ჩემი არც ერთი შვილი ჯერ არ არის 13 წლის, ანუ იმ ასაკის, როცა ლეგალურად შეუძლია ანგარიშის შექმნა სოციალურ ქსელებში – მე ამ წესს მკაცრად ვიცავ და ყოველ ჯერზე, როცა მეუბნებიან რომ კლასელების მესენჯერ ჯგუფში გაერთიანებისთვის, ან რაიმეს გამოსაწერად ჭირდებათ ექაუნთი ფეისბუკზე, ინსტაგრამზე ან შემთხვევით ხომ არ შეიძლება ბედი სცადონ იუტუბერის როლში, ვეუბნები რომ ჯერ არა, ჯერ უნდა გაიზარდონ.
მიზეზები, რის გამოც მათ სოციალურ ქსელებში ანგარიშების გაკეთებაზე უარს ვეუბნები, ბევრია და ჩემს შვილებთან ერთად არაერთხელ განგვიხილავს, მაგრამ რადგან უფრო და უფრო მეტი ბავშვი ჩემს გარშემო თავისუფლად დანავარდობს სოციალურ ქსელებში, საჭიროდ მივიჩნევ ამ საკითხზე ოჯახს მიღმა საუბარსაც. მიზეზებს შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ფიზიკური უსაფრთხოება და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის თავია, როგორც ამბობენ ხოლმე დიდ პრობლემაზე საუბრისას. აი სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები:
- ფსიქოლოგიური ზეგავლენა: ბავშვების ფსიქიკა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, და სოციალური ქსელების გამოყენებამ შეიძლება გაამწვავოს თვითშეფასების პრობლემები და გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია.
- კიბერბულინგი, შეურაცხყოფა და სექსუალური შევიწროება: სოციალური ქსელები ხშირად ხდება კიბერბულინგის ადგილი, რაც განსაკუთრებით საზიანოა ახალგაზრდა ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ემოციური მდგრადობა, რომ გაუმკლავდნენ ასეთ სტრესს. სოციალურ ქსელებში ბავშვები მოწყვლადები არიან როგორც თანატოლების მხრიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ, ასევე ზრდასრულებისგან ზეწოლის, სექსუალური შევიწროების თუ ძალადობის შემთხვევებზე. საქართველოში არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მოზარდებს ასაკით გაცილებით უფროსები სთხოვენ შიშველი ფოტოების გაგზავნას, აბამენ მათთან ეროტიული შინაარსის მიმოწერას, აშანტაჟებენ ამ მიმოწერით და სთხოვენ მათი ნების საწინააღმდეგოდ
- პირადი მონაცემების დაცვა: გამოქვეყნებული ფოტოებით მათ შეიძლება ადვილად გასცენ ინფორმაცია იმ სკოლების შესახებ, სადაც სწავლობენ, მარშრუტზე, რომელსაც დღის განმავლობაში გადიან, თავიანთ ინტერესებსა და ემოციებზე რიგი საკითხების მიმართ, რაც მათ მოწყვლად ხდის მავნე პირების და მონაცემთა მოპარვის რისკის წინაშე. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვების შესახებ ინფორმაციის და ფოტოების გავრცელებისას უფროსებსაც სიფრთხილე გმართებთ.
- დამოკიდებულების რისკი: სოციალური ქსელების ალგორითმები განკუთვნილია მომხმარებლების ყურადღების დიდხანს დაკავებისთვის, რაც ბავშვებში იწვევს დამოკიდებულებას და ხელს უშლის მათ ნორმალურ განვითარებასა და სწავლის პროცესს.
- აკადემიური შედეგების გაურესება: სოციალური ქსელების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კონცენტრაცია, რაც უარყოფითად აისახება სასკოლო შესრულებაზე. სოციალურ მედიაში გატარებული დრო ბავშვების დასვენებაზე, გართობასა და მეცადინეობაზე მოკლებული დროა – მოზარდებისთვის ფუჭად დროის კარგვა კარგი მოვლენა არ არის. სჯობს მათ ხარისხიან გართობასა და დასვენების უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ;
- არასათანადო შინაარსთან წვდომა: ბავშვები ადვილად შეიძლება წააწყდნენ ძალადობრივ, სექსუალურ ან სხვა არასასურველ კონტენტს, რაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს.
- კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა: 13 წლამდე ბავშვები ჯერ კიდევ არ ფლობენ კრიტიკული აზროვნების ისე განვითარებულ უნარს, რაც აუცილებელია დეზინფორმაციისა და მანიპულაციური კონტენტის ამოსაცნობად. მაგალითად, 2020 წელს ტიკ-ტოკზე გავრცელებულ “Benadryl Challange”-ს რამდენიმე ბავშვის სიცოცხლეც კი ემსხვერპლა. გამოწვევის ფარგლებში მოზარდები წამალ ბენადრილის გადაჭარბებულ დოზას იღებდნენ, რომელსაც ე.წ. “ჰალუცინაციების” გამოწვევა შეძლო. დასვენებისა და ფიზიკური აქტივობის დეფიციტი: სოციალური ქსელების გადაჭარბებული გამოყენება ამცირებს ფიზიკურ აქტივობას, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე და ზოგად განვითარებაზე.
- სოციალური უნარების დაქვეითება: ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ონლაინ, ხშირად ნაკლებად ვითარდებიან სოციალურ ურთიერთობებში და რეალურ კომუნიკაციაში. დროთა განმავლობაში ხდებიან ჩაკეტილები ან ცოცხალ ურთიერთობებს ვირტუალური ნაცნობებით ანაცვლებენ, რაც მათ მოწყვლადებს ხდის და გარკვეულწილად პარალელურ რეალობაში აცხოვრებს.
- ნეგატიური როლური მოდელები: სოციალურ ქსელებში ხშირად პროპაგანდირდება არასათანადო ქცევა, მაგალითად, აგრესია ან ზედმეტი მატერიალიზმი, რაც ბავშვების ღირებულებებზე გავლენას ახდენს. “ინფლუენსერების” გაზრდილი როლის პირობებში მათი ცდუნება ეფემერული წარმატებებით და მყიფე პოპულარობით შესაძლოა უფრო მიმზიდველი იყოს, ვიდრე ღირებულებებზე დაფუძნებული აკადემიური განათლება და ბეჯითი შრომით მიღწეული წარმატება;
- ემოციური რეგულაციის უნარის დაქვეითება: მუდმივი “ლაიქების” და “კომენტარების” რაოდენობის კონტროლი ბავშვებში იწვევს ემოციურ დამოკიდებულებას გარეგანი აღიარების მიმართ.
სოციალური ქსელების შეზღუდვის ალტერნატივად მოზარდებს შეგვიძლია ინტერნეტისა და ეკრანების გამოყენება ისეთი საქმეებისთვის, რაც მათ გაართობთ, დააინტერესებთ და დანაკლისის განცდას არ გაუჩენს. შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, სხეულზე ზრუნვის პრაქტიკების გამოსამუშავებლად და თვითგანათლების პროცესის დასაორგანიზებლად განკუთვნილი ონლაინ კურსების, აპლიკაციების და გზამკვლევების გამოყენება მათ უნარებს გაცილებით სანდო კალაპოტში ჩასვამს და ტექნოლოგიების სამყაროში ნავიგაციასაც უფრო უსაფრთხო გზებით ასწავლის.