პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

წრეზე სიარული – თვითკონტროლი, შიშები და თავისუფლება

როცა ბავშვებთან ურთიერთობის დროს თვითკონტროლის მექანიზმი სუსტდება და სიბრაზის ზღვარს ვუახლოვდები, მაშინვე მახსენდება ეპიზოდი ანე კატარინე ვესტლის საბავშვო მოთხრობების ციკლიდან „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“: მამა გაბრაზებულ მონას უხსნის, როგორ იქცევა, როცა ბრაზობს – გადის შინიდან და დარბის, სანამ ბრაზი არ გაუვლის. ამ ზღვრის მშვიდობიანად გადალახვა დიდი საქმეა, თითქოს ბეწვის ხიდზე გადიხარ და წკიპზე ხარ უფსკრულში ჩასავარდნად, მაგრამ მაინც შეგწევს ძალა, წონასწორობა შეინარჩუნო.

დიდებისა თუ პატარებისთვის ერთნაირად საყვარელ ამ ნაწარმოებში ბევრი მკაფიო შეტყობინებებაა, რომლებიც გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ ბავშვებთან ურთიერთობის დროს, რა გავაკეთოთ, როცა თავს ვეღარ ვიკავებთ, წონასწორობას ვეღარ ვინარჩუნებთ, ბრაზი გვძლევს, ზომაზე მეტად ვართ გაგულისებულები და აღარ ვიცით, ვისზე ვიყაროთ ჯავრი, სად ამოვაფრქვიოთ უარყოფითი ენერგია ისე, რომ ახლობლები და ოჯახის წევრები არ ვაზარალოთ, განსაკუთრებით კი პატარები.

ასეთი აფეთქების დროს უფროსების რისხვის ობიექტი ხშირად ბავშვია, ზოგჯერ – დაუმსახურებლადაც კი. ბავშვებს თრგუნავთ უსამართლობა, მეტადრე – უსამართლო სასჯელი. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვხედავთ, როგორ ხდება პატარა უფროსების დამთრგუნველი ძალაუფლების მსხვერპლი, როგორ აჩუმებენ მას, როგორ შთააგონებენ, რომ მისი ყოველი სიტყვა სისულელეა, რომ უგერგილო და ბოთეა – რატომ წაიქცა, რატომ ეტკინა, რატომ ეწყინა, რატომ ვერ გააკეთა ისე კარგად, როგორც ჩვენ – უფროსები გავაკეთებდით და ა.შ. გაუთავებელი საყვედურების, უპატივცემულობისა და უნდობლობის ამ ჯაჭვში ბავშვის პიროვნება აღარ ჩანს, იკარგება. ჩანს მხოლოდ უკმაყოფილება იმით, რომ პატარა ინდივიდმა ჩვენი მოლოდინი ვერ გაამართლა.

ბავშვებთან ურთიერთობა რთულია, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე წარმოგვედგინა. არც საკუთარ შვილებთან ურთიერთობაა იოლი, მანამდე მაინც, სანამ საუკეთესო მოლოდინების წნეხისგან არ გავთავისუფლდებით, სანამ ჩვენი მზრუნველობის ფოკუსში მოქცეული ინდივიდების ავტონომიას არ ვაღიარებთ და თავისუფლებას არ მივცემთ. თავისუფლებას, რომელიც მათ დამოუკიდებლობას შესძენს, შეცდომებზე დააფიქრებს და საკუთარი გამოცდილების რეფლექსიას ასწავლის. ამიტომაც გვეშინია, ამიტომაც ვბრაზობთ, ამიტომაც გვისკდება გული მათ მაგივრად. მათ მაგივრად გვეშინია, ფეხი რამეს არ წამოჰკრან, საიდანმე არ ჩამოცვივდნენ, რამე არ შეერჭოთ, არ მოიწამლონ, არ გაცივდნენ … დამოუკიდებლად სიარულს არ ვაცლით, ფეხებში ვებლანდებით და დამოუკიდებელ ნებას ვართმევთ, ხოლო როცა არ გვემორჩილებიან, ვბრაზობთ, თითქოს ისინი ჩვენი ნების უპირობო აღმსრულებლებად ყოფილიყვნენ გაჩენილნი.

ბავშვებთან დროის გატარება გამოცდაა – საკუთარი თავის, ნერვებისა და წონასწორობის. ისინი გვაიძულებენ, გამოვამჟღავნოთ უნარები, რომლებსაც მანამდე მხოლოდ უფროსებთან ურთიერთობისას ვამჟღავნებდით, გვასწავლიან, როგორ მოვუსმინოთ მათ და ვაცადოთ თავისუფლება – საკუთარი თავისა და შესაძლობლებების შეცნობა ხომ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა არ გვზღუდავენ, არ გვაკონტროლებენ და გისოსებში არ გსვამენ. ვსწავლობთ მათგან, როგორ გადავლახოთ სიბრაზის ზღვარი, ველაპარაკოთ მეგობრულად და არა ქედმაღლურად, უფროსის უპირატესობის წარმოჩენით, ხმამაღალი და იმპერატიული ტონით, ხოლო როცა ეს არ გამოგვდის, დავრბივართ, სანამ ქანცის გაწყვეტამდე არ დავიღლებით და ბრაზი არ გაგვივლის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი