შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოუსმინეთ მშობლებს, მათ უამრავი რამ აქვთ სათქმელი

მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ოჯახებს არ უნდათ მონაწილეობის მიღება, როცა სინამდვილეში ოჯახებმა არ იციან, როგორ მიიღონ მონაწილეობა“

– კარინ სალინასი

თითქოს ყველაფერი კარგად არის: რუტინაში გადაზრდილი სასწავლო პროცესი ჩვეული რიტმით მიდის, გაკვეთილები ტარდება, ზოგი კარგად სწავლობს, ზოგიც – ნაკლებად. ერთ დღესაც შვილის კლასელის მშობლებს დაბადების დღის ცენტრში შეხვდები და გაიგებ, რომ თურმე სასწაული ამბები ხდება. ის მასწავლებელი დავალებებს არ აძლევს, ეს მასწავლებელი ძალიან ბევრს ატანს სახლში სამეცადინოდ. აი, ის მესამე კიდევ საერთოდ არ ამოწმებს, რას წერენ ბავშვები საშინაო დავალების რვეულში. ხო, იმას რომ ბავშვისთვის უცემია, იმასაც გაიგებ. აი, მეხუთე კიდევ – თურმე საერთოდ არ იყენებს თანამედროვე სწავლების მეთოდებს. მეექვსე -კლასს ვერ იმორჩილებს. იგებ, რომ საკლასო ოთახი არ ნიავდება, რომ დერეფნებში საპირფარეშოს სუნი დგას და ტუალეტში ხელის დასაბანად საპონი არ არის. ბავშვებმა რომ იჩხუბეს და სკოლა ვერ გაუმკლავდა პრობლემას, ამასაც დაბადების დღის ცენტრში იგებ. რომელი მასწავლებლის დაბადების დღე ან რომელი დღესასწაული მოდის და ფული რამდენი უნდა დადო, ამასაც იქ გეტყვიან. სხვათაშორის, იგივე მშობლები, ვინც რამდენიმე წუთის წინ საშინელ ისტორიებს ყვებოდა სკოლაზე. 2 საათი გაქვს ამ ამბების მოსასმენად. რომ არა დაბადების დღის ცენტრი, შესაძლოა სასკოლო ყოველდღიურობის შესახებ ვერასოდეს გაგეგო. იმიტომ კი არა, რომ სკოლაში არ დადიხარ. არა! იმიტომ რომ ამ თემებზე სკოლაში არ ლაპარაკობენ.

დაბადების დღის ცენტრები ის ადგილია, სადაც სკოლის მოსწავლეთა მშობლები გულახდილად საუბრობენ პრობლემებზე. რას არ გაიგებ, რას არ მოისმენ. ყველა პრობლემა ხელის გულზე უდევთ. ყველაფერი იციან. ყველაფერი ესმით, მაგრამ როცა საქმე იდენტიფიცირებული პრობლემის მოგვარებაზე მიდგება, იქ „ყველა“ ერთ აზრზეა – „დალაპარაკებას რა აზრი აქვს“, „პრობლემა პრობლემად დარჩება“, „დამრიგებელმა რა ქნას“, „დირექტორი არც მიგვიღებს“, „ტყუილად ბავშვს გადაეკიდებიან“, „შვილს დამიჩაგრავენ“ და ა.შ.

ამასობაში ბავშვების გასართობად ნაყიდი 2 საათი იწურება. ყველა თავის გზაზე მიდის. მეორე დღიდან ისევ ყველაფერი „კარგად არის“. რუტინაში გადაზრდილი სასწავლო პროცესი ჩვეული რიტმით გრძელდება, გაკვეთილები ტარდება, ზოგი კარგად სწავლობს, ზოგიც – ნაკლებად…

რატომ არ მიდიან მშობლები სკოლაში?! რატომ იოხებენ გულს ერთმანეთთან ლაპარაკში და რატომ ვერ მიაქვთ სათქმელი იქ, სადაც საჭიროა?! მიზეზი მარტივია – მშობლები თვლიან, რომ მათ სკოლაში სიხარულით არ ელიან. იქ მშობლებისთვის თბილი, კონსტრუქციული გარემო არ არის. სკოლასა და მშობლებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა.

მასწავლებლებს და დირექციას ხშირად ავიწყდება აზიდული წარბის დაშვება და ღიმილი, რაც ჯანსაღი ურთიერთობის საწინდარია. დაძაბულ გარემოში ყოფნა მშობლისთვის ისეთი სტრესია, რომ  მხოლოდ ვალდებულების გამო მიდის სკოლაში. მაშინაც კი როცა მივა, დიალოგი ნეგატიურ კონტექსტში მიმდინარეობს და საუბრის ტონი შორს არის თანაბარუფლებიანი პარტნიორების დიალოგისგან, მეტიც, ხშირად სცილდება კონსტრუქციულ ჩარჩოებს. არც მშობელმა იცის რა და როგორ მოსთხოვოს სკოლას და არც სკოლაში იციან, რომ უნდა მოუსმინონ და ანგარიში ჩააბარონ მშობელს.

შედეგად გვაქვს ერთმანეთზე გაბრაზებული ორი მხარე – სკოლა და მშობელი, რომლებიც ერთმანეთს ჩასაფრებულის პოზიციიდან უყურებენ. სწორედ ამ დროს ზიანდება ბავშვის ინტერესი. მოსწავლე, რომელიც მთელი ამ პროცესის მთავარი გმირი უნდა იყოს, უკან ზოლში ინაცვლებს და წინ გამოდის უფროსებს შორის მტყუან-მართალის გარჩევა. ორივე მხარისთვის უსიამოვნო პროცესი წლები გრძელდება.

სკოლა ფასს კარგავს, მშობელი – ფულს, მოსწავლე – დროს. და ყველა ერთად სიმშვიდეს.

დანაკარგის ფასს ყველა რგოლი აცნობიერებს. კომუნიკაციის ბარიერები რომ არა, როგორც სკოლებს, ასევე მშობლებს სურვილი აქვთ, ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს. ეს სურვილი  იმ შემთხვევაში ძლიერდება, თუ პასიურმა მშობლებმა დაინახეს, რომ აქტიურის გარჯამ შედეგი გამოიღო. შედეგი კი უფრო სწრაფად დგება, თუ აქტიური მშობელი მარტო არ არის და მას თანამოაზრეები ჰყავს, რომლებსაც ღიად შეუძლიათ დააფიქსირონ აზრი ან მისცენ „მინდობილობა“ აქტიურ მშობელს, ისაუბროს მათი სახელით.

ვის შეუძლია სკოლასა და ოჯახს შორის ჩატეხილი ხიდის აშენება? ცალ-ცალკე ვერც ერთს, თუმცა დომინანტი როლი მაინც სკოლას აქვს. დირექციას შეუძლია შექმნას მშობლებისთვის მისაღები გარემო, შეუძლია ჩართოს ისინი სხვადასხვა აქტივობებში. შეუძლია „სკოლაში დაბარების“ ტრადიცია „სკოლაში მიწვევით“ ჩაანაცვლოს. შეუძლია სხვადასხვა საკომუნიკაციო ხერხებით მათთან მუდმივ კავშირზე იყოს. გამოკითხოს აზრი კითხვარების საშუალებით, მოისმინოს მათი სურვილები და საჭიროებები.

რა დაუჯდება სკოლას მშობლებთან ურთიერთობის სისტემის დანერგვა? მეტი დრო და მეტი საქმე, ვიდრე ახლა აქვთ. იმის შიში, რომ მშობელთა ჩართულობით მხოლოდ „ინტრიგან“ მშობლებს გაუღებენ სკოლის კარს, არსებობს, თუმცა ესეც დროის ამბავია, ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც სკოლამ უნდა „უმკურნალოს“. გამოამზეუროს ის ნაკლოვანებები, რაც ჰიპერაქტიურ მშობლებს ახასიათებთ და კარგი მაგალითების საფუძველზე აუხსნას, როგორია მშობლისა და სკოლის კონსქტუციული, პარტნიორული ურთიერთობა.

იმ მშობლებში, დაბადების დღის ცენტრებში რომ იკრიბებიან და სასკოლო პრობლემებს განიხილავენ, დიდი ძალაა. მათი ნდობის მოპოვება ყველა გონიერ მენეჯერს უნდა სურდეს, მათ შორის სკოლის დირექტორს. მშობელთა ჩართულობით სკოლას შეუძლია იმაზე მეტი სარგებელი მიიღოს, ვიდრე მათთან ურთიერთობის ხარჯებია. მოიპოვო მშობლების  ნდობა, ნიშნავს: მეტ გადაჭრილ პრობლემას, უკეთეს რეპუტაციას, მეტ მხარდაჭერას, მშობლების რესურსების ათვისებას და რაც მთავარია, სკოლებში დანაშაულის შემცირებასა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

ცნობილი ფსიქოლოგი თომას გორდონი, რომელიც მსოფლიომ ოჯახში, სკოლასა და სამსახურში ადამიანური ურთიერთობების ექსპერტად აღიარა, წერს: „მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან“.

ასწავლეთ მშობლებს სკოლებთან ურთიერთობა.

დასაწყისში კი მოუსმინეთ მშობლებს, მათ უამრავი რამ აქვთ სათქმელი.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი