ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ემოციათა შორის აღმატებული

ფრენა უგვირგვინოდ

ბავშვობიდან გული მქონდა შევარდნილი სპორტზე. არცთუ ურიგოდ ვთამაშობდი კალათბურთს, ფეხბურთი და რაგბიც ბევრჯერ მითამაშია ჩემს კლასელ ბიჭებთან ერთად, ხელბურთში, კარში ვიდექი „კარგი რეაქციებით“ და, მშობლებს უარი რომ არ ეთქვათ, ალბათ ჭიდაობაზეც შევიდოდი. აი, ფრენბურთით კი უფრო სერიოზულად ვიყავი გატაცებული. ვთამაშობდი სკოლისა და რაიონის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებში და უფრო დიდ მომავალზეც ვოცნებობდი. დღემდე არც მოგებული და წაგებული მატჩები დამვიწყებია და არც სათადარიგო სკამზე ჯდომისას თუ მოედანზე თამაშისას განცდილი ემოციები. თუმცა ჩემი სპორტული ცხოვრებიდან ერთი რამდენიმეწამიანი კადრი მაინც ყველაზე უკეთ დამამახსოვრდა: რაიონის პირველობაზე მეზობელი სოფლის ძლიერ გუნდს ვხვდებოდით. სუსტი გუნდი არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ არ წაგვივიდა თამაში. თანაგუნდელების გასამხნევებლად რაღაც გმირობის მაგვარი საქციელის ჩადენა იყო საჭირო, რისი შესაძლებლობაც მალე მომეცა. ის იყო მოწინააღმდეგის გუნდს კიდევ ერთი ქულა უნდა აეღო ბადესთან „ჩაპარებული“ ბურთით, რომ, არ ვიცი, როგორ მოვახერხე ამის გაკეთება, მესამე უკანა ხაზიდან, ახლაც შემიძლია დავიფიცო, ნამდვილად „ვიფრინე“ და მოედანზე გაწოლილმა ჩვენს ნახევრზე დაშვებული თითქმის „უიმედო“ ბურთი ხელის მსუბუქი მოსმით ისევ მაღლა ავაგდე. ორი მალაყის შემდეგ კი ფეხზე წამოვდექი და ამაყად გავადევნე თვალი, ჩემმა თანაგუნდელმა და კლასელმა, ეთო კილასონიამ, თავისი „მწარე“ ცაციათი, როგორ ტყვიასავით ჩაუხალა ის ფეხებში ბადესთან „ბლოკზე“ ამხტარ მეტოქე გუნდის კაპიტანს. ჩემი თავგანწირვა გოგოებისთვის მართლაც მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. ის მატჩი, როგორც სპორტული კომენტატორები ამბობენ, „დამაჯერებელად“ მოვიგეთ.

გამარჯვების გამო არც ზეთისხილის, არც ფიჭვის და არც დაფნის გვირგვინი არავის დაუდგამს ჩემთვის თავზე, მაგრამ ამდენი წელი გავიდა და მსგავსი სიხარული თითქმის არაფერს მოუნიჭებია. საერთოდაც, მგონია, რომ ნებისმერი სპორტული შეჯიბრისგან მიღებული ემოცია – მონაწილე ხარ თუ გულშემატკივრი – ერთ-ერთი ყველაზე აღმატებულია ამა თუ იმ მოვლენით გამოწვეულ სხვა დადებით ემოციებს შორის.

თუმცა,  შესაძლოა, არც ემოციებზე დავობენ!..

მოთამაშე და გულშემატკივარი

სპორტისადმი ჩემი სიყვარული, ალბათ ჩემივე სოფლის ეზოდან დაიწყო. უფრო სწორად, ეზოში დღემდე მყარად მდგარი რკინის ძელიდან, რომელზეც მამაჩემი დილაობით ვარჯიშობდა და რამდენიმე წუთი მე და ჩემს დასაც ჩამოგვაკონწიალებდა ხოლმე. შემდეგ იყო ასკინკილა, ტუხტის ბუჩქების კენწვლა,  წითელი ჰულაჰოპი, რომლის ტრიალშიც ისე დავხელოვნდი, რომ ქვედაბოლოსავით მოვირგე წელზე და აღარ მვარდებოდა, რეზინობანა, ჩვენს მეორე სოფლის სახლამდე დილა-საღამოს თითქმის 2-2 კილომეტრის ფეხით გავლა… და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ – ფრენბურთით გატაცება, რაშიც, ჩემს მონდომებასთან და სპორტის სიყვარულთან ერთად, დიდი როლი ითამაშა ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა და სკოლის ფრენბურთელთა გუნდის მწვრთნელმა, არნე ხატიაშვილმა.

გულშემატკივარობით კი ყველაზე მონდომებით ჩვენს ქართველ ფეხბურთელებს და კალათბურელებს ვგულშემატკივრობდი. მიზეზი რამდენიმე იყო: ჯერ ერთი, მაშინ ყველაზე ხშირად სწორედ ამ სახეობების ნახვა შეგეძლო ტელევიზიით (და, ალბათ, ზამთრის სახობებიდან – ფიგურული სრიალის, „მოსკოვზე“); მეორეც, ნამდვილი დღესასწაული იყო,  არცთუ იშვიათად, მსოფლიო დონის ქართველი სპორტსმენების ლამაზი თამაშის ყურება; და მესამე,  გუნდებში იმედის მომცემი და სიმპათიური ახალგაზრდა  სპორტსმენების ყოფნა უმნიშვნელო ფაქტორი როდი იყო იმისთვის, რომ სპორტის მოყვარულ მოწიფულ გოგოს ხან  სიხარულის  და ხანაც მწუხარების ცრემლებით მეგულშემატკივრა (და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მსგავსი დამოკიდებულება უამრავ ჩემხელა გოგოს ჰქონდა) მათთთვის. ფავორიტებიც ორივე სახეობაში მყავდა: ფეხბურთელთა თბილისის „დინამოში“ – ჩემზე ოთხი წლით უფროსი გელა კეტაშვილი, ხოლო კალთბურთელთა თბილისის „დინამოში“ – შეუდარებელი გელა დარსაძე.

გელა კეტაშვილი და გამოტოვებული პენალტები

1985 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საბჭოთა კავშირში ჩატარდა. საბჭოთა ნაკრები, რომლის შემადგენლობაში გელა კეტაშვილიც თამაშობდა, ოქროს მედლების ერთ-ერთ-რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ნახევარფინალში „ჩვენს“ ნაკრებს არ გაუმართლა და მესამე ადგილისთვის მოუხდა ბრძოლა ნიგერიელებთან. აქ კი შეხვედრა უგოლო ფრეთი დამთავრდა და დაინიშნა პენალტები.

ყველა გულშემატკივარმა იცის, რამხელა ემოციებთან არის დაკავშირებული ფეხბურთში ჯერ თავად მატჩის და, დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ კი – პენალტების ყურება. დაიწყო პენალტებიც და ლამის ტელევიზორში მჯდომი მე და ჩემი და ერთმანეთს ვაწყნარებთ. ხან ერთი ვიფარებთ პანალტის დროს თვალებზე ხელს და კანკალით ვკითხულობთ შედეგს და ხან მეორე. თუმცა შეძახილებითაც მშვენივრად ვხვდებით გატანილ და „გაფუჭებულ“  ბურთებს. ოთახის კარი დაკეტილი გვაქვს, ჩვენი წივილ-კივილი ცას სწვდება და არავინ და არაფერი გვახსოვს ფეხბურთის გარდა. უცებ ოთახში შიშისგან ფერდაკარგული მამაჩემი შემოვარდა, რომელიც ამ დროს ბაღში მუშაობდა (ფეხბურთი მისი სუსტი წერტილი არასოდეს ყოფილა). ჩვენი კივილის ხმა რომ გაუგონია, ჰგონებია, გოგოებს რაღაც საშინელება დაემართათო. ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უსასტიკესად დავისაჯეთ ჩვენი სპორტული ემოციების გამო: მამამ ტელევიზორი გამოგვირთო და ეზოში გამოგვაბრძანა. ასე გამოვტოვეთ დარჩენილი პენალტები და სამწუხრო შედეგიც მეორე დღესღა  გავიგეთ მეზობელი ბიჭებისგან. მაშინდელი დამარცხებით ნატკენი გული რამდენიმე წელიწადში, 1988 წელს მოვირჩინე,  როცა საბჭოთა კავშირის ოლიმპიურმა ნაკრებმა გელა კეტაშვილთან ერთად, სეულის ოლიმპიური თამაშების ფინალურ მატჩში ბრაზილიიის ნაკრები დაამარცხა, რის შემდეგაც გელა პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ფეხბურთში.

კალათბურთის დენდი გელა დარსაძე

რაც შეეხება გელა დარსაძეს, მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი მოედანზე მის დინჯი, გაწონასწორებული სათამაშო „ხელწერით“. თითქოს ახლაც ვხედავ, მოედნის შუაგულიდან როგორ იწყებს ბურთის გათამაშებას, თვალს ვაყოლებ მისი ხელების რბილ მოძრაობას და თანაგუნდელებისთვის  აზრიანად, კომფორტულად მიწოდებულ  ბურთს. დღეს გელას მიმართ ორგვარი განცდა მაქვს: ერთი – მადლიერების, იმ ჩემი გულწრფელი, ყმაწვილური სიხარულის გამო, რომელსაც ის  თავისი „დენდური“ თამაშით მანიჭებდა (და ჩემ გარდა, კიდევ რამდენ ათას ქართველ გულშემატკივარს); და  მეორე – ტკივილისა, რომელიც ახლობელი ადამიანის ამქვეყნიდან წასვლისას გიჩნდება. გელა დარსაძის გარდაცვალების შემდეგ ერთი სპორტული ჟურნალისტი, რომლის სახელი და გვარიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს, წერდა: ქართული კალათბურთის ისტორიაში გელა დარსაძის ადგილს ვერავინ დაიკავებს. ჩვენ მასზე სახელოვანი კალათბურთელებიც გვყოლია, მაგრამ თბილისის „დინამოში“ მეტეორივთ შემოჭრილი გელა დარსაძე მაინც განსაკუთრებული კალათბურთელი იყოო,  რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. ხოლო ის ფაქტი, რომ დღეს კალათბურთში გელა დარსაძის სახელობის ტურნირი არსებობს, უკვე ნიშნავს ამ არაჩვეულებრივი სპორტსმენის სიცოცხლის გაგრძელებას, რაც უზომოდ მახარებს.

უცნაური დამთხვევა და მესამე გელა

უკან დარჩა წლევანდელი ივნისის თვეში თბილისში ჩატარებული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში. გამიმართლა და, ჩემი მეგობრის, მწერლისა და ამ არაჩვეულებრივი ბიჭების ერთ-ერთი მწვრთნელის, ლადო კილასონიას წყლობით, რომელმაც მატჩებზე დასასწრები ბილეთები და უზარმაზარი ემოციები გვაჩუქა ახლობლებს, არგენტინასთან და სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებულ მატჩებს ავჭალის სტდიონზე ვუყურე. დანარჩენი სამის ყურებაც  შემეძლო სტადიონზე, მაგრამ სახლში დავრჩი და ტელევიზორთან ჯდომა გადავწყვიტე სწორედ გულშემატკივრის ზემოთ ნახსენები იმ მოზღვავებული ემოციების გამო, რომლითაც, შესაძლო იყო, უკვე ზიანიც კი მიმეყენებინა საკუთარი ჯანმრთელობისთვის (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ტელეეკრანის წინ ნაკლებად ვნერვიულობდი).

ჩვენმა ბიჭებმა ამ ჩემპიონატზე, როგორც ვიცი, პროგრამა მინიმუმი შეასრულეს. შესაძლოა, მეტიც შეეძლოთ და ჩვენც ასე გვინდოდა, მაგრამ, მოდით, ნუ განვსჯით მათ დაშვებული შეცდომებისთვის, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ არც თავი დაუზოგავთ და, თანაც,  ისეთი ქვეყნების გუნდებს ეთამაშებოდნენ – არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ისევ არგენტინა და ირლანდია – რომელთაც, როგორც ამბობენ, სისხლში აქვთ გამჯდარი სპორტის ეს სახეობა (ნეტავ ფეხბურთშიც ასე გვქონდეს საქმე!).

არ დაიჯერებთ ამ უცნაურ და უნებლიე დამთხვევას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაშიც, ისევ გელა – ჩემი აზრით, მთელ ჩემპიონატზე უკონკურენტო მე-9 ნომერი -გელა აფრასიძე გახდა ჩემი ფავორიტი. ამჯერად უკვე რაგბისტი ბიჭი, რომელიც სულ რამდენიმე წელია გამოჩნდა ქართულ რაგბში და უკვე მოახერხა, უამრავი ქართველი და უცხოელი  გულშემტკივარი მოენუსხა თავისი გამორჩეული თამაშით. ყველაზე შთამბეჭდავი კი ამ ჩემპიონატზე ირლანდიასთან  დადებული მისი შოკისმომგვრელი, ულამაზესი და უსწრაფესი ლელო იყო. თუმცა უფრო დიდი სიხარული, პირადად მე, თურმე წინ მელოდა:

მატჩის მეორე დღეს ვურეკავ ლადო კილასონიას და ტელეფონზე ჩემს შთაბეჭდილებებს ვუზიარებ. უფრო სოწრად, ტყვიასავით ვაყრი ემოციებს. ყველაზე ბევრს, ცხადია, გელა აფრასიძეზე ვლაპარაკობ. მოულოდნელად, ლადო სიცილით მაჩერებს და მეუბნება: გელა ახლა აქ არის, ჩემს გვერდით, დაგალაპარაკებ და მას უთხარი, რისი თქმაც გინდაო. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა: ისევ იმ პატარა 15-16 წლის გოგოდ ვიქეცი, რომელიც წლების წინ  გელა კეტაშვილს და გელა დარსაძეს  გულშემატკივრობდა;  თითქოს მაშინდელი ოცნებები, ოდესმე „ცოცხლად“ მენახა ჩემი საყვარელი სპორტსმენები (თუმცა, გელა დარსაძის თამაშს ერთხელ ვუყურე სპორტის სასახლეში), გელა აფრასიძემ ერთად ამიხდინა, თითქოს მასთან ლაპარაკით სამივე გელას ველაპარაკებოდი და ყველას ერთად ვეუბნებოდი მადლობას იმ სიხარულისთვის, იმ უზარმაზარი ემოციებისთვის, რაც თავიანთი თამაშით მომანიჭეს…

აი, ასე, კამარასავით  შეკრა გელა აფრასიძემ უეცრად მთელი ჩემი ცხოვრების „ოცნება და სინამდვილე“. ბოლოს კი, ბარემ ერთ ჩემს გოგოურ თუ ქალაბიჭურ საქციელსაც გავამხელ და   ჩემს სპორტულ ემოციებზე საუბარსაც ამით დავასრულებ: ავჭალის რაგბის სტადიონზე, ვინ იცის,  რამდენი წლის შემდეგ, კვლავ გავიხსენე ოთხი თითით სტვენა. ყვირილისგან ხმა რომ ჩამიწყდებოდა, სასწრაფოდ გადავდიოდი სტვენაზე, და აბა ეს იყო, თუ იყო, მართლაც  შეუდარებელი ემოცია, ემოციათა შორის აღმატებული!..

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი