შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სად არის ფარდა?!

ჯადოსნური აქტი სცენაზე – ფარდის გახსნა და დახურვა – ისეთივე მარტივ მითად იქცა, როგორც ბევრი სხვა მოვლენა, რაც ადამიანმა ცხოვრებით ჩაანაცვლა.

მიზეზიც მარტივია – სცენას ფარდა აღარ სჭირდება. ფარდა – როგორც დეკორაცია. ის შეიძლება იგულისხმო, გამოიგონო, თუმცა ვერაფერს უზამ სინამდვილეს, რომელიც ამ ფარდის მიღმა ისედაც ცხადად ჩანს. სინამდვილე შიშველია, ხანდახან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამჭვირვალე, და მაყურებელს ეს ზუსტად ესმის.

როგორც იტყვიან, ხელოვნებასაც (და ცხოვრებასაც) ფარდა აეხადა. ასეთი გამონათქვამიც გვაქვს ქართველებს – ნამუსი აეხადაო. შეცვალეთ ნამუსი ფარდით და, შესაძლოა იგივე აზრობრივი კონსტრუქცია მივიღოთ. თუკი შევთანხმდებით, რომ ნამუსი, ისევე როგორც ფარდა, დღეს უსარგებლო, მითოსური დეკორაციაა.

ფარდის საჭიროებაზე აქამდე ასე არ დავფიქრებულვარ. გუშინ კი, პირველად ვნახე „სამეფო უბნის თეატრში“ სპექტაკლი „პრომეთე“ და თითქმის ორი საათის მანძილზე, მონუსხული და დაძაბული, ტექსტის ჭარბი დინამიკით, მსახიობების ოსტატობით, კარგი მუსიკით დატყვევებული, რეფლექსიის რომელიღაც სიხშირეზე გაუჩერებლად ვგზავნიდი მოკლე მტკივნეულ შეტყობინებას: „სად არის ფარდა?!“..

ახლა კი არა, ამ სპექტაკლში კი არა, ამ თეატრში კი არა, ზოგადად – სად არის ფარდა?

„პრომეთე“ მართლაც მნიშვნელოვანი სპექტაკლია – ის უამრავ საფიქრალს აჩენს. ფიქრი კი, კარგი რამაა. რახანია, აღარ ვნებივრობთ იმგვარი ტექსტებით თუ არტტექსტებით, ბევრი ფიქრის კოდირება რომ შეეძლოს.

„პრომეთე – დამოუკიდებლობის 25 წელი“ – ესაა სპექტაკლის სრული სათაური. რეჟისორი – დათა თავაძე, ტექსტი – დავით გაბუნია და დათა თავაძე, კომპოზიტორი – ნიკა ფასური, სცენოგრაფია და კოსტუმები – ქეთი ნადიბაიძე, მსახიობები – დამოუკიდებელი საქართველოს ტოლი ახალგაზრდები. მოკლედ – ახალგაზრდა შემოქმედებითი ჯგუფის ნამუშევარი. ეს „ახალგაზრდა“ კონკრეტული მდგომარეობაა და იმ აზრს აზუსტებს, რომ სპექტაკლმა ქვეყნის დამოუ

კიდებლად ყოფნის 25-წლიანი ისტორია უნდა მოჰყვეს. როგორც მის ანოტაციაში ვკითხულობთ – „ცალკეული ადამიანის ბიოგრაფია მთელი ქვეყნის კონცენტრირებული ისტორიაა. სად იშლება ზღვარი ბიოგრაფიასა და ისტორიას შორის და სად იბადება პერსონალური მითოლოგია? საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წელს დაბადებული თაობა, თანატოლ სამშობლოსთან ერთად საკუთარ დამოუკიდებლობას ეძებს. აქ ყველა ადამიანი არის გმირი და ყველა გმირი პრომეთესავით მიჯაჭვულია“.

ესქილეს, ჰოვარდ ბარკერის, აუგუსტო ბოალის და ფრანც კაფკას ტექსტები ორგანულად ერწყმის თითოეული გმირის ნარატივს. პრომეთეს ისტორია თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების „ჩვეულებრივ“ ისტორიაში გადაიზრდება, ან პირიქით, ჩვენი ნაცნობი თავგადასავალი იძენს ეპიკურ მასშტაბებს, ეროვნული მოძრაობის, სამოქალაქო და აფხაზეთ-სამაჩაბლოს, შიმშილის, ნარკოტიკის, დევნილობის, ციხის კადრების, ძალადობის თუ ათასი სხვა გამოვლილი ჭირის და უბედურების პირადი ამბები ბუნებრივად „თავსდება“ დიდი მოაზროვნეების ტექსტებთან, რათა მძლავრად გამოიხატოს ხელოვნების მთავარი არსი. რათა დაიბადოს თეატრი.

ეს ბუნებრივი ნარჩენებიც – ყოფითი ტექსტები, რომლებსაც მსახიობები არანორმალურად ზუსტად ირგებენ, როგორც სამოსს და სცენის საგანგებოდ მწირ დეკორაციას – საუკეთესო მასალაა, რათა ცხოვრება ხელოვნებად გადამუშავდეს.

თეატრი საკუთარი თავისთვის გვერდიდან ყურებაა – ამბობს ერთი გმირი და ეს ამოცანა, როგორც მნიშვნელოვანი კიბერმისია, სპექტაკლში შესრულებულია!

„პრომეთე“ მაყურებელს ეძღვნება. მაყურებელს – ამ უკიდურესად აუცილებელ ვინმეს არამხოლოდ თეატრისათვის, არამედ ცხოვრებისთვისაც.

მაგრამ, თუკი გავხსნით მარტივ მითს და წარმოვიდგენთ, რომ სადღაც, მაყურებელსა და სცენას შორის, ფარდა უნდა იგულისხმებოდეს, როგორც დაძაბული წამი, დანაღმული საზღვარი რეალურსა და გამოგონილს შორის (ეს წამი, ეს საზღვარი ისედაც არსებობს თითოეული ჩვენგანის ცნობიერში და ხანდახან მას საბედისწერო, ხანაც – ფატალური მნიშვნელობა აქვს), მაშინ ისიც წარმოვიდგინოთ, როგორ დაიხურება ეს ფარდა ორი საათის (სპექტაკლის დაახლოებითი ხანგრძლივობა) შემდეგ და რა დარჩება ადამიანისგან, ვინც აიძულეს, ამ დროის მანძილზე დიდი ტკივილებით დაჩეხილიყო, ეს ზღვრული მდგომარეობა განეცადა, საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეეხედა? რა დარჩება მსახიობისგან და მაყურებლისგან, რომელმაც დამოუკიდებლობაზე ფიქრში დაძაბა გულისყური, ისედაც ათასი ეჭვით დაფლეთილი ცნობიერება ახალ ქიმერებს შეუშვირა: რა არის თავისუფლება, რატომ არ გამოდის თავისუფლება, რას ნიშნავს მიჯაჭვა, რატომ არ გამოდის მიჯაჭვაც!..

მეჩვენება, რომ ამ სპექტაკლში პასუხები არ არის. ამ დაუნდობელ გაშიშვლებაში, გულისწასვლამდე ექსპრესიაში და ფიზიკურ ტკივილებამდე (დ)აყვანილ ისტორიაში პასუხები არ არის. მხოლოდ კითხვებია.

ისინი კი – კითხვები – სიზიფეს ლოდები – ადამიან-მიჯაჭვული კლდიდან წამდაუწუმ გორავენ.

სპექტაკლში ორი მთავარი აქცენტია – „გახსოვს“ და „დაივიწყე“. გმირები თვითრეფლექსიისასაც და დიალოგებშიც ამ აქცენტებით ერთმანეთს (და მაყურებელს) კატეგორიულად მიმართავენ.

შესაძლოა, ეს „ახალგაზრდა დამოუკიდებლობის“ ინსტინქტია. პირველადი, როგორც ჩვილური გაკვირვება და ბუნებრივი რეაქცია, რომლითაც დანარჩენ დროს უნდა მოერიო. გაუძლო. იცხოვრო.

„გახსოვს“ და „დაივიწყე“ – ყველაფერი ამ შინაგანი აქტების მერე იწყება…

ხელოვნება არის გზა, რომელსაც შეუძლია გადაგარჩინოს. სხვათა შორის, ყველაფრის დავიწყების შემდეგაც.

და თუკი „პრომეთე“ მაყურებელს ეძღვნება, იქნებ სწორედ ესაა მისი ფარული გარიგებაც, იდუმალი შეთანხმება მასთან – აქციოს ცხოვრების ნარჩენები ხელოვნებად, მერე კი ყველაფერს გვერდიდან შეხედოს.

დამოუკიდებლობა ხომ ჯერ ასეთი ახალგაზრდაა – სულ რაღაც 25 წლისა. თუკი წარმოვიდგენთ და, მითოსურ ფარდას 25 წლის წინანდელ საზღვარზე დავკიდებთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი