ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კლინიკა როგორც სახლი

მადლობა მას იმისთვის, რომ სულ პატარა გოგოს ტოლ-სწორივით სახელით

მიმართვის უფლება მომცა და ამით ყველაზე ამაყ პაციენტად მაქცია

სტუმრად

კვირა დღეა. ჯაფარიძე ქევანიშვილის კლინიკაში ჩემს მეგობარ ექიმთან, ზურასთან მივდივარ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა არც მე ვუჩივი ჯანმრთელობას  და არც ვინმე ახლობელი მახლავს თან, რომელსაც მისი რჩევა ან დახმარება სჭირდება. უბრალოდ, მომენატრა და მივდივარ – სასაუბროდ, სითბოს, სიყვარულის, სიმშვიდის მისაღებად, და,  ალბათ, ყოველდღიური პრობლემებისგან გასაქცევად და სულის მოსათქმელადაც. ზურასთან ხომ, მისი იშვიათი კაცთმოყვარე ბუნებიდან, უბრალოებიდან, ინტელექტიდან და მუდამ თანამედროვე აზროვნებიდან გამომდინარე, ნებისმიერ თემაზე ლაპარაკის ფუფუნება და მოდუნების საშუალება გაქვს!

მოვლენები ახლაც იმ თანმიმდევრობით განვითარდება, როგორც ყოველთვის: ფრთხილი დაკაკუნების შემდეგ შევაღებ მისი კაბინეტის კარს და სანამ მე ნაბიჯს გადავდგამ, ის უკვე სკამიდან პატარა ბიჭივით სხარტად წამომდგარი, თეთრი ხალათის ფრიალით და ფართოდ გაშლილი  ხელებით, ჩემ წინ გაჩნდება ჩვენი მრავალწლიანი „ჩახუტების“ რიტუალის შესასრულებლად. მერე მე მისი სამუშაო მაგიდის წინ სტუმარ-პაციენტისთვის დადგმულ კომფორტულ სავარძელში მოვთავსდები და საუბარსაც ყოველგვარი შესავლებისა და უხერხულობის გარეშე გავაბამთ. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ  სულ ცოტა ხნით პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ, უფო სწორად, ჩვენს ქვეყანაზე, რომლის საშველიც, ვერ დავადგინეთ, არის თუ არა; მერე პირად ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე – ჩემსაზე უფრო, რომელზეც ზურა ოჯახის წევრივით წუხს; მერე ხელოვნებაზე, სადაც მწერლობას, როგორც ყოველთვის, ყველაზე დიდ დროს დავუთმობთ; საუბრისას შიგადაშიგ აუცილებლად გავიხუმრებთ, თვალსა და ხელს შუა გასულ წლებსა  და საერთო მეგობრებსაც გავიხსენებთ, გარდაცვლილებზე საუბრისას ერთმანეთის უჩუმრად ამოვიწმენდთ ცრემლებს თვალებიდან – განსაკუთრებით, ზაურ ჩანტლაძის გახსენებისას – ბოლოს კი, როცა ზურას მორთმეულ ფინჯან ჩაის, ხანაც ჭიქა ღვინოს, ძირამდე ჩავიყვან, წამოვდგები და ისევ მალე შეხვედრის იმედით, მეექვსე სართულზე  ზურას იმ კიბის თავში ჩავეხუტები კიდევ ერთხელ, რომლის არცთუ მოხერხებულ, მაღალ და ვიწრო საფეხურებსაც უკვე ბედნიერი მივუყვები ზემოთ. ასეთი განცდა მქონდა წლების წინ იქ, მეცხრეშიც, სადაც გავიცანი ზურა, და ასეა აქაც. და ვიცი, რატომაც: კლინიკა, სადაც ზურაა, არასოდეს არის ჩვეულებრივი კლინიკა, ის სახლია, სადაც მეც და  მასთან მისულ ნებისმიერ ადამიანს ზურა იმედს და სიხარულს ახვედრებს.

თბილისი

დაბადების წელი არ ვიცი და არც არასოდეს ვკითხავ. ვიცი ის, რომ დაიბადა ვერაზე, ექიმების ოჯახში, შემდეგ კი ელბაქიძეზე გადავიდნენ საცხოვრებლად. უნდა ნახოთ, როგორ გატაცებით ყვება  თავის თბილისურ ბავშვობასა და მაშინდელ თბილისზე: „ფეხბურთს ყაზბეგის ქუჩაზე ვთამაშობდით, საჩხუბრად „დარტყმის ქუჩაზე“ მივდიოდით – ასე ვეძახდით მაშინ, ახლა, მგონი, ზანდუკელის ჩიხი ჰქვია. ვჩხუბობდით და მერე იქვე ვართმევდით ხელს ბიჭები ერთმანეთს. შეურიგებლად არასოდეს მივდიოდით სახლებში. ელბაქიძეზე რომ გადავედით, ჯავახიშვილის ქუჩით ავდიოდი სკოლაში. მეგობრები – ისევ ზაურ ჩანტლაძეს ახსენებს პირველს და ისევ უცრემლიანდება თვალები – ხშირად ვსეირნობდით ერთად,  ხან  კიროვის პარკში, ხან რუსთაველზე. რუსთაველზე სიარული ერთგვარი რიტუალი იყო. მაქსიმუმ ნახევარი საათი მაინც უნდა გევლო, ოღონდ მარტო მარჯვენა მხარეს. მაშინ ყველა ერთმანეთს იცნობდა, ყოველ ხუთ წუთში გამარჯობას ამბობდი. ჭავჭავაძისა და რუსთაველის გადაკვეთაზე კარგი წიგნის მაღაზია იყო და იქაც ხშირად შევდიოდით. კვირაში ერთხელ „ ველიამინოვზე“ ხინკალი უნდა გვეჭამა, ლაღიძეში – ხაჭაპური, წყალი ხომ თავისთავად უნდა დაგველია. იქვე იყიდებოდა ბორჯომი – ჩამოსასხმელიც და ბოთლისაც. ტრამვაი უხდებოდა თბილისს ძალიან. ტრაგედიაა, რომ ეს საუკეთესო, ეკოლოგიურად სუფთა და იაფი ტრანსპორტი დღეს აღარ არსებობს. ვერელები, მთაწმინდელები, ჩუღურეთელები, ერთმანეთს მიხრა-მოხრით და სიარულით ვცნობდით.  თბილისის და თბილისელების ფსიქოლოგია შეიცვალა. ქალაქი, სადაც მე გავიზარდე და სადაც ბევრი სომეხი, თათარი, ქურთი, რუსი, იეზიდი ცხოვრობდა, თბილისი იყო; ახლა ქართველი უფრო მეტი ცხოვრობს, მაგრამ თბილისი აღარ არის.

თლუღი

სამუშაო მაგიდის უკან, კედელზე „რაჭის მაზრის“ რუკაა გაკრული. ამბროლაურს ვხედავ. თლუღს ვერა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, თვითონ იცის, რომ იმ პატარა შავ წერტილთან ძალიან ახლოსაა მისი მშობლიური სოფელი, სადაც, თითქმის ყოველ ზაფხულს ჩადის და როგორც მაშინ,  ბავშვობაში, როცა ბაბუას ეხმარებოდა, დღესაც  სიამოვნებით ბარავს და თოხნის. სიყვარულით ლაპარაკობს მშობლიურ კუთხესა და რაჭველებზე. იცი, ღიმილით მითხრა, ერთი წიგნი გამოვიდა, სადაც მეცნიერულადაა დასაბუთებული, რომ რუსთაველი რაჭველია. რატომაც არა, ისურვებდა, როგორც ნამდვილი რაჭველი და გულითაც გაიხარებდა.

რაჭველების და რაჭის სიყვარულს იტევს მის კაბინეტში ორი ერთნაირი  ფოტო – სამი თავშლიანი შაოსანი ბებო ქართული ხალხური საკრავებით ხელში; ასევე „ცნობილი რაჭველების“ ფოტო, სადაც მამა, შამშე ქევანიშვილი სხვა რაჭველებთან ერთად არის გადაღებული. მათ შორისაა პედაგოგი, პუბლიცისტი და მწერალი, სიმონიკა სხირტლაძეც. ეს ფოტოც ორი აქვს – ერთი ე.წ. სამზარეულოში უკიდია, მეორე – ოთახში; თივით სავსე ურემში შებმული ხარებიც რაჭას ახსენებს და ამიტომ მიუჩინა მასაც ადგილი „ბებოების“ გვერდით, თორემ ისე, ფოტო სლოვაკეთშია გადაღებული. მაგიდაზე უწყვია გაზეთ „რაჭის“ ნომრები, რომელთაც უკანასკნელ სტრიქონამდე კითხულობს; და ამავე განწყობას ემსახურება სამზარეულოს ღია კარიდან დანახული ჩუქურთმებიანი მაგიდის ქვეშ გაშლილი ჟანგისფერნაჭუჭიანი თხილიც, რომელიც შეხედვისთანავე შემოდგომის რაჭულ სოფლის სითბოს აფრქვევს.

მამა

მამაზე ასეთი ისტორია მიამბო:

„მამაჩემი, შამშე ქევანიშვილი, სამედიცინო ინსტიტუტში ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე იყო. მახსოვს, ერთხელ ცეკას ერთ-ერთმა მდივანმა სახლში დაურეკა და უთხრა, შამშე ივანოვიჩ, ამა და ამ სტუდენტს სამიანი უნდა დაუწეროო. უარი ვერ უთხრა, ცეკას მდივანი იყო, მაგრამ საკუთარ სინდისთან რომ მართალი ყოფილიყო, ასეთი რამ მოიფიქრა: მეორე დღიდან იმ სტუდენტს ლექციების შემდეგ კათედრაზე იბარებდა და ორი კვირის განმავლობაში ამეცადინებდა. გამოცდამდე კი ისე შეასწავლა საგანი, რომ სტუდენტმა დამსახურებული 4-იანი მიიღო“.

რეგალიები

ზურაბ ქევანიშვილი – აუდიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი, გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დრეზდენის საპატიო მოქალაქე, სიმონ ხეჩინაშვილთან ერთად, საქართველოში აუდიოლოგიის დარგის დამაარსებელი. მრავალი წლის განმავლობაში  მუშაობდა დრეზდენის, მაგდებურგის, მიუნხენის კლინიკებში. გერმანელ მეცნიერებთან ერთად არის 170 ნაშრომის ავტორი, სამი პრემირებული წიგნის თანაავტორი, არის 14 დისერტაციის ხელმძღვანელი, თანახელმძღვანელი ან კონსულტატი, მისი 200-ზე მეტი  ნაშრომი დაბეჭდილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამედიცინო ჟურნალებში, მის მე-60 და 65-ე წლისთავს  მაგდებურგსა და დრეზდენში მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენციები.

პატრიოტიზმი

საქართველოსთვის უმძიმეს 90-იან წლებში, გერმანიულმა მხარემ არაერთხელ შესთავაზა გერმანიის მოქალაქეობის მიღება. პირდებოდნენ  ბინით და მანქანით უზრუნველყოფას და ყველა იმ სიკეთეს, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის იყო საჭირო, მაგრამ ზურამ უარი თქვა ამ ყველაფერზე და დარჩა თავისი ქვეყნის ერთგულ მოქალაქედ.

ზურას უმწიკვლო ავტორიტეტისა  და პირადი კონტაქტების შედეგია, რომ მარტინ ქინდმა, სასმენი აპარატების ფირმის პრეზიდენტმა, ყოველგვარი საფასურისა და ფინანსური წილის მოთხოვნის გარეშე, საქართველოში თავისი ფირმის ფილიალი დააარსა, რომელიც დღესდღეობით უამრავ სმენადაქვეითებულ ადამიანს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში სასმენი აპარატებით და თან 4-5-ჯერ იაფად, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

„სმენადაქვეითებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მოწინავე ქვეყნების რიცხვშია, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მოწევაა. „მოწევა  რომ  სიყრუეს და  იმპოტენციას იწვევს,  ქართველების უმრავლესობას ამის ჯერ კიდევ არ სჯერა, არადა, საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და თუ ამას დროულად არ გავაცნობიერებთ, უფრო სავალალო შედეგს მივიღებთ“, – წუხილით ამბობს ზურა.

კაბინეტი

კაბინეტში შესული ყველაფერს იფიქრებ, გარდა იმისა, რომ საავადმყოფოში ხარ. აღწერას იმ ფანჯრიდან დავიწყებ, რომლის განიერი რაფა და მის წინ მდგარი მომცრო მაგიდაც ქოთნის ყვავილებითაა  დაფარული: ბეგონიები,  კაქტუსები, ალოე, ბალბა, დეკორატიული ბროწეულის ხე შარშანდელი ზედ შერჩენილი ხმელი ნაყოფით, და კიდევ არაერთი ყვავილი. მეცხრეშიც ასე იყო – მაღალ ჭერამდე ასულ ხვიარა მცენარეებს ნახევარ ოთახზე მეტი ეკავათ და მე მინახავს, როგორ მზრუნველად უწმენდდა ზურა მათ სათითაო ფოთოლს. შეიძლება ამათგან ზოგიერთი  იმათი შვილიშვილები ან შვილთა შვილებიც არიან.

ოთახში რამდენიმე კარადა დგას და ყველა წიგნებით არის სავსე. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ სამედიცინო ლიტერატურაა. აი, მაგალითად, ჩემს წინ ვიტრინაში ყვითელგარეკანიანი ორი სქელი წიგნი რომ მოჩანს, იქიდან ერთ-ერთი, მარკესის „მარტოობის ასი წელიწადია“ ინგლისურ ენაზე, მეორეც მარკესია, მაგრამ ნაწარმოების სათაურს ვეღარ ვხედავ. ქვედა თაროზე  ლექსიკონებია ჩამწკრივებული – სინონიმთა ლექსიკონით და სიტყვის კონით დაწყებული, რუსული და ინგლისური ენის განმარტებითი, ასევე ქართულ-ინგლისური და ქართულ-გერმანული ლექსიკონებით  დამთავრებული. მეორე მაღალ კარადაშიც წიგნები, ძველი თუ ახალი სამედიცინო ჟურნალ-გაზეთები, თანამედროვე ლიტერატურული პერიოდიკის ახალ-ახალი ნომრები და ქართველი თუ უცხოელი ცნობილი მხატვრების ალბომები აწყვია. სამუშაო მაგიდა, როგორც ყოველთვის, გერმანულ, ინლისურ და ქართულ ენებზე ზურას რედაქტირებული თაბახის ფურცლებითაა სავსე. კომპუტერის ეკრანზეც რაღაც პროფესიული ტექსტია გახსნილი.

ეს კაბინეტი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ წიგნების გარდა აქ ძალიან ბევრი საათი,  კედლის კალენდარი, ვიმპელი, სიგელი, კარიკატურა, ფოტო და  ქართველი თუ უცხოელი, ცნობილი თუ უცნობი მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრებია გამოფენილი. ამ ყველაფერს კი კიდევ ის უცნაურობა ახლავს თან, რომ ზოგიერთ ფოტოს, მაგალითად, ჯოისის, კედელზე სამ ადგილას დაინახავთ. გაოცებული იყურები აქეთ-იქით, მოხიბლული ხარზურა ექიმის სამყაროთი, მისი გემოვნებით. „ნახატები და ფოტოები იმიტომ მიყვარს, რომ ისინი არასოდეს იტყუებიან“, – ამბობს ზურა.

დრო

დროის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. უყვარს მისი „თვალთვალი და  დევნა“. ამ მოცუცქნულ კაბინეტში 14 დიდ-პატარა, სხვადასხვა ზომისა და ფორმის საათია.  „მიყვარს, როცა მე ვმართავ დროს, როცა მე ვაწესებ საზღვრებს დროსთან მიმართებაში. ჩემს რიტმს და დროს აუცილებლად უნდა ვფლობდე და ვარეგულირებდე. საუკუნეა ასეთი, დაჩქარდა ყველაფრი. ჩემი აზრით, რიტმი და ტემპი ყველა სფეროშია შესაცვლელი. ყველა პროფესიის ადამიანი უნდა გრძნობდეს დროს, დროსთან  მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. აი, თუნდაც ლიტერატურა ავიღოთ: 400-500-გვერდიანი წიგნები უკვე ძნელად იკითხება.  ახლა თავისი სათქმელის თქმა 100-150 გვერდში უნდა მოახერხოს მწერალმა. ჩემი აზრით, ეს არის დროისადმი ადამიანის სწორი დამოკიდებულება. სხვანაირად ჩამოვრჩებით თანამედროვე სამყაროს, ის ჩვენ არ დაგველოდება. ასეა კინოში, ასე უნდა იყოს ტელე-რადიო გადაცემებშიც. მაგალითად, გერმანული საინფორმაციო გადაცემა Tagesschau, ქვეყანა რომ დაიქცეს, რევოლუციაც რომ მოხდეს, 22 წუთზე მეტხანს არასოდეს გრძელდება.

ლიტერატურას მოვიშველიებ და გავიხსენებ, გალაკტიონი როგორ აკონტროლებდა დროს ჯერ კიდევ წინა საუკუნეში: „რომელი საათია, რომელი საათია“, ან „დრო, დრო აღნიშნე გალაკტიონ“, და ამიტომაც გაასწრო დროს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყო თანამედროვე, ამისთვის კი, ვფიქრობ, დროის კონტროლი აუცილებელია. გაჩერება არ შეძლება. დროსთან ერთად ყველაფერი უნდა იცვლებოდეს როგორც ხელოვნებაში, ისე მეცნიერების ნებისმიერ სფეროში და ყოველდღიურ ყოფაშიც“.

სიკეთე

თავად ვარ მომსწრე, როგორ ჩამოუტანა გერმანიიდან აუდიოლოგიის ცენტრის მოხუც დამლაგებელს  სასმენი აპარატი უფასოდ. მერე კი, როცა ის გარდაიცვალა, რაიონიდან ჩამოსული მისი ქალიშვილი მიიღო სამსახურში; ასევე პირადად ვიცნობდი მის თანამშრომელს – ობიექტური აუდიომეტრიის სფეროში მოღვაწე ნიჭიერ მეცნიერს და მორიდებულ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მოულოდნელად მხედველობა დაკარგა. ზურას წყალობით ის დღემდე ინარჩუნებს ნახევარ შტატს აუდიოლოგიის ცენტრში, ზეპირ სატელეფონო კონსულტაციებს გასცემს  და თავს ადამიანებისგან გარიყულად არ გრძნობს.  ჩემთვის გაკეთებული დაუთვლელი „სიკეთეებიდანაც“ მოვყვები ერთ-ერთს:

23 წლის წინ რთულ ოპერაციას ვიკეთებდი, ზურა სწორედ მაშინ, გერმანული მხარის მოწვევით მაგდებურგში მიემგზავრებოდა. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე – ახლაც მაშინდელივით განვიცდი ამ ამბავს – მორიდებით ჩამიკუჭა ხელში 20 მარკა და მითხრა: ძალიან ცოტაა, მაგრამ იქნებ რამეში გამოგადგესო. და ეს მაშინ და იმ დროში, როცა  რედაქციაში ჩემი ხელფასი 7 დოლარის ეკვივალენტი იყო კუპონში, ხოლო მარკა, პირველად მეჭირა ხელში. და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ ჩვენ კარგად არც ვიცნობდით ერთმანეთს,  მე მისთვის ძალზე ჩვეულებრივი, რიგითი პაციენტი ვიყავი.

როდესაც ზურასთან სამუშაო დღეებში მივდივარ და ვხედავ, როგორ დაუღალავად, ჯარისკაცივით დააბიჯებს კლინიკის დერეფნებში გაღიმებული სახით, როგორ  ეთამაშება  სმენადაქვეითებულ ბავშვებს, როგორ უმსუბუქებს თავისი იუმორით მდგომარეობას შეშინებულ ავადმყოფებს, გულში გავიფიქრებ ხოლმე: ღმერთო, როგორ ჰგავს რობინ უილიამსის პერსონაჟს ფილმიდან „მკურნალი ადამსი“, რომელმაც სიცილის თერაპიით მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინა, ხოლო კლინიკა პაციენტებისთვის სახლად აქცია.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი