პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ბავშვთა სისასტიკე

ჯენიმ (დაწყებითი კლასების მასწავლებელმა) და დენიმ (ექიმმა) სამანტა ორი წლის ასაკში იშვილეს. მათ უკვე ჰყავდათ სამი შვილი. სამანტას შვილად აყვანის მერე კი კიდევ ორი  გაუჩნდათ. სამანტა უცნაური ბავშვი იყო. ის აგრესიულად ითხოვდა მშობლების ყურადღებას. თავიდან მიმღებმა მშობლებმა ეს ბავშვის კაპრიზად ჩათვალეს და ყურადღება არ მიაქციეს.

 

ბიოლოგიურ დედას სამანტაზე უარის თქმა მოუწია, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მან ყველაფერი დაკარგა: სამსახური, სახლი და მატერიალურად ვეღარ შეძლო ოთხი შვილის უზრუნველყოფა. სამანტას არასოდეს ექცეოდნენ ცუდად, მასზე არავის უძალადია. ბავშვის ფიზიკური განვითარება შეფერხების გარეშე მიმდინარეობდა.

 

მაგრამ სამანტას უჩვეულო სისასტიკემ თავი მცირე ასაკიდანვე იჩინა. წლინახევრისა აგრესიულად ექცეოდა თანაბაღელებს. ცოტა რომ წამოიზარდა, თავის და-ძმას დაუწყო სასტიკი ცემა. ვინმეს თუ ატირებდა, სიამოვნებისგან ეცინებოდა. ერთხელ მიმღებმა დედამ სამანტას შენიშვნა მისცა. საპასუხოდ ბავშვმა ქალის ლინზები საპირფარეშოში ჩარეცხა. ის არ მოქცეულა იმპულსურად, ბავშვმა ეს დაგეგმილად გააკეთა.

 

ჯენიმ და დენიმ რჩევისათვის ცნობილ ფსიქიატრს მიმართეს, რადგან სამანტა დღითიდღე მძიმდებოდა და უფრო სასტიკი ხდებოდა. ექვსი წლის ასაკში სამჯერ იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ზოგი ფსიქოლოგი ამბობდა, რომ სისასტიკე ასაკთან ერთად გადაუვლიდა, ზოგიც მიიჩნევდა, რომ ბავშვი იმპულსური იყო და თერაპია სჭიდებოდა, ზოგიც ირწმუნებოდა, რომ ის მშობლების სიყვარულის დეფიციტს განიცდიდა და მისი აგრესიული ქცევის მთავარი მიზეზი ეს იყო.

 

შვიდი წლის ასაკში, როდესაც ჯენის ბავშვები მანქანით სახლში მიჰყავდა, უკანა სავარძლიდან ბავშვის ხროტინი მოესმა. სამანტა უმცროსი დის მოგუდვას ცდილობდა. შოკირებულმა დედამ შვილები ერთმანეთს დააცილა, სახლში კი სამანტასთან გასაუბრება  გადაწყვიტა. მკაცრ კითხვაზე, თუ რას აკეთებდა ის მანქანაში, სამანტამ მიუგო, რომ დის დახრჩობას ცდილობდა. როდესაც ჰკითხეს, ესმოდა თუ არა, რომ ბავშვს მოკლავდა, სამანტამ მიუგო: „მე მხოლოდ მისი კი არა, ყველას მოკვლა მინდა!“

 

მოგვიანებით, სამანტამ მშობლებს რვეულში ჩახატული ცივი იარაღი აჩვენა და ამ იარაღით სათამაშოები „დახვრიტა“. მშობლები გრძნობდნენ, რომ სიტუაცია აღარ კონტროლდებოდა.  ოთხი თვის შემდეგ სამანტამ უმცროსი ძმის მოგუდვაც სცადა.

 

მიმღები ოჯახი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ სამანტას ვერაფერი შველიდა, ვერც თერაპია, ვერც სიმკაცრე. ისინი ამ თემაზე ბევრ ლიტერატურას კითხულობდნენ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, სპეციალისტებმა სამანტას დიაგნოზი დაუსვეს: „ქცევითი აშლილობა უგულობისა და უემოციობის ნიშნებით“, სხვა სიტყვებით – ფსიქოპათია, რომლისგანაც პრაქტიკულად არ იკურნებიან.

 

ბავშვთა ფსიქოპათიის ნიშნებია: ემპათიის ნაკლებობა, ძლიერი ემოციების არქონა, აგრესიულობა, ულმობლობა, გულგრილობა დასჯის მიმართ. უემოციო ბავშვები იოლად იმეტებენ სხვებს. ასეთი ბავშვი თუ მზრუნველობას გამოხატავს, ეს მხოლოდ მანიპულირებისთვის, სათავისოდ სჭირდება.

 

ბავშვის სისასტიკე შეიძლება იყოს არა მხოლოდ ოჯახში არსებული პრობლემების ან თანატოლთა ცუდი გავლენის გამოძახილი, არამედ ფსიქიკური აშლილობის ნიშანი. ფსიქოპათია ერთგვარი საზღვარია ფსიქიკურ დაავადებასა და ადამიანის ხასიათს შორის. ტერმინი „ფსიქოპათია“ გავრცელებულია, მაგრამ მას ნაკლებად იყენებდნენ სამედიცინო დოკუმენტებში, როგორც ნეგატიურ განსაზღვრებას.

 

მსგავსი ფსიქიკური აშლილობები ბავშვებში იშვიათია – დაახლოებით 1% (ასეთივე სიხშირით გვხვდება აუტიზმის სინდრომი და ბიპოლარული აშლილობა). მასზე ნაკლებად საუბრობენ. თუმცა ის ფსიქიკურ აშლილობათა DSM-5 ამერიკულ კლასიფიკაციაში, როგორც „ქცევითი აშლილობა უგულობისა და უემოციობის ნიშნებით“, 2013 წელს იქნა შეტანილი. არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი ფსიქოპათია.

 

ბავშვის სისასტიკის მიზეზი ზოგჯერ ოჯახში ძალადობაა, სიღარიბე, არასამაგალითო მეგობრები, მაგრამ ფსიქოპათი ბავშვი სისასტიკესა და აგრესიულობას მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაშიც იჩენს.

 

მშობლები და მასწავლებლები უნდა დააკვირდნენ ბავშვებს. მართალია, სისასტიკე ყოველთვის არ უტოლდება ფსიქოპათიას, მაგრამ თუ ეს მცირე ასაკიდან გრძელდება, ყურადღება უნდა მიექცეს.

 

გამოცდილ სპეციალისტებს ამ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დასმა 3-4 წლის ასაკის ბავშვებში შეუძლიათ. ნორმალურად განვითარებადი ბავშვები ამ ასაკში ემოციებს მრავალნაირად გამოხატავენ. მაგალითად, თუ ვინმე ტირის, თანაუგრძნობენ. უემოციო ბავშვები კი არანაირ რეაქციას არ იჩენენ. ისინი მიდიან რისკზე, აქვთ უშიშრობის განცდა, მათზე არ მოქმედებს დასჯა, არიან ეგოისტურები და თუ რამეს აკეთებენ, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. ასაკთან ერთად ემატებათ სისასტიკე. 8-10 წლის ასაკში ბავშვი თუ ისევ უმიზეზოდ სასტიკია, სპეციალისტთან უნდა მივიყვანოთ.

 

ფსიქოპათები, რომლებსაც დანაშაულისთვის სასჯელის მოხდა თავისუფლების აღმკვეთ ადგილებში მოუწიათ, აღიარებენ, რომ ბავშვობაში სასტიკები იყვნენ: თავს ესხმოდნენ  სკოლის მასწავლებლებს, მშობლებს, თანატოლებს, ცხოველებს, არ ჰყავდათ მეგობრები.

 

აშლილობის მქონე ადამიანს თავის ტვინში, ლიმფურ სისტემაში, რომელიც ემოციებზეა პასუხისმგებელი, ნაკლები რუხი ნივთიერება აქვს. მას ესმის, რომ ცუდად იქცევა, მაგრამ ვერაფერს გრძნობს. მას იშვიათად ეშინია და არასოდეს იტანჯება. ფსიქოპათიური ტვინის ერთ-ერთი განსხვავება ის არის, რომ ის მკვეთრად რეაგირებს ყველაფერზე, რაც სიამოვნების მიღებას უკავშირდება (ზრდასრულობაში: სექსი, ნარკოტიკები და სხვ.).

 

ერთ-ერთი კვლევის დროს ბავშვები კომპიუტერზე ათამაშეს. ამ თამაშში ისინი სწრაფად იგებდნენ თანხას, შემდეგ კი ნელ-ნელა ეხარჯებოდათ. ჩვეულებრივმა ბავშვებმა როგორც კი დაინახეს, რომ თანხის დახარჯვა უწევდათ, თამაშიდან გამოსვლა მოისურვეს, მაგრამ ფსიქოპათიის ნიშნების მქონე ბავშვებმა მანამდე ითამაშეს, ვიდრე ბოლომდე არ დახარჯეს დანაზოგი. მათ არ შეეძლოთ გაჩერება. ისინი ვერ სწავლობდნენ საკუთარ შეცდომებზე.

 

…ორწლიანი ინტენსიური სამკურნალო თერაპიის შემდეგ სამანტა რამდენიმე მოზარდს დაუმეგობრდა. თუმცა ახლაც ამბობს, რომ აბეზარი თანაკლასელების დახრჩობის სურვილი  უჩნდება. სამანტა სწავლობს ემოციების მართვას და თვითკონტროლს და იმედოვნებს, რომ რამე გამოუვა.

 

სამწუხაროდ, ბავშვის ქცევითი დარღვევების დროს მშობლები იშვიათად მიმართავენ ფსიქიატრებს. მათ ჰგონიათ, რომ ბავშვის სისასტიკეს რაღაც მიზეზი აქვს, რომ თვითონ არიან დამნაშავეები ბავშვის აღზრდაში. ვიდრე ურემი არ გადაბრუნდება (ქურდობა, ხანძრის მოწყობა, სხვა ადამიანების დაშავება), მშობლები ყველანაირად ამართლებენ შვილებს ან  ეგუებიან მათ სისასტიკეს.

 

ექიმები ვერ მკურნალობენ ფსიქოპათიას. ის ისეთივე სიმპტომატურია, როგორც შიზოფრენია, ანუ ექიმი მხოლოდ დაავადების ცალკეულ გამოვლინებებს მკურნალობს. ბავშვს დამამშვიდებლებს უნიშნავენ, მაგრამ თუ მას არ შეექმნება აღზრდისა და სწავლის ადეკვატური პირობები, ეს დროებითი შეღავათია. ხანგრძლივი და კომპლექსური თერაპიის დროს ასეთი ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია შრომის რეჟიმის დაცვა. ფსიქოთერაპია ფსიქოპათიის კორექციის ძირითად მეთოდად მიიჩნევა.

 

ფსიქოპათია შეიძლება ჰქონდეს მაღალი ინტელექტუალური მონაცემების ბავშვებსა და მოზარდებს, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებსა და ოლიგოფრენებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი