ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოტივაცია კლასში: მოტივაციის თეორიები

მრავალი პედაგოგი თანხმდება, რომ მოსწავლეთა მოტივირება ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია პედაგოგიკაში. მოსწავლეები კოგნიტურად, ემოციურად თუ ქცევით ჩართულნი უნდა იყვნენ პროდუქტიულ საკლასო აქტივობებში. დავიწყოთ საკითხით, რა არის მოტივაცია, მოვიძიოთ პასუხები, რომლებიც მოიცავს შინაგანი და გარეგანი მოტივაციის საკითხს, მოტივაციის ოთხ ძირითად თეორიას: ბიჰევიორისტულს, ჰუმანისტურს, კოგნიტურსა და სოციოკულტურულს.
მოტივაციას, როგორც წესი, ასეთნაირად განმარტავენ: ესაა შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს, წარმართავს და უზრუნველყოფს ქცევას. ფსიქოლოგები, რომლებიც მოტივაციას სწავლობენ, აქცენტს ხუთ ძირითად საკითხზე აკეთებენ:

1. როგორ არჩევანს აკეთებენ ადამიანები საკუთარ ქცევასთან დაკავშირებით? რატომაა რომ, მაგალითად, ერთი მოსწავლე გულმოდგინედ აკეთებს დავალებას, მეორე კი ტელევიზორის ყურებას არჩევს?

2. რა დრო უნდა გავიდეს, რომ მოტივაცია ამოქმედდეს? რატომ იწყებს ზოგი მოსწავლე დავალების შესრულებას მაშინვე, ზოგი კი დროს ფლანგავს?

3. რა ხარისხით ან ინტენსივობით არის ჩართული ადამიანი არჩეულ ქცევაში? ყურადღებით ასრულებს მოსწავლე დავალებას თუ მექანიკურად?

4. რა აიძულებს ინდივიდს იყოს შეუპოვარი ან ადვილად დანებდეს? მაგალითად, რას იზამს მოსწავლე, მთლიანად წაიკითხავს შექსპირის ნაწარმოებს თუ მხოლოდ მის რამდენიმე გვერდს?

5. რა გრძნობები აქვს და რაზე ფიქრობს ინდივიდი, როცა ქცევას ახორციელებს? მაგალითად, მოსწავლე სიამოვნებას იღებს შექსპირის კითხვით, თუ მოსალოდნელ გამოცდაზე ნერვიულობს?

შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
ყველამ კარგად ვიცით, როგორ გამოიყურება მოტივირებული ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად მიიწევს მიზნისკენ ან მუშაობს მუყაითად მაშინაც კი, როცა სამუშაო მოსაწყენად ეჩვენება. რა წარმართავს ქცევას და რა ანიჭებს მას ამ ენერგიას? ამის ახსნა უნდა ვეძიოთ მოთხოვნილებებში, სტიმულებში, შიშებში, მიზნებში, სოციალურ ზეწოლაში, თვითრწმენაში, ინტერესებში, ცნობისმოყვარეობაში, რწმენაში, ღირებულებებში, მოლოდინებში და ა.შ. ზოგიერთი ფსიქოლოგი მოტივაციას პიროვნული ნიშან-თვისებების ტერმინებით ხსნის. ზოგიერთ ადამიანს მიღწევის მაღალი მოთხოვნილება აქვს, ეშინია გამოგდების, აინტერესებს ხელოვნება, ამდენად, ისინი ბევრს მუშაობენ, რომ მეტს მიაღწიონ, თავს არიდებენ გამოცდებს და საათობით ათვალიერებენ გამოფენებს. სხვა ფსიქოლოგები მოტივაციას განიხილავენ როგორც მდგომარეობას, დროებით სიტუაციას. თუ თქვენ, მაგალითად, რაიმეს კითხულობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი, თქვენ სიტუაციით ხართ მოტივირებული. რა თქმა უნდა, მოტივაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში, ნიშან-თვისებებისა და მდგომარეობის ერთგვარი კომბინაციაა. თქვენ შეიძლება სწავლობდეთ იმიტომ, რომ სწავლა თქვენთვის დიდი ღირებულებაა და იმიტომაც, რომ გამოცდისთვის ემზადებით.

როგორც ხედავთ, მოტივაციის ზოგიერთი განმარტება ეყრდნობა შინაგან, პიროვნულ ფაქტორებს, როგორიცაა მოთხოვნილებები, ინტერესები, ცნობისმოყვარეობა. სხვა განმარტებებში აქცენტი ექსტერნალურ, გარეფაქტორებზეა აღებული – ჯილდო, სოციალური ზეწოლა, დასჯა და ა.შ. მოტივაციის კლასიკური დაყოფა ასეთია: შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. შინაგანი მოტივაცია არის ტენდენცია – მიღწეულ იქნეს მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებულნი, ჩვენ არ გვჭირდება წახალისება ან დასჯა, რამდენადაც თვითონ აქტივობა თავისთავად წარმოადგენს ჯილდოს.

ამის საპირისპირო შემთხვევაა, როცა რაღაცას კარგი შეფასებისათვის, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, მასწავლებლის სიამოვნებისათვის ან ამოცანასთან ნაკლებად დაკავშირებული რაიმე სხვა მიზეზით ვაკეთებთ. ეს გარეგანი მოტივაციაა. რეალურად ჩვენ ქცევას იმიტომ არ ვახორციელებთ, რომ თავად იგი გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს, რას მოგვიტანს ეს ქცევა.

ფსიქოლოგები, რომლებიც იზიარებენ მოტივაციის შინაგანად და გარეგანად დაყოფის კონცეფციას, ამბობენ, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელია განვსაზღვროთ, მოტივაცია შინაგანია თუ გარეგანი. არსებითი განსხვავება ამ ორ ტიპს შორის ინდივიდის ქცევისათვის წარმმართველი მიზეზია, ანუ მიზეზობრიობის ლოკუსი ინტერნალურია თუ ექსტერნალური – პიროვნების შიგნითაა თუ მის გარეთ. ინდივიდი შეიძლება იმიტომ კითხულობდეს, ცურავდეს ან ხატავდეს, რომ მან ქცევის თავისუფალი არჩევანი პიროვნული ინტერესების გათვალისწინებით გააკეთა (მიზეზობრიობის ინტერნალური ლოკუსი/შინაგანი მოტივაცია), ან ასე იმიტომ იქცევა, რომ გარედან, ვიღაცის ან რაღაცის გავლენას განიცდის (მიზეზობრიობის ექსტერნალური ლოკუსი/გარეგანი მოტივაცია)

როდესაც თქვენ საკუთარ მოტივაციაზე ფიქრობთ, ალბათ გეჩვენებათ, რომ ეს დიქოტომია შინაგან და გარეგან მოტივაციას შორის ძალიან მარტივია. ერთი ახსნა ისაა, რომ ქცევა მიჰყვება ერთგვარ კონტინუუმს აბსოლუტური თვითგანსაზღვრულობიდან (შინაგანი მოტივაცია) სხვათა მიერ აბსოლუტურ განსაზღვრულობამდე (გარეგანი მოტივაცია). მაგალითად, სტუდენტი შეიძლება აკეთებდეს თავისუფალ არჩევანს, მუყაითად იმუშაოს ისეთ სფეროში, რომელიც მისთვის არცთუ მიმზიდველია, იმიტომ, რომ ეს საჭიროა საბოლოო ღირებული მიზნის მისაღწევად; ვთქვათ, საათობით უჯდეს განათლების ფსიქოლოგიას იმისათვის, რომ გახდეს კარგი მასწავლებელი. შინაგანი მოტივაციაა ეს თუ გარეგანი? რეალურად, ის სადღაც მათ შორისაა – პიროვნება თავისუფალ არჩევანს აკეთებს გარე ფაქტორების (მაგალითად ლიცენზიის მისაღებად საჭირო მოთხოვნები) გათვალისწინებით და შემდეგ ცდილობს მეტი სარგებელი მიიღოს აქედან. ანუ პიროვნებამ ექსტერნალური მიზეზის ინტერნალიზაცია მოახდინა.

ცოტა ხნის წინ საკამათო გახდა საკითხი შინაგანი და გარეგანი მოტივაციის, როგორც კონტინუუმის საწყისი და საბოლოო წერტილების შესახებ. ალტერნატიული ახსნა შემდეგია: რამდენადაც მოტივაცია მოიცავს როგორც პიროვნული ნიშნის, ისე გარემოს ფაქტორებს, ის ასევე შეიძლება მოიცავდეს, როგორც შინაგან, ისე გარეგან ფაქტორებს. შინაგანი და გარეგანი ტენდენციები – ესაა ორი დამოუკიდებელი შესაძლებლობა დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში და ჩვენ შეიძლება მოტივირებული ვიყოთ თითოეული მათგანით. სწავლებამ შეიძლება შექმნას შინაგანი მოტივაცია მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით და კომპეტენტურობის მნიშვნელობის ხაზგასმით. თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს ყოველთვის ვერ იმუშავებს. ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა თქვენთვის ქვეშმიწერით გაყოფა? ყოველთვის აღგიძრავთ ცნობისმოყვარეობას არაწესიერი ზმნები? თუ მასწავლებლებს მუდმივად ექნებათ შინაგანი მოტივაციის იმედი, იმედგაცრუება ელით. არის სიტუაციები, როცა წამახალისებელი სტიმულები და გარემხარდაჭერა აუცილებელია. მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ შინაგანი მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე, როცა დარწმუნდებიან, რომ გარეგანი მოტივაციაც მუშაობს და ჩართულია სწავლის პროცესში. ამისათვის მათ უნდა იცოდნენ მოტივაციაზე გავლენის მქონე ფაქტორების შესახებ.

ოთხი ძირითადი მიდგომა მოტივაციისადმი
მოტივაცია საკმაოდ ფართო, კომპლექსური საკითხია და მრავალ თეორიას მოიცავს. ამ თეორიებიდან ზოგიერთი ლაბორატორიებში ცხოველებთან მუშაობისას განვითარდა, ზოგი კი ადამიანებთან ისეთ სიტუაციაში მუშაობისას, სადაც გამოყენებული იყო თავსატეხების შემცველი ამოცანები. სხვა თეორიები კლინიკური ან ინდუსტრიული (შრომის) ფსიქოლოგიის ფარგლებში გაწეული სამუშაოების საფუძველზე წარმოიქმნა.

მოტივაციისადმი ბიჰევიორისტული მიდგომა. ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით, მოსწავლის მოტივაციის გაგება უნდა დავიწყოთ წამახალისებელი სტიმულებისა და ჯილდოების დაკვირვებული ანალიზით. ჯილდო ის მიმზიდველი ობიექტი ან მოვლენაა, რომელიც შედეგად მოსდევს გარკვეულ ქცევას. იმპულსი ის ობიექტები ან მოვლენებია, რომლებიც აღძრავს ან, პირიქით, ახშობს ქცევას. მაგალითად, დამატებითი ქულების დაპირება წამახალისებელი სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს მოსწავლისთვის.

თუ ჩვენ მუდმივად წაგვახალისებენ გარკვეული ქცევის გამო, ჩვენ განგვივითარდება გარკვეული ჩვევა ან ტენდენცია – განვახორციელოთ ხოლმე გარკვეული ტიპის ქცევა. მაგალითად, თუ მოსწავლე ფეხბურთის თამაშის გამო ჯილდოდ მიიღებს ხან ფულს, ხან საჩუქრებსა და პრივილეგიებს, ხოლო მის სწავლას ნაკლები ყურადღება მიექცევა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი დიდ დროს დაუთმობს ფეხბურთში ვარჯიშს და არა გეომეტრიის სწავლას. კარგი ნიშნები, ვარსკვლავები, სტიკერები და სხვა საშუალებები განმტკიცებისათვის ან გარკვეული დამსჯელი ღონისძიებები ცუდი საქციელისათვის – ეს ყველაფერი არის მცდელობა მოსწავლეთა მოტივირებისათვის გარეგანი იმპულსის, ჯილდოების ან დასჯის გამოყენებით.

მოტივაციისადმი ჰუმანისტური მიდგომა. მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მომხრეები, მათ შორის კარლ როჯერსი, ამბობდნენ, რომ ფსიქოლოგიის ვერცერთი დომინანტური სკოლა, ვერც ბიჰევიორული და ფროიდისეული, ადეკვატურად ვერ ხსნიდა ადამიანის ქცევას. მოტივაციის ჰუმანისტური ინტერპრეტაცია ხაზს უსვამს ისეთ შინაგან წყაროებს, როგორიცაა პიროვნების „თვითაქტუალიზაციის” მოთხოვნილება, თანდაყოლილი „აქტუალიზაციის ტენდენცია” ან „თვითგანსაზღვრის” მოთხოვნილება. ასე რომ, ჰუმანისტურ ჭრილში, მოტივირება ნიშნავს ადამიანების შინაგანი რესურსების – მათი კომპეტენტურობის, თვითშეფასების, ავტონომიისა და თვითაქტუალიზაციის წაქეზებას. მასლოუს თეორია მოტივაციის ცნობილი ჰუმანისტური ახსნაა.

მასლოუს იერარქია. აბრაჰამ მასლოუ ვარაუდობდა, რომ ადამიანებს გააჩნიათ მოთხოვნილებათა იერარქია მთელი დიაპაზონით – დაბალიდან (მაგ. უსაფრთხოება) მაღალი რანგის მოთხოვნილებებამდე (თვითაქტუალიზაცია). თვითაქტუალიზაცია მასლოუს მიერ შემოტანილი ტერმინია, რითაც იგი პიროვნების სრულ თვითრეალიზაციას, მისი პოტენციალის სრულ რეალიზებას აღნიშნავდა. სანამ მოთხოვნილებათა შემდეგ საფეხურზე გადავიდოდეთ, უნდა დაკმაყოფილდეს უფრო დაბალი რანგის მოთხოვნილებები.

მასლოუ ოთხ შედარებით დაბალი რანგის მოთხოვნილებას: ფიზიოლოგიურს, უსაფრთხოების, მიკუთვნებულობისა და თვითშეფასების მოთხოვნილებებს დეფიციტურს უწოდებდა. როდესაც ეს მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მათი რეალიზების მოტივაცია იკლებს. მან სამ ზედა, მაღალი რანგის მოთხოვნილებას – ინტელექტუალური მიღწევების, ესთეტიკურ და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებებს ზრდის მოთხოვნილებები უწოდა. როდესაც ეს მოთხოვნილებები კმაყოფილდება, პიროვნების მოტივაცია არ იკარგება, პირიქით, იგი იზრდება და დაკმაყოფილების მორიგი საშუალებების ძებნას იწყებს. დეფიციტური მოთხოვნილებებისაგან განსხვავებით, ეს მოთხოვნილებები ბოლომდე არასდროს კმაყოფილდება. მაგალითად, რაც უფრო წარმატებულია თქვენი მცდელობა, გახდეთ კარგი მასწავლებელი, მით უფრო მეტად გინდათ მიაღწიოთ მეტს.

მასლოუს თეორია იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ადამიანები აშკარად ყოველთვის ისე არ იქცევიან, როგორც ეს თეორიის მიხედვით არის მოსალოდნელი. ადამიანების უმრავლესობა ხშირად ბრუნდება უკან, დაბალი რანგის მოთხოვნილებებისაკენ და ერთდროულად შეიძლება მოტივირებული იყოს სხვადასხვა საფეხურის მოთხოვნილებებით. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება უარსაც ამბობდეს უსაფრთხოებაზე, მეგობრობაზე და განათლებისათვის, უფრო მეტი თვითაქტუალიზაციისათვის ზრუნავდეს.

კრიტიკის მიუხედავად, მასლოუს თეორია საშუალებას გვაძლევს მთლიანობაში აღვიქვათ მოსწავლე, რომლის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან. ბავშვი, რომლის უსაფრთხოებისა და მიკუთვნებულობის განცდას საფრთხე მშობლების გაყრის გამო ექმნება, ნაკლებ ინტერესს გამოამჟღავნებს წილადების გაყოფის სწავლაში. თუ სკოლა საშიშ, არაპროგნოზირებად ტერიტორიაზე იმყოფება, იქ უფრო მეტი ყურადღება უსაფრთხოებას მიექცევა, ვიდრე სწავლას ან სწავლებას. სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობა და ამ ჯგუფის შიგნით თვითშეფასების განმტკიცება მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის. თუ იმის გაკეთება, რასაც მასწავლებელი მოსწავლისაგან ითხოვს, ეწინააღმდეგება ამ ჯგუფის დადგენილ წესებს, მაშინ მოსალოდნელია, რომ მოსწავლე ყურად არ იღებს მასწავლებლის სურვილს და შეიძლება დაუპირისპირდეს კიდეც მას.

მოტივაციისადმი კოგნიტური და სოციალურ-კოგნიტური მიდგომა. კოგნიტურ თეორიებში ადამიანი განხილულია როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს შინაგან მოტივაციაზე აკეთებენ. მოტივაციის კოგნიტური თეორიები, შეიძლება ითქვას, ბიჰევიორისტული შეხედულებების საპასუხოდ განვითარდა. კოგნიტივისტებს სჯერათ, რომ ჩვენი ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა უბრალოდ იმით, რომ წარსულში ამასთან დაკავშირებით დაგვაჯილდოვეს ან დაგვსაჯეს. ქცევა წამოწყებული და რეგულირებულია გეგმების, მიზნების, სქემების, მოლოდინებისა და ატრიბუციების მიერ.

მოლოდინი X ღირებულების თეორიებზე. თეორიებს, რომლებიც ითვალისწინებენ როგორც ბიჰევიორისტების აქცენტებს ქცევის გავლენებისა და შედეგების შესახებ, ასევე კოგნიტივისტების ინტერესს ინდივიდის აზროვნების გავლენის მიმართ, შეიძლება ვუწოდოთ მოლოდინის/ღირებულების თეორიები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქცევა აღქმულია როგორც ორი მთავარი ფაქტორის პროდუქტი: მიზნის მიღწევის მოლოდინისა და ამ მიზნის ღირებულების პროდუქტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხებია: „მივაღწევდი თუ არა წარმატებას, რომ მეცადა?” და „იქნება თუ არა შედეგი ღირებული და ჩემთვის რაიმე ჯილდოს მომტანი, თუ წარმატებას მივაღწევ?” მოტივაცია სწორედ ამ ორი ფაქტორის პროდუქტია. თუ ორივე ფაქტორი ნულის ტოლი იქნება, მოტივაციაც, რომ მუყაითად იმუშაო მიზნის მისაღწევად, არ იარსებებს. მაგალითად, თუ მე მჯერა, რომ დიდი შანსი მაქვს შევქმნა კალათბურთის გუნდი (მაღალი მოლოდინი) და ამ გუნდის შექმნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია (მაღალი ღირებულება), ჩემი მოტივაცია ძლიერი იქნება. მაგრამ თუ ორივე ფაქტორი ნულის ტოლია (მჯერა, რომ არ შემიძლია გუნდის შექმნა და დიდად არც მაღელვებს კალათბურთის თამაში), მაშინ მოტივაციაც ნულის ტოლი იქნება.

ჟაკლინ ეკლსსა და ალან ვიგფილდს დამატებით შემოაქვთ კიდევ დანახარჯის ცნება. ღირებულებები განხილული უნდა იყოს აგრეთვე იმ კონტექსტში, თუ რა ჯდება მათი აღსრულება; რა ენერგია იხარჯება; კიდევ რის გაკეთება შეიძლება ამის ნაცვლად; რა რისკი არსებობს მარცხის შემთხვევაში; სულელად ხომ არ გამოვჩნდები;

მოტივაციის სოციოკულტურული კონცეფციები. მოტივაციისადმი სოციოკულტურული შეხედულება ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. ამდენად, მოსწავლეები მოტივირებულნი არიან ისწავლონ, თუ ისინი არიან წევრები იმ საკლასო ან სასკოლო ჯგუფისა, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. როგორც სოციალიზაციის პროცესში ჩვენი კულტურის უფრო გამოცდილი წევრებისაგან ვსწავლობთ ლაპარაკს, ჩაცმას, სუფრასთან მოქცევის წესებს, ასევე იმათზე დაკვირვებით, ვინც ჩვენი სასკოლო ჯგუფის წევრია, ვსწავლობთ, როგორი მოსწავლეები უნდა ვიყოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვსწავლობთ იმ ჯგუფისგან, რომლის წევრებიც ვართ.

იდენტობის კონცეფცია ცენტრალური საკითხია მოტივაციისადმი სოციოკულტურულ მიდგომაში. როდესაც თავს აღვიქვამ ფეხბურთელად, სკულპტორად, ინჟინრად, მასწავლებლად ან ფსიქოლოგად, მე მაქვს იდენტობა ამ ჯგუფთან. სოციალიზაციის ერთ-ერთი ნაწილია ლეგიტიმური პერიფერიული მონაწილეობის საფეხურიდან ჯგუფის ცენტრალური წევრის პოზიციაზე გადასვლა. ლეგიტიმური პერიფერიული მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ დამწყებნი ჩართული არიან ჯგუფის საქმიანობაში მაშინაც კი, თუ მათი შესაძლებლობები არასაკმარისადაა განვითარებული. ახალბედა მქსოველი ჯერ მატყლის შეღებვას სწავლობს, სანამ რთვასა და ქსოვას ისწავლიდეს. ახალბედა მასწავლებელი სანამ მთელ ჯგუფს აიყვანდეს, ჯერ ერთ ბავშვთან მუშაობას უნდა მიეჩვიოს. თითოეული ამოცანა ექსპერტის მთლიანი სამუშაოს ნაწილია. როგორც ახალბედას, ისე ექსპერტის იდენტობა მჭიდრო კავშირშია ჯგუფში მათ ჩართულობასთან. ისინი მოტივირებულნი არიან ისწავლონ და შეითვისონ ჯგუფის ღირებულებები და გამოცდილება, რათა ჯგუფის ნამდვილ წევრებად იგრძნონ თავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი