შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ ვიპოვოთ ბავშვი მეტროში

კითხვა ასეც შეგვეძლო დაგვესვა: როგორ ვიპოვოთ დაკარგული შვილი მილიონიან ქალაქში? ზრდასრულ შშმ ბიჭს სახლში რომ ვერ გამოკეტავ, ფაქტია. მან უეცრად შეიძლება ისარგებლოს სტუმრების ყოფნით, გააღოს ჩარაზული კარი და უკანმოუხედავად გაიქცეს. აუტიზმის მქონე პირებს ხშირად აქვთ გაქცევის სურვილი, ახლის აღმოჩენის, შეცნობის… შესაძლოა ამას თავისუფლების, დამოუკიდებლობის შეგრძნების წადილი ან ერთგვარი პროტესტიც ვუწოდოთ, ე. წ. „ღია კარის სინდრომი“, როდესაც ადამიანი მუდმივად ეძიებს ახალ კარს, რათა ნახოს, რა ხდება მის მიღმა.

ამის მერე იწყება დიდი თავგადასავალი როგორც 18 წლის აუტიზმის მქონე ბიჭისთვის, ისე მისი ახლობლებისთვის. სუფრის წევრები სხვადასხვა მიმართულებით გარბიან „ბავშვის“ მოსაძებნად მაშინ, როდესაც უკვე 10-15 წუთის წინ სეირს მაცქერალმა მეზობლებმა აივნებიდან ქუჩაში შენიშნეს სახლის „შლოპანცებით“ მორბენალი „ის ბიჭი, რომელმაც ლაპარაკი არ იცის“ და არც კი შეატყობინეს ოჯახს. ლოგიკურად კვანძი იკვრება მეტროს ერთ-ერთ უახლოეს სადგურთან. მატარებლების მოყვარული ბიჭი დიდი ალბათობით სწორედ იქ უნდა აღმოჩენილიყო. ოჯახის წევრების ინტუიცია უტყუარია, მეტროს პერსონალის, კერძოდ კონტროლიორის, ქმედება კი, რბილად რომ ვთქვათ, უგუნური, არაპროფესიონალური – ის უცნაური ქცევების მქონე ბიჭს უფასოდ ატარებს ესკალატორზე, დადევნებულ, აღელვებულ ხალხს კი ბილეთის გარეშე არ უშვებს. იკარგება ძვირფასი დრო.

ოჯახმა ბიჭის გაქცევიდან ნახევარ სააათში განაცხადა მომხდარის შესახებ პოლიციაში. თავდაპირველად, გაქცევის მიზეზის ძებნისას, დაინტერესდნენ, ხომ არ ძალადობდნენ შვილზე მშობლები. ეჭვების გაქარწყლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შშმ პირის მოსაძებნი ერთადერთი გზა მეტროსადგურებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები იყო, რომელთა ფაილებს კრიმინალისტის გარეშე ვერ მოიპოვებდნენ. ჩანაწერების ნელი კადრების ყურება ოჯახის წევრებისათვის იოლი არ აღმოჩნდა: ხედავდნენ, როგორ გამოდიოდა ერთი ვაგონიდან ინტერესიანი ბიჭი და როგორ შედიოდა მეორეში ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, კარგად უნდა დაკვირვებოდნენ, მისი არც ერთი მოძრაობა არ უნდა გამოპარვოდათ… ვიდეო ფაილების ერთსაათიანი თვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ოთხი, თბილისის ცენტრალური მეტროსადგურის კამერები არ მუშაობდა! შესაბამისად დაიკარგა ბიჭის კვალიც…  არადა საქართველოს დედაქალაქში უკვე დაბნელებულიყო…

სტანდარტულად თითოეულ სადგურზე პატრულის ორი თანამშრომელი მეტროს შესასვლელში, ორი კი ბაქანზე დგას. ნათესავების ნაწილი მეტროსადგურებთან მივდიოდით და ბიჭს ვეძებდით. ინფორმაცია ჰქონდათ როგორც ქუჩაში, მანქანაში მსხდომ პატრულებს, ისე მეტროში მყოფ პოლიციელებსაც. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის სადგურიდან სადგურამდე მახინჯდებოდა. აღწერილობიდან ყველას კარგად ახსოვდა ლურჯი მაისური, თუმცა ეძებდნენ არა 18 წლის 180 სანტიმეტრის სიმაღლის ბიჭს, არამედ 14 წლის მოზარდს. რომ არაფერი ვქვათ არასწორ ტერმინზე: იცოდნენ, რომ დაიკარგა „აუტიზმით დაავადებული“ ბიჭი, რომელსაც „შლოპანცები“ აცვია.

და მაინც: როგორ ვიპოვოთ დაკარგული შშმ პირი მეტროში?

  1. სასწრაფოდ მოითხოვეთ კრიმინალისტის მოსვლა განყოფილებაში, რათა მან დაუყოვნებლივ გასცეს ბრძანება ვიდეო ფაილების გასახსნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საღამოს პიკის საათის მომიზეზებით, შესაძლოა დილამდე მოთმინება გირჩიონ.
  2. დაურეკეთ ახლობლებს, რომ გადანაწილდნენ ქალაქში, ეძებონ მეტროსთან ახლომდებარე ტროტუარებზე, გამოკითხონ გარემოვაჭრეები თუ მაღაზიების გამყიდველები, რადგან ადრე თუ გვიან დაკარგული ბიჭი შიმშილის დასაკმაყოფილებლად სავარაუდოდ პროდუქტების უახლოეს მაღაზიას მიაკითხავს. პატრულის თანამშრომლებმა შესაძლოა ხალხის დიდ ნაკადში ბიჭი ვერ შენიშნონ, ახლობლები კი დაკარგულს უმალ იცნობენ. გაგიკვირდებათ და, რიგითი მოქალაქეებიც შესაძლოა სულაც არ დააეჭვოს სამი საათის განმავლობაში მეტროში მოსეირნე ტანმაღალმა ბიჭმა, რომელიც ხშირად სიხარულისგან დახტის და ტაშსაც უკრავს.

 

მაგრამ რას ვაკეთებთ მაშინ, როცა მიყოლებით ოთხ მეტროსადგურში არ მუშაობს ვიდეოკამერა? როცა არ ვიცით, ბიჭი ისევ მეტროშია თუ უკვე ამოვიდა და ბნელ ქალაქში უმეთვალყუროდ დაიარება? მივდივართ რამდენჯერმე მის საყვარელ, ჩაბნელებულ სკოლასთან – იქნებ ნაცნობ გზას არ უღალატა და თავად მივიდა მონატრებულ სასწავლებელში, სადაც ზრდასრული ასაკის შესრულებისთანავე დაემშვიდობნენ და მას მერე იძულებულია სახლში იყოს. თუ იქაც არ დაგხვდათ, რა უნდა მოიმოქმედოთ?

ფაქტია, ასეთ დროს რიგითი შშმ მოქალაქის ბედი ღმერთისა და რამდენიმე კეთილსინდისიერი, ყურადღებიანი პატრულის ანაბარა რჩება. ღამის ათ საათზე, მეტროს ბოლო გაჩერებაზე – ვარკეთილში – ბიჭი ამოდის ესკალატორზე, წყლის ბოთლს აჯანჯღარებს ყურთან და ისევ იმავე კიბით აპირებს ბაქანზე დაბრუნებას. ეს საეჭვო ქცევა და მისი უკვე გადმოცემული ჩაცმულობა პატრულს არწმუნებს, რომ ეს სწორედ ის ბიჭია, რომელსაც სამ საათზე მეტია ეძებენ.

ამ შემთხვევამ დამარწმუნა, რომ ბევრ სფეროშია გასატარებელი რეფორმები, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომუშავეებისათვის სპეციალური ტრეინინგებია ჩასატარებელი. ამით უგზოუკვლოდ დაკარგულთა საგანგაშო სტატისტიკაც მკვეთრად შემცირდებოდა. შშმ პირების შესახებ ცნობიერების ამაღლება სკოლაშივე უნდა ხდებოდეს – მოსწავლე არ უნდა დაიბნეს უცნაური ბიჭის დანახვისას და უნდა მიმართოს პატრულის თანამშრომელს, რომლის მოძებნაც არ უნდა გაჭირდეს თავშეყრის ადგილებში. ვიმედოვნებ, რომ მეტი მოქალაქე დაინტერესდებოდა მეტროში მოხეტიალე ბიჭით, ის მცირეწლოვანი რომ ყოფილიყო. პასუხს თუ ვერ მიიღებდნენ მისგან, პატრულს მაინც გაუზიარებდნენ ეჭვს – შესაძლოა ბავშვი დაკარგულია და ამას თავადაც ვერ ხვდებაო. სამწუხაროა, რომ გულგრილობას ვაწყდებით ნაცნობების (მეზობლების) მხრიდანაც კი. ასევე არ ვარ დარწმუნებული, რომ დაკარგულის ფოტოც გადააგზავნა პოლიციამ ყველა პუნქტში ინტერნეტით. შესაძლოა მხოლოდ რაციით გადასცეს ინფორმაცია, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ჭორის დონეზე გავრცელებულ ამბავს უფრო ჰგავდა.

ამ შემთხვევამ გამოკვეთა კიდევ ერთი პრობლემა – ზრდასრული შშმ პირების დასაქმებისა და დღის ცენტრების საკითხი, რომელიც დღემდე დეფიციტურია საქართველოში. ბიჭი რომ რეალიზებული იყოს – სწავლით, ხელსაქმითა თუ სპორტით დაკავებული, სახლში გამოკეტილიც არ იქნება და მრავალფეროვანი, სრულფასოვანი ცხოვრების მქონეს მისი თვალსაზრისით „გასეირნების“, ჩვენი გადმოსახედიდან კი „გაქცევის“ სურვილიც ნაკლებად გაუჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთ ბიჭებსა და გოგონებზე ნაკლებად ფიქრობენ, ისევე როგორც „ქუჩის ბავშვებზე“. საზოგადოებაც ინდიფერენტული და გაუთვითცნობიერებულია: გავიხსენოთ, ბოლოს როდის დავრეკეთ ცხელ ხაზზე, პატრულში ან სასწრაფოში მათხოვარი ბავშვის, უცნაური ტიპის ან ქუჩაში მძინარე კაცის დანახვაზე?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი