პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რა მოხდა გორის ბაზარში

ეს ამბავი ახალმა სოციალურმა კამპანიამ გამახსენა. „რა მოხდა ქუჩაში“ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „საფარის“ წამოწყებაა – ქალები ჰყვებიან სექსუალური შევიწროების გამოცდილების შესახებ; ჰყვებიან, რა მოხდა ქუჩაში, ტრანსპორტში, სამსახურში, საჯარო სივრცეში; როგორ იქცნენ უსახელო მსხვერპლად; როგორ განიცდიდნენ ამგვარ შევიწროებას მოზარდობისას თუ ზრდასრულობისას. სოციალური კამპანიის მიზანი ამ საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულების მეტ-ნაკლებად შეცვლა და საკანონმდებლო რეგულაციებში მისი მოქცევაა. „სექსუალური შევიწროება ძალადობაა. მოგვიყევი, რომ შეაჩერო“, – ვკითხულობთ სოციალური კამპანიის ფეისბუკის გვერდზე. იქვეა  შემდეგი სიტყვებიც: “რა მოხდა ქუჩაში” სექსუალური შევიწროების ისტორიებია, ამბები, რომლებიც ხშირად უთქმელი და დაფარული რჩება. სექსუალური შევიწროების გამოცდილებების გაზიარება დაგვეხმარება, რომ თავი შეურაცხყოფილად, დამცირებულად და შერცხვენილად აღარ ვიგრძნოთ“.

კითხვას შევყევი და წლების მანძილზე მოსმენილი იმდენი ამბავი გამახსენდა – ერთმანეთზე შემზარავი, გულისმომკვლელი ამბები. გასული საუკუნის 90-იან წლებში მეტროს ვაგონსა თუ ავტობუსში ხელების ფათური, უცერემონიო ჩახუტება, ყურში რაღაც ამაზრზენის ჩაჩურჩულება – ეს ყველას გამოცდილების ნაწილია, ვისაც იმ დროში ცხოვრება მოუწია. შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა: თავს გადახდენილიდან მეტი არც არაფერი მახსენდება. მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ მეტისმეტად ფრთხილი ვიყავი – ყველაზე უარესზე ვფიქრობდი და თავს ვარიდებდი ისეთ ადგილებს, სადაც სულ მცირე საფრთხეც კი შეიძლება გაჩენილიყო.

ცხადია, არ ვამბობ, რომ თუ ვინმე ძალადობის მსხვერპლი ხდება – ეს მისი გაუფრთხილებლობის ბრალია.

ბავშვობიდან მესმოდა ამბები მოძალადე კაცებსა და ბოლო წუთს გადარჩენილ მოზარდებზე, ვერ გადარჩენილ გოგოებსა და ბიჭებზე (რამდენიმე ასეთი დანაშაული მოხდა იმ წლებში გორსა და გორის სოფლებში. გაიმართა სასამართლო პროცესები. ყველას პირზე ეკერა საშინელების ჩამდენთა სახელები). მესმოდა, რომ არავის, ამქვეყნად არავის არ უნდა ვენდო; რომ ახლობლების, მეზობლებისა და მეგობრების განზრახვებში ბოლომდე დარწმუნებული არ უნდა ვიყო; ყოველთვის უნდა მახსოვდეს, რომ კაცს ნებისმიერ წუთს შეიძლება მოუნდეს რაღაც უკადრისის ჩადენა; რომ ზოგჯერ მამები და ძმებიც კი აუპატიურებენ გოგოებს; რომ ერთხელ ერთი გოგო კარის მეზობელს, სამი შვილის მამას მანქანაში ჩაუჯდა და…

ზამთარი იყო. ტალახიანი ჩექმები მეცვა და მძღოლის გვერდით ვიჯექი გორის ბაზრის ავტოსადგომზე გაჩერებულ, ერთიანად ტალახში ამოსვრილ მანქანაში. 12-13 წლის ვიქნებოდი. სიცივეც მაწუხებდა და ის აზრებიც, თავში სწრაფად რომ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს – დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მანქანის მძღოლს გულში კეთილი ზრახვები ედო. უცნაურად მიღიმოდა. მეზობელი იყო – ამ კაცზე ავი სიტყვა არავის დასცდენოდა, სანდო, წესიერ ადამიანად ითვლებოდა. მე და დედაჩემს ბაზარში შემთხვევით შეგვხვდა და წაყვანა შემოგვთავაზა – ერთი გზა გვაქვსო. დედაჩემი ბაზრის დახურულ განყოფილებაში შებრუნდა, მე კი, სავსე პარკებით, ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში აღმოვჩნდი.

ვფიქრობდი, უცებ რომ დაძრას ეს მანქანა და სადმე, დაუსახლებელ ადგილას წამიყვანოს, ხელს რა შეუშლის-მეთქი. სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადმოხტომას ვერ მოვახერხებდი – ეს კარგად ვიცოდი. ვერც წინააღმდეგობის გაწევას შევძლებდი – სუსტი ვიყავი და მომერეოდა. იტყოდა, ამ გოგოსი არაფერი ვიცი, დედამისის მოსვლამდე გადავიდა მანქანიდან და სადღაც წავიდაო – ჩემი მაშინდელი წარმოდგენით, ეს ვერსია ძალიანაც სარწმუნო ჩანდა. გავიფიქრე, იქნებ კარი შეუმჩნევლად გავაღო – როგორც კი მანქანას დაძრავს, მაშინვე რომ გადავხტე-მეთქი.

მძღოლმა შემომხედა, გამიღიმა და მანქანა დაქოქა. როგორც აღმოჩნდა – გასათბობად.

ცოტა ხანში ვუთხარი, კარს გავაღებ, ძალიან დამცხა-მეთქი.

არ გააღოო, – მითხრა და ახლა უკვე მანქანა დაძრა.

ენა ჩამივარდა. გავქვავდი.

იქვე გააჩერა – უკეთეს ადგილას, საიდანაც ბაზრის შესასვლელი ჩანდა. არ მახსოვს, რა დრო გავიდა, სანამ ჩვეული ღიმილით მეტყოდა: აჰა, დედაშენიც მოდისო.

დღემდე მქენჯნის სინდისი იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ ამ კაცზე ვიფიქრე. რა თქმა უნდა, ეს ფიქრები ჩემი ასაკის, გამოუცდელობის, დედაჩემის ზედმეტი მზრუნველობისა და აღზრდის მეთოდების, თავზარდამცემი ისტორიებით სამეზობლოს ქალების გატაცების, გორის მიდამოებში გავრცელებული მითებისა და ლეგენდების ბრალი იყო, მაგრამ ამის გააზრება სულ მცირე შვებასაც კი ვერ მგვრის. საფრთხე აშკარად სხვა მხრიდან დამემუქარა და ეს სულაც არ ყოფილა უმნიშვნელო საფრთხე.

ცხადია, იმას არ ვამბობ, რომ მოზარდებს სექსუალურ ძალადობაზე, სექსუალური შევიწროების ფორმებზე არავინ უნდა ესაუბროს. პირიქით, პირიქით.

ამ ამბავსაც იმიტომ მოვყევი, რომ მათზე ვდარდობ – 12-13 წლის გოგოებზე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი