იმაზე, თუ რატომ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი კითხვასა და წარმოსახვის უნარზე

ეს მწერალ ნილ გეიმანის სტატიაა კითხვის ბუნებასა და მის სარგებლობაზე. ეს არ არის ფიქრთა ნაკრები, უფრო იმის თანამიმდევრული მტკიცებულება, რაც ჩვენ თითქოსდა ისედაც ვიცით. თუკი გყავთ მათემატიკოსი მეგობრები, რომლებიც გეკითხებიან – რისთვის უნდა წაიკითხო მხატვრული ლიტერატურა? – მიეცით მათ ეს ტექსტი; თუკი გყავთ მეგობრები, რომლებიც გარწმუნებენ, რომ მალე ყველა წიგნი ელექრონულ ფორმატზე გადავა – მიეცით ეს ტექსტი; თუკი თქვენ თბილად ან პირიქით, უსიამოვნოდ იხსენებთ ვიზიტებს ბიბლიოთეკაში – წაიკითხეთ ეს ტექსტი; თუკი შვილები გეზრდებათ, წაიკითხეთ ეს ტექსტი მათთან ერთად და თუკი იმან დაგაფიქრათ, შვილებთან ერთად როგორ წაიკითხოთ, მაშინ – მით უმეტეს წაიკითხეთ.

„მაშ ასე, ვაპირებ კითხვასა და იმაზე საუბარს, რომ მხატვრული ლიტერატურის სიამოვნებისთვის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში.

მე, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ძალიან სუბიექტური ვარ. მე ხომ მწერალი ვარ, მხატვრული ტექსტების ავტორი, ბავშვებისთვისაც ვწერ და უფროსებისთვისაც. უკვე 30 წელია ფულს სიტყვით ვშოულობ, მეტწილად გამოგონებითა და შემდეგ მათი ჩაწერით. ცხადია, ჩემთვის მოგებიანია, რომ ადამიანებმა მხატვრული ლიტერატურა იკითხონ, რომ ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები არსებობდნენ და ხელს უწყობდნენ კითხვის კულტურას, იმ ადგილების არსებობას, სადაც კითხვაა შესაძლებელი. სუბიექტური ვარ, მაგრამ გაცილებით უფრო სუბიექტური როგორც მკითხველი, ვიდრე როგორც მწერალი.

ერთხელ ნიუ-იორკში ვიყავი და კერძო ციხეთა მშენებლობის საკითხზე საუბარს შევესწარი. ციხეების მშენებლობა ამერიკაში სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა, სადაც წინასწარ უნდა დაიგეგმოს რამდენი საკანი დასჭირდებათ; რამდენი პატიმარი იცხოვრებს ციხეში 15 წლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის წინასწარმეტყველება უმარტივესი ალგორითმების გამოყენებით შეიძლება. ალგორითმები ეფუძნება იმას, თუ რამდენ 10-11 წლის ბავშვს შეუძლია დღეს კითხვა. და, რა თქმა უნდა, რამდენს არ შეუძლია მხოლოდ სიამოვნებისთვის იკითხოს.

მართალია, ვერ ვიტყვით, რომ განათლებულ საზოგადოებაში კრიმინალი არ არსებობს, მაგრამ გარკვეული კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის მაინც შეიმჩნევა. ვფიქრობ, ასეთ ყველაზე მარტივ კავშირს ყველაზე თვალსაჩინოს ხდის ეს გამოთქმა – განათლებული ადამიანები მხატვრულ ლიტერატურას კითხულობენ.

მხატვრულ ლიტერატურას კი ორი დანიშნულება აქვს:

უპირველეს ყოვლისა, ის გვიმძაფრებს კითხვაზე დამოკიდებულებას. წყურვილი, გავიგოთ, რა მოხდება შემდეგ; სურვილი, მომდევნო ფურცელი გადავშალოთ; გაგრძელების აუცილებლობა, მაშინაც კი, თუ რომელიმე გმირს უბედურება გადახდება თავს და უნდა გავიგოთ, რით დასრულდება მისი ამბავი… ესაა ნამდვილი დრაივი. ეს ახალი სიტყვების სწავლას, სხვაგვარად ფიქრს, განვითარებას გვაიძულებს. აღმოაჩენ, რომ კითხვა თავისთავად სიამოვნებაა. თუკი ერთხელ მაინც იგრძნობ ამას, მუდმივი მკითხველის სტატუსისკენ მიმავალ გზას უეჭველად დაადგები!

ყველაზე მარტივი გზა, რომელიც შედარებით განათლებული ბავშვების გაზრდის საშუალებას იძლევა – მისთვის კითხვის სწავლა და იმის ჩვენებაა, რომ ეს სასიამოვნო გასართობია. იპოვეთ ის წიგნები, რომლებიც მოსწონთ, უყიდეთ და უბრალოდ წაკითხვის საშუალება მიეცით.

არ არსებობენ ცუდი საბავშვო ავტორები, თუკი ბავშვებს მათი წიგნების წაკითხვა სურთ და მათ წიგნებს ეძებენ. ყველა ბავშვი განსხავებულია. ისინი თავიანთთვის საჭირო ამბებს პოულობენ და ამ ამბებში იძირებიან. ყველასთვის მოსაბეზრებელი იდეა მათთვის მოსაბეზრებელი სულაც არაა. ბავშვი ხომ პირველად პოულობს მას. არ დაუშალოთ კითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ, თქვენი აზრით, არასწორ რამეს კითხულობს. ლიტერატურა, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, არის გზა იმ წიგნებისკენ, რომლებიც, შესაძლოა, მოგეწონოთ. და, რასაკვირველია, შეუძლებელია ყველას თქვენნაირი გემოვნება ჰქონდეს.

მეორე მნიშვნელოვანი რამ – მხატვრული ლიტერატურა აღვიძებს ემპათიას.

როდესაც თქვენ გადაცემას ან ფილმს უყურებთ, იმას ხედავთ, რასაც სხვები ხედავენ. მხატვრული პროზა კი ისეთი რამაა, რასაც 33 ასოთი აწყობთ და თქვენ, მხოლოდ თქვენი საკუთარი წარმოსახვის უნარის გამოყენებით ქმნით სამყაროს, ასახლებთ მას და აქეთ-იქით სხვისი თვალებით იყურებით. თქვენ იმ სხვადასხვა ადგილებისა და სამყაროების მონახულებას იწყებთ, რომლებზეც სხვაგვარად ვერაფერს გაიგებდით. მიხვდებით, რომ გარესამყაროც თქვენ ხართ. ვიღაც სხვა ხდებით და როცა საკუთარ სამყაროში ბრუნდებით, თქვენში რაღაც ცოტათი მაინც იცვლება.

ემპათია ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანებს თავს ერთად უყრის და ისე მოქცევის საშუალებას აძლევს, რომ ისინი აღარ ჰგვანან მარტოსულ პატივმოყვარე ადამიანებს. წიგნებში  ისეთ რაღაცას პოულობთ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სამყაროში არსებობისთვის. და აი ისიც: არ არის აუცილებელი, სამყარო მაინცდამაინც ასეთი იყოს. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

2007 წელს ჩინეთში პარტიის მიერ დამტკიცებულ სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის პირველ კონვენტზე ვიყავი. რაღაც მომენტში მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელს ვკითხე: რატომ? სამეცნიერო ფანტასტიკა ხომ დიდხანს არ იყო მიღებული, რა შეიცვალა?

ყველაფერი მარტივადაა, მიპასუხა მან. ჩინელები შესანიშნავ საგნებს ქმნიდნენ, თუკი სქემებს მიუტანდი, მაგრამ თავად არაფერს აუმჯობესებდნენ და ახალს ვერაფერს იგონებდნენ. ამის გამო გაგზავნეს დელეგაცია აშშ-ში, Apple-ში, Microsoft-სა და Google-ში და ადამიანებს, რომლებიც მომავალს ქმნიდნენ, ბევრი რამ ჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა – შემქმნელებს ვგულისხმობ – ბავშვობაში სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობდა.

ლიტერატურას შეუძლია სხვა სამყარო გიჩვენოთ. შეიძლება იქით გაგიყოლოთ, სადაც არასდროს ყოფილხართ. მათ მსგავსად, ვინც ჯადოსნური ხილი გასინჯა, სხვა სამყაროებს ერთხელ მაინც თუ ნახავთ, ვეღარასდროს შეძლებთ ბოლომდე დაკმაყოფილდეთ იმ სამყაროთი, სადაც გაიზარდეთ. დაუკმაყოფილებლობა კარგი რამაა. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ რაღაც შეცვალონ, გააუმჯობესონ, სხვანაირი გახადონ.

ბავშვებში კითხვის სიყვარული განადგურება, თუ გინდათ უბრალოდ დარწმუნდეთ, რომ მათ სიახლოვეს წიგნები არაა და არაა ადგილები, სადაც ბავშვებს კითხვა შეეძლებათ. მე გამიმართლა. როცა ვიზრდებოდი, შესანიშნავი ადგილობრივი ბიბლიოთეკა მქონდა. მყავდნენ მშობლები და მათ იოლად ვარწმუნებდი, დავეტოვებინე არდადეგების პერიოდში ბიბლიოთეკაში, ვიდრე ისინი სამსახურში იმუშავებდნენ.

ბიბლიოთეკა თავისუფლებაა, კითხვაა, ურთიერთობაა. თავისუფლება განათლებაა (და მისი მიღება არ სრულდება სკოლისა და უნივერსიტეტის დამთავრებასთან ერთად). ბიბლიოთეკა თავშესაფარია და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ვფიქრობ, ყველაფერს ინფორმაცია განსაზღვრავს. ინფორმაციას აქვს ფასი. სწორი ინფორმაცია ძალიან ღირებულია. კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ჩვენ ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდიდით. საჭირო ინფორმაციის მიღება ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. როდის რა უნდა დავთესოთ, სად რა მოვიპოვოთ, რუქები, ისტორიები და მოთხრობები – ამ ყველაფერს დიდი ფასი ჰქონდა ერთად, კამპანიებად შეკრების დროს. ინფორმაცია, თუკი მას მოიპოვებდნენ, მაგარი რამ იყო, მის სანაცვლოდ ჯილდოსაც კი იძლეოდნენ.

ბოლო წლებში ინფორმაციის ნაკლებობას კი არა, ზედოზირებას განვიცდით. გუგლელი ერიკ შმიდტი ამბობს, რომ ამჟამად, ყოველ ორ დღეში, იმდენ ინფორმაციას მოვიპოვებთ, რამდენსაც ცივილიზაციის დასაწყისიდან 2003 წლამდე „ვაწარმოებდით“. ახლა ჩვენი ამოცანა უდაბნოში იშვიათი ყვავილის პოვნა კი აღარ არის, არამედ ჯუნგლებში კონკრეტული მცენარის პოვნა. ჩვენ გვჭირდება დახმარება ნავიგაციაში, რათა ინფორმაცის ზღვაში ის ვიპოვოთ, რაც დანამდვილებით გვაინტერესებს.

წიგნით შეგვიძლია მიცვალებულებს ვეკონტაქტოთ. შეგვიძლია ვისწავლოთ იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენს გვერდით აღარ არის. კაცობრიობამ თვითონ შექმნა საკუთარი თავი, გარკვეული ტიპის ცოდნა დააგროვა, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ  და არა მარტო დავიმახსოვროთ. არსებობს ზღაპრები, რომელთა ასაკი გაცილებით მეტია, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის ისტორია.

თუ თქვენ ვერ აცნობიერებთ ბიბლიოთეკის ფასს, ვერც ინფორმაციას, კულტურას და სიბრძნეს დააფასებთ. თქვენ ამით ახშობთ აწმყოს ხმას და ვნებთ მომავალს.

ჩვენ ხმამაღლა უნდა ვუკითხოთ ბავშვებს. წავუკითხოთ ის, რაც ახარებთ. წავუკითხოთ ის, რაც ათასჯერ წაგვიკითხავს. ჩვენ უნდა ვუკითხოთ სხვადასხვა ხმით, დავაინტერესოთ და არ შევწყვიტოთ კითხვა მაშინაც კი, როდესაც კითხვას ბავშვები თავადაც  ისწავლიან. ხმამაღალი კითხვის პროცესი ქმნის ერთობის მომენტს, როდესაც არავინაა თავჩარგული ტელეფონში, სამყაროს ყველა ცდუნება კი განზეა გადადებული.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ენა. განვვითარდეთ, გავიგოთ ახალი სიტყვების მნიშვნელობა, მარტივად ვიურთიერთობოთ, ვისაუბროთ პირდაპირ. ენა არ უნდა გავყინოთ,  არ უნდა წარმოვიდგინოთ უსულო საგნად, რომელსაც პატივი უნდა მივაგოთ. ჩვენ ის ცოცხლად უნდა მოვიხმაროთ, როგორც მოძრავი ნივთი, რომელიც ქმნის სიტყვებს, ისინი კი დროის მსვლელობასთან ერთად იცვლებიან.

მწერლები, განსაკუთრებით საბავშვო მწერლები, პასუხისმგებელი არიან მკითხველის წინაშე. ჩვენ უნდა ვწეროთ დამაჯერებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ვწერთ არარსებულ ადამიანებზე, ადგილებზე, სადაც არასოდეს ვყოფილვართ. უნდა გვესმოდეს, რომ ჭეშმარიტება ის კი არაა, რაც სინამდვილეში ხდება, არამედ ის, რაც გვაჩვენებს/გვიამბობს, ვინ ვართ ჩვენ. ბოლოს და ბოლოს, ლიტერატურა დამაჯერებელი სიცრუეა, ასეა. ჩვენ არ უნდა დავღალოთ მკითხველი, მაგრამ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ თვითონ მოუნდეს წიგნის გადაშლა. მათთვის, ვინც არცთუ დიდი ენთუზიაზმით კითხულობს, საუკეთესო წამალი კარგი ისტორიაა, რომელსაც ვერ მოწყდება.

მკითხველს სიმართლე უნდა ვუთხრათ. ავღჭურვოთ ისინი, დავიცვათ, გადავცეთ ჩვენ მიერ ამ მწვანე სამყაროში ხანმოკლე არსებობის მანძილზე დაგროვილი სიბრძნე. ჩვენ არ უნდა ვიქადაგოთ, წავიკითხოთ ლექციები, არ უნდა ჩავუდოთ გამზადებული ჭეშმარიტება როგორც ხახადაფჩენილ ბარტყებს უდებენ ჩიტები წინასწარ გადაღეჭილ ჭია-ღუებს. არასდროს, არანაირი მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა დავუწეროთ ბავშვებს ის, რის წაკითხვასაც ჩვენ თვითონ არ მოვისურვებდით.

ჩვენ, დიდებმა და პატარებმა, მწერლებმა და მკითხველებმა უნდა ვიოცნებოთ. ჩვენ უნდა გამოვიგონოთ. ძალიან მარტივია თავი მოიკატუნო და განაცხადო, რომ ვერაფერს შეცვლი, რომ ჩვენ ვარსებობთ სამყაროში, სადაც უზარმაზარი საზოგადოებაა, პიროვნება კი ძალიან ცოტაა, ბრინჯის მარცვალივით მინდორში დაკარგული. სიმართლე კი ის გახლავთ, რომ ეს პიროვნებები ცვლიან სამყაროს, ქმნიან მომავალს და წარმოიდგენენ, თუ როგორაა ეს შესაძლებელი.

მიმოიხედეთ. სერიოზულად ვამბობ. წამით შეჩერდით და იმ გარემოს დააკვირდით, სადაც ახლა იმყოფებით. ყველაფერი, რასაც გარშემო ხედავთ, ადამიანმა მოიგონა. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ სკამზე ჯდომა უკეთესია, ვიდრე მიწაზე; ვიღაცამ კი იმაზე იზრუნა, რომ  თქვენამდე ისე მიმეტანა ჩემი სათქმელი, რომ ლონდონურ წვიმაში არ დავსველებულიყავი. ეს ოთახი და ამ ოთახის ნივთები, ყველა ნივთი ამ შენობაში, ამ ქალაქში, მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ადამიანები მათ უწყვეტად იგონებენ.

ჩვენ უნდა შევქმნათ მშვენიერება. ჩვენს მერე სამყარო დამახინჯებული არ უნდა დარჩეს, არ უნდა ამოვაშროთ ოკეანეები, არ უნდა გადავცეთ პრობლემები მომავალ თაობებს, არ უნდა დავტოვოთ ჩვენი შვილები სამყაროში, რომელიც სულელურად გავაფუჭეთ, გავწყვიტეთ, შევლახეთ.

ერთხელ ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს, როგორ უნდა იქცნენ ჩვენი შვილები ჭკვიანებად. მან უპასუხა, რომ ბევრი ზღაპარი უნდა წავუკითხოთ და თუ გინდათ, რომ კიდევ უფრო ჭკვიანები გახდნენ, კიდევ უფრო მეტი ზღაპარი უნდა წაუკითხოთო. მან კარგად იცოდა კითხვისა და წარმოსახვის უნარის ფასი.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენს შვილებს დავუტოვებთ სამყაროს, სადაც ისინი წაიკითხავენ და ექნებათ წასაკითხი ადგილი, სადაც წარმოიდგენენ და გაიაზრებენ.

კომენტარები

comments