შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კვლევითი უნარების განვითარება  და   სამუზეუმო კოლექციები  ისტორიის გაკვეთილებზე

ბოლო ხანებში აქტუალურია მუზეუმისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის სკოლების, შემოქმედებითი თანამშრომლობა. ამის ამსახველ მასალას მრავლად შეხვდებით პრესასა და ინტერნეტსივრცეში. ამჯერად ჩემს მიზანს არ წარმოადგენს ამ საკითხზე არსებული ლიტერატურის მიმოხილვა. მსურს,  დაინტერესებულ მკითხველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო მუზეუმთან თანამშრომლობის და მოსწავლეებში სააზროვნო და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესში სამუზეუმო კოლექციების გამოყენების შესახებ.

მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებების საშუალებით  სწავლებისა  და  მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. მოზარდებისთვის ეს არის კომფორტული, სასიამოვნო  და  უჩვეულო სასწავლო სივრცე,  განსხვავებული გარემო.   მუზეუმში  შეგვიძლია დავათვალიეროთ  ექსპოზიცია, სტენდები, ვნახოთ ფილმი ინტერაქტიულ მონიტორებზე,  ხანაც საკუთარი  ხელით შევქმნათ არტეფაქტების ასლები.

ესგ–ს ძირითადი მიზნები და ამოცანები საშუალო საფეხურისთვის განსაზღვრავს, რომ ისტორიის სწავლებამ მოსწავლეს უნდა დაანახოს, რომ ისტორია არის უწყვეტი პროცესი,  უნდა განუვითაროს პრობლემის გადაჭრის უნარი.

ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ისტორიული აზროვნება, მას უნდა შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენების დანახვა იმ პერიოდში  მცხოვრები ადამიანების თვალით), ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების განსხვავებული შეფასებების შედარება და ანალიზი, დამოუკიდებელი  ისტორიული კვლევა, კერძოდ, ისტორიული კვლევა-ძიების მიზნის განსაზღვრა და დაგეგმვა, წერილობითი, ვიზუალური, ლიტერატურული წყაროების მოძიება, ისტორიული დოკუმენტის  ანალიზი, ისტორიკოსთა განსხვავებული შეხედულებების შედარება, ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტორიული თემის დაწერა. დღეს აქტუალურია, რომ ახალ თაობას სკოლაც და მუზეუმიც  დაეხმაროს არტეფაქტების მიმართ  ახალი, ინტერაქტიული ხედვის ჩამოყალიბებაში.

ამ რთული ამოცანის დაძლევას შევეჭიდეთ მე და ჩემი მეთერთმეტე კლასელები, როცა დავიწყეთ საქართველო-რომის ურთიერთობების შესწავლა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში. აჭარა ის რეგიონია, რომელიც მდიდარია რომაული ეპოქის ამსახველი თვალსაჩინო მასალით.  იქნება ეს გონიოს ციხე თუ  აჭარის მუზეუმებში დაცული ექსპონატები.

ამ თემაზე მუშაობისას ჩემი მიზანი ასე განვსაზღვრე:

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • რომის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, კერძოდ, რომისა და პართიის ინტერესის მიზეზები ქართლის და კოლხეთის მიმართ; გაიაზრონ საქართველოს როლი და ადგილი მოცემულ ეპოქაში გეოპოლიტიკურ სივრცეში;
  • სხვადასხვა ტიპის წყაროების ანალიზი, მათი დაჯგუფება კრიტერიუმების მიხედვით, ამ არტეფაქტების ეპოქასთან მიმართებაში გააზრება;
  • ნასწავლი და გაანალიზებული მასალის საფუძველზე   ისტორიული  და კულტურული მემკვიდრეობის ახალ, თანამედროვე კონტექსტში გამოყენება;  

(ისტ.XI.3.    მოსწავლეს შეუძლია  სახელმწიფოს  რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი. ისტ.XI.4.  მოსწავლეს შეუძლია  მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და დროში ცვალებადობის ანალიზი. ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა. ისტ.XI.7.  მოსწავლეს შეუძლია  ამა თუ იმ ქვეყნის მატერია­ლურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი. ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა კულტურების ურ­თიერთზეგავლენის საკითხების კვლევა).

საქართველო-რომის ურთიერთობის შესასწავლად  მეთერთმეტე კლასელებთან ერთად რამდენიმე აქტივობა დავგეგმე.  ჩვენს სკოლას დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმთან და გონიოს ციხის მუზეუმ-ნაკრძალთან. რესურსად გამოვიყენე ორივე მუზეუმში დაცული ექსპონატები. ამ მუზეუმების თანამშრომელთა  კეთილი ნებით და დახმარებით ეს ერთი კვირა დაუვიწყარი გამოდგა ბავშვებისთვის. ისტორია და ტურიზმი უძველესი დროიდან არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პირველი „ტურისტები“  მოგზაურები, ვაჭრები, სარდლები და მეომრები იყვნენ. ისინი, ვისი ჩანაწერებიც, სამარხები, პირადი ნივთები, ყოველდღიური ყოფის ამსახველი მასალა დღეს ფასდაუდებელი საგანძურია. ამ ყველაფერს კვლევა, კრიტიკული ანალიზი, შედარება, დასკვნების გაკეთება, შემდეგ კი პოპულარიზაცია სჭირდება.

ძალიან საინტერსო იყო ექსკურსია ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმში, სადაც ამ ეტაპზე  მეტი ყურადღება გავამახვილეთ რომაული ეპოქის არტეფაქტებზე (იხ. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ფეისბუქის გვერდი);

გონიოს ციხის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა დახმარებით ჩავატარე იმპროვიზირებული იმიტირებული გაკვეთილი გონიოს ციხეში. მუზეუმს კარგი მასალა გააჩნია მოზარდთათვის განკუთვნილი პროგრამების ფარგლებში. მუზეუმის არტეფაქტების ასლების გამოყენებით ახალგაზრდებმა გააცოცხლეს რომაული ეპოქა გონიოს ციხეში, მოირგეს ძველ რომაელთა სამოსი, საჭურველი, სამკაული, სცადეს ლეგიონერთა იარაღის „გამოცდა“.
ეს სკოლისა და მუზეუმის აქტიური თანამშრომლობის კიდევ ერთი სასარგებლო შედეგი იყო. (იხ.https://batumigimnazia.edu.ge/274-).

ამ აქტივობების საფუძველზეც მოსწავლეებმა დაწერეს მცირე ესე: „რამდენად    უწყობს ხელს სამუზეუმო სივრცე თეორიული მასალის აღქმას ისტორიის შესწავლისას?“ რა თქმა უნდა, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს უკვე გააჩნიათ კვლევის,  ანალიზის, წყაროს, სტატიის დამუშავების, ცხრილის შედგენის, პრეზენტაციის მომზადების და სხვა უნარ-ჩვევები და ა.შ.

ამის შემდეგ დავგეგმეთ გაკვეთილი, რომელიც ჩავატარე ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში. ამ დღის სასიამოვნო და გაუთვალისწინებელი მოულოდნელობა იყო ცნობილი არქეოლოგის, ამ მუზეუმის შემქმნელის ბატონ ამირან კახიძის შეხვედრა მოსწავლეებთან გაკვეთილის დაწყებამდე (იხ. https://www.batumigimnazia.edu.ge/276 ). გთავაზობთ ამ გაკვეთილის გეგმას;  გაკვეთილის მსვლელობისას თითქმის არ მომხდარა გეგმის მოდიფიცირება; გაკვეთილის ხანგრძლივობა იყო 60 წუთი.

 

გაკვეთილის გეგმა:

თემა: საქართველო-რომის ურთიერთობა ანტიკურ ხანაში.

კლასი: XI;

კლასში ირიცხება 25 მოსწავლე.

აქტივობა N1

ორგანიზება:  ინდივიდუალური, მთელი კლასი;

დრო – 15  წთ.

მიზანი:  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ: რომის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, კერძოდ, ქართლის და კოლხეთის მიმართ რომისა და პართიის ინტერესის მიზეზები. გაიაზრონ საქართველოს როლი და ადგილი მოცემულ ეპოქაში გეოპოლიტიკურ სივრცეში;

( ისტ.XI.3.    ისტ.XI.4. ისტ. XI.5. ისტ.XI.7. )

მსვლელობა: გამოვიკითხავ საშინაო დავალებებს:

  • როგორ გესმით ციცერონი ეს ფრაზა? „აზია რომის სახელმწიფო ხაზინის ძირითადი სასიცოცხლო წყაროა“.
  • ჩამოაყალიბეთ ის მიზეზები, რამაც ანტიკურ პერიოდში განსაზღვრა  რომისა და პართიის  ინტერესები მახლობელ აღმოსავლეთის და, კერძოდ, საქართველოს მიმართ?

 

მსჯელობის გასაღრმავებლად მოსწავლეებს შევთავაზებ ანალიტიკურ შეკითხვებს:

  1. რა პროცესები მიმდინარეობს რომში ძვ.წ. II-I სს-ში?
  2. რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს პართიაში, პონტოსა და სომხეთში?
  3. დაახასიათეთ მმართველობის სისტემა ქართლსა და ეგრისში; შეადარეთ ისინი ერთმანეთს პომპეუსის ლაშქრობამდე და მის შემდეგ?
  4. რა როლს ასრულებს ამ დიდ პროცესებში ქართლი? გამოყავით ფარსმან პირველისა და ფარსმან მეორის პერიოდები.
  5. შეადარეთ ეს ორი ეპოქა ერთმანეთს.
  6. რა გავლენა მოახდინა კულტურული თვალსაზრისით რომის იმპერიამ ქართულ კულტურაზე, გამოყავით ქრისტიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით?

შეფასება:  ინდივიდუალური განმავითარებელი და შეფასების სქემების მიხედვით გამნსაზღვრელი.

 

აქტივობა N2

ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა.

დრო–  15 წთ.

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ნივთიერი წყაროების ანალიზი, კონკრეტული არტეფაქტების ეპოქასთან მიმართებაში გააზრება; მათი დაჯგუფება კრიტერიუმების მიხედვით, ახსნა, რატომ მიაჩნიათ ასე;

 

მსვლელობა: მოსწავლეებს შევახსენებ მათ მიერ დაწერილ მცირე ესსეს: „რამდენად    უწყობს ხელს სამუზეუმო სივრცე თეორიული მასალის აღქმას ისტორიის შესწავლისას?“ და ვთავაზობ უკვე მიღებული გამოცდილების გამოყენებით პრაქტიკული სამუშაოს შესრულებას.

 

ჯგუფებს ურიგდებათ მუზეუმში დაცული არტეფაქტების სურათები (ანტონიუს პიუსის მონეტა, მინის და კერამიკის ჭურჭელი, თიხის საამშენებლო მასალა- კრამიტი და თიხის მილი, იარაღი -სამკაული) შესაბამისი დავალებით: „2 წთ-ის განმავლობაში ჩამოწერეთ ყველა შესაძლო შეკითხვა, რომელიც ამ ნივთის შესწავლისას შეიძლება დასვას მკვლევარმა“.

ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.  მასწავლებელს დაფაზე გადააქვს მოსწავლეთა პასუხები და მოსწავლეების დახმარებით  გამოარჩევს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესასწავლად აქტუალურ კითხვებს. ზოგიერთი შეკითხვა ორივეს შეესაბამება. მოსწავლეებს ვთხოვ, დაასაბუთონ თავიანთი პასუხები.

სურვილის მიხედვით, დაფაზე ჩამოწერილი კითხვების მიხედვით მოსწავლეები შეძლებისდაგვარად  ახასიათებენ რომელიმე ნივთიერ წყაროს.

შეფასება:  განმავითარებელი, რომელშიც ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, თუ რამდენად   აკადემიური  და მრავალწახნაგოვანი შეკითხვები წარმოადგინა ჯგუფმა, რამდენად ასაბუთებენ თავიანთ პასუხებს.

 

 

აქტივობა N3

ორგანიზება:  ჯგუფური მუშაობა.

დრო–  10 წთ.

მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ წერილობითი წყაროს ანალიზი, მისი საშუალებით უნდა გააკეთონ დასკვნები.

მსვლელობა: მოსწავლეებს მოკლედ ვაწვდი ინფორმაციას არმაზის ბილინგვაზე. შემდეგ დავურიგებ ტექსტს (რომელიც ამავე დროს ეკრანზეც არის გაშუქებული) და ვთხოვ, ზეპირად უპასუხონ შეკითხვებს. მოსაფიქრებლად -2 წთ.

  1. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ წარწერა ბერძნულ და არამეულ ენებზეა შესრულებული?
  2. როგორ შეძლებთ დათარიღებას (რომელი ინფორმაციის საფუძველზე)?
  3. რა ინფორმაცია არის დაცული ქართლის სახელმწიფო მოწყობის შესახებ?
  4. რომელი ისტორიული პირები არიან წარწერაში ნახსენები?

შეფასება:  განმავითარებელი, რომელშიც ყურადღებას ვამახვილებ იმაზე,    სწორად უპასუხა თუ არა  შეკითხვებს  ჯგუფმა. შეცდომებს ვაანალიზებ და ვუხსნი, სად დაუშვეს შეცდომა.

 

აქტივობა N4

 

ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა.

დრო–  20 წთ.

მიზანი:  მოსწავლეებმა ნასწავლი და გაანალიზებული მასალის საფუძველზე  შეძლონ  ისტორიული  და კულტურული მემკვიდრეობის ახალ, თანამედროვე კონტექსტში გამოყენება;  

მსვლელობა: მოსწავლეებს საშინაო დავალებად უნდა მოემზადებინათ სარეკლამო სახის პროდუქცია თემაზე: „ მზადება რომაული კვირეულისთვის მუზეუმში“;

ჯგუფების პრეზენტაციები  (თითო ჯგუფი 2 წთ-ის განმავლობაში წარმოადგენს შემთხვევითი შერჩევის წესით მიღებულ დავალებებს) :

  1. სატელევიზიო სარეკლამო ვიდეორგოლის სცენარის შექმნა;
  2. სარეკლამო ფლაერის მაკეტის დამზადება;
  3. კოსტიუმირებული წარმოდგენის პროექტი გონიოს განძის ელემენტების გამოყენებით;
  4. სარეკლამო პრეზენტაცია უცხო ქვეყნის ტუროპერატორებისათვის რომაული პერიოდით დაინტერესებული ტურისტების მოსაზიდად;
  5. სარეკლამო ბანერის პროექტი უცხო ქვეყნის ტუროპერატორებისათვის რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული ტურისტების მოსაზიდად;

 

შეფასება: მასწავლებელი აკეთებს თავისთვის ჩანაწერებს საბოლოოდ შეფასებისთვის; ჯგუფური მუშაობის შეფასებისთვის ვიყენებ სქემას.

ყველა ჯგუფი ერთმანეთის ნამუშევრებს აფასებს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ცხრილების საშუალებით.

ყველა ჯგუფი გამოარჩევს იმ პრეზენტაციას, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონათ. მაგრამ უნდა ახსნან, რატომ. ამის შემდეგ მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ შეფასებას. ხოლო ჯგუფის თითოეული წევრი ავსებს თვითშეფასების სქემას.

შეფასება – განმსაზღვრელი და განმავითარებელი (შეფასებისა და თვითშეფასების სქემების საშუალებით).

რესურსად გამოვიყენე:

  1. სახელმძღვანელო, ისტორია, XI კლასი, ავტ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
  2. თემატური ისტორიული რუკები;
  3. საქართველოს ისტორიის ატლასი;
  4. რომის იმპერატორები, ცხრილი;
  5. ილუსტრაციათა ფოტოები ;
  6. წყაროს ანალიზისათვის საჭირო შეკითხვები;
  7. PowerPoint- ით გაკეთებული პრეზენტაცია;
  8. შეფასების სქემები;

 

რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს მოვაწოდე მასალაზე მუშაობის დროს:

  1. ნ. შოშიტაშვილი, რომი და საქართველო, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, პალიტრა L, თბილისი, 2016.
  2. ა. კახიძე, თ შალიკაძე, თ. ფარტენაძე, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის საგანძური, კატალოგი, ბათუმი, 2015.
  3. დ. ბოლქვაძე, ესე ისტორიის სწავლებაში, https://mastsavlebeli.ge/?p=4179
  4. ნ. ხოფერია,იბერიელები, ჭანები და აბაზგები რომის არმიაში Notitia Dignitatum-ს მიხედვით (IV ს.), https://samxedro-istoria.blogspot.com/2016/12/notitia-dignitatum-iv.html#more
  5. იბერიელი უფლისწული სომხეთის ხელისუფლების სათავეში (და დედოფალი ზენობია), https://www.georoyal.ge/?MTID=1&TID=24&id=852
  6. ნ. ხოფერია, რომაული ფორტიფიკაციები საქართველოში და აფსაროსის ციხის რეკონსტრუქცია, https://samxedro-istoria.blogspot.com/2017/01/blog-post.html#more
  7. ე. ბუბულაშვილი, წმინდა მოციქულთა მოღვაწეობა საქართველოში და მათ სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები, “საეკლესიო ბიბლიოთეკა”, ტ. VIII. თ. IV. გამომცემლობა “ახალი ივირონი”, თბილისი, 2007 წ.
  8. ფარსმან II ქველი, www.youtube.com/watch?v=CS8SiHtZ7UE
  9. მთავარსარდალი ფარსმან ქველი, youtube.com/watch?v=AgSgw3BeN4c

 

ჩემი აზრით,  ამ გაკვეთილის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს  ის, რომ , მოსწავლეები ძალიან ახლოს ამოჩნდნენ არტეფაქტებთან, გაითავისეს.  არც ისეთი მოსწავლეების ჩართვა გახდა რთული, ვისაც ადრე მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია დავალებების ჯგუფურად  ან ინდივიდუალურად შესრულებისას. ჯგუფში მუშაობის დროს კვლევითი სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეებმა ისეთ ნიუანსებზე გაამახვილეს ყურადღება, რაზეც, ალბათ, ნაკლებად დაფიქრდებოდნენ. ეს მომავალში მნიშვნელოვან გამოცდილებას შესძენს მათ. ბოლო აქტივობა აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო და სახალისო მოსწავლეებისთვის. ამან განსაზღვრა კიდეც აბსოლუტური უმრავლესობის ჩართვა მუშაობის პროცესში. ეს დავალება შემოქმედებითი და ინტერაქტიულია, მოითხოვს  ელექტრონული რესურსის გამოყენებას, იმ ტიპის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ახალი ტექნოლოგიების ფლობას გაამარტივებს.

გარდა მიზანზე ორიენტირებული დავალებებისა,  შევეცადე, შემერჩია, ასევე, ყველასთვის დაძლევადი ინდივიდუალური დავალებები, ხოლო სირთულის შემთხვევაში  შეეძლოთ ჯგუფებში თანამშრომლობით შედეგის მიღწევა. რაც შეეხება შეფასების სქემებს,   მასალა წინასწარ მივაწოდე ბავშვებს. მათ უკვე იცოდნენ რა შეფასდებოდა და რომელი რუბრიკებით. ყველა მოსწავლისათვის შევქმენი ინდივიდუალური საქაღალდე, სადაც თემის შესწავლის პროცესში შესრულებული ყველა დავალება მოვათავსე თავისი შეფასების სქემებით.

მოსწავლეთა ნამუშევრებიდან კარგად გამოიკვეთა, რომ მათ იცოდნენ მასალა, შეძლეს  რუკის, ცხრილის და სხვა რესურსის გამოყენებით   დავალების შესრულება. გაკვეთილმა ხელი შეუწყო თანამშრომლობის, პრეზენტაციის მომზადების, წარდგენის, ანალიზის უნარების   განვითარებას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი