შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გავახალისოთ სასწავლო პროცესი

  ამ სტატიაში კიდევ ერთხელ ვწერ ჩემთვის ყველაზე საყვარელ თემაზე, ისტორიის სწავლების   პროცესში ორიგინალური და მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების გამოყენების თაობაზე. თუმცა ამჯერად  სკეპტიკური შეკითხვით დავიწყებ – არის კი აუცილებელი მრავალრიცხოვანი აქტივობის მიწოდება ჩვენი მასწავლებლებისთვის? ვფიქრობ, ამ შეკითხვას საფუძველი გააჩნია. ცნობილია, რომ მასწავლებლების ერთ ნაწილს ექსპერიმენტების (ჩვენს შემთხვევაში, ახალი  აქტივობების) გამოყენების სურვილი დიდად ნამდვილად არ აქვს.  მათი  არგუმენტაცია დაბალი ხელფასებით იწყება და სხვა უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური პრეტენზიებით გრძელდება.  ამ არგუმენტებს არ გავიმეორებ, რადგანაც ეს  შეკითხვა   მათი  გაბათილების გამო არ დამისვამს. უფრო ის მაინტერესებს, ინფორმაციით და თარიღებით გადატვირთული ისტორიის  სახელმძღვანელოების გადამკიდე რამდენად რჩება მასწავლებლებს დრო ასეთი აქტივობებისათვის? სურვილის არსებობის შემთხვევაში, მოახერხებენ კი ისინი დატვირთული სასწავლო პროგრამის პირობებში დროის გამონახვას? როგორც ვხედავთ, სკეპტიციზმი არცთუ უსაფუძვლოა. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ დასმულ შეკითხვას მაინც დადებითი პასუხი უნდა გაეცეს.  ძველ არგუმენტებს აღარ გავიმეორებ (ისინი, რასაკვირველია, ძალაში რჩება), ამჯერად  რამდენიმე ახალ მოსაზრებას  მოგაწვდით. მასწავლებლებს გვიყვარს თქმა, ,,ყველა კლასი განსხვავებული და განსაკუთრებულიაო”,  რაც თავისთავად გულისხმობს, რომ  ამდენ ,,განსხვავებულ” კლასს აუცილებლად სჭირდება არამარტო განსხვავებული მიდგომები, არამედ მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების არჩევანი. ამასთანავე არცერთი აქტივობა არ გულისხმობს მათ კოპირებას, ისინი მხოლოდ მთავარ იდეას და მიმართულებას აძლევენ მასწავლებლებს, ხოლო სასკოლო პრაქტიკაში ნებისმიერი მათგანი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად  შეიცვალოს და კონკრეტული კლასის, მოსწავლეების ჯგუფის ან თუნდაც ერთი მოსწავლის  საჭიროებას მოერგოს და სრულიად მოულოდნელი დადებითი შედეგი მოიტანოს. ბოლო წლების განმავლობაში ისტორია, როგორც სასკოლო საგანი, ნაკლებად  პოპულარულია. ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებისა და საგნის პოპულარიზაციის მისაღწევად, ჩემი აზრით, სწორედ საინტერესო, ორიგინალური და სახალისო აქტივობები გახლავთ. კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, კარგად შერჩეული აქტივობები დაგვეხმარება უფრო ყურადღებით წავაკითხოთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოს ტექსტი, თანდართული წყარო, მოძიებული მასალა. ამჯერად აქცენტს სწორედ მოძიებული ინფორმაციის (მათ შორის, ისტორიული წყაროების) გულდასმით განხილვასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე გავამახვილებთ.  
დეტექტივი
ისტორიის სახელმძღვანელოდან შევარჩიოთ ისეთი გაკვეთილი, რომელშიც ისტორიული პიროვნების მკვლელობაა მოცემული და ვთხოვოთ მოსწავლეებს ,,გამოიძიონ” ჩადენილი დანაშაული. ასეთი გაკვეთილის შერჩევა, რასაკვირველია, რთული არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მოსწავლეს ისეთი მასალები (ან მიუთითოს, სად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია), რომლებიც მას ,,გამოძიების” წარმოების შესაძლებლობას მისცემს. მასწავლებლის გადასაწყვეტია, უკვე გახსნილ მკვლელობის ფაქტს აირჩევს თუ დღემდე ბურუსით მოცულ სიკვდილის შემთხვევას ამჯობინებს, რომელზეც მხოლოდ ვარაუდები არსებობს. გამოძიება ორივე შემთხვევაში საინტერესო იქნება. გასათვალისწინებელია, რომ სახელმძღვანელოში არსებულმა და მოპოვებულმა ინფორმაციამ მოსწავლეს საშუალება უნდა მისცეს, გამოკვეთოს ეჭვმიტანილთა წრე (შესაძლო დამკვეთები, ორგანიზატორები, უშუალო შემსრულებლები და ა.შ). როცა მოსწავლეებს დავალებად ვაძლევთ აწარმოონ ,,გამოძიება”, ჩვენი მთავარი მიზანი არ არის, რომ მათ დაადგინონ მკვლელის ვინაობა. ჩვენს გვსურს, მოსწავლეებს უკეთ შევასწავლოთ ესა თუ ის კონკრეტული ეპოქა, განვუვითაროთ ინფორმაციის მოძიების, კვლევის, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარები. 
    როგორც აღვნიშნეთ, ისტორიას უხვად შემორჩა ცნობილი ადამიანების დღემდე ბურუსით მოცული ტრაგიკული დაღუპვის შემთხვევები. ასეთი ტიპის გამოძიება შესაძლოა დაიწყოს იმის გარკვევითაც, არის ეს მკვლელობა თუ პიროვნება უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა  მოსწავლე თავდაპირველ მოსაზრებას ძირითადად სახელმძღვანელოს ტექსტზე დაყრდნობით აკეთებს (მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული შემთხვევა არის მკვლელობა/უბედური შემთხვევა, იმიტომ რომ….). ამგვარად, ეს  მოსაზრება გარკვეულ საფუძველზე ჩამოყალიბებული ვარაუდია და არა დადგენილი ფაქტი. ამიტომ ,,გამოძიება” ორივე შემთხვევაში უნდა დაიწყოს. 
      ,,გამოძიების” მსვლელობისას, ნამდვილი დეტექტივის მსგავსად, მოსწავლე სვამს შეკითხვებს (ვინ? რა? როდის? სად? რატომ? როგორ?) და ცდილობს მათზე პასუხების გაცემას, ,,ესაუბრება” მოწმეებს, ,,სტუმრობს” შემთხვევის ადგილს, ,,აგროვებს” მტკიცებულებებს თავისი მოსაზრების სასარგებლოდ და ა.შ. ავუხსნათ მოსწავლეს, რომ დასკვნები ნაადრევად არ გააკეთოს, ყველა დასკვნას თავისი მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. „გამოძიების” მიმდინარეობისას მოსწავლის მოქმედებები დიდწილად დამოკიდებულია იმ მასალაზე, რომელზეც დაყრდნობითაც იგი დანაშაულის გახსნას ცდილობს. 
შესაძლო სირთულეები
მოსწავლე მზად უნდა იყოს   გამოძიების პროცესში თავისი  მოსაზრების შესაძლო კორექტირებისათვის, რისკენაც მას ახალი ფაქტების აღმოჩენა უბიძგებს, რომლებიც აიძულებს, სხვა რაკურსით შეხედოს თავის თავდაპირველ შეხედულებებს და შეიტანოს მათში აუცილებელი ცვლილებები. ამასთანავე, შესაძლოა,  იგი ჩიხშიც მოექცეს და გამოძიება დამოუკიდებლად ვერ დაასრულოს. ასეთ შემთხვევაში მას, რასაკვირველია, მასწავლებელი ეხმარება (რჩევებით, დამატებითი ლიტერატურით, სათანადო პიროვნებასთან გადამისამართებით და ა.შ), თუმცა დასკვნებს მოსწავლის ნაცვლად არ აკეთებს.  როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მოსწავლის გამოძიებული საქმე („გამოძიება” აუცილებლად უნდა დასრულდეს), მთავარი, როგორც მოგახსენეთ, მაინც ის გახლავთ, რომ მოსწავლეს გაცილებით მეტი ეცოდინება, ვიდრე გამოძიების დასაწყისში იცოდა. 
შეცვალე დოკუმენტი
ამ აქტივობას ,,ალტერნატიული დოკუმენტიც”  შეგვიძლია ვუწოდოთ. სახელმძღვანელოებში ხშირად გვხვდება ისტორიული დოკუმენტები, იმისათვის რომ უფრო ყურადღებით წავაკითხოთ მოსწავლეებს ისინი, შეგვიძლია ასეთ აქტივობას მივმართოთ. რომელიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესწავლისას მოსწავლეებს ვთხოვოთ,  ყურადღებით წაიკითხონ ის და თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს ზოგიერთი პუნქტი. (ამისათვის, შესაძლოა დოკუმენტის უფრო ვრცელი ან სრული ვარიანტის მოძიებაც მოგვიხდეს). იმისათვის, რომ მოსწავლეებმა არ დაიზარონ დავალების შესრულება, ცვლილებები სავალდებულო გავხადოთ და ტექსტის მოცულობის გათვალისწინებით აუცილებელი ცვლილებების მინიმალური რაოდენობაც დავაწესოთ. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვოთ, ახსნან, რატომ გააკეთეს მათ ესა თუ ის ცვლილება.
 ისტორია და ლიტერატურა
მეცნიერება მათთვისაა, ვინც სწავლობს, პოეზია კი მათთვის, ვინც იცის. – ჯოზეფ როუქსი
ეს აქტივობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც საშინაო დავალება. იგი გამოგვადგება პოეტური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისათვის. ვთხოვოთ მოსწავლეებს ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით დაწერონ საკუთარი მხატვრული ნაწარმოები (ლექსი, ჩანახატი, მინიატურა და სხვ.). მასწავლებლის მთავარი  მიზანი სულაც არ არის, მოსწავლემ  მაღალმხატვრული ნაწარმოები შექმნას, (ეს ნაკლებად მოსალოდნელია), არამედ  ყურადღებით წაიკითხოს წყარო, მოახდინოს მისი ანალიზი, შეძლოს წაკითხული ინფორმაციის სინთეზი, ისტორიის კრეატიულად გააზრებით  განივითაროს შემოქმედებითი უნარი. აუცილებელია, მასწავლებელმა მიუთითოს ცალკეული სიტყვები (ზოგ შემთხვევაში მოკლე ფრაზა) დოკუმენტიდან, რომლებიც მოსწავლემ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ამასთანავე სასურველია, მოსწავლემ მოახერხოს დოკუმენტში აღწერილი მოვლენების დღევანდელობასთან დაკავშირება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი