ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

რა უნდა ვიცოდეთ გასაჩივრების უფლებაზე

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. კერძოდ, კონსტიტუციის 42-ე მუხლში მოცემულია მნიშვნელოვანი საპროცესო გარანტიები.  სამართლიანი სასამართლოს უფლება არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ელემენტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განიხილება როგორც ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების  უმნიშვნელოვანეს ნაწილი.

სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, დამატებითი ოქმით, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით.

პროცესუალური გარანტიები სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა. ინდივიდის უფლებებში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ სამართლიანი პროცესის ჩატარებით. პროცესუალური გარანტიები მიზნად ისახავს პირის დაცვას სახელმწიფო ორგანოების თვითნებობისაგან.

ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის პრინციპი გულისხმობს, რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს უბრალო ობიექტი, არამედ თანაბარუფლებიანი სუბიექტი პროცესში, რომელიც მას შეეხება. საპროცესო გარანტიების დაცვა ასევე განაპირობებს გადაწყვეტილებების სოციალურ აღიარებას და მათ ლეგიტიმურობას.

სახელმწიფოს ფუნქციაა, უზრუნველყოს სამართლებრივი მშვიდობა და სამართლებრივი უსაფრთხოება. სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სამართლებრივი გზა და ამით სოციალური კონფლიქტები მოაქციოს დადგენილ სამართლებრივ პროცესებში. აქვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას გულისხმობს, არამედ ადამიანის სრულყოფილ სამართლებრივ დაცვასაც.

სამართლიანი სასამართლოს უფლება, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების თუ ქმედების სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს.

კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილების მიღება მოიცავს:

 

(1) პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვას;

 

(2) მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენის მოთხოვნას;

 

(3) თავისი მოსაზრებების გამოთქმისა და პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვას;

 

(4) საქმის გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და

 

(5) დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვას.

სასამართლოსათვის მიმართვას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა. სასამართლოს დამოუკიდებლობა გულისხმობს, რომ მოსამართლეზე რაიმე სახის ზემოქმედება პრინციპულად  გამორიცხული უნდა იყოს.

სასამართლოს დამოუკიდებლობას აქვს ორი მიმართულება:

 

(1) ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოსაგან

და

(2) სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეებისაგან დამოუკიდებლობა.

სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა ემსახურება გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის მიზანს. სასამართლოს დამოუკიდებლობა განაპირობებს მოქალაქეების ნდობას ამ ინსტიტუციის მიმართ.

სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსამართლის მიუკერძოებლობით. მიუკერძოებლობა ნიშნავს, რომ მოსამართლე წინასწარ არ უნდა იყოს განწყობილი სასამართლო პროცესის მონაწილე მხარის მხარდასაჭერად.

გასაჩივრების უფლება გარანტირებულია ასევე „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. კერძოდ, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთ უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები; ასევე, მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

თუმცა, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია შეიზღუდოს მიზანშეწონილობის მოსაზრებებით.

მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტების თანახმად, აუცილებელია, მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას, სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას“, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ერთსა და იმავე საქმეზე განმცხადებელმა ათზე მეტი განცხადება შეიტანა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ასეთი სახის მოქმედებები არ ემსახურებოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას და იგი მიზნად ისახავდა საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეტანილი განცხადებები შინაარსობრივად ეთრგვაროვანი იყო და თითოეული მათგანი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის წარმოების გახანგრძლივების მცდელობას. ეს კი, სცილდებოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი ბოროტად იყენებდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ვინაიდან მისი განცხადებები და საჩივრები მიზნად არ ისახავდა მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. შესაბამისად, პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ განმცხადებელს უნდა შეზღუდვოდა მოცემულ საქმეზე სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, კერძოდ, რეაგირების გარეშე უნდა დარჩენილიყო მოცემულ დავაზე მის მიერ შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია[1].

 

[1] სტატიაში გამოყენებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები და პრაქტიკა, აგრეთვე „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი”, გამომცემლობა შპს „პეტიტი”, თბილისი, 2013.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი