შაბათი, სექტემბერი 6, 2025
6 სექტემბერი, შაბათი, 2025

„პომპეი – დროში გაყინული ქალაქი და ვეზუვის ჩრდილში მოქცეული ცხოვრება“

პომპეის წარსული დიდებისა და მისი ტრაგიკული აღსასრულის შესახებ პირველად სკოლაში სწავლის დროს შევიტყვე. ახლაც მახსოვს ჩემი ისტორიის მასწავლებლის პლატონ ჯანაშვილის სიტყვები: „პომპეი იყო ყოველმხრივ განვითარებული ქალაქი, რომელიც ერთ დღეში გაქრა”.

ყოველთვის ვოცნებობდი, საკუთარი თვალით მენახა ეს ქალაქი, რომელიც ვულკანის ფერფლსა და ქვა-ღორღში ჩაიმარხა.

ნეაპოლის ყურის მახლობლად მდებარე პომპეი 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლითა და ქვა-ღორღით დაიფარა. ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, XVIII საუკუნეში ხელახლა აღმოაჩინეს. არქეოლოგიურმა გათხრებმა წარსულს ფარდა ახადა, გამოავლინა რა რომაული ცივილიზაციის გამორჩეული ასპექტები.

პომპეის ისტორია ქრისტეშობამდე IX საუკუნიდან  იწყება. პირველი დასახლება აქ ძველმა ბერძნებმა გააშენეს. იმდროინდელი არქიტექტურიდან დღემდე შემორჩენილია რამდენიმე ნაგებობა (მაგალითად, დორიული ტაძარი). ბერძნებმა ეს ადგილი შემდეგი მიზეზების გამო შეარჩიეს:

  1. სტრატეგიული მდებარეობა, რაც დასახლებას ზღვისა და გზების კონტროლის საშუალებას აძლევდა;
  2. პატარა მდინარე არნოსთან სიახლოვე, რაც წყალმომარაგებას უზრუნველყოფდა.

მოგვიანებით ქალაქი რომაელების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. აქედან იწყება მისი აღორძინების ეპოქა.

 პომპეის დიდების წლები

ვულკანის ამოფრქვევამდე ქალაქში, სხვადასხვა ვერსიით, 20 000-მდე მოქალაქე ცხოვრობდა. ის დაყოფილი იყო სექტორებად, რომლებშიც მოსახლეობა განაწილებული იყო სტატუსის მიხედვით. მაგალითად, ხელოსნები ცალკე სექტორში ცხოვრობდნენ, მკურნალები – ცალკე, დიდებულები – ერთ უბანში და ა.შ.
საშინელმა ტექტონიკურმა პროცესმა და მისმა დამანგრეველმა შედეგმაც კი ვერ წაშალა ტექნოლოგიურ, ინჟინერიის, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგებში არსებული მიღწევების კვალი.

რომაული აბანოები და წყალმომარაგების სისტემა

ქალაქში საცხოვრებელ სივრცეებს – სახლებს – ძალიან მცირე ადგილი ეთმობოდა. შესაბამისად, ჰიგიენის ისეთი საშუალების მოსაწყობად, როგორიცაა აბანო, ადგილი ფიზიკურად არ რჩებოდა.

პომპეის აბანოები რომაული საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ისინი დასვენების, ჰიგიენისა და სოციალური ურთიერთობების ადგილს წარმოადგენდა. ქალაქში რამდენიმე საზოგადოებრივი აბანო ფუნქციონირებდა. მათ შორის ყველაზე ცნობილია სტაბიანის თერმული აბანო (Stabian Baths), რომელიც ქალაქის უძველეს და ყველაზე უკეთესად შემონახულ ნაგებობათა შორისაა. სტაბიანის აბანოში იყო ოთხი ოთახი სხვადასხვა ტემპერატურის წყლით:

  • აპოდიტერიუმი (Apodyterium) -გასახდელი ოთახი;
  • ტეპიდარიუმი (Tepidarium) – თბილი ოთახი;
  • კალდარიუმი (Caldarium) – ცხელი ოთახი;
  • ფრიგიდარიუმი (Frigidarium) – ცივი ოთახი ცივი აუზით.

აბანოს ტერიტორიაზე ასევე იყო სპეციალური სივრცე ვარჯიშისთვის.

დამთვალიერებელი დღემდე აღტაცებაში მოჰყავს ნაგებობის დახვეწილ სტილს, მხატვრობას, საზოგადოდ, აბანოს მასშტაბებს…

აბანოს გათბობის სისტემა, რომელსაც ჰიპოკაუსტი (hypocaust) ეწოდებოდა, იატაკქვეშა სივრცეს იყენებდა ცხელი ჰაერის ცირკულაციისთვის, რის შედეგადაც კედლები და იატაკი თბებოდა.

სურ. 1. სტაბიანის აბანო

წყალმომარაგების სისტემა

პომპეის წყალმომარაგების სისტემა რომაული ინჟინერიის შთამბეჭდავი ნიმუშია. ქალაქი წყლით მარაგდებოდა წყალსაცავიდან, რომელსაც Aqua Augusta ეწოდებოდა. წყალსაცავი მილების საშუალებით წყალი მიედინებოდა ქალაქის უმაღლეს წერტილში მდებარე მთავარ გამანაწილებელ კოშკში, რომელსაც Castellum Aquae ერქვა, იქიდან კი ტყვიის მილების ქსელი წყალს აწვდიდა:

  • საზოგადოებრივ შადრევნებს (Nymphaea), რომლებიც ქალაქის ქუჩებში იყო განთავსებული და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა;
  • მდიდარი მოქალაქეების სახლებსა და ვილებს;
  • აბანოებს.

ამ სისტემის ეფექტურობა ხაზს უსვამს რომაელთა მოწინავე ცოდნას ჰიდრავლიკასა და ქალაქგეგმარებაში. აღსანიშნავია, რომ წყალსაცავი Aqua Augusta წყლით ამარაგებდა არა მხოლოდ პომპეის, არამედ ნაპოლის ყურეში არსებულ სხვა დასახლებებსაც.

სურ. 2. პომპეისა და ნაპოლის ყურის წყალმომარაგების სისტემ

საოცარია, რომ მილები, რომლებითაც აბანოს ცხელი და ცივი წყალი მიეწოდებოდა, დღემდე შემორჩენილია.

კედლებზე გაცოცხლებული ისტორიები

პომპეის კედლის მხატვრობა, რომელიც ვეზუვის ფერფლმა შემოინახა, ფასდაუდებელი წყაროა რომაული ხელოვნების ისტორიის შესასწავლად. სახლებში, ვილებსა და საზოგადოებრივ შენობებში აღმოჩენილი ფრესკები წარმოაჩენს რომაული საზოგადოების გემოვნებას, რელიგიურ შეხედულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას. რომაელმა მხატვრებმა შეიმუშავეს კედლის მხატვრობის ოთხი სტილი:

  • ინკრუსტაციული (Incrustation Style);
  • არქიტექტურული (Architectural Style);
  • ორნამენტული (Ornamental Style);
  • კომპოზიტური (Intricate Style).

ნახატები ასახავს მითურ სიუჟეტებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, პორტრეტებსა და ნატურმორტებს, რომლებიც ფასეულ ცნობებს გვაწვდის რომაელთა ესთეტიკური გემოვნებისა და სიმბოლიკის შესახებ.

 

სურ 3. საზოგადოებრივი შადრევანი

ვულკანის ამოფრქვევა – პომპეის აღსასრული

79 წლის 24 აგვისტოს ვეზუვიმ ამოფრქვევა დაიწყო. ამ ამბის თვითმხილველი, პლინიუს უმცროსი, დეტალურად აღწერს ამოფრქვევას. თავდაპირველად ცაში ავარდა უზარმაზარი სოკოსებრი ღრუბელი, რომელიც ფერფლისა და პემზის (ფერადი ვულკანური ქანი) ნაწილაკებისგან შედგებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში პომპეი ფერფლით დაიფარა. შენობების სახურავებმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. გასაქცევი გზები ჩაიხერგა. სწორედ ამიტომ არის, რომ ნაქალაქარში შენობის კედლების უმეტესობა მთელია, ხოლო სახურავები – ჩამონგრეული. მოგვიანებით ქალაქს ცხელი გაზისა და ქანების სწრაფად მოძრავი ღრუბლები დაატყდა თავს. მათი ტემპერატურა 250°C-ს აღემატებოდა. სწორედ მომწამვლელი ჰაერის ამ ნაკადებმა იმსხვერპლა პომპეის მკვიდრი მოსახლეობა და ცხოველები.

გათხრების დროს აღმოჩენილია ადამიანებისა და ცხოველების გაქვავებული სხეულები, რომლებიც სიკვდილის მომენტში მათ პოზებს იმეორებს. ეს საშინელი, მაგრამ იმავდროულად საოცარი აღმოჩენები თვალნათლივ წარმოგვიდგენს დაღუპულთა უკანასკნელ წუთებს.

ქალაქი, რომელიც თითქოსდა დროში გაიყინა, თანამედროვე სამყაროს საშუალებას აძლევს, პირისპირ შეხვდეს რომაულ ცივილიზაციას და დაინახოს მისი სიდიადე და დაუცველობა ბუნების ძალის წინაშე.

ფოტო N4 – გაქვავებული ადამიანი

გამოყენებული წყაროები:

https://youtu.be/sqfQXL8gxGE?si=M6yPFAaaLP2_aSNY

https://youtu.be/uvvSSaeXvrw?si=std3EUFxPbkfeds_

https://en.m.wikipedia.org/wiki/Stabian_Baths

https://pompeiiinpictures.com/pompeiiinpictures/R7/7%2001%2008%20plan%20v2.htm

https://en.m.wikipedia.org/wiki/Hypocaust

https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90

https://www.nationalgeographic.com/history/article/pompeii

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“