თუ შექსპირს დავუჯერებთ, სიყვარული ერთი დიდი მაგიაა. ჰო, აბა სხვა რა უნდა ვიფიქროთ, როცა ორ სრულიად უცნობ ადამიანს ერთმანეთი ისე უყვარდებათ, რომ საუკეთესო შემთხვევაში საერთო ოჯახს ქმნიან, ზოგჯერ ოჯახის ყოფილ წევრობაზე გადადიან და ყველაზე ცუდ ვარიანტში, კვლავ სრულიად უცნობები ხდებიან. თუმცა, ხანდახან სიყვარული ცალმხრივია და ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა შეიძლება იყოს. რატომ? დარდობს, ბრაზობს, ნერვიულობს ეს უარყოფილი ადამიანი და ეჩვენება, რომ მთელი სამყარო ენგრევა თავზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენს საუკუნეში ასე უკვე აღარ ხდება. ცხოვრების ტემპის სისწრაფემ ყველაფერი ჩაყლაპა და სასიყვარულო ზედმეტი ნერვიულობისთვისაც აღარ სცალია ხალხს. აი, შექსპირის დროს, მანამდეც და შემდეგაც ცალმხრივად შეყვარებულები ათას მაგიას მიმართავდნენო…წერენ. ამას თუნდაც იმავე შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარიც“ მოწმობს.
სიტყვა „მაგია“ ბერძნული სიტყვაა, რომელიც თავის მხრივ, ძველ სპარსული სიტყვა „მაგუს“-დან , ანუ ჯადოქრიდან იღებს სათავეს. მაგს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც სხვა ადამიანი ვერ შეძლებს. მაგები მანიპულირებენ ზებუნებრივი ძალებით, რომლებიც თავის მხრივ ბუნებრივ მოვლენებს, ადამიანებს და ცხოველებს თავიანთ ნებას უმორჩილებენ.
რას სთხოვდნენ მაგებს? ზოგი რას ზოგი რას. ძირითადად ფულს, ძალაუფლებას, ჯანმრთელობას, მაგრამ უფრო ხშირად სხვა ადამიანში სიყვარულის ცეცხლის დაგიზგიზებას.
სასიყვარულო ცეცხლის დანთების შელოცვა და რიტუალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არქეოლოგიური გათხრების დროსაა ნაპოვნი. მათ შორის, ჩინეთსა და ეგვიპტეში, ევროპასა და ამერიკაში. ქოლესტეროლის არ იყოს, მაგიაც „კეთილიც“ და „ბოროტიც“, თეთრიც და შავიც არის.
და სიყვარულის მაგია რომელია? ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტოფერ ფარაონე (Christopher A. Faraone) თავის წიგნში „სიყვარულის მაგია ანტიკურ საბერძნეთში“ წერს, რომ სავარაუდოდ, ბოროტიც და კეთილიცო. იყო მაგია, რომელიც ოჯახის სიმტკიცისკენ იყო მიმართული და ეს კეთილი იქნებოდა. მეორე მხარე, პირიქით სხვისი ოჯახის დანგრევას ცდილობდა და ეს უპირობოდ ბოროტი იყო.
ბრიტანულ მუზეუმში მაგიური შელოცვების კოლექციაც ინახება, რომლებიც ბერძნულ-რომაულ-ეგვიპტური წარმომავლობისაა.
შუა საუკუნეების ევროპაში ყველანაირი მაგია ეშმაკისეულს უკავშირდებოდა და ყველას, ვინც ასეთ შეთანხმებას აფორმებდა, კოცონზე უშვებდნენ. ამ პერიოდშივე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბალახთმცოდნეები და საქმეში ჰალუცინაციების გამომწვევ ალკალოიდებს უშვებდნენ. ამის შესახებ ჩანაწერები თვით ალქიმიკოს ალბერ მაგნუსს აქვს თავის „ალქიმიის დიად წიგნში“.
სიყვარულის ცეცხლის დასანთებად ძალიან ხშირად გამოიყენებოდა Lytta Vesicatoria, იგივე ესპანური მწვანე ხოჭო. არადა, მისი გამოყენება, ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა. საქმე ასე იყო, ამ საბრალო ხოჭოს აქუცმაცებდნენ, რაღაც ბალახებს ურევდნენ და სატრფიალო ობიექტს აძლევდნენ. ვინც შესვავდა ტანში ჟრუანტელი უვლიდა და აცხელებდა, რასაც სასიყვარულო ცხელებას აწერდნენ. სინამდვილეში შინაგანი ორგანოების ანთება იყო. ამბობენ, ფერდინანდ მეორე არაგონელი სწორედ ამ ხოჭომ შეიწირაო. ფერდინანდი მწვანე ხოჭოსგან დამზადებულ სასმელს, სხვა ბალახებთან ერთად, იმუნიტეტისთვის ღებულობდა. ჰოდა, მწვავე მოწამვლის ნიშნებით 1516 წელს გარდაიცვალა. აი, რატომ არის საჭირო მედია წიგნიერება… მერე რა, რომ იმ დროს ინტერნეტი არ იყო. გაერკვიე რა, რას სვამ!
კიდევ ერთი რეცეპტი მდედრი დელფინის ცრემლები ყოფილა. დედა დელფინს უნდა წაართვა შვილი დელფინი. ამის შემდეგ, დელფინი იტირებს და აი, ეგ ცრემლებია საჭირო. რატომღაც, გული მიგრძნობს, ზღვის წყალს ყიდიდდენენ და დელფინის ცრემლად ასაღებდნენ.
ახლა, მთელი ეს სასიყვარულო ცეცხლების გამომწვევი ბალახ ბულახი მართლაც ღიმილის მომგვრელია. არადა, რამდენი შედევრის შექმნის ინსპირაცია გახდა.
სიყვარულის ცეცხლს ვერ, მაგრამ ექსპერიმენტებით ცეცხლის დაგიზგიზება ჩვენც შეგვიძლია.
- ვულკანი #1-ამონიუმის ბიქრომატის დაშლა:
ჭურჭელი და რეაქტივები: ამონიუმის ბიქრომატი-5-10გრ; ფაიფურის როდინი;
(NH4)2Cr2O7=Cr2O3+N2+4H2O
აიღეთ ამონიუმის ბიქრომატი, ჩაყარეთ ფაიფურის როდინში და შუაგულში ანთებული ასანთი შეიტანეთ. ვულკანი მაშინვე „გაიღვიძებს“ და აბობოქრდება. ქრომის ოქსიდის სახით ლავაც გექნებათ. შემდეგ ამ „ლავით“ შეგიძლიათ ვერცხლის ნაკეთობებიც გაწმინდოთ და იაფ კატალიზატორადაც გამოიყენოთ. ის ამფოტერული ოქსიდია.
- ვულკანი #2- ვულკანი კალიუმის ბიქრომატით
ჭურჭელი და რეაქტივები: კალიუმის ბიქრომატი-15გრ; გოგირდის ფხვნილი-10გრ; ფაიფურის როდინი; ალუმინის ქილა;
ფაიფურის როდინში 15 გ კალიუმის ბიქრომატი K2Cr2O7 და 10 გ გოგირდი დასრისეთ. მასა ალუმინის ქილის (ლუდის ან კონსერვის ქილა გამოიყენეთ) ქვედა ნაწილში ჩაყარეთ და გაახურეთ. გოგირდი გახურებით აინთება და კალიუმის ბიქრომატიც დაშლას დაიწყებს. როგორც კი ნაერთი აინთება, სპირტქურით გაცხელება შეწყვიტეთ. ნათება ლურჯი ფერის იქნება და რამდენიმე წუთს გასტანს. ფერფლი იგივე გექნებათ -ქრომის ოქსიდი. K2Cr2O7 + S = K2SO4 + Cr2O3
ჭარბი გოგირდი ჰაერის ჟანგბადის გავლენით დაიწვება: S + O2 = SO2
- მაგნიუმის ლენტის წვა
ჭურჭელი და რეაქტივები: მაგნიუმის ლენტი; პეტრის ჯამი;
ავიღოთ მაგნიუმის ლენტი და ცეცხლი მოვუკიდოთ. ის კაშკაშა ალით დაიწვება. წარმოიქმნება მაგნიუმის (II) ოქსიდი- MgO. აუცილებლად გაიკეთეთ დამცავი ფერადი სათვალეები, რათა კაშკაშა სინათლისგან თვალები დაიცვათ.
- კალიუმის ურთიერთქმედება წყალთან.
ჭურჭელი და რეაქტივები: კალიუმი; მინის ჯამი. პინცეტი; წყალი; ფენოლფტალეინი; დანა;
მინის ჯამი სანახევროდ ავავსოთ წყლით. დანით მოვჭრათ კალიუმის ნაჭერი, ავიღოთ პინცეტით და ფრთხილად მოვათავსოთ წყალში. წარმოქმნილი კალიუმის ტუტე ფენოლფტალეინით შევამოწმოთ;
2K+2H2O=2KOH+H2
- ქლორის და სპილენძის ურთიერთქმედება.
ჭურჭელი და რეაქტივები: ქიმიური ბოთლი რეზინის საცობით; სპილენძის მავთული; ქლორი; რეაქცია ამწოვ კარადაში ტარდება;
ქლორის არეში ჩაშვებისას წინასწარ გაცხელებული სპილენძის მავთული შთამბეჭდავად იწვის. კოლბა ივსება მუქი ფერის კვამლით, რაც მიუთითებს ახალი ნივთიერების წარმოქმნაზე. Cu+Cl2=CuCl2
- ქლორის და ნატრიუმის ურთიერთქმედება.
ჭურჭელი და რეაქტივები: ქიმიური ბოთლი რეზინის საცობით; ლითონის გრძელი კოვზი; ნატრიუმი; ქლორი; რეაქცია ამწოვ კარადაში ტარდება;
ქლორიან ქილაში ლითონის კოვზზე წინასწარ გაცხელებული ნატრიუმის შეტანისას, ჭურჭლის კედლებზე შეიმჩნევა თეთრი კრისტალები. შემდეგ კი წარმოიქმნება თეთრი ფერის კვამლი, რომელიც ნატრიუმის ქლორიდის უწვრილესი კრისტალებისგან შედგება. Na+Cl2=NaCl2
- ცხვირსახოცის დაწვა.
ჭურჭელი და რეაქტივები:ნატრიუმის სილიკატის (Na2SiO3); აცეტონი; ქიმიური ჭიქა 500მლ; ცხვირსახოცი;
ცხვირსახოცი ნატრიუმის სილიკატის (Na2SiO3) ხსნარში დავასველოთ და ანთებული კვარი მივუახლოვოთ. აცეტონი სწრაფად იწვის. მისი წვის ტემპერატურა დაბალია, ამიტომ ქსოვილი არ იწვის, ის მხოლოდ გაშრება.
- წყლით გაჩენილი ცეცხლი
აიღეთ დიდი ქიმიური ჭიქა და დიეთილის ეთერი აასხით. შედეგ ჩააგდეთ კალიუმის მცირე ნაჭერი. დაიჭირეთ დისტანცია და ჭიქაში ცოტა წყალი ჩაასხით. დიდი ცეცხლი დაგიზგიზდება. რეაქცია წარიმართება კალიუმსა და წყალს შორის, დაწვით კი ეთერის ორთქლი დაიწვება.
აი, ასე, ყოველგვარი მაგიის და ხოჭოების გარეშე, ჩვეულებრივი ქიმიით იქნება ბევრი ცეცხლი… ოღონდ, არა სასიყვარულო.