რამდენიმე წელია, სტატია არ დამიწერია. ამ გაზაფხულზე კი საყვარელ საქმესთან მიბრუნება გადავწყვიტე. გავხსენი ელექტრონული ფურცელი, მოვიმარჯვე ციფრული კალამი და ჩამოვწერე ის საგანმანათლებლო მიმართულებები, რომლებზე წერასაც ვაპირებ. შემდეგ ახალი ამბების ჩხრეკა დავიწყე. ბევრი ვიკითხე სასკოლო კვების პრობლემებზე, მაღალმთიანი რეგიონების სკოლამდე მისასვლელ გზებსა თუ უგზოობაზე, თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე… მოკლედ, რაზე აღარ, მაგრამ ვერაფერს გავხდი, იმ დღეს არცერთ მათგანზე არ მეწერებოდა.
მეორე დღეს ერთ კოლეგას შევხვდი და ისე, სასხვათაშორისოდ, ვკითხე, შენი მოსწავლეებისთვის ერთი პრობლემის მოგვარება რომ შეგეძლოს, რას გააკეთებდი-მეთქი. არც კი დაფიქრებულა, ისე მიპასუხა, ემიგრანტ დედებს დავუბრუნებდიო… და მე გამახსენდა ფლორენციის ტრამვაი, ქართველი მგზავრი და მისი სევდიანი ისტორია სამშობლოში დატოვებულ, მის გარეშე გაზრდილ შვილებზე, საქსტატის წლიური მონაცემები მიგრაციის თითქმის ასი პროცენტით ზრდის შესახებ (ჩვენ ხომ ვიცით, რომ ემიგრანტთა უმეტესობა დედაა) და მივხვდი, რომ ახლა მხოლოდ ამ ამბავზე შემეძლო წერა.
როცა მერცხლები მოფრინდებიან
ერთმანეთს ფლორენციის ცენტრისკენ მიმავალ ტრამვაიში შევხვდით. ადრიანი გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ცხელი დღე იდგა. მე უცხო ქალაქის რუკაში თავჩარგული, გზაკვალარეული ტურისტი ვიყავი, ის – ემიგრანტი ქალი, რომელსაც დახმარება ვთხოვე. ჩემს დამტვრეულ ინგლისურში მალევე ამოიცნო მშობლიური ინტონაცია და სახე გაუბრწყინდა.
– ქართველი ხარ? – მკითხა ძლივს შეკავებული სიხარულით.
ყველა მოგზაურმა იცის, რა გრძნობა გეუფლება, როცა უცხო მხარეში მშობლიური ენა გესმის. ამ დროს გასაკვირი არცაა, ორი უცნობი ერთმანეთს ჩაეხუტოს, ერთმა მეორე საჭირო გაჩერებამდე მიაცილოს და მეტიც, მასთან ერთად ნაცნობ ქუჩებში ტურისტივით გაისეირნოს.
ქალს ფრიალა, გაზაფხულის მინდორივით ჭრელი კაბა და წითელი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. შავი, ოდნავ შევერცხლილი თმა კოხტად აეკეცა და შავ ზღვასავით ცვალებადი ფერის თვალები სიხარულით უელვარებდა. კოლხი მედეა ვარო, ნახევრად ხუმრობით მითხრა. მართლა მედეა ერქვა, ოჯახი განმუხურში ჰყავდა – ქმარი, სამი შვილი და მოხუცი მშობლები. „ჯერ ერთი ომი რაა და ორმა ხომ სულ წელში გაგვწყვიტა… არ არის ადვილი საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრება! ან ტყვია მოგკლავს, ან შიმშილი!“
იტალიის გზას მეგობრებთან ერთად დასდგომია. როცა ვკითხე, შენი ქმარი რატომ არ წამოვიდა-მეთქი, ხელი ჩაიქნია, მოხუცის მოვლა რა კაცის საქმეაო?! თან ოჯახშიც ხომ უნდა დარჩენილიყო ვინმე, წელმაგარი. უცებ ტრამვაის ფანჯრიდან გაჩერებაზე სკამზე წამოწოლილ უსახლკაროს მოვკარი თვალი და გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, ისე შეიცხადა: „აქ ასე ერთ ქართველსაც ვერ ნახავ, გენაცვალე! იცი, როგორი შეკრული სათვისტომო გვაქვს?!“ ფლორენციელი ქართველებით ძალიან ამაყობდა, ერთმანეთს გასაჭირში არასდროს ვტოვებთ, ახალჩამოსულებს სამსახურის მოძებნაშიც ვეხმარებით და თავშესაფრითაც უზრუნველვყოფთ, სანამ ფეხზე დადგებიანო.
ჩემი ჩასვლის დრო რომ მოვიდა, უცებ ადგა და ჩამომყვა, დღეს ვისვენებ და შენი ექსკურსიამძღოლი ვიქნებიო. უარი ვერ გავუბედე. რამდენიმე პატარა ქუჩა გავიარეთ და უცებ წინ ამესვეტა სანტა მარია დელ ფიორე მთელი თავისი დიდებულებით. ტაძრის ისტორიას ნამდვილი გიდივით მიყვებოდა, შიგნითაც შემომყვა და ეკლესიის ყველა კუთხე-კუნჭული მომატარა. თან მომახარა, ფლორენციაში ქართველი მამაოც გვყავს და ერთ-ერთ ეკლესიაში ქართულად ატარებს წირვა-ლოცვას ჩვენი სათვისტომოსთვისო. იქვე, ფლორენციულ ბაპტისტერიაშიც შევიჭყიტეთ, მაგრამ რესტავრაციის გამო ვერ შევედით. მედეა ისე შეწუხდა, თითქოს მას წამოეწყოს რესტავრაცია სწორედ იმ დროს, როცა მე ფლორენციის დასათვალიერებლად ჩამოვედი. ძლივს დავამშვიდე, სანახავი რომ აღარაფერი დამრჩეს, მეორედ ჩამოსვლა ხომ აღარ მომინდება-მეთქი?! მერე გავუმხილე, რომ სიმაღლის მეშინოდა და ჯოტოს კოშკიდან გადმოხედვასაც არ ვაპირებდი, ამიტომ მედეამ გადაწყვიტა იქაურ მთაწმინდაზე ავეყვანე და მიქელანჯელოს მოედნისკენ დავიძარით. ეს შუა ხანს გადაცილებული ქალი სწრაფი ნაბიჯით და მინდვრისფერი კაბის შრიალით მიმიძღოდა წინ და ხანდახან ისეთი მზესავით თბილი მზერით გამომხედავდა, თითქოს ამ ჩემი გაცრეცილი ზურგჩანთით პირადი ნივთები კი არა, სამშობლო ჩამომეტანოს მისთვის.
გზად პონტე ვეკიოს ჩავუარეთ. ჩემმა დაუზარელმა თანამგზავრმა ამჯერადაც ბევრი საინტერესო რამ მიამბო შუა საუკუნეების დროინდელ ვაჭართა და სოვდაგართა ნავსაყუდელზე. მან ტერმინ „ბანკროტის“ წარმოშობის ისტორიაც კი იცოდა და ისე გამოიგლოვა ყველა ვაჭარი, რომელსაც ამ ხიდზე ვალის გადაუხდელობის გამო დახლი დაუტვრიეს და ვაჭრობა აუკრძალეს, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მომხდარიყო. ერთხანს ვიდექით ასე, პატივისცემისა და აღფრთოვანებისგან დამუნჯებულები, მერე ხიდს ზურგი ვაქციეთ და გზა განვაგრძეთ.
მედეას უყვარდა ეს ქვეყანა – მისი ოჯახის გაჭირვების გამყუჩებელი. მადლიერების ნიშნად იტალიური ენაც ესწავლა და ქალაქის ისტორიულ წარსულზეც ბევრი რამ იცოდა. მაგრამ სამშობლო მაინც ერთი ჰქონდა, სამშობლო, რომელსაც მძლავრად ჩასჭიდებოდა და ხელს არ უშვებდა. საქართველოს ყოველდღიურობით ცხოვრობდა – უსმენდა ახალ ამბებს, ამოწმებდა მშობლიური სოფლის ამინდს, დარდობდა ყოველწლიური მოსავლის სიმწირეზე, ვიშვიშებდა ფაროსანების შემოსევაზე, დაბალ ხელფასებზე, გაზრდილ გადასახადებსა და პროდუქტების ფასებზე. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით გადახვეწილი ქართველების სახელს ისე უფრთხილდებოდა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი – ჩაბარებულ განძს. „იცი, რას ვერ შევეგუები? ქართველობის რომ შემრცხვეს!“
სამშობლოსგან შორს ყოფნა განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირდა. „თითქოს მერცხალი ვიყო, რომ დათბება, გული ჩემი ბუდისკენ მეწევა!“ – მითხრა ჩურჩულით, თითქოს ეშინოდა, მისი შემფარებელი ქალაქისთვის არ ეწყენინებინა. „განა აქაურობა არ მიყვარს! ამ ქალაქმა გამაზრდევინა შვილები, ვალებიც გამასტუმრებინა და სახლიც წელში გამამართვინა, მაგრამ… ერთი შვილი რომ აბიტურიენტი გყავს, მეორე – სტუდენტი, მესამე კი შვილს ელოდება, რა გინდა, რომ ქნა. როგორ უნდა დათმო ეს სიმწრით ნაშოვნი სამსახური. თან იცი, როგორ კარგ ოჯახში ვარ?!“
ვერაფერი ვუპასუხე. მოედნისკენ მიმავალ აღმართს მდუმარედ ავუყევით. მზე ჩადიოდა და ვჩქარობდით, ფლორენცია ხომ მზის ჩასვლის ფონზე უნდა მენახა! მედეა ტანსრული ქალი იყო, აღმართზე სიარული უჭირდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
გადასახედ მოაჯირთან ტურისტების რიგი დაგვხვდა. ჩემმა თანამგზავრმა იტალიურ-ქართული შეუპოვრობითა და „Mi scusi, mi scusi!“-ს ძახილით გამიკაფა გზა და დაპირებული მზის ჩასვლა მაჩუქა. სწორედ მაშინ, იმ მოაჯირთან შემიყვარდა ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივებით აციმციმებული ქალაქი. როცა ულამაზესი ხედის ცქერით გული ვიჯერე, იმ ქუჩების ძებნას შევუდექი, რომლებმაც აქამდე მომიყვანა. ნაცნობი გზის აღმოჩენისას ისე ვხარობდი, თითქოს ისევ ბავშვი ვიყავი და მამას ფუნიკულიორიდან ჩვენი სახლი დაენახვებინოს. მოწითალო-მოყავისფრო სახურავებში ამოზრდილი ფლორენციის დუომოს ფონზე სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ და უკან, ტრამვაის გაჩერებისკენ დავეშვით.
გზად პატარა, ლამაზად მორთული იტალიური კაფე შემოგვხვდა. ნახევარი ქალაქის ფეხით შემოვლის შემდეგ, ბუნებრივია, ორივეს გვშიოდა და მედეა კაფეში დავპატიჟე. თავიდან კი შეიცხადა, აქ ყველაფერი ძალიან ძვირიაო, მაგრამ ისე მინდოდა, მადლიერება ამ ფორმით მაინც გამომეხატა, უარი ვეღარ მითხრა. კერძების არჩევაც მას მივანდე, სადაც ამდენი პატივი მეცი, ადგილობრივი კულინარიის სამყაროშიც შენ უნდა შემიძღვე-მეთქი. სანამ შეკვეთას მოგვიტანდნენ, კიდევ ერთი გულისტკივილი გამანდო: „ჩემი ქმარი არც კი ცდილობს სამსახურის შოვნას. განა არ მესმის, რომ სოფელში მარტო გლეხის საქმეა დარჩენილი და აღარც მიწაზე თოხის ბაყუნით გამოდის რამე, მაგრამ ეს შვილები ხომ დაიზარდნენ. ხომ შეიძლება, ქალაქში წავიდეს, მოძებნოს, რამე გზას დაადგეს?! ნურას უკაცრავად! მაქსიმუმ, გარეთ თავიისნაირ უსაქმურებთან დომინოს სათამაშოდ ან სალაყბოდ გავიდეს. ყოველთვე ფულს რომ არ ვაგზავნიდე, შიმშილით ამოხდებოდა სული. იმისიც მეშინია, რომ ჩავიდე, სხვა ქალი არ დამახვედროს სახლში. ფეისბუკით კი ველაპარაკები ჩემებს ხშირ-ხშირად, მაგრამ შორს რომ ხარ, ვინ გეტყვის სიმართლეს?!“
როგორც იქნა, შეკვეთა მოგვიტანეს. კერძების დაგემოვნება სახელგანთქმული ფლორენციული სტეიკით დავიწყეთ, მერე კი სოკოს სოუსით შეკაზმული, საოცრად გემრიელი პასტა მივირთვით. დესერტად ტროპიკული ხილის უგემრიელესი ჯელატო შევარჩიეთ და გვარიანად დანაყრებულ-დამძიმებულები წავლასლასდით გაჩერებისკენ. მედეას აღარაფერი უთქვამს. ზღვისფერი თვალები აღარ უელავდა. ერთხანს ვიდექით ასე ჩუმად, ხელიხელჩაკიდებულები… ორივეს გვიმძიმდა დამშვიდობება. ჩემი ტრამვაის მოსვლის დრო რომ მოახლოვდა, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე:
– ხომ აუცილებლად დაბრუნდები?!
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და უცებ ისე ძალიან მომინდა, ახლავე წამოსულიყო, ჩემთან ერთად დაბრუნებულიყო იმ თავის პატარა საზღვრისპირა სოფელში, თავის ძლივს წელში გამართულ სახლში, აბიტურიენტ, სტუდენტ და ორსულ შვილებთან, თუნდაც იმ უხერხემლო, დომინოს თამაშში დაბერებულ კაცთან, რომ ჩავაჟინდი:
– როდის, როდის დაბრუნდები, მედეა?
უცებ მხრებში გაიშალა, ცისკენ ხელები ისე აიქნია, თითქოს აფრენას აპირებდა და ღიმილით მითხრა:
– როცა მერცხლები მოფრინდებიან!