პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გოდერძის 3 ამბავი სტივ ჯობსის „სამთა წესის“ მიხედვით

მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები (სავარჯიშო)

წინა წერილებიდან ალბათ გახსოვთ პრეზენტაციის გაკვეთილები სტივ ჯობსისგან, „სამთა წესი“. ეს მეთოდი გამოიყენა სტივმა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. როცა ამ მეთოდის შესახებ რიტორიკის ლექციაზე ვუამბე სტუდენტებს, ზოგიერთს გაუჩნდა სურვილი, რომ ამ მოდელის მიხედვით შეექმნა საკუთარი Speech-ი.

გოდერძი გოგოლაძე ჩემი საუკეთესო სტუდენტია რიტორიკის ჯგუფში. ის დაბადებიდან უსინათლოა და ეს სამყარო არასდროს დაუნახავს. მე ვერ ვიჯერებ, რომ გოდერძი ვერ ხედავს, დიდხანს ვერც შევნიშნე. გოდერძის ყურადღება მაშინ მივაქციე, როდესაც ჯგუფში მეტაფორების შექმნაზე ვვარჯიშობდით. გოდერძიმ იმდენად ღრმა და საინტერესო მეტაფორები შექმნა, რომ ერთმა სტუდენტმა აღფრთოვანებულმა თქვა: გოდერძის რომ ვუსმენ, ვხვდები, მე როგორი ბრმა ვყოფილვარო.

გოდერძიმ ისაუბრა თავის „ჯადოსნურ ჯოხზე“, რომლითაც გზას იკვლევს ყოველ დღე და ეს ჯოხი შინაგანი ინტუიციის მეტაფორად წარმოადგინა. მე ვენდობი ჩემს ჯოხს, ის მარიდებს ახლო საფრთხეს და მაფრთხილებს დაბრკოლებების შესახებ… ასევეა ინტუიცია, თუ მას მიჰყვებით და მოუსმენთ, აუცილებლად დაბრკოლებების გარეშე მიგიყვანთ მიზანთანო.

მერე აღმოვაჩინე, რომ გოდერძი თითქმის ყოველთვის მეტაფორებით საუბრობს და ეს მეტაფორები იმდენად ვიზუალური და ხილვადია, წარმოუდგენელია, რომ ის ვერ ხედავდეს… რა თქმა უნდა, გოდერძი ხედავს, ის ხედავს ყველაფერს გულიდან, ყველაფერს ღრმად და საინტერესოდ.

გოდერძი ძალიან ბევრს კითხულობს, რაც კი ელექტრონულად არსებობს, თავისი ადაპტირებული ტელეფონით; ის ხორცშესხმული „პატარა უფლისწულია“ და სადაც ის არის, სამყარო უფრო მშვენიერი ხდება…

და აი, გოდერძიმ გადაწყვიტა, რომ სტივ ჯობსის სქემის მიხედვით შეექმნა საკუთარი  3 ამბავი, 3 ისტორია და ამ ამბების იდეა, როგორც მთავარი მესიჯები, მიეწოდებინა მსმენელებისთვის.

შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსს ძალიან უყვარდა ციფრი 3 და ყვალფერს 3 ნაწილად ჰყოფდა, 3 ამბავს ქმნიდა, 3 საკითხს გამოჰყოფდა… სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავებულებსაც 3 ამბავი უამბო საკუთარი ცხოვრებიდან. ეს სამი ამბავი იყო: წერტილების შეერთება, სიყვარულის და დანაკარგის შესახებ და სიკვდილის შესახებ. გოდერძიმ აიღო ეს კლიშე და საკუთარი 3 ისტორია გვიამბო.

სიყვარულის და წერტილების შეერთების შესახებ  შესახებ:  გოდერძიმ გვიამბო პატარა ბიჭისა და პატარა ბურთის სიყვარულის სევდიანი ისტორია და მთავარი მესიჯი ასე ჩამოაყალიბა: წარმატებისა და ბრწყინვალების დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება სიყვარული ვეღარ შევამჩნიოთ… რადგან სიყვარულს სულაც არ უნდა წარმატება და სულაც არ უნდა ეფექტურობა… თუმცა წარმატება სიყვარულითაც შეიძლება იყოს გამოწვეული… სიყვარული უფრო ძნელია, ადამიანი რომ გიყვარდეს, ამას ძალიან დიდი ძალა სჭირდება და მერე ამ ადამაინმა რომ მოტივაცია მოგცეს, ეს კიდევ უფრო ძნელია… ისე, სიყვარულის გარეშე, წარმატება ადვილად მიიღწევა: ემოციებით, მსახიობობით, სიყალბით…

სიკვდილის შესახებ: რაც არ უნდა წარმატებული და ბრწყინვალე  იყოს ადამიანი, თუ მას არა აქვს სიყვარული, არის მკვდარი!

ამ პატარა 3 წუთიან სპონტანურ გამოსვლაში გოდერძიმ შექმნა პატარა ისტორიები, მერე ისინი დააკავშირა ერთმანეთთან და თავისი გამოსვლის მთავარი მესიჯებიც გამოჰყო.

შეგიძლიათ, ასევე სპონტანურად გადაღებულ ვიდეოზე გოდერძის გამოსვლაც მოისმინოთ და დარწმუნდეთ მის გულწრფელობასა და სიღრმეში.

ადამიანები განსხვავებულად გამოხატავენ თავის სათქმელს და ზოგჯერ არ ფიქრობენ იმაზე, რასაც ამბობენ, რამდენად გასაგები შეიძლება იყოს მეორე ადამიანისთვის. არა და, გამოხატვის სისხარტე, ლაკონურობა და ეფექტურობა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, მოსაწყენები ვიქნებით საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც; ამიტომ ფიქრი იმაზე, რასაც ვამბობთ, როგორ ვამბობთ აუცილებელია, ეს ყველას სჭირდება, ყველას, ვინც ენას ფლობს, როგორც „იარაღს“. ენა არ არის „ცივი იარაღი“, ენა საშუალებაა „თარგმნო“ და გამოხატო შენი აზრი, სხვას გაუზიარო და გააგებინო. ენას ბევრი არაფერი შეუძლია ისედაც, ის უბრალოდ „საგზაო ნიშნებივითაა“, ენა ყოველთვის არის ნიშანი და მინიშნება, ზუსტად ვერაფერსაც ვერ ამბობს. მით უფრო, საქმიანი და ცნებითი ენით საუბარი, აბსტრაქტული ტერმინებით დატვირთული კომუნიკაცია, ძალიან მოსაწყენია.

ამიტომ კომუნიკაცია, რომელიც ეფუძნება სიუჟეტს, რომელიც გიყვება ამბავს, რომელიც აღვიძებს და აღძრავს ემოციებს, შეგრძნებებს… უკვე საინტერესოა. ეს კომუნიკაციის ახალი პარამეტრებია, უფრო ცოცხალი ენა ნიშნავს უფრო ცოცხალ ადამიანს. ასეთია მეტაფორული კომუნიკაციის პარამეტრები.

  1. S.

ამ ბოლოს ვნახე  დენი ვილნევის  სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ახალი ფილმი „ჩამოსვლა“.  „მსოფლიოს საბრძოლო ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, ხოლო საუკეთესო მოაზროვნე თავები ცდილობენ გაიგონ, როგორ ესაუბრონ დაუპატიჟებელ სტუმრებს. სახელმწიფო ითხოვს დახმარებას ლინგვისტი ლუიზა ბენკსისგან და ფიზიკოს იან დონელისაგან, რათა აიცილონ გლობალური კატასტროფა და გამონახონ საერთო ენა ჩამოსულებთან….“

ფილმის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი სწორედ ლინგვისტური იყო და ენას შეეხებოდა. თანამედროვე ადამიანმა ენა ისე პრაგმატული და მშრალი გახადა, დაიკარგა სიღრმე, მხოლოდ ზედაპირულობა, უბრალოდ, ინფორმაციების გაცვლაა შესაძლებელი… ენა კი თავისი არსით იდეებთან დაკავშირებული თუ არ არის და მისით არ იკვებება, სულს ღაფავს.

უცხო სამყაროდან „ჩამოსულები“ ახალი ენის შექმნით სწორედ ამ შეტყობუნებასაც გადასცემენ დედამიწელებს… „თქვენ გაქვთ იარაღი… და ეს იარაღი – ენაა… გამოიყენეთ ის!“ სწორედ ეს ფრაზა აიძულებს ფილმის მთავარ პერსონაჟს, ლინგვისტ ლუიზა ბენკსს, იფიქროს, როგორ უთხრას თავისი სათქმელი ჩინელ პოლიტიკოსს ისე, რომ მან უცხოპლანეტელების თავდასხმაზე ხელი აიღოს…

პარადოქსი ის არის, რომ ლუიზა ბენკსი სწავლობს ახალ ენას „ჩამოსულებისგან“, მაგრამ უკვე არსებული ენით უძლურია შეაჩეროს დედამიწელები, ხელი აიღონ თავის განზრახვაზე. მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად და მხოლოდ ემოციური ზემოქმედებით შეძლებს ბენკსი ისეთი რამ უთხრას პოლიტიკოსს და ისე ძლიერად იმოქმედოს მასზე, რომ ხელი ააღებინოს ამ თავდასხმაზე.

„ჩამოსულებთან“ საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი გახდა, მაგრამ ერთ და გასაგებ ენაზე მოალაპარაკე დედამიწელებთან გაცილებით რთული აღმოჩნდა კომუნიკაცია.

ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ცოცხალ-მკვდარი ენის გაცოცხლება და სულ უფრო მეტად აღვადგინოთ ის კავშირები, ენას რომ იდეასთან აკავშირებს. არაფერი ისე არ გვამხელს და გამოგვხატავს, როგორც ჩვენი მეტყველება. „ არ უნდა გამოიყოს ენა აზრისაგან, როგორც სული სხეულისგან, რათა არ წაერთვას სიცოცხლე არც ერთს, არც – მეორეს“ (ციცერონი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი