პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სიყვარულის უფორმობა

„ოჰ, როგორ გეტყობა, რომ მდაბიო ხარ, სანჩო, რადგან ყოველთვის შეგიძლია იყვირო: გაუმარჯოს გამარჯვებულსო“, – წერის დაწყებამდე ორი წუთით ადრე გადავაწყდი ამ სიტყვებს. წიგნთა წიგნით მოხიბლული ერთი მკითხველი სხვების მოხიბვლას ცდილობდა. გამეცინა. მეც ამას ვაპირებდი – გამარჯვებულისთვის ხოტბის შესხმას, გილერმო დელ ტოროს ოსკარით დაჯილდოებული ფილმის ცამდე აყვანას.

„წყლის ფორმა“ ერთი თვის წინ ვნახე. კინოდარბაზიდან გამოსვლისთანავე დავიწყე იმ ზღაპრებისა და ფილმების გახსენება, რომელთა იოლად გასარჩევი კვალიც მექსიკელი რეჟისორის ამ ნამუშევარში შევნიშნე. ჩამოთვლას არ შევუდგები. დარწმუნებული ვარ, ყოველი მაყურებელი თავის სიას შეადგენდა, რაღაც აუცილებლად გამორჩებოდა, რაღაც თავისას კი განუსჯელად მიამატებდა. როცა ფილმი ამდენ შესაძლებლობას გთავაზობს, როცა მის მოლურჯო-მომწვანო სინამდვილეში ჩაძირვა ერთი დიდი სიხარულია, ისღა დაგრჩენია, ეს სიხარული სხვებსაც დაუნანებლად გაუნაწილო.

მუნჯი დამლაგებლის, ელაიზასა და დატყვევებული წყლის ურჩხულის სიყვარული იმთავითვე წარმოუდგენელი რამაა, ყოველგვარი წეს-კანონის უგულებელყოფა, ადამიანური მოლოდინის დაცინვაა. არადა, ფილმის დასაწყისიდანვე გრძნობ, რომ ქალის ცნობისმოყვარეობა სწორედ სიყვარულში გადაიზრდება, უცნაურზე უცნაურ სახეს მიიღებს. და მერე რაღა უნდა მოხდეს? – ეკითხები საკუთარ თავს. ცხადია, ეს ამბავი ეკლესიის ვარდებით მორთულ საკურთხეველთან ვერ დასრულდება.

საუკუნის დასაწყისში წაკითხული ერთი წიგნი მახსენდება, რომლის ავტორიც – ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და კრიტიკოსი – მყარად იდგა იმ აზრზე, რომ სიყვარული მხოლოდ რომეო-ჯულიეტას დარ „შეუძლებელ წყვილებში“ (les couples impossibles) იყო შესაძლებელი. „წყლის ფორმის“ წყვილიც ასეთია – იმთავითვე გამორიცხული გგონია მთავარ გმირებს შორის ყოველგვარი ფიზიკური სიახლოვე თუ ისტორიის ბედნიერი დასასრული. ამიტომაც იქცევა დიდებულ სანახაობად, სიყვარულის ამაღელვებელ ზეიმად ის, რასაც ფილმის ავტორი გვთავაზობს.

შედარების შესაძლებლობა მუდმივად გვეძლევა. ერთი მხრივ, ელაიზას ამბის დამაბრმავებელი სილამაზე და, მეორე მხრივ, ანტიგმირის, სტრიკლენდის ოჯახის სარეკლამო იმიჯი. ელაიზას სივრცე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თვით ყველაზე წარმოუდგენელიც კი და სტრიკლენდის სამზარეულო-საძინებელი, სადაც მუდამდღე ერთი და იგივე მეორდება, დასწავლილი ღიმილი, შინაარსგამოცლილი სიტყვები, ცრუ ვნება… დამლაგებელ ელაიზას ახალი სიცოცხლის დასაწყისი და მომხმარებელთა საზოგადოების თითით საჩვენებელი წევრის, სტრიკლენდის თითებიდან დაწყებული გახრწნა.

ცხადია, გილერმო დელ ტორო თავისუფლების, სიყვარულის, იმ განსხვავებების მხარესაა, რომლებიც ცხოვრებას ზღაპრულ მრავალფეროვნებას სძენს. ამ თვალსაზრისით, ფილმი საკმაოდ ადვილი წასაკითხია: კეთილისა და ბოროტის ტრადიციულ დაპირისპირებას გაკვალული გზით მივყავართ. სხვაგვარად ზღაპარი უმთავრეს ელემენტს დაკარგავდა, კინოციტატებით გატაცებული რეჟისორის პრეტენზიულ ფილმად იქცეოდა. აქ კი, მოლურჯო-მომწვანო სამყაროს ხმებში, თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს აქაურობის ნაწილი ვიყოთ, თითქოს არც არასდროს დაგვეტოვებინოს პირქუში კაცებით სავსე ბალტიმორი და 60-იანი წლების ამერიკა.

სიმბოლოებზე თავის მტვრევა არ ღირს. ცხადია, ოკეანე ცხოვრებისაა, სიყვარული კი ოკეანეცაა და ჭიქა წყალიც.

კინოდარბაზიდან გამოსულმა ისიც გავიფიქრე, რომ ამ ფილმს მოზარდებს ვაჩვენებდი, მათთან მისასვლელი გზები რომ მქონოდა. სასკოლო კინოჩვენებას ან რაღაც ასეთს მოვაწყობდი. არ ვიცი, რამდენად ჩვეულებრივია მსგავსი პრაქტიკა ჩვენი სკოლებისთვის, რამდენად ხშირად ან საერთოდ თუ ხდება ამგვარი რამ.

რატომ მაინცდამაინც ეს გამარჯვებული ფილმი, რომელიც დღეს უკვე საყოველთაო განხილვის საგნად იქცა? იმიტომ, რომ სიყვარულზე ფიქრი, მის არსში გარკვევის მცდელობები ძალიან ადრე იწყება, თითქმის დაუჯერებელ ასაკში; იმიტომ, რომ ოჯახის შექმნა და შემოსავლიანი სამსახური ყველაფერი არ არის;  იმიტომ რომ ახლად შეძენილი ძვირფასი ნივთები ძალიან მალე კარგავენ პირვანდელ ხიბლს; იმიტომ რომ შენი სიყვარული, შენი ცხოვრება გარდაუვლად მიიღებს იმ ფორმას, რომელსაც თავად მისცემ.

ამასობაში პასუხებსაც მივადექი. შესაძლოა, პირველ რიგში, სწორედ იმით მომხიბლა „წყლის ფორმამ“, რომ პასუხები გაწვდილ ხელზე დამიდო. კითხვები ხომ ისედაც უამრავია – შინ, გარეთ, ცაში, მიწაზე, წიგნებში, ფილმებში… განა ზღაპრის უპირატესობაც ეს არ არის – სიმარტივის, განსაზღვრულობის, სხვა ზღაპრის სიბრძნის გამეორების არ ეშინია. გული მიგრძნობს, კინოდარბაზში მეორედ მოხვედრილი მაყურებლისთვის სხვა რამ აღმოჩნდებოდა საგულისხმო. ჩემი ბედნიერებისთვის კი პირველ ჯერზე ისიც საკმარისი იყო, რომ „შეუძლებელი წყვილის“ ამბავი წარმოუდგენელი მიმართულებით განვითარდა; რომ მთავარ როლს სალი ჰოკინსი ასრულებდა და აქაც ის იყო, ვინც – სხვა ფილმებში; რომ წყალი სამყაროს ერთადერთ სტიქიად იქცა; რომ ფილმი ყველაზე არსებითს ეხებოდა და რაღაცას მასწავლიდა. რაღაცას უთუოდ მასწავლიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი