სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
23 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

წარწერა წიგნის ყდაზე

პირველი წიგნი უნივერსიტეტში სწავლისას შევიძინე. ფოლკლორის სახელმძღვანელო სულ რაღაც 5 ლარი ღირდა, მაგრამ მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ქეთიმ, ეს თანხა გავინაწილეთ და ყდაზეც ორივეს სახელი და გვარი დავაწერეთ. ჩემი პირადი ბიბლიოთეკისთვის წიგნების მოგროვება 15 წლის წინ დავიწყე. ახლა კი იმდენი წიგნი დამიგროვდა, თაროებზე აღარ ეტევა. წიგნის ყდაზე დატოვებული წარწერები თავდაპირველად მშრალი იყო და მხოლოდ სახელს, გვარსა და წელს მოიცავდა. მას შემდეგ, რაც მარკირებული კითხვის მეთოდებს გავეცანი, კითხვა ფერადი კალმის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, ამგვარად წიგნის ფურცლებზე ჩემს ცხოვრება ვტოვებ და ვინახავ. ძალიან სასიამოვნო განცდაა, მოულოდნელად რომ წავაწყდები რამდენიმე წლის წინანდელ წარწერას.

ამ სტატიაში გაგაცნობთ ჩემს ბოლოდროინდელ მიგნებასა და გატაცებას – წიგნის ყდაზე დღის ჩანაწერების დაწერის შესახებ. წიგნის მაღაზიაში სიარული ჩემი სისუსტეა. ცდუნებას ვერ ვუძლებ, როცა ახალ წიგნებს ვხედავ. სადილისთვის საჭირო პროდუქტებით სავსე ცელოფნის პარკებში ხშირად მოკრავთ თვალს ახალ წიგნებს. ჩემი ყოველდღიურობა ოთხი შვილის მოვლასა და პროფესიულ საქმიანობას მოიცავს, რაც საკმაოდ რთულ შრომას გულისხმობს. საქმე მოვიშინაურე და დამქანცველ რუტინაში სასიხარულო მომენტების შემჩნევა ვისწავლე. ამ ყოველივეზე ფიქრმა კი ნაყიდ წიგნებზე ჩემი ამბების დატოვების სურვილი გამიჩინა. გიზიარებთ რამდენიმე წიგნზე დატოვებულ წარწერებს, ერთი წარწერა ჩემს უფროს შვილს ეკუთვნის. თეკლამ პატი სმითის „მოგონებების მატარებელი“ დაბადების დღისთვის მიყიდა და წიგნზე მეტად მისი წარწერა მიყვარს.

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც წიგნის ყდაზე დღის ჩანაწერის დაწერას უკავშირდება, ჩემი მეშვიდეკლასელი მოსწავლეებისთვის მოვიფიქრე. კლასის საკითხავ წიგნად „მეკობრეთა სკოლა“ შევარჩიე, პარასკევი წიგნის კითხვის დღედ დავთქვით. ბავშვებს პირველად უტარდებოდათ მეშვიდე გაკვეთილი. სკოლის კედლებს გარეთ გაყვანა მთხოვეს. ასე აღმოვჩნდით ჩვენი უბნის ულამაზეს პარკში. ბავშვებს გავაცანი დღის ჩანაწერის ქარგა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ და ყველამ ერთად დავიწყეთ წერა. სტატიაში ჩემი და ერთი მოსწავლის მიერ წიგნის ყდაზე დაწერილ  ჩანაწერსაც შეხვდებით.

 

წარწერა კარლოს ფუენტესის რომანზე „არტემიო კრუსის სიკვდილი“

„28 ივნისი – დღე, რომელმაც დაიტია ჩემი შრომა, ფუსფუსი, მოლოდინი, ქმედება, უამრავი ემოცია და საქმე. ვკერავდი და ვხატავდი ბალიშებს ჩემი შაბათის კლუბების მკითხველი ბავშვებისთვის, ვაცხობდი, ვწერდი, ვფიქრობდი. საღამოს გავიქეცი ახმეტელის მეტროსთან. თაბახის ფურცლების საყიდლად „ბიბლუსში“ შევედი და ეს წიგნიც ვიყიდე. სამაგისტრო თემაზე მუშაობისას კარლოს ფუენტესის შემოქმედება მაინტერესებდა. ყდამ „პედრო პარამო“ მომაგონა. ლილეს მეგობრის დაბადების დღე იყო და ლილესაც ვუყიდე საჩუქარი. „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ შევარჩიე ორივე ლილესთვის. ეს იქნება პირველი სქელტანიანი წიგნი, რომელსაც ხმამაღლა წავუკითხავ ლილეს. 2025 წელი“.

წარწერა ჯოზეფ კემპბელის წიგნზე „ათასსახოვანი გმირი“:

„ამ წიგნის შესახებ მარი კორინთელმა მითხრა. რა მომასვენებდა. ავტვირთე სამაგისტრო ნაშრომი და წიგნის მაღაზიაში ძალიან ბევრი ვეძებე გულისხმიერ კონსულტანტებთნ ერთდ. ვერ ვიპოვეთ, მეორე მაღაზიაში გმაგზავნეს. გვიან ღამით, ზებრაზე გადასვლისას, სარჩევს გადავავლე თვალი, ზუსტად შეესაბამება ჩემს თემას. ეს წიგნი მაგონებს ერთ სიტყვას – გულისხმიერებას. ახლა ღამის პირველი საათი დაიწყო. ნერსემ არ დაიძინა და გაბო და ლილე ართობენ. მეძინება. 31.01. 2025“

წარწერა ჯორდი სიერა ფაბრას რომანზე „კაფკა და მოგზაური თოჯინა“:

„21 თებერვალია. მზიანი, თბილი დღე იყო. სკოლაში ორი გაკვეთილი ჩავატარე და მერე საცურაო აუზზე გავიქეცი. გზაში თიკოს ველაპარაკებოდი, ამ წიგნის მთარგმნელს. აუზდან წიგნის მაღაზიაში შევიარე და დიდი სიხარულით ვიყიდე „კაფკა და მოგზაური თოჯინა“. ორშაბათს ლიტერატურული კაფე გვაქვს და ამ წიგნს წარვადგენ. 2024 წელი“

წარწერა პატი სმითის წიგნზე „მოგონებების მატარებელი“:

„საჩუქრების ჩუქებას დიდი არა, მაგრამ საყვარელი ისტორია აქვს. მე და ნინი აქეთ- იქით დავდიოდით და ფუსფუსით ვეძებდით, ვმსჯელობდით შენს საჩუქრებზე. ეს წიგნი უკვე არჩეული მქონდა და დაუფიქრებლად წავავლე ხელი, თუმცა, ამ წიგნის მთლად 100 %-ით ჩუქება ჩემი დამსახურება არაა. მაკა ბიბილაშვილს მივწერე, რომ დამხმარებოდა და ერთად შეგვერჩია შენი წიგნი. მოკლედ, გისურვებ ძალიან კარგი მოგონებების დაგროვებას, ამ წიგნის კითხვისას ბევრი ცხელი ყავა თუ ჩაი დაგელიოს და გესიამოვნოს პატი სმითის ცხოვრებაში მოგზაურობით. ვფიქრობ, მოგეწონება ავტორის შეხედულებები სამყაროზე, მისი წუხილისა თუ სიხარულის გაზიარება და ფიქრები. სასიამოვნო კითხვას გისურვებ. სიყვარულით, შენი თეკო  23. 04. 2024“

 

წიგნის ყდაზე დასაწერი დღის ჩანაწერის ქარგა:

ახლა…

მესმის…

ვხედავ…

ვფიქრობ…

ვგრძნობ…

ეს წიგნი…

დასვი ერთი შეკითხვა

ჩემი წარწერა აგუსტინ ფერნანდეს პასის საყმაწვილო რომანზე  „მეკობრეთა სკოლა“

„ახლა მეშვიდე გაკვეთილს ვატარებ მეშვიდე კლასთან. სკვერში ვართ. სასიამოვნოდ გრილა. ასეთი ცივი სექტემბერი არ მახსოვს. მესმის, რომ ბავშვები შეკითხვებს სვამენ. დათუნამ თქვა, წვიმსო. მარიამი თამარს ეკითხება, მძიმე სად „დავაყენოო“. მუსიკა მაქვს ჩართული. ვხედავ ბედნიერ, მშვიდ, გახალისებულ ბავშვებს. ვფიქრობ, რა ზუსტად მივაგენი ჩემს პროფესიას და რა კარგი გადაწყვეტილება იყო აქ გაკვეთილის ჩატარება. ვგრძნობ დაღლილობასა და სიხარულს. ეს წიგნი სიხარულს მოგვიტანს. ნეტავ, სპექტაკლს თუ დავდგამთ?“

მეშვიდეკლასელი მოსწავლის, ცოტნე შანგუას“ წარწერა წიგნზე:

„დღეს არის ჩვენი პირველი მე-7 გაკვეთილი. ახლა ვართ პარკში და ვწერთ დღის ჩანაწერს. ვხედავ უამრავ ჩიტს ლელა მასის უკან. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღით კმაყოფილი დავრჩები. ვგრძნობ სიცივეს, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ეს წიგნი ვიყიდე „ბიბლუსში“ და ეს წიგნი რომ არა, აქ არ ვიქნებოდით. ნეტავ, კიდევ რომელი წიგნი გახდება ჩვენი მეგობარი? 19.09.2025“

 

არ ვიცი, რა ბედი ელის ჩემს წიგნებს. ბუკინისტებთან შეძენილ წიგნებზე ხშირად ამომიკითხავს სიყვარულით სავსე სიტყვები. ამაზე ფიქრი სევდას მგვრის ხოლმე, მაგრამ ბოლოს ეს დარდიც მოვიშინაურე. იმდენად დიდი სიამოვნებით ვწერ წიგნის ყდაზე ჩანაწერებს, დროის შემდეგ რა ბედიც არ უნდა ეწიოთ და ვინც არ უნდა წაიკითხოს, შემთხვევითი რომ არ იქნება, ამის მჯერა.

ამიტომ ვაგრძელებ წიგნის ყდებზე დღის ჩანაწერების წერას და ჩემს მოსწავლეებსაც ვარწმუნებ იმაში, რომ ამბები საკუთარი ბავშვობის დღეების შესახებ რაც შეიძლება, ბევრ წიგნის ყდაზე დატოვონ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“