პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ეკონომიკური წიგნიერება როგორც „თამაშის წესების“ გაცნობა

„ეხლანდელს დროში ნურვინ იფიქრებთ, რომ წინ წაუხვიდეთ მცოდნესა და განსწავლულსა და ან არსებობისათვის ჭიდილში საეკონომიო მოედანზედ გამარჯვება თქვენ დაინარჩუნოთ” (ი. ჭავჭავაძე, „ისევ განათლების საკითხებზე”, 26 ოქტომბერი, 1889 წ.).
ყოველი საზოგადოება ცდილობს „მოერგოს” მასზე მოქმედ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ და სხვა ფაქტორებს. ამგვარი ადაპტაციის საჭიროება ხშირად საზოგადოების კრიზისის მიზეზად იქცევა. საზოგადოება იძულებულია, გარკვეულწილად შეცვალოს „თამაშის” ძველი ან შეიმუშაოს სრულიად ახალი „წესები”, რომლებიც ადეკვატურ პასუხს გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს. 

ადაპტაციური კრიზისის მიზეზია რადიკალურად შეცვლილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტები და ქცევის ძველი, ფაქტობრივად უცვლელი მოდელები. ქცევის ახალ მოდელებს და თამაშის ახალ წესებთან ზიარებას გარკვეულწილად ახალი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები უდევს საფუძვლად და მისი უზრუნველყოფის რთული პროცესი მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი განათლების სფეროში მომუშავე ადამიანების ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგია ხოლმე. 
გვჭირდება თუ არა ეკონომიკის ცოდნა?

„ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბერტყაო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზე უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც თვითონ ჩვენა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული. მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანიც და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია… მაშ, რაღათა ვართ ღარიბნიო? მკითხავთ თქვენ.

იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია. არ ვიცით, საიდამ რა ამოვიღოთ, რა ხერხითა და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფიც ბლომად… ცოდნის გარეშე დედამიწა თავის უხვსა და უხარბელს გულს არ გადაგვიხსნის, ისე უხვად არ მოგვაბარებს” (ილია ჭავჭავაძის სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე 1886 წელს). 

ამ ცოდნას ეკონომიკური მეცნიერება გვაძლევს. დღეს უკვე აღარავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ ეკონომიკური ცოდნა აუცილებელია – გვინდა თუ არა, ეკონომიკა ჩვენს ცხოვრებაში იჭრება. ბავშვები ჩვენგან დამოუკიდებლად, თავისთავად (სტიქიურად) სწავლობენ ეკონომიკას. ზრდასრულებმა ეს სტიქიური ცოდნა უნდა მოვუწესრიგოთ, სისტემაში მოვუყვანოთ და გავუფართოოთ. დაფანტული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის ნაცვლად ბავშვებმა უნდა შეძლონ გარემომცველი ეკონომიკური სამყაროსა და ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთკავშირის მთლიანი სურათის წარმოდგენა. ეკონომიკის სწავლება მოემსახურება განათლების ეროვნულ მიზანს – „იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე”. საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა შეძლოს გლობალურ ეკონომიკაში ჩაბმა და სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება საკუთარ ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების ანალიზისას. ეკონომიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ეკონომიკური საკითხები ხშირად გავლენას ახდენს ამომრჩევლების გადაწყვეტილებებზე სახელმწიფო თუ ადგილობრივ არჩევნებზე. ეკონომიკის ცოდნა ეხმარება ადამიანს, უკეთ გაიგოს მის ცხოვრებაზე ყოველდღიურად მოქმედი ძალების არსი და შეაფასოს პიროვნული გადაწყვეტილებებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები. დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის მრავალი ინსტიტუტი გაცილებით ეფექტურად ფუნქციობს, როცა მოქალაქეებმა კარგად იციან ეკონომიკა. ეკონომიკური აზროვნება ასევე მნიშვნელოვანია ისტორიაში, პოლიტიკაში, ბიზნესში და საერთაშორისო ურთიერთობებში გაჩენილ მრავალ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

საშუალო სკოლის დამთავრებისას მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული ეკონომიკური ცოდნა. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა ესმოდეთ ძირითადი ეკონომიკური კონცეფციები და შეეძლოთ ლოგიკური მსჯელობა იმ ძირითად ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მათი როგორც მშრომელების, მომხმარებლებისა და მოქალაქეების ცხოვრებაზე, რათა შეძლონ მრავალი შეცდომის თავიდან აცილება.

ეკონომიკის სწავლებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ უნარებსაც, რომლებიც მოსწავლეებს ეკონომიკის შესწავლით ჩამოუყალიბდებათ, რადგან ეკონომიკური უნარები, ისევე როგორც ეკონომიკური ცოდნა, ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ძირითადი უნარები, რომლებიც მოსწავლეებს ეკონომიკის შესწავლამ უნდა განუვითაროს, მოიცავს: (ა) ეკონომიკური პრობლემების, ალტერნატივების, სარგებლისა და ხარჯების განსაზღვრას; (ბ) ეკონომიკაში სტიმულების გავლენის ანალიზს; (გ) ეკონომიკური პირობებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის მოსალოდნელი ცვლილებების შესწავლას; (დ) ეკონომიკური მონაცემების თავმოყრასა და ორგანიზებას და (ე) სარგებლისა და ხარჯების შედარებას.

ეკონომიკის შესწავლის საფუძველზე მოსწავლეები გახდებიან:

1. პასუხისმგებელი მოქალაქეები – მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გააზრებით ისინი პასუხისმგებლობით ჩაერთვებიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში;

2. ნაყოფიერი მშრომელები – საკუთარი ადამიანური კაპიტალის გონივრული ინვესტირებით მოსწავლეები პროდუქტიულები იქნებიან მთელი შრომითი ცხოვრების განმავლობაში;

3. მცოდნე მომხმარებლები – საკუთარი გადაწყვეტილებების ხარჯისა და სარგებლის შეფასებით უკეთ მოახერხებენ როგორც პირადი, ისე ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფას;

4. კეთილგონიერი (ფრთხილი) მომჭირნეები და ინვესტორები – მომჭირნეობის, დაზოგვისა და ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებების ხარჯისა და სარგებლის ანალიზის ცოდნით ხელს შეუწყობენ პირად და ქვეყნის გრძელვადიან კეთილდღეობას;

5. გლობალური ეკონომიკის ეფექტური მონაწილეები – მსოფლიო ეკონომიკაში საკუთარი როლის პერსპექტივის გათვალისწინებით, განივითარებენ გლობალურ საბაზრო სივრცეში შეჯიბრების (კონკურენციის) უნარს;

6. გონივრული გადაწყვეტილებების მიმღებნი მთელი სიცოცხლის განმავლობაში – დასაბუთების უნარის ვარჯიშითა და ეკონომიკური ცოდნის გამოყენებით ისწავლიან ეფექტური არჩევანის გაკეთებას მუდმივად ცვალებად გარემოში.
საჭიროა თუ არა ეროვნული სტანდარტები ეკონომიკაში?

სამწუხაროდ, ეკონომიკური განათლება და აღზრდა ხშირად უსისტემო და დაუგეგმავი პროცესია, პერიოდული ხასიათი აქვს და განათლების ენთუზიასტი მუშაკების ძალისხმევაზეა აგებული. 

ეკონომიკის სწავლების საერთაშორისო გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, „ვასწავლოთ თუ არა ეკონომიკა” კითხვასთან შედარებით უფრო აქტუალური იქნება კითხვა „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა”.

ნებისმიერი საგნის საგანმანათლებლო სტანდარტი განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსის სავალდებულო მინიმუმს, მისი სწავლების გზებს და შედეგების მიღწევის ინდიკატორებს. ეკონომიკის სტანდარტებმაც თავისუფალი არაპოლიტიკური და არაპარტიზანული მეგზურის როლი უნდა შეასრულოს და განსაზღვროს, რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა, რა უნდა შეძლონ ამ ცოდნით შეიარაღებულებმა და როგორი დამოკიდებულება განივითარონ საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ. 

საგანმანათლებლო სტანდარტი არ ზღუდავს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო მასალების ვარიანტულობას, ხელს არ უშლის სკოლებს, იმუშაონ მათთვის მისაღები სასწავლო პროგრამებით. მასში განსაზღვრულია იმ სავალდებულო კომპეტენციების მინიმუმი, რომლებიც ეკონომიკის კურსგავლილ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს, განურჩევლად იმისა, რომელი სკოლა დაამთავრა და რა პროგრამით ისწავლა.

ეკონომიკაში სტანდარტების შექმნის შესახებ რამდენიმე პრაქტიკული მოსაზრებაც არსებობს:

. უამისოდ ბევრმა სკოლამ შესაძლოა საერთოდ არ ჩართოს „ეკონომიკა” სასწავლო გეგმაში, ზოგმა კი მხოლოდ უმნიშვნელო ყურადღება დაუთმოს ან მისი სწავლება ააგოს არარეალური, ძნელად განსახორციელებელი სტანდარტების საფუძველზე (მრავალი სკოლა ეკონომიკური მეცნიერების სახელით სულ სხვა საგნებს – „წარმოების მართვა”, „ფინანსები”, „მარკეტინგი” – ასწავლის). ეროვნული სტანდარტები უზრუნველყოფს „ეკონომიკის” ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროგრამაში;

. ეროვნული სტანდარტები საფუძვლად დაედება ეკონომიკაში ქართული სახელმძღვანელოების შექმნას საშუალო სკოლის ყველა კლასისთვის;

. მასწავლებლები, რომლებსაც ეკონომიკის კურსის წაკითხვას ავალებენ, ხშირად დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან არ იციან ან თვით საგანი, ან მისი სწავლების მეთოდიკა. ეროვნული სტანდარტები მათთვის ერთგვარი საყრდენი იქნება, კომპასის როლს შეასრულებს და მიუთითებს, რაზე შეაჩერონ ყურადღება საგნის სწავლების თითოეულ საფეხურზე;
. თავი მოეყრება და შეჯერდება მასალები და გამოცდილება, რომლებიც ეკონომიკის სწავლებაში არსებობს, რაც, თავის მხრივ, გააადვილებს მეთოდური მასალების, რეკომენდაციების, დიდაქტიკური მასალების, საქმიანი თამაშების შერჩევას თითოეული კლასისათვის;

. ეკონომიკის ეროვნული სტანდარტები გახდება ეკონომიკის სწავლების მყარი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ეკონომიკურ წიგნიერებას. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მათ გაუადვილდებათ საბაზრო ეკონომიკის რთულ, ცვალებად სისტემაში გზის გაკვლევა.

ეკონომიკაში საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ შეზღუდულობის სიკეთე. თავის ნაშრომში „ბევრის სწავლება მცირეთი” ნოელ მაკინისი წერს: „შესავალი კურსები თითქმის ყველა დისციპლინაში თანდათან ძალზე არაპრაქტიკული ხდება, რადგან ცდილობს, მთელი მონათესავე ინფორმაცია მოიცვას. შეიძლება, ეს კურსები აიგოს დისციპლინის 5-6 ძირითადი საკითხის ირგვლივ, ვასწავლოთ მხოლოდ ის აუცილებელი, რაც ადამიანს ამ ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენებაში დაეხმარება”.

რითია ეკონომიკა გამორჩეული? როგორ შეუძლია მას ახსნას ადამიანური ქცევის სირთულეები განსხვავებული ფასეულობების, კულტურების, რესურსების, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ჭრილში? უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ეკონომიკას საქმე აქვს ადამიანურ ქცევასთან. ადამიანური ქცევის თითქმის ყველა ასპექტი შეიძლება გაანალიზდეს ეკონომიკური მიდგომით, ეკონომიკის კუთხით. ეკონომიკა სწორედ მიდგომაა და არა დასკვნების განსაზღვრული ნაკრები. ჯონ მეინარდ კეინსის მიხედვით, „ეკონომიკური თეორია არ ასაზრდოებს პოლიტიკაში მყისიერად გამოსაყენებელ მყარ დასკვნებს. ის უფრო მეთოდია და არა დოქტრინა, გონების აპარატია, აზროვნების ტექნიკა, რომელიც მის მფლობელს სწორი დასკვნების გამოტანაში ეხმარება”.

იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეკონომიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში „გონების აპარატის, აზროვნების ტექნიკის” დახვეწაში დაეხმარება მომავალ თაობებს და ასწავლის იმ „ხერხსა და ოსტატობას”, როცა „ჯაფაც ადვილია და ნაჯაფიც ბლომად”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი