პოეტის საქმე

ხოლო მე სკამზე ვიდექი და ხმა მიკანკალებდა. მერე დავმშვიდდი და რიხი შემემატა. ბოლოს სულაც ყვირილზე გადავედი. საყელო გამიოფლიანდა, თვალები დამებინდა და ჩამოვვარდი. ტკივილმა არა, ტაშის ხმამ დამაფრთხო და გამომაღვიძა. საშინელი სიზმარი დამჩემდა – ვითომ სუფრაზე მოვხვდი და ლექსის წაკითხვა მთხოვეს. ზრდილობიანი კაცი ვარ, ძველი ხერხის – აბა მესხი რომ მოვიდეს, ფეხბურთის თამაშს ხომ დააძალებთ და ა.შ. გამოყენება უცხო ხალხთან არ შემიძლია. ისევ სკამზე ავდივარ. არადა აღარ მინდა. მომბეზრდა უკვე. ის ძველი სასკოლო საზეპირო რომ გადავაკეთოთ და ასე ვთქვათ: პოეტი ხარ და ხამს!:) არადა რამდენი ხამსაა, ზღვა ვერ დაიტევს. მაგალითად, ეს ხალხი (იხ. საზოგადოება) დაჟინებით ითხოვს: მოვალეობათა ნუსხაში ყველასგან წამებული ან ყველაფერზე მეამბოხე რაინდის, ქარიშხლიან დღეს გაცრეცილი შარვლით კუბოების დევნის, უკეთესი შემთხვევისას – ამბროზიის ნელსურნელებით ტკბობის, ედემის ვაშლების დაუღალავად კბეჩის, სადღეგრძელოების ხავილის და მჯიღის გულზე ბრახუნის მთავარ პუნქტებად შეტანას. პოეტისგან ითხოვს ანუ. არც უკანასკნელი უარობს ხოლმე, მით უფრო თუ ლექსებს ვერ წერს. დიახ, ეს ახლა ხდება. თქვენ თვალწინ. მიუხედავად ამ პროფესიის ხალხისადმი ერთი შეხედვით ინტერესის კლებისა. აბა – ის პოეტი რა პოეტია – და მოჰყვება ამას …….XIX საუკუნის II ნახევრის ქართულმა მწერლობამ პოეტის ცნების სამი ავტორისეული დეფინიცია შესთავაზა მკითხველს. სამივეში მისი როლი მიღმიერ სამყაროსა და წუთისოფელში ნაწილდება, იგია ერთგვარი მედიატორი ქვეყანასა და ზეციურ საუფლოს შორის: “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა; ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა” (ილია ჭავჭავაძე), “შუაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა” (აკაკი წერეთელი), “ვამაყობ იმით, რომ მიწას მიწად და ცას ციურად მივეთავაზი” (ვაჟა-ფშაველა), ამას მოჰყვა მეოცეს სიმბოლისტური დასაწყისი „სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა თვითმკვლელობის” (ვალერიან გაფრინდაშვილი), მერე იყო „პოეტი კლასის მომღერალი” (ირაკლი აბაშიძე) – სიმღერა სავარძელს და ბიჭვინთასაც გულისხმობდა, მერე „პოეტი უნდა ხალხში იყოს, სხვა საქმე არ ჰქონდეს” (მურმან ლებანიძე). ეს მარტო ფრაზებად კი არა, ინსტრუქციებად იქცა. „შემკვეთიც” და „შემსრულებელიც” ამას ითხოვდა და ირგებდა. არადა ხომ შეიძლება ამდენი კატეგორიული „უნდა” აღარ იყოს. და ითქვას ასეც: პოეტი ტიპური სოციალური ცხოველია, რომელსაც შეუძლია, გარდა თავისი ძირითადი მოწოდებისა, ჰქონდეს განსხვავებული პროფესიაც (იყოს თუნდაც მღებავი, მექანიკოსი, მიმტანი, კონფორმისტი, ნონკონფორმისტი, მსუქანი (ეს ერთ-ერთი ცნობილი ლექსის მიხედვით სირცხვილი იყო), მილიონერი, ჯიბეგახეული, ლოთი, ფხიზელი, გნებავთ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მინისტრი (მეჭურჭლეთუხუცესი!) ან მოხდეს ისეც, თუკი იგი „ჰაერში დაფრინავს” (ფრთიანი ფრაზა), მხოლოდ ჩარტერული რეისით და ასე შემდეგ. მგოსანი კი მაინცდამაინც ღმერთთან (თუ უნდა, არავინ უშლის) კი არ ლაპარაკობდეს (სამფრთიანი ფრაზა), არამედ ვთქვათ, რომელიმე მოწყალე გამომცემელთან, ვისი მოტყუებაც (ანუ კრებულის დატყუება) არანაკლებ რთული საქმეა, ვიდრე მთელი ერის მაგივრად ცოდვების ვირტუალური მონანიება. ვაცალოთ პოეტს ადამიანად ყოფნა. ახალი ტიპის მითიც ავიშოროთ, რომლის მიხედვითაც, კაცი, რომელიც პარალელურ რეჟიმში ლექსებსაც წერს და ვთქვათ, კარტოფილსაც ხარშავს (ერთი ნელთბილი და უკვე კარგად მივიწყებული ავტორის არ იყოს), გმირია. იგი არაფრით განსხვავდება საბჭოური დითირამბებისგან (შესანიშნავი მევენახე, ამავდროულად ჰყავს მოხუცი, ბრმა დიდი ბაბუა და სოფლის საბჭოს კლუბის მუსიკალურ ანსამბლში გიტარაზე უკრავს). თქვენ კი ისევ დაჟინებით მოდიხართ და ლექსის წაკითხვას მთხოვთ. მართალია სიზმარში, მაგრამ მაინც მოდიხართ. რა ვქნა, ზრდილობიანი კაცი ვარ და უცხო ხალხი ხართ. ჯანდაბას, მომაწოდეთ სკამი, შემოვდგები. შემოვდგები და ვიტყვი:„ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი…”(ტიციან ტაბიძე).  თქვენი (მარად) გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

comments