სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სწავლების ინტერაქტიული მეთოდები – ქეის-ტექნოლოგია, დებრიფინგული გაკვეთილი

ინტერნეტი რომ მხოლოდ გასართობი საშუალება არ არის, ყველამ კარგად ვიცით. ბევრი საინტერესო მასალის პოვნა შეიძლება იქ. ასე წავაწყდი ინგლისურენოვან საიტზე ჩემთვის ახალ ამ მეთოდს. ძალიან მომეწონა, ვთარგმნე და თქვენც გიზიარებთ. გამოვიყენე ქუთაისის უნივერსიტეტის მასალაც ამავე თემაზე, რომელიც ასევე ინტერნეტის საძიებო სისტემამ შემომთავაზა. ვფიქრობ, ამ მეთოდს მშვენივრად გამოვიყენებთ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, მათ შორის – ფილოლოგებიც. უახლოეს ხანში ამავე მეთოდით შედგენილი გაკვეთილის სცენარსაც შემოგთავაზებთ. ახლა კი – თავად ქეის-ტექნოლოგიისა და დებრიფინგული გაკვეთილის შესახებ.

განმავითარებელი სწავლების პირობებში აუცილებელი ხდება თავად მოსწავლის მაქსიმალური აქტივობის უზრუნველყოფა საკვანძო კომპეტენციების ჩამოყალიბების პროცესში, რადგან ეს კომპეტენციები მხოლოდ პირადი გამოცდილების შედეგად ყალიბდება. მრავალი მკვლევარი საგანმანათლებლო ინოვაციებს უკავშირებს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს, რაც გულისხმობს საქმიანობის ისეთ სახეობებს, რომლებიც მასალისადმი შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს და ქმნის პირობებს თითოეული მოსწავლის გასახსნელად.

ცნება ინტერაქტიული (Inter − ორმხრივი, act − მოქმედება) გულისხმობს ურთიერთქმედებას, ვინმესთან საუბრის, დიალოგის რეჟიმში ყოფნას. აქტიური მეთოდებისგან განსხვავებით, ინტერაქტიული მეთოდები ორიენტირებულია მოსწავლეების უფრო ფართო ურთიერთობაზე არა მხოლოდ მასწავლებელთან, არამედ ერთმანეთთანაც. ამასთან, სწავლების პროცესში მოსწავლეთა აქტივობა დომინირებს.

ინტერაქტიულ მეთოდებს შეიძლება მივაკუთვნოთ დისკუსია, ევრისტიკული საუბარი, „გონებრივი იერიში”, როლური, „საქმიანი” თამაშები, ტრენინგები, ქეის-მეთოდი, პროექტების მეთოდი, ჯგუფური მუშაობა საილუსტრაციო მასალასთან, ვიდეოფილმების განხილვა და ა.შ.

ქეისზე მუშაობა სასწავლო მიზნით პირველად ჰარვარდის ბიზნესსკოლაში გამოიყენეს 1908 წელს. საქართველოში ამ ტექნოლოგიის გამოყენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს.

ქეის-მეთოდით (Case study) სწავლება გულისხმობს რეალური ეკონომიკური, სოციალური, საყოფაცხოვრებო თუ სხვა პრობლემის გამოყენებას (ინგლ. case – შემთხვევა) სასწავლო მიზნით. ქეისზე მუშაობის დროს მოსწავლეები ეძებენ და აანალიზებენ დამატებით, მათ შორის – მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ, ინფორმაციას ცოდნის სხვადასხვა სფეროდან. მეთოდის არსი ასეთია: მოსწავლეებს სთავაზობენ რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის გააზრებას. ამ სიტუაციის აღწერილობა მხოლოდ პრობლემას კი არ ასახავს, არამედ ცოდნის იმ კომპლექსის გააქტიურებასაც უწყობს ხელს, რომლის ათვისება აუცილებელია მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად. ამასთან, თვით პრობლემას არ გააჩნია ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა. ქეის-მეთოდის გამოყენების დროს პრობლემის იდენტიფიკაცია და მისი მოგვარების გზების ძიება მასალების პაკეტის – ქეისის საფუძველზე ხდება. ქეისში მოთავსებული სიტუაცია სხვადასხვა წყაროს მეშვეობითაა აღწერილი. ეს წყარო შეიძლება იყოს სპეციალური ლიტერატურა, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალები, მასმედია… ამრიგად, ქეისი მოიცავს არაერთგვაროვან ინფორმაციას განსაზღვრული პრობლემის ირგვლივ. ასეთი ქეისი ერთსა და იმავე დროს დავალებაც არის და ინფორმაციის წყაროც ეფექტური მოქმედების ვარიანტების გასააზრებლად.

ქეის-მეთოდი სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც რთული სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია შემეცნების ნაკლებად რთული მეთოდები. მასში გაერთიანებულია:
·მოდელირება,
·სისტემური ანალიზი,
·პრობლემური მეთოდი,
·გონებრივი ექსპერიმენტი,
·აღწერა,
·კვალიფიკაცია,
·დისკუსია,
·თამაში და სხვ.
მოსწავლეს (ან მოსწავლეთა ჯგუფს) დავალებად შეიძლება შევთავაზოთ მოხსენების, პროექტის ან პრეზენტაციის მომზადება.
ქეის-მეთოდი როგორც სწავლების ინტერაქტიული ხერხი მოსწავლეთა უფრო და უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს. ისინი მასში ხედავენ თამაშს, რომელიც მათ თეორიული საფუძვლების ათვისებასა და მასალის პრაქტიკული გამოყენების დაუფლებაში ეხმარება.
ქეისთან მუშაობის დროს მოსწავლეებს უყალიბდებათ:
·პრობლემის გადაჭრის,
·კომუნიკაციის,
·პრაქტიკაში საგნობრივი ცოდნის გამოყენების,
·მოლაპარაკების წარმოების,
·საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების,
·რეფლექსიის უნარები,
·ტოლერანტობა.
სასწავლო პროცესში ქეის-ტექნოლოგიას შეუძლია ხელი შეუწყოს:
·სასწავლო მოტივაციის ამაღლებას;
·ინტელექტუალური უნარების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ.
ქეისების ტიპები
·საწვრთნელი
·შემსწავლელი
·ანალიტიკური
·კვლევითი
·სისტემაში მომყვანი
·მაპროგნოზირებელი
საქმიანობის რეკომენდებული თანმიმდევრობა:
·1 ნაბიჯი – ამოცანის ახსნა
·2 ნაბიჯი – ქეის-დავალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
·3 ნაბიჯი – გადაწყვეტილების მიღება
·4 ნაბიჯი – ალტერნატიული გზების ძიება
·5 ნაბიჯი – შედარებითი ანალიზი
·6 ნაბიჯი – გადაწყვეტილების პრეზენტაცია
მოსამზადებელი ეტაპი:
·ქეისის ადგილის განსაზღვრა სამუშაო პროგრამაში
·წყაროს ძებნა
·მეცადინეობის მსვლელობის აღწერა
გაცნობითი ეტაპი:
·სამუშაო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა
·ოპტიმალური ფორმების არჩევა
ანალიტიკური ეტაპი:
·ჯგუფებში პრობლემების განხილვა
·გადაწყვეტილების მომზადება
შემაჯამებელი ეტაპი:
·ქეისით განსაზღვრული დასრულებული დავალების წარმოდგენა
·შედეგების დიაგნოსტიკა

შეფასების ობიექტები:

·ჯგუფებში, კლასში მუშაობაზე დაკვირვება
·დებრიფინგული გაკვეთილი
დებრიფინგი

ინგლისური ტერმინი „debriefing” ცოდნის „გამოწურვას” ნიშნავს. ეს მეთოდი პერველად ჯეფრი მიტჩელმა გამოიყენა. დებრიფინგი გულისხმობს პროცესს, რომელიც უკუკავშირს მოიაზრებს. მისი მიზანია ანალიზის საშუალებით ინფორმაციის მიღება (ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ეს მეთოდი საერთოდ არ გამოიყენება; თუ იყენებენ – სხვა სახელით. ჩვენში უფრო პოპულარულია „რეფლექსია” და „დისკუსია” – საკამათო საკითხების განხილვა.)
რას გვაძლევს ქეის-ტექნოლოგიის გამოყენება?
პედაგოგს მისი მეშვეობით შეუძლია:
·თანამედროვე სასწავლო-მეთოდური რესურსების ბაზაზე წვდომა;
·მოქნილი სასწავლო პროცესის ორგანიზება;
·გაკვეთილის ნაკლებ დროში მომზადება;
·კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლება;
·სასწავლო პროცესის ზოგიერთი ელემენტის განხორციელება არასაგაკვეთილო დროს.
მოსწავლეს:
·დამატებით მასალაზე მუშაობა;
·კონსულტაციის ბაზაზე მუდმივი წვდომა;
·საატესტატო გამოცდებისთვის დამოუკიდებლად მომზადება;
·ჯგუფის სხვა წევრებთან ურთიერთობა;
·თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დაუფლება.

საკვანძო კომპეტენციები

„საკვანძო კომპეტენციები” (key skills) წარმოადგენს სხვა სპეციალური, საგნობრივად ორიენტირებული კომპეტენციების გასაღებს, საფუძველს. საკვანძოს კი იმიტომ უწოდებენ, რომ მათი როლი არსებითია ნებისმიერი სპეციალობითა და პროფესიით საქმიანობისთვის. მათი მნიშვნელობა იმისდა მიხედვით იზრდება, რამდენად ითხოვს გარემო ადამიანისგან ცვლილებებთან შეგუების უნარს. საკვანძო კომპეტენციების განვითარების დონე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქმიანობის ხარისხსა და მის პროდუქტიულობას. ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების გზაზე ეს აისახება მის წარმატებებში პრაქტიკული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, პროფესიულ, საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

„საკვანძო კომპეტანციების” განსაზღვრისადმი ერთიანი მიდგომა ამჟამად არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მათი არსებითი ნიშან-თვისებები: საკვანძო კომპეტენციები წარმოადგენს უნივერსალურ მენტალურ საშუალებებს, ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მიზნების (შედეგების) მიღწევის ინსტრუმენტებს (ხერხებს, მეთოდებს); საკვანძო კომპეტენციები ხელს უწყობს რთულ ვითარებაში შედეგის მიღებას; საშუალებას აძლევს ადამიანს, დამოუკიდებლად თუ სხვებთან თანამშრომლობის გზით მოაგვაროს პრობლემები, ე.ი. „მოერიოს” სირთულეებს, რომელთა გადასალახავად მზა საშუალებების სრული კომპლექტი არ არსებობს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი