთ და ვითამაშოთ, გინდათ? გავაკეთოთ ერთად?

დათო: „ეეე, რა მაგარიააა!!!“

ანდრია: „ახლავე რო დავიწყოთ?“

ლიზი: „კი, კი, გვინდა!“

მოკლედ, მასალა გავამზადე და ბავშვებმა მუშაობა დაიწყეს. დაიწყეს ჭადრაკის შენება, დიახ, შენება, რადგან ეს უნდა ყოფილიყო უზარმაზარი ჭადრაკის დაფა. ჭადრაკის დაფის შექმნაში უშუალო მონაწილეობა ბავშვებს უნდა მიეღოთ, მე მხოლოდ მიმთითებელი ვიყავი.  თაბახის 32 ფურცელი გააფერადეს შავი გუაშებით, ასოებისთვის და ციფრებისთვის გამოიყენეს სხვადასხვა ფერი, მე მხოლოდ ასოებისა და ციფრების მოხაზულობა დავიტანე ფურცელზე. მთელი პროცესი ბავშვებს მიჰყავდათ, მე მხოლოდ მაშინ ვეხმარებოდი, როცა კითხვები უჩნდებოდათ, მაგალითად, რამდენი ფურცელი გაეფერადებინათ, სად და როგორ აეწყოთ დაფა ხალიჩაზე, რითი დაემაგრებინათ და ა.შ. ჩვენ შევძელით – მათ თავიანთი ხელით გააკეთეს დაფა.

 

რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც გაამართლებდა თუ არა, არ ვიცოდი. დრო გვიჩვენებდა, როგორ მოერგებოდნენ ბავშვები ჭადრაკს… თუმცა ბავშვების ჩართულობა და აქტიურობა იმდენად დიდი იყო, რომ ხშირად კამათობდნენ კიდეც,  რომლები იქნებოდნენ  შავები/თეთრები ან რომელი ფიგურის როლს ითამაშებდნენ.

ჭადრაკის დაფის გაკეთებაზე მუშაობისას ბუნებრივად შეიქმნა ბავშვებში გუნდური მუშაობის განწყობა. ისინი  ორ ჯგუფად გაიყვნენ, თითოეული ჯგუფი პასუხისმგებელი იყო თეთრ ან შავ ფურცლებზე. თითო ჯგუფში 7 მოსწავლე იყო, საქმე თანაბრად ჰქონდათ განაწილებული. ერთი იღებდა ფურცელს, ამოატრიალებდა, მეორე კი ორმაგ  სკოჩს აკრავდა პირველთან ერთად, ამ სკოჩს კი მესამე და მეოთხე ბავშვი ჭრიდა (ერთს სკოჩის თავი  ეჭირა,  მეორე კი მაკრატლით ჭრიდა). შემდეგ მეხუთეს აწვდიდნენ ფურცელს, მეხუთე და მეექვსე სკოჩის ზედა ნაწილს აძრობდნენ.  მეშვიდეს კი ფურცელი მიჰქონდა ხალიჩაზე, სადაც ჩემი მითითებით დაფა კეთდებოდა. მუშაობის პროცესში, გასამხიარულებლად, საყვარელ სიმღერებს ვურთავდი და უფრო მეტი ხალისით აკეთებდნენ ყოველივეს. ასე თანმიმდევრულად და ორგანიზებულად კეთდებოდა ჩვენი დაფა.

ეს პროცესი ბავშვებისთვის იყო ძალიან ინფორმაციული და შემოქმედებითი, ვაკვირდებოდი მათ დიდ ინტერესს, ძალისხმევასა და  სიხარულს და ეს ყველაფერი ჩემთვის აღუწერელი ბედნიერების მომტანი იყო. მუშაობის პროცესი თავიდან ქარიშხალს ჰგავდა: ყველა ერთხმად მეკითხებოდა: „მანჩო, ახლა რა გავაკეთო?“ „მანჩო, ახლა როგორ გავაკეთო? “ „მანჩო, ეს ესეა?“  „მანჩო, ეს ფურცელი გაიხა!“ „მანჩო, ეს არ გამოვიდა!“ მაგრამ ცოტა ხანში ეს ქარიშხალი დამშვიდდა, ირგვლივ ყველაფერი დაიწმინდა, თავის ადგილს მოერგო -ბავშვებმა გაიგეს, რა უნდა გაეკეთებინათ და ყველა დეტალს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.

დასრულებული ჭადრაკის დაფის ნახვა არამარტო ჩემთვის, ბავშვებისთვისაც უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელი იყო. საბოლოოდ, ბავშვებს არამხოლოდ სიხარული მოუტანა ჭადრაკის დაფის გაკეთებამ, არამედ თავდაჯერებულობა შეჰმატა. მათ შეძლეს ის, რაც ძალიან ბევრს უჭირს – გუნდური, ერთსულოვანი, შეთანხმებული მუშაობა, იყვნენ მეგობრულები, იყვნენ მზად, რომ ერთმანეთს დახმარებოდნენ. ეს იყო ნამდვილი მეგობრობა. საოცარი სანახავი იყო ჩემთვის მათი მუშაობის პროცესი, ურთიერთპატივისცემასა და დახმარებაზე აგებული, თითქოს მათგან დამოუკიდებლად, ყველაფერი ეს თავისთავად ხდებოდა, რადგან მათ საყვარელი და საინტერესო საქმე  ართიანებდათ.

განა ამას რამე სჯობს?!

დაფის გაკეთების მერე, პირველი აქტივობის მოლოდინი დიდი იყო: აინტერესებდათ, სინამდვილეში როგორი იქნებოდა ეს „ცოტა მოსაწყენი“ თამაში. მხიარული რამე უნდოდათ – როლების მორგება და თამაში.

პირველი საჭადრაკო აქტივობის დროც დადგა.

ოთახში შემოსულ მოსწავლეებს ერთი სული ჰქონდათ, რომ  ეთამაშათ. „მანჩო, როდის ვითამაშებთ?“ (დათო) „მე ვიცი უკვე ცოტა ჭადრაკი და დაგეხმარები, მასწავლებელო!“ (ბარბარე)

ავუხსენი, რომ ჯერ ვერ მოვახერხებდით თამაშს, რადგან ჯერ რაღაცები არ ვიცოდით.  პატარა ბავშვი, რომელმაც სიარული ჯერ არ იცის, ოჯახში, მეგობრებში, ნათესავებსა თუ მეზობლებში თუ გყავთ-მეთქი, ვკითხე. შეძლებს ის ბავშვი სირბილს-მეთქი? რა თქმა უნდა, უმრავლესობის პასუხი იყო – ვერა! ასე ვართ ჩვენც, ჯერ ნაბიჯების გადადგმა უნდა ვისწავლოთ ჭადრაკში, მერე კი შევძლებთ თამაშს და გამარჯვებასაც მოვიპოვებთ-მეთქი. ჩვენი ჭადრაკის დაფის ირგვლივ მოკალათებული  ბავშვები დიდი ინტერესით (მართლა გაფართოებული თვალებით) მისმენდნენ.

პატარა ჭადრაკი, ფიგურებით, ჩვენს დიდ ჭადრაკზე დავდე. გავაცანი, რამდენი ფიგურაა და როგორ არის განაწილებული, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს. ხელით ეხებოდნენ მათთვის საინტერესო ფიგურას და  მეკითხებოდნენ: „მანჩო, ცხენი როგორ დადის?“ „მეფე?“ „მანჩო, ეს ეტლია თუ კოშკი?“  ვუჩვენებდი ფიგურებს და ვუხსნიდი, რომ თითოეულ ფიგურას თავისი მოვალეობა, საქმე აქვს, ზუსტად ისე, როგორც ამას წინათ თქვენ გაინაწილეთ საქმე ჭადრაკის დაფის კეთებისას-მეთქი. მათთვის საინტერესო ფიგურების მოძრაობას თავად ვასახიერებდი.

შემდეგ დავიწყეთ ციფრებისა და რიგითობის სწავლა. ყველაფერს მოძრაობით ვასახიერებდით. ბავშვებმა რიგი გააკეთეს და ელოდებოდნენ თავიანთ ჯერს. პირველი იდგა ნიკოლოზი – დახტა პირველ უჯრაზე და დაიძახა „ერთი“. გადაინაცვლა მეორეზე და დაიძახა „ორი“ და ასე, მერვე უჯრის ჩათვლით. შემდეგ კი უკუსვლით, ისევ ხტუნვა-ხტუნვით დაბრუნდა უკან. მას მიჰყვა ლიზი, დათო, გიო და ა.შ.

 

 

 

ციფრების სწავლის შემდეგ ასოებზე გადავინაცვლეთ და იგივე გავაკეთეთ – მხიარულად, ხტუნვა-ხტუნვით. აქ უფრო მეტი დრო დაგვჭირდა (რა თქმა უნდა) და მეორეჯერაც ვცადეთ – უკვე ასკინკილით.

 

ციფრების და ასოების შესწავლის შემდეგ, დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ ყველა უჯრას, ისევე, როგორც ყველა ბავშვს, თავისი სახელი აქვს. და დავიწყეთ უჯრების  დასახელების შესწავლა. აქაც ყველა ერთსულოვნად იყო ჩართული. ერთმანეთს ასწრებდნენ, ეხმარებოდნენ: „არაა, მანდ არა! გვერდით დადექი…“ „მანდ არა, წინ გადადი…“ „ეგ E4 უჯრაა, მანჩომ E5 გითხრა…“ აქტიურად ისმოდა ასეთი შეძახილები…

ამასობაში, ჭადრაკთან დაკავშირებული თამაში მათ საყვარელ საქმიანობად იქცა.

ერთ დღეს  დათომ, საკმაოდ მკაცრად, დიდი საყვედური მითხრა (რამდენიმე დღე ჭადრაკის აქტივობა არ გვქონია). დერეფანში დამინახა: „ მანჩო, ცხენს როდის ვისწავლით?“ „შემდეგ გაკვეთილზე ავხსნათ, კარგი-მეთქი?“ „ოოო, კარგი რა, სულ შემდეგზე, შემდეგზე, როდის იქნება ეს შემდეგი?“

ერთხელ გიოს ფრაზამ ძალიან გამახარა. ჭადრაკით ძალიან დაინტერესებული რაღაცას აკეთებდა. უცებ თავი ასწია: „მანჩო, ძალიან მომშივდა. ახლა რომ ვჭამოთ და მერე ისევ ჭადრაკზე შემოვიდეთ, შეიძლება?“ „კი, კი, სადილის დროა, გავიდეთ და ჭადრაკი სხვა დროს გავაგრძელოთ-მეთქი…“ „არა, არა! მაშინ ჯერ პაიკის თამაშები დავამთავროთ და ისე გავიდეთო“. საყვარელ სადილსაც კი პაიკის თამაშები არჩია…

ასე ნელ-ნელა, ინტერესით და მხიარულად მივდივართ წინ და ვფიქრობ, იმაზე მეტად გაამართლა ჭადრაკმა, ვიდრე ველოდი. გარდა იმის, რომ მან დააინტერესა ბავშვები, თავი შეაყვარა და ყოველ აქტივობას სიხარულით ელოდებიან, ნათლად ვხედავ, როგორ ვსწავლობთ პაიკის, ცხენის, ეტლის, მეფის თუ დედოფლის თამაშებთან ერთად, ფიქრს, გააზრებას, წესრიგს და საკუთარი საქციელის მიზეზშედეგობრიობაზე დაკვირვებას, ათას რამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი