პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
21 ნოემბერი, პარასკევი, 2025

„შეჰხედეთ ერთსა ღრუბელსა“ და ანიმაციური ფილმი „სიზმრების მცველი“ – საინტერესო პარალელები

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

მეოთხეკლასელებთან სახელმძღვანელოში შეგვხვდა ვაჟა-ფშაველას ლექსი: „შეჰხედეთ ერთსა ღრუბელსა“. მის შინაარსზე მუშაობამ ძალიან გაგვიტაცა. გადავინაცვლეთ სიმბოლოების სამყაროში, ღრუბელი სიბნელესა და ბოროტებას დავუკავშირეთ, მზე – სინათლესა და სიკეთეს. ამ კონტექსტში განხილვა კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. საბოლოოდ კი მზემ – სიკეთემ გაიმარჯვა.

„შეჰხედეთ ერთსა ღრუბელსა,

როგორ თავხედობს წყეული!

სწადიან, შთანთქას, გააქროს

მზის სხივი გამოსრეული.

წინ ეღობება მნათობსა

ეგ უბადრუკი, წყეული!

მზემ კი დასჭრა და დაკაფა

მისი ბედკრული სხეული“.

ვაჟა-ფშაველა დიდი ავტორია, ძალიან დიდი. მისი ყოველი სიტყვა მიზანმიმართული და სიღრმისეულია, ყოველი მხატვრული სახე ჩვენი ფესვებიდან, ჩვენი იდენტობიდან მოდის. ვაჟა კარგად იცნობს ქართულ მითოლოგიას. სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა მასთან, რა თქმა უნდა, სინათლისა და სიბნელის სიმბოლოებით უნდა გამოხატულიყო. მოსწავლეები ცოტა ხნით მოვწყვიტე ჩვენს რელობას და ათასობით წლის წინ გადავახედე, იქ, სადაც მზე იყო დედა, მთავარი ღვთაება, რომელსაც შინ ეპატიჟებოდნენ და ყველაზე ძვირფასს – შვილებს ანდობდნენ. იქ, სადაც ოქროს თმა მზის სიმბოლო, ღვთაებრივი ნიშანი იყო, ხოლო სახლის დედაბოძზე ბორჯღალი ბრდღვიალებდა.

მითები ძალიან უყვართ ბავშვებს, განსაკუთრებით ის მითები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისაა, ჩვენი შორეული წარსულის გამოძახილია.

ლექსში ქვესკნელიცაა ნახენები, სადაც მზის სხივებს გამოქცეული ღრუბელი თავშესაფარს ეძებს. ქვესკნელმა ისევ ქართული ზღაპრებისა და ლეგენდებისკენ წაგვიყვანა. გავიხსენეთ, რომ სამი სკნელი არსებობს: ქვესკნელი – ბოროტებისა და ავსულების სამეფო, სკნელი – ადამიანების სამყოფელი და ზესკნელი – ანგელოზებისა და ნათელი არსებების საუფლო. ღრუბელი რომ სამალავს ქვესკნელში ეძებს, ესეც ადასტურებს, რომ ის ნამდვილად ბოროტებას, სიბნელეს გამოხატავსო, – დაასკვნეს ჩემმა ჭკვიანმა ბავშვებმა.

ჩემი მასწავლებლობის წლებში ერთ მნიშვნელოვან რამეს მივხვდი: თუ გვინდა, მოსწავლეებმა მასალა კარგად გაიზრონ, გაიგონ, შეიყვარონ და სიხარულით ისწავლონ, ის აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ თანამედროვეობას ან იმას, რაც მათ ძალიან უყვართ. ბავშვები გიჟდებიან ანიმაციურ ფილმებზე, ამიტომ ვთხოვე, ლექსის სწავლის პარალელურად ენახათ ფილმი „სიზმრების მცველი“ – ძალიან ლამაზი ანიმაცია საინტერესო შინაარსით. ამბავი იმაზეა, თუ როგორ შეებრძოლებიან ერთმანეთს სინათლე და სიბნელე, როგორ იხსნის ბავშვური უმწიკვლო რწმენა სამყაროს და როგორ დამარცხდება კოშმარების მბრძანებელი, რომელსაც წყვდიადი და შიში მოჰქონდა თან, გამარჯვება კი მას ხვდება წილად, ვინც მზესთან, სინათლესთან ახლოს არსებობს, ვინც ბავშვებზე ზრუნავს, იცავს მათ და სჯერა მათი. ერთ-ერთი პერსონაჟი, ქვიშის კაცი, პირდაპირ მზეს განასახიერებს და გარეგნობითაც მზეს ჰგავს. აქ შევხვდებით ასევე ნიკოლოზს – სანტა კლაუსის პროტოტიპს, კბილების ფერიას, ყინულის ჯეკსა და აღდგომის კურდღელს, რომელთა ერთობლივი ბრძოლა ბოროტებასთან სამყაროს გადაარჩენს. ოღონდ რომ არა ბავშვური რწმენა, ეს არ გამოვიდოდა.

ბავშვებს ვთხოვე, ფილმი ვაჟა-ფშაველას ლექსთან დაეკავშირებინათ და პრეზენტაცია მოემზადებინათ, სადაც პასუხს გასცემდნენ შემდეგ კითხვებს: რა ჰქონდა ამ ორ ნაწარმოებს საერთო? რა იდენტური სიმბოლოები აღმოაჩინეს?

დავალება ხალისით შეასრულეს. წარმოადგინეს უნიკალური, ძალიან ლამაზად გაფორმებული და ტექსტობრივადაც მრავალფეროვანი პოსტერები. რა თქმა უნდა, მზე დაუკავშირეს მცველებს, სიკეთეს, სინათლეს, ხოლო ღრუბელი – კოშმარების ხელმწიფეს, ბოროტებას, სიბნელეს. ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი დასკვნებიც გამოიტანეს. გაიხსენეს ქართული ხალხური ზღაპრებიც. დასასრულ, ყველამ ერთად დავასკვენით, რომ სიკეთე მარადიულია, ის ყოველთვის დაამარცხებს ბოროტებას. პროექტის შესანიშნავი დაგვირგვინება იყო, როდესაც ერთმა ბავშვმა წარმოთქვა რუსთაველის გენიალური აფორიზმი: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“