პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენი მოტივაცია

მას, ვისაც თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევა სურს, იმაზე მეტი სამუშაოს შესრულებას ცდილობს, რაც შეუძლია. ის სხვებზე გვიან გამოდის სამსახურიდან, სახლში კი თავჩარგული აგრძელებს შრომას. თუმცა დგება მომენტი, როდესაც მოტივირებული ადამიანიც კი ყრის ფარ-ხმალს და თავის გასამხნევებლად ათი ფინჯანი ყავაც აღარ შველის. როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ?

პირველი, რასაც ელ კაპლანი გვირჩევს – ის კი Lexion Capital Management-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელია – საკუთარი სამუშაოს მნიშვნელოვნების კიდევ ერთხელ სიღრმისეულ გააზრებას უკავშირდება. მოტივირებულია მუშაკი, ვისაც სჯერა, რომ მისი საქმიანობა უკეთესობისკენ ცვლის რამეს. მაგალითად, მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ საუნივერსიტეტო ქოლცენტრის თანამშრომლებმა 171%-ით მეტი ქველმოქმედების მოზიდვა მას შემდეგ შეძლეს, რაც რამდენიმე წუთი იმ სტუდენტებთან საუბარს დაუთმეს, რომლებმაც თავის დროზე  ქველმოქმედების ხარჯზე დაამთავრეს უნივერსიტეტი.

თუ მაინც არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენს საქმიანობას სარგებელი მოაქვს, არასოდეს არის გვიანი კარიერის მიმართულების შეცვლა.

რასაკვირველია, ძალზე სასიამოვნოა ემსახურო საზოგადოებას, მაგრამ ჩვენი მოტივაციის 75% მატერიალურ სტიმულს ეფუძნება. ამიტომ ეს სტიმული ვიღაცამ უნდა მოგვცეს.

თუ პარასკევ დღეს იღვიძებთ და გრძნობთ, რომ უკვე ძალაგამოცლილი ხართ, დაპირდით საკუთარ თავს, რომ ყველა დაგეგმილ საქმეს მაინც ბოლომდე მიიყვანთ, საღამოს კი დიდი ხნის უნახავ მეგობრებს მოინახულებთ. უჩვეულო სტიმულია, მაგრამ ის ნამდვილად მუშაობს.

ასევე, გლობალური მიზანი შეგიძლიათ, პატარ-პატარა ამოცანებად დაჰყოთ. რაც უფრო ბევრ ამოცანას გაართმევთ თავს, მით უფრო მიუახლოვდებით მიზანს და საქმის კეთების მოტივაციაც გაიზრდება. ყოველი გამარჯვების შემდეგ თქვენს ტვინში დოფამინი გამომუშავდება. ამ ჰორმონის წყალობით ჩვენ კმაყოფილებას ვგრძნობთ და საქმის გაგრძელების სურვილი გვიჩნდება.

თუ უკვე იმის განცდა დაგეუფლათ, რომ სამუშაომ „გადაგწვათ“, მიატოვეთ ყველაფერი და მალდივებისკენ გასწიეთ. დიახ, თქმა და ოცნება ადვილია, შესრულება კი ძნელი, მაგრამ ერთფეროვნებას შეიძლება ბევრნაირი ხერხით ვებრძოლოთ. ვთქვათ, საღამოს ჩვეული ვახშმის ნაცვლად რაიმე გემრიელი მოვამზადოთ, ანდა უქმეები არატრადიციული სცენარით გავატაროთ, ანდა დასვენების საათები მოვიმატოთ. თუ ადრე ადგომას ხართ ჩვეული, რადგან გინდათ, რომ არცერთი წუთი ტყუილად არ დაკარგოთ, შეცვალეთ ქცევა და დრო პირადად თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ, იჩუქეთ ძილის ან დასვენების ორი საათი.

ბევრი კვლევა გვამცნობს, რომ მუშაკის მოტივაციის ნომერ პირველი ფაქტორი ჯანმრთელობაა. დასუსტებული ადამიანი ცუდად მუშაობს, მისი შრომა არაეფექტიანია და ამას ყველა ამჩნევს. ამიტომ ივარჯიშეთ, თავს მიხედეთ, სწორად იკვებეთ და ხშირად დაისვენეთ.

ჩვენს ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია მოტივაციას, მაგრამ მის შესახებ ნაკლებად ვფიქრობთ, ნაკლებად ვიაზრებთ, საიდან ჩნდება ის. ამ კითხვას ფსიქოლოგი დენ არიელიც სვამს: რა გვაძლევს მიზნისკენ სწრაფვის მოტივაციას, როცა ის რთული და მტკივნეული მისაღწევია? აბა, წარმოიდგინეთ, რომ ბევრს მიაღწიეთ და რომელიმე ოკეანეს სანაპიროზე უზრუნველად ცხოვრობთ. სინამდვილეში კი ოკეანესთან ცხოვრებაც მოსაწყენია, რადგან ის ადრე თუ გვიან გაერთფეროვნდება. კმაყოფილების განცდა არც უკიდეგანო ჰედონიზმს მოაქვს.

ცხოვრების აზრის შესწავლასთან დაკავშირებული კვლევების თანახმად, ადამიანი თავს ბედნიერად მაშინ გრძნობს, როცა სხვას ეხმარება. ის, ვინც მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნავს, ზედაპირულად ბედნიერია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი განცდა სირთულეების გადალახვის მერე მოდის. რასაკვირველია, სიცოცხლის აზრი ძალიან ზოგადი ცნებაა, თუმცა რამდენიმე შტრიხის გამოყოფა მაინც შეიძლება: როდესაც ვიღაცის ან რაღაცის გამო ცხოვრობ, ვიღაცას სჭირდები, შეგიძლია სამყაროს გააუმჯობესო და სხვ.

გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ არის ბედნიერი ჰოსპისში მომაკვდავებთან მომუშავე ადამიანი? ის, ვინც წებოვან ნავთობში ამოსვრილ ჩიტებს უვლის? ფოტოგრაფი, რომელიც ომში ჯარისკაცზე პირველი გარბის მოწინავე პოზიციის დასაკავებლად? ახალგაზრდა მოხალისე, რომელიც შორეულ კონტინენტზე ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლის? ამ ადამიანების შინაგანი განცდები ხომ მუდმივი ფორიაქია, სხვისი ტკივილის გაზიარება, მაგრამ დახმარების უნარი გაბედნიერებს და უარს გათქმევინებს საკუთარ კომფორტზე. ასეთი ადამიანები სხვებისთვის სამაგალითონი ხდებიან და სიცოცხლის არსზე, მოტივაციის ფორმებზე უფრო სიღრმისეულად გვაფიქრებენ.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ირაციონალური გადაწყვეტილებები ხშირად გვიბიძგებენ რთული და არცთუ სასიამოვნო ამოცანების გადასაწყვეტად. ასეთი მოტივაცია ყოველდღიურად გვხვდება ურთიერთობებში, სამსახურში, ჩვენს გატაცებებში.

„ყველაფერი კარგად იქნება!“, „არ დანებდე“ – შეიძლება ვინმეს ეს შეძახილები  უეფექტო მოეჩვენოს და აფიქრებინოს, რომ მათ მამოტივირებელი ძალა არ აქვთ, მაგრამ ქვეცნობიერად ისინი მაინც აღიქმება პოზიტიური კონტექსტით. პროფესორ სემუელ მარკორმა, სამედიცინო სპორტული სკოლის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა კენტის უნივერსიტეტიდან, გამოთქვა ჰიპოთეზა, რომელსაც ფსიქო-ბიოლოგიური მოდელი ეწოდა. ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანის გამოფიტვა დამოკიდებულია ისეთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, როგორიცაა სუბიექტური აღქმადობა და მოტივაცია. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს სპორტსმენები ორ ჯგუფად დაჰყვეს და ველოტრენაჟორებზე ვარჯიშის პარალელურად ტელევიზორის ყურება აიძულეს. ტელევიზორში წამიერად იცვლებოდა გამოსახულება. პირველ ჯგუფს სევდიანი ადამიანების სახეებს აჩვენებდნენ, მეორე ჯგუფს – ხალისიან სახეებს. შედეგად მეორე ჯგუფმა სამი წუთით დიდხანს ატრიალა ველოსიპედი და ნაკლებად დაიქანცა, ვიდრე პირველი ჯგუფი. მეორე ექსპერიმენტში მწვრთნელი ჩაერთო. ის ორ სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებულ ბრძანებებს აძლევდა: „წინ!“, „უფრო ენერგიულად!“, „უფრო ცოცხლად!“ და „შეჩერდით“, „დაისვენეთ“, „მესმის, რთულია“. ამ ექსპერიმენტის დროსაც პოზიტიური მიმართვების ხარჯზე 17%-ით უკეთესი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ასეა სკოლაშიც. მოტივაცია ხელს უწყობს სწავლების ხარისხის ზრდას, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციის ასეთი ტიპის მოტივაცია: „ჩვენი სკოლა რეიტინგში პირველი რომ იყოს, აუცილებელია უნდა გავზარდოთ სწავლების ხარისხი“, ბუნებრივია, არ იმუშავებს. რაც შეეხება სხვაგვარ მოტივაციას: „მოდით, ბავშვებს უკეთ ვასწავლოთ, მათი მომავალი ცხოვრება ხომ იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაკვეთილს ჩავუტარებთ დღეს“ – გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემს.

მასწავლებელი უნდა ხედავდეს და აცნობიერებდეს, რატომ მუშაობს, რა არის მისი მიზანი, რომ ის მომავალ თაობას ზრდის და ეს თაობა დღეს ბავშვების სახით არსებობს. დირექტორმა და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლებმა ხმამაღლა უნდა ისაუბრონ ამ მიზნებზე, უნდა მოახდინონ მათი ოფიციალური დეკლარირება სკოლის მისიის ფარგლებში. სკოლის დირექცია არა მხოლოდ სკოლის შენობის ვიზუალურ კეთილმოაწყობაზე უნდა ზრუნავდეს, არამედ მასწავლებლებისთვის კომფორტული დასვენების ზონის მოწყობაზეც, სადაც ისინი გაკვეთილებს შორის შუალედებში სულის მოთქმას, წახემსებასა და კოლეგებთან ურთიერთობას შეძლებენ.

დასვენების ზონა მნიშვნელოვნად ზრდის მასწავლებელთა მოტივაციას. ეს უნდა იყოს ნათელი ოთახი, სადაც იქნება მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, ელექტროჩაიდანი, უფასო ყავა და ჩაი, სავარძელი და დივანი, ინტერნეტიანი კომპიუტერი და პრინტერი, ტელევიზორი. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი კარადები ან მაგიდები პირადი ნივთების, რვეულებისა და წიგნების შესანახად. სკოლა არ უნდა უტოვებდეს მასწავლებელს რუტინული ტერიტორიის განცდას, სადაც ის კატორღულ პირობებში დაბალი ანაზღაურებით მუშაობს. მასწავლებლისთვის კომფორტული დასვენების ზონის შექმნა  ნაწილობრივი გარანტიაა იმისა, რომ ის კლასში კარგი განწყობით შევა და ნორმალურ გაკვეთილს ჩაატარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი