შაბათი, აპრილი 19, 2025
19 აპრილი, შაბათი, 2025

ზამთრის გზები: ორი ფილმი მოზარდებზე

მთელი წელი ველოდი ფრანგული ფილმების ონლაინფესტივალს (https://www.myfrenchfilmfestival.com/), უპირატესად იმ იმედით, რომ რაღაც ისეთს გადავაწყდებოდი, რასაც სხვაგან და სხვაგვარად ვერ ვნახავდი. უფასოა, მთელი თვე გრძელდება და საშუალებას იძლევა, დასახულ მიზანს იმდენი დრო მოახმარო, რამდენიც გინდა. თუ ფრანგული არ იცი, ფილმებს სუბტიტრების თანხლებით ნახავ, თვალისა და გონებისთვის უფრო ახლობელ ენას შეარჩევ.

ფესტივალი 17 თებერვალს დასრულდა. ნამუშევართა უმრავლესობა მოკლემეტრაჟიანი იყო, თხუთმეტ-ოცწუთიანი. სკოლის ცხოვრება, მასწავლებლობის სირთულეები, სოციალური უთანასწორობის მატრავმირებელი შედეგები, სასტიკ სინამდვილესთან გამკლავების გზები, სექსუალობის გაცნობიერების მტკივნეული პროცესი… რა თემას აღარ შეეხნენ ავტორები, რომლებთან მოკლე ინტერვიუებსაც ფესტივალის ვებგვერდზე ნახავთ.

წლევანდელი პროგრამიდან ორ ფილმს გამოვარჩევდი. მეჩვენება, რომ ორივე შემთხვევაში შემქმნელთა ჩანაფიქრმა გაამართლა და მეტიც – არ არის გამორიცხული, თავდაპირველად მონიშნული ჩარჩოს ნაწილი შეეწირა რაღაც მოულოდნელის გამოჩენას.

ბელგიელი რეჟისორის ჟან-ბენუა უჟეს „ზამთარი“ (https://www.myfrenchfilmfestival.com/content/winter-en), რომელიც მხოლოდ 19 წუთს გრძელდება, იმ მოზარდის ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც ეს-ესაა, უნდა აეხილოს სამყაროს სილამაზის დასანახი თვალი. მსგავსი ვერაფერი მოხდებოდა, თავს მუდმივად გარიყულად რომ არ გრძნობდეს, შეძლებული მშობლებისგან განებივრებულ თანატოლებთან სიტყვის გაცვლას რომ ახერხებდეს, ზამთრის კურორტის სიკეთეებით სრულყოფილად ტკბობა რომ გამოსდიოდეს. აურელიანოს დედა მოსამსახურეა და, სიმართლე უნდა ითქვას, მას პატივისცემით ეპყრობიან, ხელს ყოველმხრივ უწყობენ, ტოლად და სწორად მიაჩნიათ დამქირავებლებს, მაგრამ ერთგვარი დაძაბულობა მაინც იგრძნობა – არსად გამქრალა ის მოცემულობა, რომ მისი სამყაროს საზღვრები ვიწროა, რომ მისი დღეები სამზარეულოში იწყება და მთავრდება.

ბიჭი ხან დედას ეხმარება, ხან თხილამურებთან შეჩვევას ცდილობს, ხან კი თავს უფლებას აძლევს, არ ითვალთმაქცოს და გადაწყვეტილების მიღებისას ანგარიში არაფერს გაუწიოს. გზა, რომლის გავლაც შეუძლებლად მოჩანს, უეჭველად მისი გასავლელია და სხვა არავისი. ზამთარი, რომლის სილამაზეც თითქმის ყოველ კადრში მტკივნეულად იგრძნობა, ასევე მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასატანია. ვინ იტყვის, საბოლოოდ რას გაუძლებს და რას – ვერა, რას შეხედავს პოეტის თვალით და რას – ვერა.

ფრანგი რეჟისორის ჟოზეფინ დარსი ჰოპკინსის ოცდახუთწუთიანი ფილმიც, „იღბლის კბილი“ (https://www.myfrenchfilmfestival.com/content/sweet-tooth-en), იმ განსაცდელის შესახებაა, ერთ დღეს აუცილებლად რომ გაჩნდება ბავშვის ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანს ასწავლის – გადაწყვეტილების მიღებისას გულის ხმის მოსმენას, თავგანწირვის ფასს. რვა წლის მადლენის დედაც სხვებს ემსახურება, გოგონასაც აკლია ბევრი ისეთი რამ, რაც მის თანატოლებს მობეზრებულ-მოძულებულიც კი აქვთ, მაგრამ ის მებრძოლია და უშიშრად ცდილობს გამოსავლის პოვნას, წესების მიხედვით თამაშს და მოგებას, თავისი სიტყვის თქმას იქ, სადაც ფარულად დასცინიან, სახიფათო ხაფანგს უგებენ.

ერთი შეხედვით, ისევ უსამართლოდ მოწყობილ ქვეყნიერებას გვიჩვენებენ, სადაც სიღარიბე განაჩენია, მდიდრების თავშექცევა კი უფრო და უფრო მახინჯ ფორმებს იღებს. თუმცა მადლენი ის გმირია, რომელსაც მსხვერპლად ვერაფრით წარმოიდგენ. მართალია, გამარჯვება წარმოუდგენელ ფასად დაუჯდა, მაგრამ გადაწყვეტილება სანანებლად არ გახდომია – როგორც ბოლოს ვხედავთ, გემო მხოლოდ შოკოლადის ნამცხვარს კი არა, თავად ცხოვრებას გაუგო.

ორივე ფილმის დასასრულს გრჩება განცდა, რომ ბავშვებმა სწორი გზა იპოვეს, რომ სხვების დაუხმარებლად მოახერხეს გადარჩენა და ის ისწავლეს, რასაც მხოლოდ მარტოობაში სწავლობ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“