ახლა რა დროს წიგნებია, როცა თავიც აღარ გვახსოვს?!
მომისმინეთ:
რაც ომი დაიწყო, უკრაინაში წიგნის გაყიდვებმა ერთიათად იმატა. გაყიდვებმაც იმატა და, შესაბამისად, დაბეჭდილი წიგნების რაოდენობამაც. როგორც ჩანს, ლიტერატურა მართლაა საშველიც და შვების მომგვრელიც. როგორ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, წიგნის დრო მაინც სულაა და იმის გამო, რომ ეს დრო გვაქვს, სინდისი არ უნდა გვქენჯნიდეს.
არადა, ეს კითხვა მაინც ჩნდება.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ დამისვეს ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე, თქვენი აზრით, ახლა ლიტერატურის დროაო? და რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რა დროს ესააო?
ყველა მონაწილე მწერალმა ერთხმად ვთქვით, რომ წიგნის დრო სულ არის, განსაკუთრებით კი, ყველაზე რთულ და მძიმე ჟამს. მე ალბათ წელს გამოვცადე ეს სრულად – „ლიტერას“ ჟიურიში ყოფნამ წიგნებზე, წიგნის მნიშვნელობაზე, კონტექსტის მნიშვნელობაზე სულ სხვაგვარად დამაფიქრა. მაგრამ ამას სხვა წერილში გაგიზიარებთ. ახლა მეორე მაგალითს მოგიყვანთ, წიგნის კლუბის.
კლუბში აღმოვჩნდი შემთხვევით. მართალი გითხრათ, ძალიანაც მეზარებოდა. მეგობარმა მითხრა, მოდი, შენი წიგნის წაკითხვასაც ვაპირებთ, რომ იცოდეო.
კარგი-მეთქი, ერთხელ მოვალ, საცდელად.
საცდელად და აღარც ორგანიზაციაა, აღარც ფულია, მოდერატორები გაგვექცნენ, კლუბს კი მაინც ვინარჩუნებთ.
არ ვიცი, თქვენი გამოცდილება როგორია, აი, მე კი ჩემს მთავარ ვნებასთან – ლიტერატურასთან – ძალიან დიდხანს, წლების განმავლობაში, ვიყავი მარტო. ვინაიდან ლიტერატურის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანების დაკავშირებაა (ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ მილორად პავიჩს, დაგიდასტურებთ), აუტანელი იყო ჩემთვის წიგნებთან მარტო ყოფნა. სულ მინდოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა აღფრთოვანება. პირველად ეს შესაძლებლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლისას მომეცა – შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამაზე არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი. მხოლოდ პროფესორებისგან კი არა, ჩემი ჯგუფელებისგანაც ვსწავლობდი – ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს!
მეორედ კი ახლა მაქვს ეს შესაძლებლობა, კლუბში. წიგნებს კენჭისყრით ვირჩევთ (უშველებელი სია ჩამოვწერეთ, არ ვიცი, ოდესმე თუ გავალთ ბოლოში – წიგნები ემატება და ემატება), ყოველ კვირას ვიკრიბებით და განვიხილავთ ან ნაწილს ან მთლიან წიგნს (გააჩნია მოცულობას). ჩემი კვირა იწყება ამ განხილვით და, შეიძლება ითქვას, განხილვიდან განხილვამდე ვცხოვრობ. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავითაა ასეთ დროში წიგნთან შეხება. ზოგჯერ ისეც ხდება, შეხვედრას ჩავაგდებთ ხოლმე – მოგვაწვება სტრესი და ვერ ვკითხულობთ. მაგრამ რაკი აღარც ორგანიზაციაა, აღარც ფულია და მოდერატორებიც გაგვექცნენ, შესაბამისად, ყველაფერი ჩვენი ნებაა, მაინც ვიკრიბებით, ათას რამეს მივედ-მოვედებით სჯა-ბაასში. წიგნის ბაზრობები, ფასდაკლებები და გათამაშებები ხომ სულაც ჩვენი დღესასწაულებია.
ახლა ნოემბრის თვეა, საცაა, ახალი წელიც მოვა – ერთი სიტყვით, წიგნის დროა, რადგან წიგნის დრო სულ არის, სანამ არის რაღაც, რაც გვაერთიანებს ადამიანებს ამ გათითოკაცებულ და დაქსაქსულ ქვეყანაში…


