მასწავლებლებმა უნდა გაზარდონ თავისუფალი მოქალაქეები

სტუმარი: დათა თავაძე
„მახსოვს როგორ ვტიროდი მის გაკვეთილებზე, როცა ვაჟას არჩევდა. მახსოვს თვითონ როგორ უცრემლიანდებოდა თვალები… უდიდესი მკითხველი იყო. ნაწარმოების გულში ძვრებოდა და იქიდან ხსნიდა. უმნიშვნელოვანესი მასწავლებელი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც სიტყვის მნიშვნელობა დამანახა. მახსოვს მისი უკომპრომისობა ჩემ მიმართ, მახსოვს პირველსავე გაკვეთილზე როგორ გაგლიჯა ჩემი რვეული და წამოიყვირა: “ჩემი მოწაფე ასე არ უნდა წერდეს!” მივხვდი, ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი თვითონ დოდო ჯორბენაძე იყო. დიდი მასწავლებლები არ კვდებიან, მათი სიცოცხლე, ანუ ცოდნა, გადანაწილდება მათ მოწაფეებში.

მშვიდობით, ქალბატონო დოდო! ყოველთვის მენატრებით, თუმცა ყოველთვის თან მყავხართ!”
სხვა შემთხვევაში, „დურუჯის” პრემიის მფლობელ, ახალგაზრდა რეჟისორ დათა თავაძესთან ინტერვიუს, ალბათ, აბსულუტურად სხვა შესავალით დავიწყებდი, მაგრამ ეს სიტყვები მის facebooc-ის გვერდზე ამოვიკითხე და ვთხოვე, გამოქვეყნების უფლება მოეცა.

„დიდი მადლობა, რომ ამით ვიწყებთ. ქალბატონი დოდო მართლაც უმნიშვნელოვანესი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში იყო. გამიმართლა – ის ჩემი მასწავლებელიც იყო. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი ადამიანისგან შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანის შეძენა, რაღაც ისეთის გაგება, რაზეც მანამდე არ გიფიქრია, რაც არასოდეს დაგავიწყდება და რის შემდეგაც აღარასოდეს იქნები ისეთი, როგორიც იყავი. ასეთ ადამიანებს ვარქმევთ მასწავლებლებს. მე თავს იღბლიან ადამიანად თავს მივიჩნევ. გამიმართლა, რომ ბევრ ასეთ ადამიანებს შევხვდი. შეიძლება ითქვას, რამდენიმე გენიოსსაც კი ვიცნობდი, რომლებმაც არც კი იციან, რამდენი რამ მასწავლეს. მათთან შეხვედრა, ურთიერთობა არის ის, რასაც სწავლას ვეძახი, ესაა ჩემი სკოლა”.
დათა თავაძე ცნობილი მსახიობების ნატა მურვანიძისა და ნიკა თავაძის შვილია; იგი შვილიშვილია წარსულში ცნობილი ბალერინას მაკა მახარაძისა და ცნობილი მხატვრის მურაზ მურვანიძის, უნიჭიერესი მსახიობების იზა გიგოშვილისა და მერაბ თავაძის; შვილთაშვილია მედეა ჩახავას და კოტე მახარაძის – ალბათ გაგრძელება ზედმეტია. ამასა ზოგადი ინფორმირებისთვის ვწერ, რადგან დათა თავაძემ, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ქართველ შემოქმედთა შორის უკვე დაიკავა თავისი ვარსკვლავური ადგილი.

დათა თავაძე საკუთრი ბიოგრაფიის თხრობისას წინაპართა გვარებს არ ასახელებს, მიზეზს მკითხველი თავად მიხვდება.
-მე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ქართველი ვარ. ჩემმა ბავშვობამ გაიარა წარსულის ზიზღის, დაბნეული აწმყოსა და ბუნდოვანი მომავლის დროში, ანუ 90-იან წლებში, როცა უფროსების ნევროზი მთლიანად ირეკლებოდა ჩვენს ბავშვურ თამაშებზე. მახსოვს, “მხედრიონელობანას” რომ ვთამაშობდით, ადრეულ ასაკში ვიცოდით პოლიტიკოსების, კანონიერი ქურდებისა და სხვა საზიზღარი ადამიანების სახელები, რომლებსაც ჩვენს თამაშებში ვირქმევდით. მახსოვს, ერთხელ ლოთი ქობალია ვიყავი და (სახელიდან გამომდინარე) მთვრალივით დავბარბაცებდი. ჩემი აზრით, საზოგადოების ხრწნის ყველაზე შემზარავი სიმპტომი სწორედ ესაა – როცა ისტერიკა ბავშვების თამაშებზე ირეკლება. ჩემს სპექტაკლში “ტროელი ქალები,” რომელიც 90-იან წლების კავკასიურ ომებს ასახავს, ვეცადე ეს სიმპტომი მეჩვენებინა. სპექტაკლის ერთ-ერთ ცენტრალურ სცენას “სათამაშო მოედანი” ჰქვია, სადაც ჩვენ ომგამომვლილი ბავშვების თამაშებს ვიკვლევთ. ამავე სპექტაკლში ერთ-ერთი ქალი ხედავს, რომ ბავშვები “დასაფლავებას”თამაშობენ ქვიშაში და პრიამოსის (ტროას მეფე) სახელს ამბობენ – ასე ხვდება, რომ მეფე მკვდარია.

მახსოვს, სკოლაში დანა თუ არ გქონდა (“ბაბოჩკებს” ატრიალებდნენ მაშინ ბიჭები) ყველა ეჭვის თვალით გიყურებდა, მახსოვს ტყავის შავი “პაპკები” საჩვენებელ თითებზე რომ უნდა გეტრიალა (შიგნით მაქსიმუმ ერთი რვეული ყველა საგნისთვის, უკეთეს შემთხვევაში კალმისტარიც და მთლად გადასარევი იყო, თუ ერთი სახელმძღვანელოც ეგდო ხოლმე). მახსოვს, ის საზომები, რომლითაც ადამიანი უნდა გაგეზომა, კანონები (ანუ “გაგება”), რომლებითაც უნდა გეცხოვრა და რა გემუქრებოდა, თუ ოდნავ განსხვავებული შეხედულება გქონდა, რომელიმე ზემოთჩამოთვლილ საკითხზე.

სკოლიდან განსაკუთრებით “სასიამოვნოდ” დამამახსოვრდა, ზიზღი ყველას მიმართ, ვინც ჩვენ არ გვგავდა. კატეგორიაში მოქცევა იყო ყველაფერი! ცხოვრების საზრისი! (თუმცა ამ კუთხით ჩვენს საზოგადოებაში ბევრი არაფერი შეცვლილა). მახსოვს, ზოგიერთი მასწავლებლის გადაჭარბებული სიმკაცრე – რთული დრო და რთული პროფესია ძალიან მახინჯ ფორმებში პოულობს გასავალს – სიღარიბე, სიცივე, უახლოესი მეგობრების დაკარგვა, პანაშვიდების დაუსრულებელი ჯაჭვი და ამ პანაშვიდებზე ერთი და იგივე სახეები (თითქოს ერთმანეთს მარხავდნენ!), უიმედობა და უსამართლობის უმტკივნეულესი განცდა ერთიანად ჩვენზე, მათ მოწაფეებზე იღვრებოდა ხოლმე… ამ დროს თეატრი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემთვის, მაგრამ არა იმიტომ, რომ აქ ყველაფერი მოგონილი და ხშირად უკეთესი იყო, ვიდრე სინამდვილეში, არამედ სწორედ იმიტომ, რომ აქ არ უარჰყოფდნენ ავადმყოფურ დროს, არამედ იკვლევდნენ, დიაგნოზს უსვამდნენ და ცდილობდნენ განეკურნათ. იმ დროიდან ერთადერთი, რაც მართლა მენატრება თეატრია, ის პრინციპები, რომლებსაც ერთგულებდა. ის არ ცხოვრობდა პარალელურ სინამდვილეში, როგორც ახლა, არამედ გმირულად ებმებოდა ბრძოლაში საზოგადოებასთან, ანგრევდა ჩარჩოებს და იმდროიდან გაღწევა სურდა… ჩემი მხრივ გამიმართლა, რომ ბავშვობიდან სცენაზე ვიდექი, რადგან ეს სკოლიდან მათავისუფლებდა. სამი წლის ვიყავი, როცა პირველი ნაბიჯები გადავდგი სცენაზე. “კავკასიური ცარცის წრე,” “თოლია,” “სეჩუანელი კეთილი ადამიანი,” “სამი და” ეს ის სპექტაკლებია, სადაც ძალიან პატარა ასაკში მივიღე მონაწილეობა. თეატრმა მიხსნა სკოლისგან და იმ საზარელი კომპლექსების თაიგულისგან, რომელიც მხოლოდ სკოლას შეუძლია მოგცეს. ასეთი “სკოლიდან” მენტალურად თავის დასაღწევად ბევრი დრო დამჭირდა. გამიმართლა, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში შევხვდი იმ ადამიანებს, ვისთვისაც ყველაფერი, რაც სკოლაში ჩემში უცნაურად ეჩვენებოდათ, გარკვეულ აღტაცებასაც კი იწვევდა. მათმა სიყვარულმა საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. ეს ის ადამიანები არიან, ვის გარეშეც არც პროფესიული ცხოვრება წარმომიდგენია და არც პირადი. ეს არის ჩემი გუნდი, ჩემი მთავარი საყრდენი და ჩემი იმედი. ეს სწორედ ის ჯგუფია, ვისთან ერთადაც სამეფო უბნის თეატრში უკვე მეხუთე წელია ვმუშაობ.
-გვერდს ვერ ავუვლით, თქვენს მშობლებს (წინაპრებს) და მათ გავლენას თქვენს ცხოვრებაზე. რას ნიშნავს მოზარდისთვის იყოს ცნობილი ადამიანების შვილი (შვილიშვილი და ა.შ.). როგორ აღიქვამდნენ ამას თქვენი მეგობრები და თუ ახდენდა ეს ფაქტორი გავლენას მასწავლებლებზე.

-ჩემი რჩევა ყველა მასწავლებელს: დაანებეთ ცნობილი ადამიანების შვილებს თავი! არასოდეს გაუსვათ ხაზი იმას, რომ მათ რაღაც ისეთი არგო ბუნებამ, რაც სხვას არ არგო და ამ ნიშნით რაღაცეები ეპატიებათ, ან პირიქით – არაფერი ეპატიებათ, რადგან “ღირსეულ გვარს არცხვენენ”. ამით უწამლავთ ურთიერთობას თანაკლასელებთან, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ბავშვობას რომ უნადგურებთ. ცნობილი მშობლების სშვილებს ისევე უყვართ ან სძულთ თავიანთი მშობლები, როგორც სხვებს, რადგან ჩვენ ობიექტურად ვერასოდეს აღვიქვამთ, რამდენად ცნობილები არიან ისინი, ვინც ჩვენს გვერდით ოთახში ცხოვრობენ. ამას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვხედავთ (და მაშინაც ბუნდოვნად ვგრძნობთ). ასეთ ბავშვებს ყოველთვის აიძულებენ უკეთ მოიქცნენ, რადგან ასეთი და ასეთი მშობლები ჰყავთ, ანუ უათმაგებენ სინდისის ქენჯნას ჩადენილი მავნებლობების გამო, ან პირიქით, პატიობენ ყველაფერს, როცა სხვას არაფერს აპატიებდნენ. ორივე შემთხვევაში უსამართლობაა ეს და ორივე შემთხვევა გამანადგურებელია ბავშვისთვის.
-ჩემი აზრით, თქვენ ვერ იქნებოდით სტანდარტული მოსწავლე. რამდენად არის ქართული სკოლა მოსწავლისთვის შემოქმედებითად განვითარების ასპარეზი?
-მე გამოუსწორებელი ოროსნის სახელი მერქვა. არადა ვფიქრობ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. მახსოვს ფიზიკა-მათემატიკა-ქიმიის მასწავლებლები, როგორ ჩაიქნევდნენ ჩემზე ხელს – “ეს ხელოვნებაში მიდისო’’ – წერტილი. ეს იყო დიაგნოზი. არადა ყველა ბავშვი უნიკალურია და უნიკალური მიდგომა სჭირდება, გასაგებია, რომ ეს რთულია, მაგრამ ვინ უთხრა ამ ხალხს, რომ მასწავლებლის პროფესია ადვილი იქნებოდა? მეჩვენება, რომ სკოლა იშვიათად ზრუნავს მოწაფის ინდივიდუალობაზე, კლასში მერხთან ყველა ერთია, ეს მწყობრი თრგუნავს შემოქმედებით აზროვნებას. ნორმალურ შემთხვევაში მასწავლებელმა, პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს თავისი გზის პოვნაში, მიესალმოს მის არჩევანს და არა შეტენოს თავისი საგანი 45 წუთში და არ წავიდეს. ამიტომაა, რომ თითქმის ყველა, შემოქმედებითად მოაზროვნე ბავშვი ცუდად სწავლობს, ისინი სკოლის უარყოფის გზას ირჩევენ, რადგან მათი შემოქმედებითი იმპულსი უფრო ძლიერია, ვიდრე მასწავლებლის სიმკაცრე. მათ ამ გზით უწევთ სვლა, რადგან მათ ინდივიდუალურ ინტერესებს არავინ მიესალმება. ამქვეყნად არარსებობს რაღაც, რაც მეორე რაღაცასთან კავშირში არაა, ამიტომ ყველა საგანი შეიძლება მოარგო მოწაფის იმ ინტერესს, რომელიც მისთვის უმთავრესია. ასევე ვფიქრობ, რომ ბავშვებს სულ უფრო ცოტა სივრცე რჩებათ წარმოსახვის განვითარებისთვის. სკოლამ ამ მხრივაც უნდა შეუწყოს ხელი. მათი თამაშები უკვე მთლიანად კომპიუტერულია – მათ არაფრის შეთხზვა, მოფიქრება, აღარ უწევთ – ყველაფერი მზადაა, ყველაფერი ილუსტრირებულია, ყველაფერი ჩანს. წარმოსახვისთვის ადგილი თითქოს აღარ რჩება, მაგრამ შემოქმედებითი იმპულსი მაინც იპოვის თავის გამაღიზიანებელს. ამაში საგანგაშო არაფერია – ახალი დრო ახალ ხელოვნებას შემოგვთავაზებს, რადგან შთაგონების წყაროები ექნება ახალი. და, რაც მთავარია, სკოლამ ცოცხალი, ჯანმრთელი და თავისუფალი ურთიერთობის სივრცე უნდა შექმნას, სადაც ყველა პატივს სცემს სხვის აზრს, თუნდაც ის მთლიანად ეწინააღმდეგებოდეს სხვათა შეხედულებებს.
-ხშირად ამბობენ, თუ შემოქმედს არ აქვს სათქმელი, შემოქმედის გზა არ უნდა აირჩიოსო. რა არის თქვენი სათქმელი და რამდენად ადეკვატურად იღებს მაყურებელი თქვენს ნათქვამს?
-ნამდვილი არტისტი ასევე აქტივისტია. აქტივისტი, რომელიც თავის ხელოვნებას იყენებს როგორც ტრიბუნას მანიფესტისთვის და ეს მანიფესტი არის კონკრეტული, მკაცრი და უშიშარი. უშიშარი, ანუ თავისუფალი. არტისტი ამოწმებს დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების ხარისხს თავის საზოგადოებაში. კონკრეტული საზოგადოების ხელოვნების ნახვით, ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ ამ საზოგადოების თავისუფლების ხარისხი. არტისტი არის თავისუფალი ადამიანი, ხელოვნება – თავისუფალი ადამიანის ხმა. ხელოვანი, რომელიც პოლიტიკური ტრიბუნიდან მიმართავს ხალხს არ არის ხელოვანი, რადგან ვერ მიმხვდარა რა არის ხელოვნება და რა შეუძლია მას. ხელოვანთა მასობრივი მიგრაცია პოლიტიკაში მნიშვნელოვანი სიმპტომია ჩვენი ხელოვნების სრული არარელევანტურობის. დღევანდელი ქართული ხელოვნება არ არის საჭირო, რადგან ის აქტიურად გველაპარაკება არაფერზე.
-თქვენ გაფასებენ, როგორც თამამ და სტერეოტიპებისგან თავისუფალ რეჟისორს. ქართულ თეატრალურ სივრცეში და, ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში, რამდენად ადვილია სტერეოტიპების ნგრევა.

– მე არ ვანგრევ სტერეოტიპებს, მე მათ ხაზს ვუსვამ. სტერეოტიპს იქამდე ვაზვიადებ, სანამ გულისამრევი არ ხდება. ჩვენი ამოცანა არაა მაყურებლისთვის სტერეოტიპის დანგრევა, ჩვენი ამოცანაა ისინი დავანახოთ და – წარმატების შემთხვევაში – შევაძულოთ. ამ მხრივ ყველაზე ცხადი მაგალითი ჩემი სპექტაკლებიდან “ფრეკენჟული” იქნება, სადაც ლამის გენდერული სტერეოტიპების კარნავალი მოვაწყვეთ. მაგრამ, თუ თქვენ თეატრალურ სტერეოტიპებზე, ანუ ერთგვარ კლიშეებზე მეკითხებით, მაშინ ნამდვილად მათი უმრავლესობა უნდა მოვიშოროთ, რადგან ისინი სინამდვილეს კლავენ. სტერეოტიპის მთავარი დამანგრეველი ჩვენს უმკაცრესად განსაზღვრულ სცენურ სტრუქტურაში სიცოცხლის, ანუ ქაოსის შემოჭრაა. ეს რთული პროცესია და ამას ძალიან ბევრი მუშაობა და ფიქრი სჭირდება. მსახიობებს აქვთ თავიანთი იმიჯი, რომელიც სცენაზე უნდა დაინგრეს. ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ მომენტი, როცა მათი იმიჯიდან ნამდვილი ადამიანი ამოხეთქავს ხოლმე ეს თეატრალური სანახაობის უმნიშვნელოვანესი მომენტია.
-თქვენ მოგენიჭათ პრემია „დუდუჯი”, როგორ შეაფასებდით ამ ჯილდოს?
-პრემია “დურუჯი” “ტროელი ქალებისთვის”გადმომცეს. ეს არის დოკუმენტური სპექტაკლი, რომელიც სამეფო უბნის თეატრში გავაკეთეთ შარშან და ომგამოვლილ ქალთა ზეპირ ისტორიებზე ავაგეთ. საოცრად ემოციური პროცესი გავიარეთ, რადგან ზოგიერთ ქალს პირადად შევხვდით და ის, რომ მათ თავისი ისტორიის უმძიმესი ფურცლები გაგვანდეს ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს ფაქტი ასევე ადასტურებს იმას, რამდენად დიდია ამ ქალების სურვილი, რომ ვინმემ გაიგოს მათი ხმა, მათი ძახილი მშვიდობისკენ. იმდენი გაკვეთილის გამოტანა შეგვიძლია მათი თითოეული ამბიდან, რამდენიც მათ აქვთ მოსაყოლი. ეს სრულიად დავიწყებული ხალხია, რომლებსაც არავინ უსმენს და რომლებშიც მშიდობის უდიდესი რესურსი არსებობს. მათი თითოეული ამბავი მოგვითხრობს ომის საშინელებაზე, მაგრამ არცერთი არ მოგვითხრობს შურისძიებაზე. ამ სპექტაკლის პრემიით აღნიშვნა მიხარია იმ შემთხვევაში, თუ ამით მეტი ყურადღება მიექცევა ამ ისტორიებს.
-თქვენი ბოლოს სპექტაკლის სახელწოდებაა – „ტკივილი არის ახალგაზრდობა”. რატომ არის ეს თემა თქვენთვის აქტუალური და, ზოგადად, რა ტკივილი ახლავს ახალგაზრდობას.
– ჩემთვის მნიშვნელოვანია სათაურის კონსტრუქცია – ის არ ამბობს, რომ ტკივილი ახლავს ახალგაზრდობას, ან რომ ახალგაზრდობის პერიოდი არის მტკივნეული – სათაური გვეუბნება, რომ თვითონ ტკივილი არის, სხვა არაფერი, ახალგაზრდობის გარდა. ახალგაზრდობა საფრთხის კერაა, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, ახალგაზრდობას უნდა გადაურჩე. ეს დიდი არჩევანის პერიოდია, ეს არჩევანი განაპირობებს შენს მომავალ ცხოვრებას – შეცდომა დაუშვებელია. რამდენიმე მიზეზის გამო საჭიროდ მივიჩნიე ამ პიესის დადგმა, მაგრამ ერთი, რამაც ყველაზე მეტად მაცდუნა, იყო საოცრად აღწერილი პერსონაჟები. ქართული თეატრისთვის უცნობი, მეტად ახალი სახეები, სახეები, რომლებიც აქამდე სცენაზე არ მინახავს. პერსონაჟები, რომლებიც ცდილობენ იგრძნონ, რომ ცოცხლები არიან, ტკივილის გზით მიაღწიონ აბსოლუტურ სიფხიზლეს და, როგორც მეცნიერებმა, ადამიანებს შორის ურთიერთობა იკვლიონ. ისინი ექიმები არიან, რომლებიც ვეღარ ხვდები ან რისთვისაა საჭირო ეს პროფესია. ზოგი იფიქრებს, რომ მათი სევდა ტოტალური უიმედობის ბრალია, მე კი ვფიქრობ, რომ მათი ნამდვილი დრამა არის ველური სწრაფვა ბედნიერებისკენ.
-დაბოლოს, რას ეტყვით ახალგაზრდებს, განსაკუთრებით მოსწავლეებს და რას ურჩევდით მასწავლებლებს?
-მოსწავლეებს იმასვე ვურჩევდი, რასაც ვურჩევდი ყველას – მიიღონ ერთმანეთი მთელი თავისი სიმდიდრით, ერთმანეთში აღმოაჩინონ, დააფასონ და შეუყვარდეთ არა მსგავსებები, არამედ განსხვავები, რადგან იმდენად ვართ საინტერესოები, რამდენადაც არ ვგავართ ერთმანეთს. მასწავლებლებსაც იმავეს ვურჩევდი მოსწავლეების მიმართ, მათ უნდა გაზარდონ თავისუფალი, ძლიერი მოქალაქეები, რომლებსაც უშიშრად შეუძლიათ თავიანთი აზრის დაფიქსირება და დაცვა… ინტერვიუ კი არა ქადაგება გამოვიდა, მგონი!
ესაუბრა თამარ კაციტაძე

კომენტარები

comments