შაბათი, აპრილი 19, 2025
19 აპრილი, შაბათი, 2025

 გრიგოლ კოსტავა

მეოცე საუკუნის ათიანი წლებია, ქუთაისის თეატრში შილერის „ყაჩაღებს“ თამაშობენ. ლადო მესხიშვილმა ისეთი სული შთაბერა ამ სპექტაკლს, რომ მთელი ქალაქი მასზე ლაპარაკობს. ტრადიციულად, ვერც ამჯერად იპოვი დარბაზში ნემსის ჩასაგდებ ადგილს. გადაჭედილია ქანდარაც, გასასვლელიც. მაყურებლებს შორის პატარა, ჩოხაახალუხიანი ბიჭია, დაძაბული და თვალებდაჭყეტილი შესცქერის მის წინაშე გათამაშებულ დრამას. მარტო კი არ შესცქერის, მონაწილეობს კიდეც მასში, მთელი არსებით არის ჩართული. უცებ ქარქაშისკენ წაიღებს ხელს, პატარა ხმალს იშიშვლებს და სცენისკენ ყვირილით გარბის:

– გამიშვით! უნდა მოვკლა!

იმ ძალამ, რამაც ეს პატარა ბიჭი თავისი პირველი საგმირო საქმისთვის სცენაზე ააფრინა, სამუდამოდ დაიდო კიდეც მის გულში ბინა და მისი ცხოვრების გზაც განსაზღვრა.

ეს გრიგოლ კოსტავა იყო – სახალხო არტისტი, საქართველოს ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას ბიძა.

კოსტავების რომელიღაც წინაპარი თავის დროზე სამეგრელოდან იმერეთში გადმოსახლებულა. მერაბის დიდმა ბაბუა ივანემ თავისი გარჯით მოყვანილი საზამთროს გაყიდვით ქუთაისში, ნინოშვილის 125 ნომერში, სახლი შეიძინა. ივანე კოსტავა კარგი მეწარმე იყო – მეღვინეობას მისდევდა, წითელ ხიდთან საკუთარი სასტუმრო და რესტორანი ჰქონდა. შვილების განათლებასაც თვითონ აფინანსებდა. ქუთაისში ყველას უყვარდა და პატივს სცემდა ივანე კოსტავას – სათნო ბუნების კაცს, ხელგაშლილსა და სტუმართმოყვარე ოჯახის პატრონს. მას ცხრა შვილი – შვიდი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი მათგანი, მერაბის ბაბუა ქრისტეფორე კოსტავაც მეღვინე იყო. 1907 წელს მას და ეკატერინე ნუცუბიძეს პირველი ვაჟი – გრიგოლი გაუჩნდათ, 1910 წელს კი მეორე, მერაბ კოსტავას მამა – ივანე. სულ პატარები დაობლდნენ გრიგოლი და ივანე. ქრისტეფორეს გარდაცვალების შემდეგ მათი აღზრდა ეკატერინე ნუცუბიძემ ითავა. ის ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდა, საბნებს კერავდა და ოჯახს ამით არჩენდა. ობლების გაზრდაში მას ქრისტეფორეს ძმებიც ეხმარებოდნენ.

თეატრის მიმართ მგზნებარე სიყვარული გრიგოლ კოსტავას ცხოვრების თანამდევი იყო. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში რომ სწავლობდა, თეატრში ერისთავის „სამშობლო“ ნახა და თავის კლასელთან, ქართული თეატრის გამოჩენილ მსახიობ პიერ კობახიძესთან ერთად ამ პიესის დადგმა გადაწყვიტა. პიესა ვერსად ნახეს, ამიტომ იმავე სიუჟეტზე ერთმოქმედებიანი ამბავი თვითონ დაწერეს. პრემიერამ მეგობრის ეზოში წარმატებით ჩაიარა, პიერი მალე თბილისში გადავიდა და გრიგოლმა მარტომ იკისრა „რეჟისორობა“… მალე ისე გამოიწრთო, რომ მეცხრე კლასის მოსწავლე გიმნაზიის დრამწრის სულისჩამდგმელი გახდა. გრიგოლ კოსტავა ქუთაისისა და ჭიათურის თეატრებში მუშაობდა. 1928 წელს ახალი თეატრის შესაქმნელად ქუთაისში ჩასულ კოტე მარჯანიშვილს შეუმჩნეველი არ დარჩენია 22 წლის გრიგოლ კოსტავა. ნაყოფიერი გამოდგა დიდი რეჟისორისა და ახალგაზრდა მსახიობის ერთობლივი მუშაობა. ქუთაისის თეატრში ხშირად უხსენებდნენ ბავშვობისდროინდელ ამბავს, სცენაზე ხმალამოღებული რომ აფრინდა – შენ ის კოსტავა ხომ არ ხარ, მესხიშვილს მოკვლას რომ უპირებდა და თეატრში დებოში რომ ატეხაო?

თუმცა მანამდე იყო პირველი პატიმრობა. 1924 წელს 17 წლის გრიგოლ კოსტავა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით აჯანყებაში მონაწილეობისთვის დაიჭირეს, მაგრამ ასაკის სიმცირის გამო ერთი წლის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. 1928 წელს ქუთაისში გაჩნდა შეთქმულთა ახალი ჯგუფი იურისტ ვალერიან დვალიშვილის მეთაურობით. ჯგუფს გრიგოლ კოსტავაც შეუერთდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს დაარსდა არალეგალური ორგანიზაცია „ხსნის კომიტეტი“, რომლის წევრებსაც სწამდათ, რომ სწორი მანევრირების შემთხვევაში ეს ომი საქართველოს დამოუკიდებლობას მოუტანდა. ორგანიზაციის წევრი იყო გრიგოლ კოსტავაც. მისი ავტორობით 1945 წლის მარტში დაიწერა და გასავრცელებლად დაიბეჭდა 500 ცალი პროკლამაცია. ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის ის კვლავ დააპატიმრეს და სამხედრო ტრიბუნალმა მას დახვრეტა მიუსაჯა. ამის შესახებ ოჯახმა ციხიდან გამოგზავნილი, ლობიოს მარცვლებში ჩადებული სიფრიფანა წერილიდან შეიტყო:

„მომისაჯეს დახვრეტა, ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ყველანი კარგად ხართ. მე არაფრის არ მეშინია. ჩემთვის სულ ერთია. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ თქვენ გაგაწვალეთ. არ იდარდოთ. გკოცნით, კარგად იყავით ყველანი…“

რამდენიმე თვე ელოდა განაჩენის აღსრულებას გრიგოლ კოსტავა. 13 სექტემბერს ეს განაჩენი ათი წლის პატიმრობით შეუცვალეს. ეს წლები მაგადანში, უმკაცრესი რეჟიმის კოლონიებში გაატარა. უშიშროების იზოლატორში საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს მოთმინებით იტანდა. მის ვაჟკაცობას შინსახკომელებიც კი გაუოცებია. 1955 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, რეაბილიტაცია მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა და მშობლიურ ქუთაისს მიაშურა. პროფესიული ცხოვრება თავიდან დაიწყო – გაათკეცებული ენერგიით შეუდგა მუშაობას ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1956 წელს გრიგოლ კოსტავა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრსაც დაუბრუნდა, სადაც არაერთი საინტერესო სასცენო სახე შექმნა. შთამბეჭდავი სახეები დატოვა კინოშიც („ნინო“, „ღიმილის ბიჭები“ და სხვ.). შეთავსებით თბილისის თოჯინების თეატრშიც მუშაობდა, სადაც ჩრდილების თეატრი დააარსა. ნაძალადევის სამოყვარულო თეატრშიც დგამდა სპექტაკლებს.

გრიგოლ კოსტავა მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო. ის ქანდაკებასაც სწავლობდა. მისი მასწავლებელი თავად იაკობ ნიკოლაძე გახლდათ. გრიგოლ კოსტავას მიერ გამოძერწილი ფიგურები წლების განმავლობაში იდგა მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში.

1967 წელს გრიგოლ კოსტავას საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის, ხოლო მომდევნო წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

 

მერაბ კოსტავასთვის ბიძა რაინდობისა და კეთილშობილების სიმბოლო იყო. გრიგოლ კოსტავას პიროვნება მუდმივად შთააგონებდა თავადაც რაინდს. ალბათ სიმბოლურიც იყო, რომ საყვარელი ბიძის გარდაცვალების ამბავი მერაბმა ციხეში შეიტყო. მან ოჯახს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა:

„…მეხის დაცემაა 15 ივნისის „ლიტერატურული საქართველო“, სიმწარე აღურაცხელი… როგორ გამოგვეცალა ხელიდან ეს ვაჟკაცი, კაცი მძიმე და მნიშვნელოვანი ბედისა, ბედის არმგმობელი და ბედისგან დაუმარცხებელი, ბავშვობის დროიდანვე ჩემი იდეალი, რომელიც 10 წელი არ მენახა და რომელიც იმხანად ხალხმა, საქართველომ შემაყვარა, რადგან თუკი ვინმე მკითხავდა, რა გვარისა ვიყავი, იმის კითხვასაც არ დაიშურებდა, თუ გრიშა კოსტავა რა იყო ჩემი და გამონაკლისის გარეშე მოჰყვებოდა მისი ვაჟკაცობისა და კაიკაცობის ამბავს…”

 

…ეს 1979 წელს მოხდა – გრიგოლ კოსტავას უკანასკნელი, ხმალშემართული აფრენა სიცოცხლის სცენაზე, სიკვდილის საზღვრების გადასალახად, სამარადისო თავისუფლების მოსაპოვებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“