სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

დემოკრატია და აზერბაიჯანი

აღდგომის დღესასწაულზე თურქეთის რესპუბლიკაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი გაიმართა. მოქალაქეთა უმრავლესობამ კონსტიტუციის შეცვლას დაუჭირა მხარი. თურქეთის პრეზიდენტმა თითქმის შეუზღუდავი გავლენა მოიპოვა მინისტრთა კაბინეტზე, პარლამენტზე, სასამართლოზე, არმიაზე, ეროვნულ ბანკსა და მმართველ პარტიაზე. ჩვენს სამეზობლოში „ატლანტიკური ალიანსის“ ერთადერთი წევრი სახელმწიფოც საბოლოოდ ავტორიტარიზმის მორევმა ჩაითრია. საქართველოს მოქალაქეები მეტ-ნაკლებად კარგად იცნობენ რუსეთის ფედერაციის დემოკრატიული განვითარების პროცესის თავისებურებებს. კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე იმპერიაც დაუნდობლად ებრძვის ოპოზიციასა და განსხვავებულ აზრს.

საქართველოში ხშირად ბჭობენ ქვეყნის დიდი მეზობლების ავტორიტარულ მისწრაფებებზე, მაგრამ ყოველთვის თავს არიდებენ სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩამოყალიბებულ რეჟიმებზე მსჯელობას. არადა, ორივე სახელმწიფოში მდგომარეობა არასახარბიელოა. ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, საქართველოს სამეზობლოს შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ვიცოდეთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე დღევანდელი აზერბაიჯანის პოლიტიკური ცხოვრებიდან რამდენიმე საგულისხმო დეტალი შეგახსენოთ.

აზერბაიჯანის პოლიტიკური განვითარების გზას ყველაზე უკეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის გადაგვარების პროცესი აღწერს.

1995 წლის კონსტიტუციის საფუძველზე აზერბაიჯანი ტიპურ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანი საპრეზიდენტო მმართველობის რეჟიმად გამოცხადდა. პრეზიდენტის პარტიამ საპარლამენტო მანდატების უმრავლესობის მოპოვება მოახერხა. მმართველი პარტიის გარდა, არსებობდნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც. თავდაპირველად,  ვერავინ იფიქრებდა, რომ აზერბაიჯანი ერთი დინასტიის მიერ მართულ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა.

ხელისუფლების მემკვიდრეობით გადაცემის ტრადიციას საფუძველი 2002 წელს ჩაეყარა. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციების შესრულება პრემიერ-მინისტრს დაევალა. მძიმედ სნეულმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მთავრობის თავმჯდომარედ საკუთარი ვაჟი დაასახელა. 2009 წლის რეფერენდუმზე აზერბაიჯანელმა ხალხმა ერთი პირის პრეზიდენტად არჩევა ორზე მეტი ვადით გახადა შესაძლებელი. ილჰამ ალიევს მესამეჯერ მიეცა კენჭისყრის საშუალება. 2016 წლისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლება არჩევნების პერიოდულობითა და კენჭისყრის პროცედურების სიხშირით შეწუხდა. უკანასკნელი პლებისციტით პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ 2017 წელს პრეზიდენტმა ალიევმა მისი მეუღლე და ტანვარჯიშის ფედერაციის თავმჯდომარე, დეპუტატი მეჰრიბან ალიევა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.

ცხადია, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდაქმნის პროცესს თან ახლდა პარლამენტის მნიშვნელობის შემცირება და საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური მრავალფეროვნების გაქრობა. დღეს აზერბაიჯანის მეჯლისში მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და, ე.წ. „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მუშაობენ.

საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელები დინასტიურ საპრეზიდენტო ავტორიტარიზმს ეკონომიკური კეთილდღეობისა და მაღალი შემოსავლების გამო არ უპირისპირდებიან. ჩვენს ქვეყანაში ბევრი მითი არსებობს რიგით აზერბაიჯანელთა სიმდიდრის შესახებ. მაშინ, როდესაც პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის საერთო შვილების სიმდიდრეს  „პანამის დოკუმენტებში“(საიდუმლო მასალები არალეგალურად მოპოვებული და უკონტროლო ზონებში დარეგისტრირებული მრავალმილიონიანი საბანკო რეზერვების შესახებ) პოულობენ, რიგითი მოქალაქეები სიღარიბეში აგრძელებენ ცხოვრებას. უკანასკნელ პერიოდში აზერბაიჯანული მანათი დოლართან  მიმართებით 130%-ზე მეტით გაუფასურდა, იზრდება ინფლაციისა და სახელმწიფო ვალის მაჩვენებლები. ბაქოში მოგზაურობისას აუცილებლად შეამჩნევთ გზის პირას აღმართულ კედლებს, რომლებიც ღარიბ უბნებს ფეშენებელური კვარტლებისგან მიჯნავენ. გაზისა და ნავთობის ინდუსტრიის მოგებით ძირითადად მხოლოდ საპრეზიდენტო საგვარეულოსთან დაკავშირებული პირები ხეირობენ. ხელისუფლება საყოველთაო სიღარიბის დაფარვასა და წარმატებული ქვეყნის იმიჯის შემქნას „ევროპის ოლიმპიური თამაშებითა“ და „ფორმულა ერთის“ კავკასიური ტურის ორგანიზებით ცდილობს.

აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგობას ხელისუფლება დაუნდობელი რეპრესიებით პასუხობს ხოლმე. პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულირება, არაადეკვატური სასჯელი, პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა აზერბაიჯანში ჩვეულებრივ მოვლენებად განიხილება. ადამიანის უფლებების დამცველი ევროპული ორგანიზაციები პერიოდულად აქვეყნებენ ხოლმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის მთავრობის მიერ შევიწროვებულ პოლიტიკურ პატიმართა სიას. ევროპელები პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ასობით პირს ხუთ სიმრავლედ აჯგუფებენ. რეპრესირებულთა შორის მრავლად არიან ჟურნალისტები და ბლოგერები, თავისუფალი რეპორტიორები. საქართველოს სამხრეთით ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული ნებისმიერი მოსაზრების გახმაურება სამშობლოს ღალატად და ხელისუფლებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობად მიიჩნევა. ხატიჯა ისმაილოვას, რადიო „თავისუფლების“ უსამართლოდ დასჯილ თანამშრომელს მთელი მსოფლიო იცნობს. ის მხოლოდ იმიტომ გასამართლდა, რომ პრეზიდენტთან დაახლოებული პირების კორუფციულ შემოსავალზე წერა გაბედა. პოლიტპატიმართა მეორე ჯგუფს უფლებადამცველები წარმოადგენენ. მრავალი ქრონიკული დაავადებით  გატანჯული, ლეილა იუნუსი გადასახადების დამალვისა და სხვა აბსურდული ბრალდებების გამო კინაღამ საპატიმრო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ქალთა და ბავშვთა უფლებებისთვის მებრძოლი, დემოკრატიული არჩევნების პრინციპების დამცველი აზერბაიჯანელი ამჟამად ჰოლანდიაში არის გახიზნული. აზერბაიჯანის პოლიტიკურ პატიმართა სიაში მრავლად არიან ახალგაზრდები და სტუდენტები. რეპრესირებულთა ჩამონათვალში ათობით რელიგიური მოღვაწე და პოლიტიკური პარტიის მრავალი წევრია.

მაშასადამე, აზერბაიჯანის ხელისუფლება თანაბარი სიმკაცრით უსწორდება ყველა იმ საზოგადოებრივ ძალას, რომელსაც საპრეზიდენტო ძალაუფლების დაბალანსება, ოდნავ მაინც გაწონასწორება შეუძლია. მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სტუდენტობა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და აქტიური რელიგიური პირები პოლიტიკური სისტემისთვის აუცილებლად გასანდგურებელ საფრთხედ აღიქმებიან.

აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს მოქალაქეები პატივს ვცემთ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ გვაქვს უფლება აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევისა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა (სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მაინც) – რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად?

ჩვენ მხოლოდ იმის ძალა შეგვწევს, რომ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის გამო დევნილ მოქალაქეებს თავშესაფარი მივცეთ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ აზერბაიჯანელებს უკეთესი პოლიტიკური სტანდარტებით ცხოვრების მაგალითი მივცეთ, ამგვარ მაგალითებზე დაკვირვების შესაძლებლობა გავუზიაროთ.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, სტუდენტი აქტივისტი თუ უფლებადამცველი აფარებდა თავს. ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ და საქართველოდან მთელ მსოფლიოს მოუთხრობდნენ თავიანთი გასაჭირის შესახებ. ბოლო ორ წელიწადში მათი რაოდენობა დრამატულად შემცირდა. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ყველაზე გამბედავი მოქალაქეებისათვის ხელის გაწოდებას ვეღარ ვახერხებთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი