შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ჯადოსნური თილისმები წარსულიდან – ქართული მითოლოგიის სამყაროში

 

კიდევ ერთი სცენარი სასკოლო ღონისძიებისთვის

 

დამერწმუნებით რომ ბავშვები გიჟდებიან მითოლოგიაზე, განსაკუთრებით კი ბერძნული მითოლოგია იციან და მოსწონთ. რაღაცნაირად ქართულ მითოლოგიაზე მწირი ინფორმაცია აქვთ, ამირანით და დალით შემოიფარგლებიან. არადა მითები ისევე როგორც ხალხური ზღაპრები ჩვენი იდენტობის მტავარი წყაროა, ჩვენი არსებობის, ყოფნისა და ეროვნულობის განპირობებელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემს მეოთხე კლასთან პატარა სპექტაკლი დამედგა, სადაც პერსონაჟებად ქართული მითოლოგიის გმირები გამოვიყენე. ვფიქრობ რომ ბავშვებს მოეწონებათ, იხალისებენ და ასევე ბევრს გაიგებენ ჩვენს ძალიან, ძალიან შორეულ წარსულზე.

 

სცენა მოწყობილია როგორც ძველი დარბაზული სახლის კერა,  სასურველია ბორჯღალოებითა და მზის სიმბოლოებით იყოს გაფორმებული. კერის გარშემო  პაპა და ბებია სხედან. გარშემო შვილიშვილები არიან ალბათ სადღაც ორი ბავშვი: მზექალა და ხვთისო.

გარშემო თეთრებში ჩაცმული სამი გოგონა (სახლის ანგელოზები) უვლიან გარშემო და მღერიან: „მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო“. გულზე დიდი მზეები ჰკიდიათ.

https://youtu.be/YnD6JewYjSc

 

ხვთისო: როგორი ბნელი ღამეა, მთვარეც არ ჩანს, გარეთ გასვლა ახლა საშიშია…

მზექალა: ამბობენ რომ ამ დროს ჭინკები და დევები გამოდიან სანადიროთო.

ხვთისო: რას ამბობ მზექალავ, ახლა ეგენი აღარ არსებობენ და საერთოდაც მოგონილი მგონია.

მზექალა: ხვთისო! შენ გინდა თქვა რომ პაპა გვატყუებდა? ბებოს მოყოლილი ამბები მხოლოდ ზღაპრები  იყო?

ხვთისო: არ ვიცი, მგონი მეშინია რომ ნამდვილი არ აღმოჩნდეს…

პაპა ჩაიცინებს: ბავშვებო, ბავშვებო თქვენ ჯერ კიდევ არ იცით უხსოვარ დროს რა ამბები ტრიალებდა ჩვენთან.

ბებო: უნდა მოვუყვეთ კაცო, ხომ უნდა გაიგონ უკვე, დიდები არიან, მგონი უკვე დროა…

პაპა: ჰო, მეც ასე მგონია, დრო მოვიდა ყველა საიდუმლოს ფარდა აეხადოს…

ბავშვები ერთხმად: რას ამბობთ! გვითხარით დროზე! რას გვიმალავთ!

პაპა იწყებს: ახლა, სწორედ ახლა, იხნსება დროის პორტალი!

ბავშვები: რაააააა? გაოცებით.

ბებო: როგორც უხსოვარი დროიდან შემორჩენილი ლეგენდა გვეუბნება: ყველაზე, ყველაზე ბნელ უმთვარო ღამეს, როცა ძალიან ცივა და  მკაცრი ქარი ქრის… ათასწლეულების შემდეგ, ბოროტებას ისევ მოუნდება დედამიწაზე დაბრუნება…

პაპა:  ისევ შეებრძოლება სიკეთეს.. სწორედ ამ დროს მთვარე გაწითლდება, თითქოს გველეშაპმა გადაყლაპაო, ჰოდა წარსულის გმირები, ღმერთები და ქალღმერთები ჩვენს დასახმარებლად გადმოლახავენ უამრავ წელსა და საუკუნეს…

ბებო:  ამ დროს გაიღება წარსულის კარიბჭე, ოღონდ მზე – ლილეს უნდა შევთხოვოთ, დაგვეხმაროს და დაგვიცვას! თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი ისტორია, ახალი ერა! თქვენ ხართ გმირების შთამომავლები, მათი საქმეების გამგრძელებლები! უნდა დაამარცხოთ სიბნელე და სინათლე მოფინოთ ქვეყნიერებას!

პაპა: მზად ხართ წარსულიდან საჩუქრების მისაღებად? მზად ხართ შორეული წარსულის გასაცნობად?

ყველა ერთხმად: მზად ვართ!

მზექალა

ლილევოდა, დიდება შენდა,
დიდება შენდა, ზეციერო!
ოქროსი გიდგას სრა-სასახლე,
გარს აკრავს ოქროს გალავანი,
გალავნის ძირას ირმებია,
ქიმ-ქონგურებზე შევარდნები.

ხვთისო

შენს საღმრთო ხარებს, მეუფეო,
რქები ადგათ – რქები ოქროსი,
იალაღებზე ბუღრაობენ,
ირყევიან დიდი ქედები.

 

ბებო

ნებიერი შენი ვერძები
რქებით ერთმანეთს აწყდებიან,
მთათა იმსხვრევა ხერხემალი,
ქანაობენ მძიმე ბურჯები.

 

პაპა

ლილევოდა, დიდება შენდა,
ბნელი ახლოს ვერ გეკარება,
ზღვასა და ხმელზე დაგიყრია
მოელვარე სამკაულები.
ლილევოდა, დიდება შენდა,
დიდება შენდა, ზეციერო!

 

ამ დროს სამი ანგელოზი/გოგონა ბზრიალებენ, ტრიალებენ მათ გარშემო და ჩირჩულებენ:

მოდიან, მოდიან, იწყება, იწყება!

უცებ გრუხუნია, მუსიკაა – დაძაბული, შეიძლება ბოლიც ავარდეს

და პორტალიდან გადმოხტება:

 

 

კოპალა

აქეთ დევებს ხომ არ ჩამოვლიათ? რაღაც ხმა მომესმა! რაღაც ძალამ გადმომისროლა!

პაპა შესძახებს: ეს ხომ კოპალაა!

კოპალა: დიახ, კოპალა ვარ!

პატარა ბიჭი ვიყავი, არაგვის ხეობაში ვცხოვრობდი! დევებმა რომ შემიპყრეს და თავად გამზარდეს! უამრავი დამცირება და სისასტიკე ავიტანე მათგან! ხან წყალს მაზიდინებდნენ, ხან შეშას, თავშიც მიბარტყუნებდნენ! მაგრამ ვითმენდი და ვიზრდებოდი, ერთხელაც გავიპარე! გადავიარე მთები, ტყეები და თიანეთში იხინჭის ეკლესიაში მივედი ბერებთან. დილიდან საღამომდე ღმერთს ვევედრებოდი იმდენი ძალა მოეცა ჩემთვის, რომ დევებისთვის ხალხის ხოცვა-ჟლეტა არ შემერჩინა. ღმერთმა იცოდა ფშავ-ხევსურებს როგორ აწიოკებდნენ დევები, ჰოდა ისმინა ჩემი ვედრება და დიდი ძალ-ღონე მომცა. მაშინვე ვიგრძენი ძალა, ეგრევე იფნის ხე მოვგლიჯე, ცალი ხელით. მაშინვე დევებთან გადავწყვიტე შებრძოლება, უამრავი ამაბავი გადამხდა თავს, ჩემი თილისმა ჩემი ლახტი იყო – რომელიც მეხივით ქუხდა და ცეცხლს აჩენდა!

სამი ანგელოზი უვლის გარს კოპალას და იძახის:

პირველი: კოპალას ნასროლი ქვა დევების ნასროლ ლოდებზე უფრო სწრაფად გაფრენილაო.

მეორე: კოპალას ლახტით დევები სულ გაუწყვეტიაო.

მესამე: კოპალას დევებისთვის ციხეგორა წაურთმევიაო.

კოპალა:  საოცარი ღამეა! ჩემს ლახტს ახლა თქვენ დაგიტოვებთ, ვიცი თქვენ ჩვენი გვარისა ხართ, ახლა ჯერი თქვენზეა, ბოროტება უნდა დაამარცხოთ!

კოპალა ლახტს აძლევს ოჯახს. ოჯახი მადლობას ეუბნება, ეხვევიან და ცეცხლთან ეპატიჟებიან.

 

ამასობაში ისევ მუსიკა და საშინელი გრუხუნია, პორტალი ისევ იხნსება და ქალღმერთი დალის გადმოდის.

ცეცხლის გარშემო ჩურჩულია: ეს ხომ დალია! დალია, დალი!

ანგელოზები ერთად შეჯგუფდებიან და გაკვირვებულები იყურებიან: დალი, დალი!

ქალღმერთი დალი:

„ოჰ, ჩემი საყვარელი ცხოველები! ჩემი ოქროსრქიანი ირმები! სად დამეკარგეთ, სად ხართ?

ანგელოზები ერთხმად იძახიან:

„„დალაი თქვით, დალაი, მხედრებო, დალაი, დალაი,

ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!“

პაპა, ბებია და შვილიშვილები, კოპალა იძახიან:

„„„დალაი თქვით, დალაი, მხედრებო, დალაი, დალაი,

ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!““

 

დალი აგრძელებს: „„როდესაც დიდი გასაჭირი დაგადგეს,

მაშინ ჩემი სახელი ახსენე,

მხარში ამოგიდგები,

ჯიხვსა და არჩვს არ დაგიძვირებ.“

უძველესი ქალღმერთი ვარ! სალ კლდეებში ვცხოვრობ, როცა მომინდება ირმად ვიქცევი, როცა მომინდება ჯიხვად. ერთი კლიდან მეორეზე გადავფრინდები და მონადირეებს ხელს მოვუმართავ, თუ მონადირეები დალის პატივს სცემენ. ფრთებიც მაქვს! ყოველ ნაბიჯზე სახლის სიმაღლე ნახტომის გაკეთება შემიძლია! ჩემი ფრთის შეხება ჭრილობას ამრთელებს! თუ ვინმეს საჩუქარი ვაჩუქე, მის ოჯახს კარგი ბედი და იღბალი ეწვევა, ოღონდ, თუ გამაბრაზეს…ო, ამაზე მოდი დღეს არაფერს ვიტყვი.

მზექალა:  რა ლამაზი ხართ! როგორი ძლიერი:

დალი: მე შენ თილისმას გაჩუებ, აი, გამომართვი! ეს ჯადოსნური ირემია, სულს შეუბერავ და მაშინვე შენთან გაჩნდება ჩემი ძალა, ბოროტებას ერთად დავამარცხებთ!

ხვთისო: – დალი, ჩემო ქალღმერთო!

ბებო: მადლობა, ქალღმერთო!

ანგელოზები გარს უვლიან და თმას ვარცხნიან, ღიღინებენ:

„ ძნელი არს დალაობაი, დალაი, დალაი!“

დალის ეპატიჟებიან ცეცხლის გარშემო, ისიც ჩამოჯდება.

ამასობაში ისევ გრუხუნია, პორტალიდან იახსარი გადმოხტება.

ბებო: ეს ხომ იახსარია, იხსარ ღვთისშვილი!

იახსარი: იახსარი ვარ! ფშავის საყმოს, ქისტაურთა მფარველი ღვთისშვილი!

კოპალა რომ დაინახავს იახსარს, იცნობს და წამოხტება:

კოპალა: იახსარ, ძმაო!

იახსარი: ძმაო კოპალა!

გადაეხვევიან ერთმანეთს, მოიკითხავენ. კოპალა უბრუნდება ადგილს.

იახსარი აგრძელებს:

დევებს, ქაჯებს, ეშმაკებსა და მაცილებს ვებრძოდი! ვიცავ ყველას, ვისაც შველა სჭირდება! ზეციური მოქალაქეც ვარ! დედამიწაზე სვეტის ან ჯვრის სახით ჩამოვდივარ! მორიგ ღმერთთან ადამიანების სათხოვარი მიმაქვს! მორიგე ღმერთმა მშვილდ-ისარი მიბოძა და დამლოცა. დევებს სადაც შევხვდები მუსრს ვავლებ, ავიკეცავ ჩოხის კალთებს, დავტაცებ ხელს ქვას და ვესვრი! დევებს ეშინიათ, გამირბიან. სოფელ როშკას ზემოთ, აბუდელაურის ტბაში შეაფარა თავი ჩემგან გაქცეულმა უკანასკნელმა დევმა. მეც შიგ ჩავყევი, მაგრამ დევის სისხმლა ტბა შეკრა, მე ტბაში ჩავრჩი. ტბის პირი მხოლოდ მაშინ გაიხნსა, როცა მის ნაპირზე ოთხყურა და ოთხრქა ცხვარი მოიყვანეს. როგორც იქნა ხმელეთზე ამოვედი, მტრედის სახით ამოვფრინდი. მას შემდეგ ლიქოკის თავს, კარატის წვერზე ვსახლობ და ვიცავ ხალხსა.

ყველა ერთხმად (ბებო, პაპა, შვილიშვილები, კოპალა, დალი) იძახიან:

„დიდება იახსრის დროშას, ზარსა და საზარეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ლაღ იახსარს, დევკერპთ ამომწყვეტს და გადამსხვავებელს. გაუმარჯოს ავის გორს უფალმა ღმერთმა.“

იახსარი: – ბოროტებასთან საბრძოლველად ჩემი ქვა გამოაგდბებათ! ოჯახს ქვას ჩუქნის და თავად ცეცხლთან ჯდება.

გრუხუნია, პორტალიდან ბარბალე გადმოვა.

დალი: ბარბალე, მზის ქალღმერთო და გველეშაპის დამამარცხებელო! კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ ეპოქაში!

ბარბალე: დალი! კოპალა! იახსარ! თქვენც აქ ყოფილხართ! პირდპირ მზის სასახლედან მოვედი…

ანგელოზები გარშემო ევლებიან და ეუბნებიან:

პირველი:

მზის ოქროს სხივით მოსილი,

ცაში აგიზგიზდი, ბარბალე,

შენი ნათელი მოსავალი

მიწას აკურთხებს მარადვე.

 

 

მეორე:

შენი ღიმილი – დღევანდელია,

შენი მზე – მარად ანათებს,

ხორბლის თავთავში ლოცვას ვხედავ,

ღვინოში – შენს ნაკვალევს.

 

მესამე:

გზას დაგილოცავს მთვარე ღამით,

მზე დაგიკრავს ოქროს ზარს,

ღმერთთა შორის კვლავ გაბრწყინდი –

სიცოცხლე მოჰფინე მიწას დღესაც!

 

ბარბალე: ვმფარველობ: დედებს, ქალებს, საქონელს, მოსავალს… ვდგავარ მზისა და სინათლის მხარეს, ვებრძვი სიბნელეს, ბოროტებას. ვამარცხებ გველეშაპს, რომელსაც მზისა და მთვარის ჩაყლაპვა სურს და დედამიწის ბნელში მოქცევა! როდესაც გველეშაპი მთვარეს ყლაპავს, მთავრე სისხლისფერი ხდება, მაგრამ ამ დროს მას მე ვანადგურებ და მთვარე გვიბრუნდება! ვანადგურებ მზის სსხივებით, მზის სხივები ხომ სიბნელეს ფანტავს.  განსაკუთრებით სვანებს ვუყვარვარ, ასე მიმღერიან: “მზე შემოაქვთ რქებით ხარებს! მზე შენიამ ბარბარ დოლაშ!” ხაჭაპურებს და ლობიანებს მიცხობენ დღესაც… მე მზე მოგიტანეთ, როდესაც დაგჭირდებათ თქვით ჩემი სახელი, აკაშკაშდება და სიბნელეს დაამარცხებს!

ბარბალე მზეს აძლევს ოჯახს და ისიც კოცონის გარშემო ჯდება.

გრუხუნია. პორტალი იღება და მინდია, ხოგაის- მინდი გადმოდის:

ყველა ერთხმად, მინდია, ხევსური მინდია, ბუნების მცველი!

მინდია: ყველა ერთად შეკრებილხართ! შორიდან მოვდივარ, ათასწლეულების მიღმიდან. მესმის რას ჩურჩულებს ბალახი და რას ტირიან ხეები… ქაჯეთის ტყვე ვიყავი, ,შემზარავი და საშინელი ქაჯების.. მათთან ყოფნას სიკვდილი მერჩივნა, ამიტომ შევჭამე ქაჯების საკვები: გველის ხორცი! სიკვდილის ნაცვლად კი უზარმაზარი ძალა მივიღე! ბუნების საიდუმლოება მესმის! მესის მცენარეების, ფრინვლების, ცხოველების ენა…  ვიცი რომელი მცენარე რას კურნავს და რა დაავადებას არჩენს…

„უნდა იცოდეთ, ჰხედავდეთ

თავთვების ყელის წევასა,

ათი-ათასი ყოველ მხრივ

რომ დაიქუხებს ერთადა, –

ხელ-ნამგლიანი როცა ვარ,

მნახავენ თავის ღმერთადა: –

“არა, მე მომჭერ, მინდიავ,

ნუ მტოვებ, შენი კვნესა-მე!” „

ყვავილი მოგიტანეთ, როგორც კი ბოროტებას იგრძნობს ახლოს, მაშინვე შავდება, დააკვირდით, ის მნიშვნელოვანი მაცნეა!

მინდია სხვებთან ერთად ჯდება.

გრუხუნია და პორტალიდან აშექალი გამოდის:

ყველა ჩურჩულებს: აშექალი მოვიდა, აშექალი.

აშექალი: რამ შეგაშინათ! სამტროდ არ მოვუსლვარ, სამოყვროდ ვარ! ქაჯავეთიდან ვარ წამოსული, ყველაფერი ვიცი წინასწარ, ყველას ბედს ვიგებ!  სამ წელიწადს ხახმატის ჯვრის მეჯინიბე ვიყავი, ხახმატის გიორგის წითელი ცხენი ჰყავდა და შუბლზე თეთრი ნიშანი ჰქონდა, ყველგან თან დაყვებოდა გიორგის! ამ ცხენს მე ვუვლიდი, ვწმენდავდი, სხვა ვერავინ ეკარებოდა და ვერც ვერვინ ხედავდა, მხოლოდ მე.  როგორც კი წმინდა გიორგის ვინმე რაიმეს სთხოვდა, მაშინვე ვაღებდი საჯინიბოს კარს და ცხენიც გამოვარდებოდა და გიორგიც ისე სწრაფად შემოახტებოდა ცხენს, თვალს ვერ ვასწრებდი.  ადამიანს ვეხმარები რომ წინასწარ შეიტყონ რა ელით, საფრთხეს თავი რომ აარიდონ. აი, ამ სარკეს გიტოვებთ, თქვით: სარკევ, სარკევ, აშექალის ხათრით, გვითხარ რა გველის? სარკეშიც მაშინვე გამოჩნდება მომავალი! ოღონდ ტყუილად არ მოაცდინოთ, მხოლოდ მაშინ, როცა ბოროტება გააქტიურდება!

აშექალი სარკეს ჩუქნის ოჯახს და იქვე ჯდება. ანგელოზები გარს უვლიან.

ისევ გრუხუნია, ამჯერად პირქუში გამოჩნდება:

იძახიან: პირქუშია, ნამდვილად პირქუში!

პირქუში: პირქუში ვარ! ხევსური მჭედალი! სანამ ადამიანობაში დავითი მერქვა, ნაწილიანიც ვიყავი, როცა მეძინა ბეჭედბის შუა ნაწილიდან შუქი ამომდიოდა და ირგვლივ ღვთაებრივ შუქს აფრქვევდა. ერთ დღეს ჩემს გრდემლზე წარწერა გაჩნდა და ჩემი ბედი ამოვიკითხე!  ვერაფრით ვერ ამოვშალე ეს ავისმომასწავლებელი წარწერა., რომ წინასწარმეტყველება როგორმე გამეუქმებინა. თუმცა საქმე არც ისე ცუდად ყოფილა, რადგან პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით ვცხოვრობდი, მორიგე ღმერთმა ხვთისშვილობა მიბოძა, ადამიანების მცველად ვიქეცი.  დევები ოჯახებს აწიოკებდნენ, ხალხს ხოცავდნენ, მათ წინააღმდეგ მეც ვიბრძოდი, ტყვეთაც კი ჩავვარდი, მაგრამ კოპალამ მიხსნა! (ამ დროს კოპალასთან მიდის და გადაეხვევა).

თქვენ კი ჩემს მიერ გამოჭედილ პატარა ჩაქუჩს გიტოვებთ, როცა დრო მოვა, ჩაიფიქრებთ და ჩაქუჩი უზარმაზარ იარაღად გადაიქცევა, ბოროტების დასამარცხებლად!

პირქუში ჯდება, გრუხუნია.

პორტალი იხსნება და ადგილის დედა გადმოდის.

ყველა გაინაბა, ჩურჩულებენ. ადგილის დედას გარშემო შემოევლებიან (თან მუსიკაა) და ფერხულს უვლიან.

ადგილის დედა: ჩემო შვილებო! როგორ მიხარია თქვენი ერთად დანახვა! როგორც ჩანს მოსულა ის დრო, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებოდით. ადგილის დედაც შემოგიერთდით! მე თქვენს და მთელი ქართველების მშვიდობიან ცხოვრებაზე ვზრუნავ. ჩემს კათლის ქვეშ ვიფარებ: ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს! ზოგჯერ ყვავილებისა და მინდორის მფარველ ქალსაც მეძახიან.  ჩემს დღესასწაულზე სანთლებს ანთებენ, კვერებს აცხობე, ცეკვავენ და მღერიან. ვპატრონობ ჩვენს მიწას, ჩემი ხალხი გულიან ქადებსაც მიცხობს. არ შეგეშინდეთ, მაგრამ ხანდახან გველად ქცევაც კი შემიძლია! სახლის საძირკველში ვიდებ ბინას და სახლის პატრონები ყოველ დილას რძეს მასმევენ! იციან რომ არაფერს დავუშავებ, ამიტომ არ მერჩიან, სულ პირიქით – მე ოჯახებისთვის ბედნიერება მომაქვს.

მე თქვენ სანთელი მოგიტანეთ, უბარლო არ გეგონოთ, როგორც კი დაანთებთ მაშინვე ისე აგიზგიზდება ყოველნაირ სიბნელეს გაფანტავს და ბოლოს მოუღებს!

ყველანი მადლობას ეუბნებიან, ადგილის დედა ჯდება კოცონთან.

 

გრუხუნი: ნეტავ ახლა ვინ არის? ნეტავ ვინ? ნეტავ ვინ? ისმის საუბარი.

გადმოდის ოჩოპინტრე. შეძახილია: ნადირთ მფარველი მატონი!

ოჩოპინტრე: ოჩოპინტრე ვარ, ნადირთ მწყემსი და ნადირთ მფარველი! მე მთხოვენ რომ ხელი მოვუმართო და კარგი იღბალი მივცე. როდესაც მონადირე ჩემ ტყეებში გამოჩნდება, მაშინვე შევძახებ: აბა გაიქეცით, მონადირე გეპარებათ! ქალღმერთ დალის ვეხმარები გარეული ცხოველებისა და ფრინველების მწყემსვაში, უხილავი ვარ სანამ ეს მსურს, როდესაც მე მოვინდომებ მაშინ ვხდები ხილული! როდესაც უხილავი ვარ, პატარა ზომის ნაფეხურებს ვტოვებ, ხალხი პაწაწინა პერანგებს მჩუქნის და ხის კენწეროებზე ჰკიდებენ.  ძალიან მიყვარს ცხოველები, თუ სადმე პაწაწინა ბელი ან მგლის ლეკვი ვიპოვე, რომელსაც დედა მოუკლა მონადირემ, მე ვზრდი, მე ვაჭმევ და შემდე ვუბრუნებ ტყეს. ფრინველებსაც მე ვეხმარები ბუდეების აშენებაში. მონადირეები ხშირად მთხოვენ დახმარებას, თუმცა ძალიან არ მიყვარს მათი დახმარება, ძველად როდესაც ადამიანებს სხვა საჭმელი არ ჰქონდათ ხელსვუმარტავდი, მაგრამ ახლა დრო შეიცვალა, სულ არ არის აუცილებელი ცხოვლების სიკვდილი, რომ ადამიანები მშვივრები არ იყვნენ..

მე გიტოვებ ამ მგლის ფიგურას, როდესაც დაგჭირდებით, ჩასჩურჩულეთ: ოჩოპინტრე, გვჭირდები! და ჩემი ერთგული თეთრი მგლები თქვენთან გაჩნდებიან!

ოჩოპინტრე ჯდება სხვებთან ერთად.

გრუხუნია – კვირია გადმოდის.

იძახიან: ხვთისშვილების წინამძღოლი მოდის, კვირიაც აქააა!

კვირია: დიახ, კვირია ვარ!  უამრავი სახელი მაქვს: კვირიაე, კვირაე, კვირეე… მე ვარ ღმერთი, სამართალი მაბარია და სამართლიანობას ვამყარებ. მე შემთხოვენ როდესაც ვინმეს კარგი ბედი და იღბალი სურს. მორიგე ღმერთთან ერთად ამინდსაც განვაგებ, ტაროსს. როცა საჭიროა წვიმას ვიხმობ, როცა ხალხს სჭირდება მზეს. ასე მეხვეწებიან: „”მორიგეს ღმერთსა და დიდ კვირაეს გახვეწებთ, თქვენ უშველეთ თქვენს მეხვეწერთ. ეს ზაფხული მშვიდობით დამდგარ, მშვიდობით გადააყენეთ.” ხალხი ხან ღვთის კარზე მოარულ ღვთაებასაც მიწოდებს, რადგან დამბადებლის ხშირი სტუმარი ვარ.

პირველად ღმერთი ვახსენოთ, ის უფრო დიდებულია,

მემრე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარაღვთისია,

მემრე ვადიდოთ ფიწალე, ლაშქრისა წინამძღვარია,

მემრე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია.“

რადგან მე ცისკრის ვარსკვლავსაც მეძახია, ვარსკვლავი მოგიტანეთ. როგორც კი სიბნელე დაისადგურებს, ვარსკვლავ სულს შეუბერავთ და მაშინვე მილიონ ვარსკვლავად იქცევა და აკიაფდება, სიბნელეს სინათლე დაამარცხებს!

კვირია ჯდება სხვებთან ერთად.

ისევ გრუხუნია: თორღვა გადმოდის.

ირგვლივ იძახიან: მამცი თორღვა, ვაჟკაცი თორღვა!

თორღვა:  სულ ვიბრძვი და ვებრძვი ბოროტებას! თორღვას მეძახიან, ხანდახან თორღვა ძაგანსაც.  როგორც კი დავბადებულვარ, იქიდან მქონია ბეჭებზე მზისა და მთვარის გამოსახულება, ასევე ჯვრის გამოსახულებაც. მარჯვენა ხელი სისხლისფერი მქონდა დაბადებიდანვე. ეს არ იყო შემთხვევითი, ბავშობიდანვე ნიშნიანი ვიყავი! ვებრძოდი ყველა მოძალადეს და ავ სულს. ქვესკნელშიც კი ვიყავი, თეთრ ყორანს გამოვეკიდე, რადგან ნატვრის თვალი წამერთმია! მყინვარის ნაპრალში ჩავვარდი! ნაპრალში ვეშაპმა ჯადოსნური ჯაჭვი მაჩუქა, ამ ჯაჭვის მფლობელს არანაირი მახვილი აღარ მეკარებოდა! ჩემზე დაწერეს:

„ჯაჭვის პერანგი მის ტანზე გველის ქერეჭივით ჭვივოდა

და იცავდა მას ავი თვალისაგან,

მახვილისაგან,

და ხორციელი შიშისაგან…

პერანგი თორღვა ძაგანს ბეჭზე გამოსახულ თილისმებს უმალავდა:

მზე და მთვარე იყო თორღვას საიდუმლო ნიშნები

და ჯვარი, რომელიც ხერხემალზე ეხატა…“

ნატვრისთვალი მოგიტანეთ, გველს რომ წავართვი, ინატრებთ და ბოროტება ნისლივით გაიფანტება, ამოვა მზე და საკუთარ სხივებში გაგვხვევს.

მუსიკა ირთვება, ნელ-ნელა დგება ყველა და ხელ ჩაკიდებულები დგებიან ერთად. წინ მზექალა და ხვთისო გამოდიან:

მზექალა: მაშ გადავრჩებით! თილისმები წარსულიდან ადგილზეა!

ხვთისო: ბოროტებას დავამარცხებთ და ჩვენი გმირები, ჩვენი წინაპრები ზურგს გაგვიმაგრებენ!

ბებია: წინასწარმეტყველება აცხადდება!

პაპა: კარიბჭე ღიაა, ყველა აქაა! სიკეთე იზეიმებს!

ბოლოს ყველა მღერის:

https://www.youtube.com/watch?v=EXb45BggC_I

https://youtu.be/4izt5l5bqqA

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“