პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

დაჟამკრება

წინათაც მითქვამს, ბავშვობაში ერთი უჩვეულო გასართობი მქონდა – ძველი კარადის უჯრებში ხეტიალი და მიტოვებულ-მივიწყებული ნივთების თვალიერება. დრო გავიდა, ვეღარც მე ავდივარ სოფელში ხშირად და აღარც ის კარადები არიან – ჟამთასვლამ ხელს გააყოლა. მეც ახალი თავშესაქცევი მოვიგონე – მტვრიანი ნივთების ნაცვლად მივიწყებულ სიტყვებს დავეძებ.

ლინგვისტები და ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, ენა ცოცხალი ორგანიზმია და განუწყვეტლივ განახლდებაო. აქ სადავო არაფერია, მეტადრე – როცა არაერთი ნათელი მაგალითი ხელისგულზე გვიდევს. უფრო მეტიც, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური დარგების წარმომადგენლებისთვის ენის განახლების სიჩქარე დიდად ჩამოუვარდება თვით ამ დარგების პროგრესის დინამიკას, ამიტომ ახალი ტერმინოლოგია პირდაპირ, უცვლელად გადმოდის ენაში და საერთო შეთანხმება-სტანდარტის უქონლობის გამო ხშირად დიდ უხერხულობას გვიქმნის.

როგორ იქმნება ახალი სიტყვა? კაპანელი ამბობს, სიტყვის დაბადებას განცდა სჭირდებაო. არც ცდება. მაგრამ განცდასთან ერთად ოსტატობაც საჭიროა. ამიტომაც ახალი სიტყვების აკვანი პოეზია და პროზაა. შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონისა თუ სხვათა შემოქმედებაში მრავალ სიტყვას ვიპოვით „ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს“…

მაგრამ არსებობენ ძველი სიტყვებიც… ისინი უფრო ადრე დაიბადნენ, მაგრამ ისევე მოევლინნენ სამყაროს, როგორც დღეს იბადებიან ახლები. სიტყვაც კაცივითაა – იბადება, ცხოვრობს, ბერდება და ბოლოს კვდება…

ერთი ასეთი ძველი, ფშაურ დიალექტში დღემდე შემორჩენილი, სიტყვაა „დაჟამკრება“.

„ჟამი“ დროის სინონიმია, თუმცა ხშირად უფრო „მოგვიანებით“ დროს აღნიშნავს. საღამოს წირვასაც „ჟამის წირვა“ ჰქვია. ფშაურ დიალექტში კი მისგან ნაწარმოებ კიდევ ერთ ფორმას – „დაჟამულს“ შევხვდებით. ასე მოიხსენიებენ სიმწიფეში შესულ ხილს. „დაჟამკრების“ მეორე ფუძე „კარი“ უნდა იყოს (ან, შესაძლოა, „კრებაც“). ამ ორი სიტყვის ერთმანეთთან შერწყმით კი ვიღაც სიტყვათმშენებელმა ახალი სიტყვა გვისახსოვრა – „დაჟამკრება“, რომელიც საქონლისა თუ მოსავლის საიმედოდ დაბინავებას, დაცული კარს იქით შეკრება-განთავსებას აღნიშნავს.

ასე, სიტყვებივით იბადებიან ახალი მოლეკულებიც. ნატრიუმი და ქლორი ალბათ ბევრს გაუგონია. პირველი მათგანი, მართალია, მეტალია, მაგრამ საქვეყნოდ ცნობილ ზანტ რკინას არაფრით ჰგავს. წყლისა და ტენისა ისე ეშინია, იგი თითის მიკარებასაც ვერ ჰგუობს. ხელისგულზე არსებული ოფლის უხილავი წვეთიც საკმარისია, რომ უმალ შევიდეს მასთან რეაქციაში და ნაპერწკლები ყაროს. ქლორი კიდევ უფრო „ვერაგია“. ის ერთ-ერთი პირველი ქიმიური იარაღი იყო, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს და ქარის მიერ აქეთ–იქით მიმოტანილმა, მტერსა და მოყვარეს ერთნაირად დაუხშო სასუნთქი გზები. ჰოდა იფიქრებდა ვინმე, რომ ამ ორი ნივთიერების შეერთებით მიღებული ნაერთი ჩვენი სუფრისა თუ ნორმალური სასიცოცხლო პროცესების განუყრელი და უაღრესად საჭირო ატრიბუტი იქნებოდა?! ნატრიუმისა და ქლორის შეერთებით მიღებული ნაერთი სუფრის მარილია…

ძმრის მკვეთრ სუნს ყველა იცნობს. იზოამილის სპირტს კიდევ უფრო არასასიამოვნო სუნი აქვს (არყის გამოხდისას ჩამოდენილ რახში მისი სულ რამდენიმე წვეთი შედის). მაგრამ თუ კოლბაში ამ ორ ნაერთს განსაზღვრული წესების დაცვით ერთად გავაცხელებთ, მივიღებთ ესტერს, რომელსაც ძმარმჟავაიზოამილის ესტერი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მის დასახელებაშიც ფიგურირებს „ძმარმჟავა“ და „იზოამილის სპირტი“, არც ერთ მათგანთან აღარაფერი აქვს საერთო –  მსხლის სასიამოვნო სუნის მქონე ნაერთია და კვების ტექნოლოგიაში ფართოდ გამოიყენება.

მე-18 საუკუნის ბოლოს იქნა მიღებული პირველი შემღებავი ნაერთი. მოგვიანებით ტექნოლოგია დაიხვეწა და აღმოჩენილ იქნა გაცილებით იაფი, მარტივად მისაღები და ფერისა და სხვა ტექნიკური თვისებების ფართო დიაპაზონის მქონე საღებრები – აზოსაღებრები. პირველი მათგანი ანილინის გამოყენებით მიიღეს. ანილინის ამ „დამსახურების“ გამო საღებრების ტექნოლოგიას ხშირად მოიხსენიებენ ანილინურ-სამღებრო წარმოებად, ხოლო საღებრებს – ანილინურად, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა უშუალოდ ანილინს არ შეიცავს (ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელებში თუ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ „შოკისმომგვრელ“ სტატიებს ანილინური საღებრების მავნებლობაზე, რომელთა ავტორები სწორედ ანილინის ტოქსიკური თვისებებით აპელირებენ.

მწერლები და პოეტები ახალ სიტყვებს ქმნიან, ქიმიკოსები – ახალ მოლეკულებს. მათ შორის დიდი სხვაობაა, თუმცა შემოქმედებითი მეთოდი ერთი და იგივეა – სინთეზი, ორის შერწყმით ახლის დაბადების ხელოვნება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი