ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სტალინის ნაძვები

1995 წლის დეკემბრის ცივი, ქარიანი დღე იყო. გორში, სტალინის ძეგლის სიახლოვეს ალაგ-ალაგ საღებავგადაცლილი, ძველისძველი, გულმიუსვლელი მანქანა იდგა. მანქანაში ვისხედით: მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა და მისი რვა თვის ორსული ცოლი – ერთმანეთს ხელებს ვუთბობდით და გასამხნევებლად თუ, უბრალოდ, დროის გასაყვანად ისეთ ამბებს ვყვებოდით, სხვა გარემოებებში სახალისოდ რომ გამოჩნდებოდა. არ მახსოვს, ვის ან რას ველოდებოდით. სტალინის ძეგლთან – სწორედ ჩვენ წინ – პატარა ბაზრობა იყო მოწყობილი. გაშავებულ სამხედრო ქურთუკებში გამოწყობილი, სახეაწითლებული კაცები მანდარინსა და ფორთოხალს ყიდდნენ მანქანების საბარგულებიდან. თაფლად სახელდებული ბლანტი სითხეც იყიდებოდა – ძალიან იაფად. კიდევ წითელ, ყვითელ და მწვანე ქაღალდებში გახვეული უგემური თურქული კანფეტები, ორცხობილები…

მყიდველები უფრო მანდარინსა და ფორთოხალს ეტანებოდნენ – თითო-თითო კილო მიჰქონდათ სახლში.

იქვე ბუნებრივ ნაძვებსაც ყიდდნენ – სხვადასხვა სიმაღლის ნორჩ ხეებს, რომლებიც – ეჭვი არ იყო – ყოველგვარი წესის დარღვევით უნდა მოეჭრათ საკუთარი ნებით დაბრმავებულ ადამიანებს. ისინიც ძალიან იაფი გახლდათ, წარმოუდგენლად იაფი. თვალი დაგვრჩა მე და ჩემი ძმის ცოლს, ავფორიაქდით, ჯიბეები მოვიჩხრიკეთ დროის გასაყვანად მანქანიდან გადასულებმა. ხელოვნური ნაძვისხე, რომელიც ახალ წლამდე უნდა დაგვედგა და საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეულიდან შემორჩენილი შუშის სათამაშოებით – ბურთებით, გირჩებით, ვარსკვლავებით, ციყვებითა და სხვა ცხოველებით მოგვერთო, უბადრუკი, წიწვებგაცვენილი და, არც მეტი, არც ნაკლები, სუნდაკრული იყო. ცუდ პირობებში შენახვისა თუ, უბრალოდ, სიძველის გამო ქიმიური ნაერთების უსიამოვნო სუნი ასდიოდა, რომელსაც მაშინვე იგრძნობდით, როგორც კი მიუახლოვდებოდით.

სტალინის ძეგლთან გამოფენილი სრულყოფილი ნაძვები გვიხმობდნენ და გვახსენებდნენ, რომ ბედნიერების მოხელთება სულ რამდენიმე გროშად შეგვეძლო.

რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ახალი წლის წინა დღეებში მათი მოჭრა და გაყიდვა დანაშაული იყო, ყიდვა კი – დამნაშავის წახალისება, ასევე დიდი უსინდისობა. თუმცა, მეორე მხრივ, ჩასადენი უკვე ჩადენილი იყო, ქვეყანაში კი არათუ ხის, ადამიანის სიცოცხლესაც ჩალის ფასი ედო, ყველა და ყველაფერი უსწრაფესად ნადგურდებოდა, ხოლო დიდი დანაკარგის განცდა ყველა შესაძლო დანაკარგს მეტ-ნაკლებად ასატანს ხდიდა…

ეს ამბავი ახლახან ერგნეთის სკოლის მოსწავლეებს მოვუყევი მწერალთა სახლში შეხვედრისას. ლიტერატურაზე საუბრის დაწყებამდე მინდოდა მეჩვენებინა, რომ კარგად ვიცნობ გორს, გორის უახლოეს წარსულს, შიდა ქართლის სოფლებს, იმ სირთულეებს, რომლებსაც ამ სოფლების მკვიდრნი ყოველდღიურად აწყდებიან. მინდოდა, ერწმუნათ, რომ მეც მათიანი ვარ – გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩემი და მათი მშობლების ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა. ყველა ცდილობდა თავის გადარჩენას – ისე, როგორც შეეძლო. ვეძებდით თუნდაც სულ პაწაწინა სიხარულს – რაღაცას, რაც სიბნელეში მცირე ხნით მაინც აციმციმდებოდა.

არ დამიმალავს, თავიდან როგორ თქვეს უარი მანქანაში დარჩენილებმა ახალი ნაძვისხის ყიდვაზე – რა დაშავდება, ისევ ის ძველი რომ დავდგათო, რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ კი ჯიბეების მოჩხრეკა დაიწყეს. სასაცილოდ მცირე თანხა მოგროვდა, მაგრამ ჩემი ძმა მაინც წელში გამართული გადავიდა მანქანიდან და ნაძვების დათვალიერებას შეუდგა. არ გვესმოდა, რას ეუბნებოდა გამყიდველს, თუმცა იმ წუთებში ყველას გვწამდა, რომ სასწაული მოხდებოდა.

სასწაული მოხდა. ჩვენს ძველ, შეუხედავ, კარგა ხნის წინ გადასაგდებ მანქანაზე უმშვენიერესი ნაძვი ისე მიამაგრეს, როგორც ამერიკულ საშობაო ფილმებშია ხოლმე.

შეხვედრისას უფროსკლასელებმა შეკითხვები სტალინის შესახებაც დამისვეს – სწორად მიმაჩნდა თუ არა მისი ძეგლის აღება, ვთვლიდი თუ არა მას დიდ პოლიტიკოსად და ასე შემდეგ. ჩემი პასუხები არც მოულოდნელობით გამოირჩეოდა და არც მახვილგონივრულობით: შევეცადე, ამეხსნა, რატომ არის ცუდი აბსოლუტური ძალაუფლება ერთი ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის ხელში და რატომ ვერ უძლებენ ცდუნებას, გამოიყენონ ამგვარი ძალაუფლება საკუთარი ინტერესების შესაბამისად. არ მახსოვს, კიდევ რა ვთქვი. საქმე ისაა, რომ სტალინი, რომლის სახელსაც, სხვათა შორის, გასული საუკუნის 30-იან წლებში ახალი წლის ზეიმით აღნიშვნისა და ნაძვისხის მორთვის ტრადიციის აღდგენაც უკავშირდება, წარმოსახვას არასდროს მიფორიაქებდა – ბავშვობაში უბრალოდ მეშინოდა მისი პორტრეტების, მოზარდობისას კი მის შესახებ საუბრები ზედაპირულად და არაფრისმთქმელად მიმაჩნდა.

იმ ადგილას ძეგლი აღარ დგას, სტალინის აჩრდილი დამარცხებულია, მე კი დღემდე მახსოვს ის ცივი, ქარიანი დღე, როცა დანაშაულის თანამონაწილეობაზე უარი ვერ ვთქვი და ჩემი წილი გროში გავიღე ახალი წლის დღეების გასანათებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი