პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ემოციებს აყოლილი უმეცრები    

ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს წუთები დადგებოდა – დავწერდი მასზე, ვინც სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მასწავლა, რომ ყველაფერი უმეცრების აღიარებით იწყება. სულ ყველაფერი. ცხოვრების ყველა გზა. იმხანად თავი ყოვლისმცოდნე მეგონა და ამ რწმენას წყალს ვერაფერი შეუყენებდა – ვერც ყველაზე უხეში შეცდომები, ვერც პასუხგაუცემელი კითხვები, ვერც ძნელად ასახსნელი ყოველდღიურობა. ცხადია, მე და ჩემმა კლასელებმა არ ვიცოდით, რომ არ ვიცოდით.

გამბედაობის მაგალითი მოგვცა: პირველივე დღეებიდან უკიდურესად გულწრფელი იყო. ამბობდა, დარწმუნებული არა ვარ, რომ მართლაც ასეა, შეიძლება სხვა სიმართლეც არსებობდესო; ვერაფრის მტკიცებას ვერ მოვყვები, ვიფიქრებ და ჩემს მოსაზრებას შემდეგ გაკვეთილზე გაგიზიარებთო; შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ინტერპრეტაცია უფრო ანგარიშგასაწევი მგონიაო… გასული საუკუნის 80-იან წლებში ასეთი ფრაზები მეტად იშვიათად ისმოდა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ არსებობდა ყველასთვის მისაღები ერთადერთი ჭეშმარიტება,  ერთადერთი შესაძლო პასუხი.

სხვა მხრივაც განსხვავდებოდა დანარჩენებისგან. თუ აღმოაჩენდა, რომ რაღაც საკითხის შესახებ მოსწავლემ მასზე მეტი იცოდა, თვალები უბრწყინდებოდა. გულისყურით გვისმენდა და ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდა. მეტის შეტყობა უნდოდა – შეეძლო ყველასგან რაღაც ესწავლა. ბევრს კითხულობდა. ახლად გამოსული წიგნებიდან არაფერი გამორჩებოდა ხოლმე. იქნებ ამიტომაც იყო, რომ სკოლის სანახევროდ შეღებილ კედლებში მოქცეული სამყაროს ამოტრიალება დიდ ცოდვად არ მიაჩნდა: ბოლო მერხს მიუჯდებოდა და ყველაზე მონდომებულ მოსწავლეებს გაკვეთილის ჩატარების უფლებას აძლევდა.

მიყვარდა მისი საგანი, რომელსაც ახლა არ დავასახელებ. არც გამორჩეულად საყვარელი მასწავლებლის სახელს და გვარს დავწერ.

როცა მის ადგილას ვიდექი და გაკვეთილს ვხსნიდი, სულ მცირე დაძაბულობასაც კი არ ვგრძნობდი. არც სხვები გრძნობდნენ. შეცდომებისთვის, არასწორი ინტერპრეტაციებისთვის, არასაკმარისი მომზადებისთვის, ჩახლართული წინადადებებისთვის, უადგილოდ ნახმარი ტერმინებისთვის, აშკარა სისულელეებისთვისაც კი სასჯელს არ ველოდით. ერთმანეთს ვუსმენდით და დროდადრო საუბარს ვაწყვეტინებდით, ზოგჯერ უხეშადაც. ზოგჯერ რაღაცის უაზროდ მტკიცებასაც მოვყვებოდით ხოლმე. მშვიდად გვიგდებდა ყურს და ბოლოს შეკითხვებს გვისვამდა. მოვალეობის გამო – არა. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ პასუხების პოვნა მართლა უნდოდა, ჩვენი მოსაზრებები კი ძალიან აინტერესებდა.

მეგობარი იყო. არაერთხელ გამოცდილი და საიმედო.

„ჩვენ ემოციებს აყოლილი უმეცრები ვართ, – ამბობს დიდი შვედი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი, – და არა მხოლოდ მე და შენ – ფაქტობრივად, ყველა. ეს კი მართლაც ძალიან დამთრგუნველია. ჩვენ ყველაფერი გვასწავლეს ადამიანის სხეულის, მადაგასკარის სოფლის მეურნეობის, პი-სა თუ რაღაც ოხრობის ფესვის შესახებ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ სულზე. კატასტროფულად უმეცრები ვართ – არც საკუთარ თავს ვიცნობთ და არც სხვებს. დღეს გაუთავებლად ყბედობენ, ბავშვები ისე უნდა აღიზარდონ, რომ კარგად იცოდნენ, რა არის მეგობრობა, ურთიერთგაგება, თანაარსებობა, თანასწორობა და სხვა ყველაფერიო. მეტისმეტად მოდურია ასეთი საუბრები. აზრად კი არავის მოსდის, რომ ჯერ ცოტა რამ მაინც უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისა და საკუთარი გრძნობების შესახებ; ჩვენივე შიშის, სიმარტოვისა და გულში ჩაბუდებული რისხვის შესახებ. ასე მიგვატოვეს – სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში, უმეცარნი და სინანულით გატანჯულნი ჩვენივე ამბიციების ნანგრევებში… როგორ უნდა გაუგო სხვებს, თუ არაფერი იცი საკუთარ თავზე?“

ბერგმანის ეს სიტყვებიც სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ მათ გამახსენეს ის, ვინც მუდმივად ცდილობდა, მეტი შეგვეტყო საკუთარ თავზე, ერთმანეთზე, ერთმანეთის სუსტ და ძლიერ მხარეებზე, თუნდაც ყველაზე სტანდარტულ სივრცეში სამყაროს ამობრუნების შესაძლებლობაზე. ამისთვის იყენებდა თავის საგანს, სახელმძღვანელოს თემებს, გაკვეთილზე გაჩენილ კითხვებს, ნებისმიერი საკითხის ირგვლივ გამართულ კამათს, პირად საუბრებს. მიუხედავად ამისა, როგორც უნდა დავძაბო გონება, ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ბრძნულ ფრაზას, შეგონებას, საბოლოოდ ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტებას, რომელიც მისი პირიდან გავიგონე იმ შორეულ 80-იან წლებში. როგორც ჩანს, თავს არიდებდა ისეთი სიტყვებით საუბარს, რომლების სიკაშკაშეც დაგვაბრმავებდა, ხარბად წავეტანებოდით და განუსჯელად მივისაკუთრებდით.

მის სახელს და გვარს იმიტომ არ ვამხელ, რომ რაც დავწერე, ერთი გამორჩეული მასწავლებლისთვის ხოტბის შესასახმელად არ დამიწერია. თუმცა, შესაძლოა, მაინც ის გამომივიდა, რასაც თავს ვარიდებდი. მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არ ვიცი და მისი მადლიერი ვარ, ვინც საკუთარ სისუსტეებზე დაფიქრების, საკუთარი უმეცრების გაცნობიერების აუცილებლობა დამანახა და მაგალითიც მომცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი