შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ტომას სტერნზ ელიოტი – „ბერწი მიწა“

მოდერნიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი, ტომას სტერნზ ელიოტი,თავის საკულტო ტექსტში „ბერწი მიწა“ სვამს ასეთ საკრალურ შეკითხვას :

“Shall I at least set my lands in order?” – „ოდესმე მოვიყვან ჩემს მიწას წესრიგში?!“

იავარქმნილი, გაბერწებული მიწა, ქაოსური და უწესრიგო ყოფა – „წმინდა სიშლეგე“,

უფლისმიერ ნაბოძები კურთხეული  მიწა-„ადამაჰ“, მიწიდანვე წარმოქმნილმა ადამმა, პირველცოდვით უნაყოფო მიწად აქცია.

პოემა იწყება ასე:

„წყეული თვეა ეს აპრილი

– აღმოაცენებს მკვდარ მიწიდან შროშანყვავილებს,

აურდაურევს მოგონებებსა და სურვილებს…“

პოეტებისთვის ასე საყვარელი, აპრილი ოდესმე გინახავთ ამ კონტექსტით?

იგი მუდამ აღაფრთოვენებს, როგორც გაზაფხულის დასაწყისი, როგორც სიცოცხლის აფეთქების, კვირტთა გამოღვიძების დრო.

ხოლო ელიოტთან იგი ასეთია. გაზაფხულზე ჩაგდებული თესლი ვეღარ გაიდგამს ფესვებს, მოსავალს ვერ მოგცემს, მიწა ბერწია და აპრილი „წყეული“.

„ზამთარი გვათბობს, შესუდრავს მიწას თოვლი იგი თავდავიწყების

და იკვებება გამხმარ თესლით წუთისოფელი.“

პოემაში, ვხვდებით უფლის საწიინაღმდეგო სვლას , ადამიანების ამაო, დაცლილ საუბარს, კრულ ყოფას.

„მზე გამობრწყინდა, მივაშურეთ მერე ჰოფგარტენს

დავლიეთ ყავა და ერთ საათს მაინც ვილაყბეთ“

„ადამის ძეო, არ შეგიძლიან უპასუხო და ვერც მიჰხვდები და იცი მხოლოდ,

როგორ იმსხვრევა იმედები ამ მზისქვეშეთში.

და არ გამოსცემს ჩრდილს გამხმარი ხე, ნუგეშს – ჭრიჭინა

და მშრალ ქვაზე წყალი არა ჩქეფს.“

ყველაფერი უკუღმა ტრიალებს, წინასწარმეტყველნი, ღვთის ნების განმცხადებელნი, ტრანსფორმირდნენ მკითხავებად:

„მადამ სეზოსტრის, მარჩიელი, განთქმული დიდად,

გაცივებულა თურმე ძალიან, მაინც ევროპის უჭკვიანეს ქალად ითვლება  –

კარტის გაშლაში არა ჰყავს ტოლი“

ქალები იქცნენ „ბელადონებად“ – „აგერა კიდევ – ბელადონა, კლდეების ლედი, ვითარებათა ლედი აგრეთვე.“

ასეთია ეპოქაა, ხალხი დაემსგავსა ბრბოს, რომელიც მხოლოდ ერთი წრის ირგვლივ ტრიალებს.

„ახლა ის დროა, ყველა უნდა მეტად ფრთხილობდეს…“

 

„მიედინება ხალხი ოხვრით, ხვნეშით, მორჩილად

თითოეული თავის ფეხებს დაჰყურებს მხოლოდ“

ოხვრით და ხვნეშით მიმდინარე ბრბო, რომელსაც არ შეუძლია გაიხედოს წინ, არ შეუძლია დაინახოს სამყარო, მაღლა ახედვა არასოდეს მოაფიქრდებათ, რადგან ისინი გაშეშებული, უტყვი მზერით ჩაჰყურებენ საკუთარ ფეხებს.

ამ ეპოქაში, დედები შახმატს თამაშობენ, მაშინ როდესაც გვერდით ოთახში ქალიშვილებს აცდუნებენ.

„და ვეება აკვარიუმი მწვანედ და ყვითლად ლიცლიცებდა ფერად კენჭებზე

და ფარფატებდა ხის დელფინი მღვრიე ნათელში.“

[პასაჟში ხაზგასმულია ეპოქის ვიზუალური (მოჩვენებითი) ბრწყინვალება, რაც ფარავს აბსოლუტურ სულიერ სიცარიელეს. „თანამედროვე სქესობრივი და ინტელექტუალური სიბერწე ასახავს თანადროული სამყაროს სულიერ სტერილურობას“ („ბერწი მიწა“, პაატა ჩხეიძის კომენტარი].

ეპოქა აბსოლუტურად საზიზღარი და შემაძრწუნებელია:

„მე ვფიქრობ, ჩვენ ვართ ვირთხების ხვრელში

სად მიცვალებულთ დაკარგვიათ თავისი ძვლები.“

ადამიანმა დაკარგა მთავარი კოდი რაც მასში იყო ჩადებული- თავგანწირვა, თანაგრძნობა, თანალმობა.

„იყუჩა ჯუნგლმა, მოიბუზა და გაისუსა…

და თქვა ქუხილმა:

და

დ ა ტ ა რა გაგვიღია, მეგობარო?

სისხლი, ჩემს გულს რომ ასულდგმულებდა,

გამძვინვარება ერთი წუთისა, ას წელიწადს რომ ვერ ამოიგებ -„

 

დ ა ი ა დ ჰ ვ ა მ ი :

გავიგონე – გადატრიალდა გასაღები კარებში ერთხელ,

მხოლოდ ერთხელ გადატრიალდა გ ა ს ა ღ ე ბ ი – ეს ფ ი ქ რ ი ჩვენი თავის ციხეში

დ ა მ ი ა ტ ა

ნიჩაბი ნავს აიყოლიებს, ხელი რომ მართავს გაწაფული და ძალოვანი

მოსარკულ ზღვაზე და გულს შენსას აიყოლიებს,

გულს – აძგერებულს თანაგრძნობით.. ნიჩაბი იგი კვლავ უპყრია ხელს ძლევამოსილს.“

აუცილებლად უნდა ეშველოს, უნდა განედლდეს გაბერწებული მიწა,.

დატა. დაიადჰვამი. დამიატა.

შანთიჰ შანთიჰ შანთიჰ.

აი რამ შეიძლება გაანედლოს კვლავ ხმელი მიწა, რომ მასზე ისევ აღმოცენდეს კეთილი თესლი.

თანაგრძნობა,თავშეკავება, თანალმობა რომელიც საბოლოოდ მოჰგვრის „შანჰითს“ანუ სიმშვიდეს რომელიც მოაქვს წვდომას.

ტომას ელიოტის ამ საკულტო პოემას, არ ჰყავს კონკრეტული მთხრობელი, არც მკვეთრი სიუჟეტური ხაზიაქვს, ალუზიების ემოციების და გენიალური მხატვრული სახეების წყალობით, პოემა განსაკუთრებით სასიამოვნოდ იკითხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“