პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მუსიკალური ენის საიდუმლო: მუსიკის პულსი (II)

მუსიკა ბგერების ენაა და მისი მოსმენა უნდა ვისწავლოთ

 

წინა წერილში გესაუბრეთ რიტმში მეტრისა და წილის უმნიშვნელოვანეს როლზე. ვინაიდან თემა რთული და ვრცელია, ვაგრძელებ საკითხის გაშლას.

შეგახსენებთ, რომ მუსიკაში ბგერებს არა მხოლოდ სიმაღლით, არამედ დროში განფენილობით განასხვავებენ. ნაწარმოებში „გრძელი“ და „მოკლე“ (სხვადასხვა გრძლიობების) ბგერების შეხამებას რიტმი ეწოდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ მუსიკაში ბგერებთან ერთად დროის განმსაზღვრელი სიჩუმეცაა, რადგან სიჩუმე-პაუზებიც იკავებენ გარკვეულ დროს. ანუ ნაწარმოებში რიტმს სხვადასხვა გრძლიობის ბგერების მონაცვლეობის გარდა პაუზების მონაცვლეობაც ქმნის.

დროში ორგანიზებული მუსიკალური ბგერები მჭიდრო ურთიერთკავშირშია რიტმთან, მეტრთან, ზომასთან და ტემპთან.

როგორც უკვე აღვნიშნე, მუსიკაში პულსი გულისცემას, საათის წიკწიკს, მეტრონომის თანაზომიერ კაკუნს ჰგავს. ის უწყვეტი და უაქცენტო „დარტყმების“ თანმიმდევრობაა დროის ტოლ მონაკვეთებში. ყოველ ამგვარ „დარტყმას“ კი წილი ეწოდება.

რაც შეეხება მეტრს, ის რიტმის შინაგანი ორგანიზაციაა – მახვილიანი (ძლიერი წილი) და უმახვილო (სუსტი წილი) დარტყმების თანმიმდევრული მონაცვლეობა. მეტრის დადგენაში, როგორც წესი, მახვილები გვეხმარება. მაგალითად, ვალსის რიტმი გადავთვალოთ: ერთი, ორი, სამი. აქ მახვილი აუცილებლად ერთზე, ანუ პირველ თვლაზე მოვა და ამგვარად წილებიც ტაქტებად დაჯგუფდება. მახვილი ხმის სიმაღლეს აღნიშნავს და ტაქტში ძლიერ   წილზე დაისმის.  სანოტო სისტემაზე მახვილს ამგვავარი

  ნიშანი შეესაბამება.

ძლიერი წილიდან სუსტი წილების გავლით მომდევნო ძლიერ წილამდე  ზევით ნახსენები – ტაქტი წარმოიქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუსიკალური ნაწარმოების მონაკვეთს ორ ძლიერ წილს შორის ტაქტი (მეტრული ერთეული) ეწოდება და სანოტო სისტემაში გადამკვეთი ვერტიკალური ხაზით აღინიშნება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყოველი ტაქტი შეიცავს ერთ ძლიერ და ერთ ან რამდენიმე სუსტ დარტყმას. ამგვარად, რიტმი ტაქტების საშუალებითაა ორგანიზებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მუსიკალურ დროს, როგორც განზომილების ერთეულს აქვს ხანგრძლივობა და მეტრულ დროს წარმოადგენს.

მეტრი შეგვიძლია შევადაროთ პროგრამული მართვის მანქანას ან მატრიცას, რომელიც „ბეჭდავს“ სტერეოტიპულ საზომ ერთეულებს და მათ დამოკიდებულებებს შემდეგ ორგანზომილებიანი ხარისხობრივი გრადაციის საფუძველზე (ძლიერი და სუსტი)  „ბლოკებში“ ანუ ტაქტებში აჯგუფებს. ერთი სიტყვით, მეტრი (ძლიერი და სუსტი წილებით) რიტმისთვის საკოორდინაციო ბადეს ქმნის, სადაც რიტმული ფიგურაციები მძივებივით ლაგდება.

 

ახლა გავერკვეთ რიტმი მეტრისგან რით განსხვავდება და რა ურთიერთქმედებაში არიან ერთმანეთთან.

რიტმი, როგორც ბგერებისა და პაუზების ნებისმიერი სახის კომბინაცია, მეტრის თანაბარი პულსაციით არის განპირობებული. როდესაც მუსიკას, უნებლიედ, ხელის (ტაშის) ან ფეხის თანაბარი დარტყმით მივყვებით, ჩვენ მეტრს ვახმოვანებთ და არა რიტმს, ვინაიდან რიტმში სხვადასხვა გრძლიობების ბგერები მონაცვლეობს. მაგალითად, დაკვრისას მეტრის თვლას მეტრონომი ახმოვანებს, ხოლო ჩვენ რიტმს ვუკრავთ. უფრო გასაგებად რომ ითქვას, მეტრონომის დარტყმა გულის ცემას შეგვიძლია შევადაროთ. გულის მონოტონურ ცემასთან ერთად ჩვენ სხვადასხვა ტემპში შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიმღეროთ, დავუკრათ, მიუხედავად იმისა, რომ გულს თავისი რიტმი, ანუ თანაბარი პულსაცია აქვს.

მეტრი სტაბილური და თანაბარია, ხოლო რიტმი – მრავალსახოვანი და ცვალებადი. რიტმს მეტრის გარეშე არსებობა არ შეუძლია, ვინაიდან სწორედ მეტრია რიტმის მაორგანიზებელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უნდა გვახსოვდეს, რომ რიტმი მეტრისგან დამოუკიდებლად, მასთან შეთანხმების გარეშე ვერაფრით იარსებებს. მეტრი ბადის მსგავსია, რომლის უჯრედებზე სხვადასხვა რიტმული მონახაზების „ამოქარგვაა“ შესაძლებელი. რიტმისა და მეტრის ერთიანობას განსაკუთრებით მკაფიოდ მუსიკის თანხლებით მოძრაობისას შევიგრძნობთ.

საბოლოო ჯამში, მეტრის გაგება საკმაოდ აბსტრაქტულია. მუსიკალურ ნაწარმოებებში ის შესაძლოა სრულიადაც არ ვლინდებოდეს და მხოლოდ მუსიკოსის გონებაში არსებობდეს.

 

რიტმსა და მეტრს კიდევ ორი „მეგობარი“ ელემენტი – ტემპი და ზომა ჰყავს. ტემპი მუსიკალური გამომსახველობის ერთ-ერთი საშუალებაა. ის ნაწარმოების მხატვრულ შინაარსთან, მის ემოციურ მხარესთან არის დაკავშირებული. ტემპი მუსიკის მოძრაობის სიჩქარე, მეტრული წილების პულსაციის სიხშირეა. ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები ხომ სხვადასხვა სიჩქარით სრულდება. ის შეიძლება შესრულდეს როგორც ნელა, ისე ჩქარა. ალბათ შეგვიმჩნევია, კომპოზიტორები ტემპის აღმნიშვნელ იტალიურ ტერმინს სანოტო სისტემის დასაწყისში რომ წერენ. მაგალითად, allegro – ჩქარა,  moderato – ზომიერად, andante – აუჩქარებლად და ა.შ. ნაწარმოების ტემპის ზუსტად განსაზღვრაში ტერმინის შესაბამისი დრო გვეხმარება. სწორედ ამ სასურველი სიჩქარის მისაღებად გამოიგონეს მუსიკის ხანგრძლივობის ზუსტი განმსაზღვრელი, გრძლიობების აღმრიცხველი ხელსაწყო – მეტრონომი. ის ნაწარმოებში მოცემული სიხშირის შესაბამის თანაბარ ხმებს (დარტყმებს) გამოსცემს, რითაც შემსრულებლებს ნაწარმოების ზუსტ ტემპზე მიანიშნებს.

რიტმის გრძნობის განსავითარებლად მეტრონომი ანუ „ხმამაღალი საათი“ იდეალური დამხმარე საშუალებაა განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაწარმოების შესწავლისას თვლა გვაბნევს და ხანდახან გვღლის კიდეც. მუსიკოსისთვის რიტმის მკაფიო გრძნობა „სასიცოცხლოდ“ აუცილებელია, ვინაიდან არეული რიტმი ბგერების უაზრო კრებულად აღიქმება და სიამოვნების განცდის ნაცვლად დისკომფორტს გვიქმნის.

სწავლების საწყის ეტაპზე მეტრონომი მოსწავლეში ზუსტი შინაგანი მეტრის შეგრძნებას, თანაბარი პულსაციის განვითარებას უწყობს ხელს. მაგრამ არც ზედმეტი მუშაობა გვარგებს მეტრონომთან. ის მხოლოდ ტრენაჟორია, რომელიც თვითკონტროლისა და ცალკეული ტექნიკური ეპიზოდების დახვეწაში გვეხმარება. ჩვენს შინაგან მეტრონომად ასევე შეგვიძლია ფეხით თანაზომიერად პულსირებაც  მივიჩნიოთ.
ნაწარმოების ხასიათი დიდად დამოკიდებულია ტემპზე. გავიხსენოთ ძირითადი მუსიკალური ტემპები – ნელი, ზომიერი და ჩქარი:

ნელი ტემპები:

Adagio – (ადაჟიო) – ნელა, მშვიდად

Grave – (გრავე) – მძიმედ, მედიდურად

Andante – (ანდანტე) – მშვიდად, აუჩქარებლად

ზომიერი ტემპები:

Moderato (მოდერატო) – ზომიერად

Allegretto (ალეგრეტო) – ზომიერად ჩქარა

Sostenuto (სოსტენუტო) – თავშეკავებით

სწრაფი ტემპები:

Allegro (ალეგრო) – ჩქარა

Vivo (ვივო) – ცოცხლად

Presto (პრესტო) – ძალიან სწრაფად

ძირითადი ტემპების გარდა არსებობს დამატებითი, ხასიათის ზუსტი გადმოცემისთვის შესასრულებელი ტემპები. მაგალითად, maestoso (მაესტოზო) – საზეიმოდ, mesto (მესტო) – მწუხარედ ან scherzoso (სკერცოზო) – ხუმრობით და ა.შ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი