ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სასკოლო გამოცდების პერიოდში სამხრეთ კორეის აეროპორტებში რეისები იკრძალება

ეკონომიკაში განსაკუთრებული წარმატების გამო სამხრეთ კორეას „აზიური ვეფხვი“ შეარქვეს. მზარდმა ეკონომიკამ და ტექნიკურმა პროგრესმა სამხრეთ კორეაში სტუდენტები მრავალი ქვეყნიდან მიიზიდა. აქ განათლება უფრო ხარისხიანი და გაცილებით პრესტიჟულია, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში. ყველა უმაღლესი სასწავლებელი განათლების სამინისტროს ექვემდებარება. კორეელებისთვის ხარისხიანი განათლება უმნიშვნელოვანესია. სკოლამდელი განათლება აქ არ არის სავალდებულო; ქვეყანაში მიღებულია 6-წლიანი დაწყებითი განათლება, რომელიც 6 წლიდან იწყება, 3-წლიანი საშუალო განათლება, საშუალო სკოლის უმაღლესი საფეხური, ასევე 3–წლიანი, და უმაღლესი განათლება.

დაწყებით კლასებში ბავშვები სწავლობენ კორეულ ენას, მათემატიკას, ეთიკას, საზოგადოებათმცოდნეობას, უცხო ენებს, ფიზკულტურას, გამომგონებლობით ხელოვნებას და მუსიკას. სახელწიფო სკოლებში მკაცრად კონტროლდება ჩაცმულობა და ვარცხნილობა, რასაც ვერ ვიტყვით კერძო სკოლებზე. კერძო სკოლებში მიღებული განათლება უფრო ხარისხიანად მიიჩნევა და უფრო ძვირია. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ მოზარდები საშუალო სკოლაში გადადიან. საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამა მოიცავს 11 ძირითად საგანს. რამდენიმე საგანი არჩევითია. არსებობს ფაკულტატიური მეცადინეობებიც.

სამხრეთ კორეაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, ამიტომ ყველა სკოლა კომპიუტერებით და ინტერნეტითაა აღჭურვილი.

უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლა ორი სახისაა: საერთო და პროფესიულ-ტექნიკური.

საერთო პროფილის სკოლებში ეუფლებიან ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო საგნებს. პროფესიულ-ტექნიკურ სკოლებში ასწავლიან კომპიუტერულ ტექნიკას, ადმინისტრაციულ საქმიანობას, მანქანათმშენებლობას, სოფლის მეურნეობას და საზღვაო საქმეს. უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლის მიზანი უნივერსიტეტში შესასვლელად მომზადებაა. გამოსაშვები კლასის ნიშნები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე. ბევრი მოსწავლე გადის დამატებით მოსამზადებელ კურსს ან დადის რეპეტიტორებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინგლისური ენისა და მათემატიკის შესწავლას.

უმაღლეს განათლებას იღებენ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, პედაგოგიურ ინსტიტუტებში, დასწრებულ და დაუსწრებელ უნივერსიტეტებში. უმაღლესი სასწავლებლები კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებად იყოფა.

უმაღლესი განათლება მოიცავს შემდეგ სტრუქტურებს:

◦ ბაკალავრის ხარისხი – 4-წლიანი სწავლების შემდეგ, სამედიცინო ფაკულტეტისთვის – 6-წლიანი სწავლების შემდეგ;

◦ დოქტორის ხარისხი – დამატებითი 4-წლიანი სწავლების, კვლევითი სამუშაოებისა და გამოსაშვები გამოცდების შემდეგ. დისერტაციის დაცვის შემდეგ ენიჭება დოქტორის ხარისხი.

უნივერსიტეტებში არის საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, იურიდიული, საინჟინრო-ტექნიკური, ისტორია-ფილოლოგიის, უცხო ენების, მუსიკალური, გამომგონებლობითი ხელოვნების ფაკულტეტები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კვალიფიციური დიასახლისების მომზადებას ემსახურება.

საზღვარგარეთიდან ჩასული სტუდენტებისთვის არის საბალაკავრო და სამაგისტრო პროგრამები საინფორმაციო სისტემებსა და მულტიმედიაში.

უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად კორეელებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ გამოსაშვები გამოცდები საშუალო სკოლაში და გაიარონ ეროვნული ტესტირება.

ზოგიერთი კოლეჯი და უნივერსიტეტი ატარებს დამატებით მისაღებ გამოცდას, რომელზეც თხზულების დაწერა მოითხოვება.

უცხოელმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ საშუალო განათლების ატესტატი და ინგლისური ენის ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატი.

სამხრეთ კორეაში უმაღლესი განათლების ღირებულება, იმის მიხედვით, რომელ ფაკულტეტს ან სასწავლებელს აირჩევთ, წელიწადში 2000-დან 8000 დოლარამდე მერყეობს. კერძო სასწავლებლებში სწავლა უფრო ძვირია, ვიდრე სახელმწიფოში, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სასწავლებლები უფრო პრესტიჟულად მიიჩნევა. საცხოვრებლისა და კვებისთვის სტუდენტი ყოველთვიურად 400 დოლარს ხარჯავს.

სამხრეთ კორეაში სასწავლო წელი მთავრდება არა ივნისში, არამედ დეკემბერში და იწყება მარტში. აი, რატომ არის გამოსაშვები გამოცდები არა მაისში, არამედ ნოემბერში.

კორეელი მოსწავლეებისთვის გაზაფხული ასოცირდება არა ინტენსიური გამოცდების პერიოდთან, არამედ სწავლის პირველი სემესტრის დამთავრებასთან. გამოსაშვები გამოცდები სამხრეთ კორეაში არ არის. მოსწავლეებს, რომლებიც გამოსაშვებ კლასამდე მივლენ, საშუალო განათლების კანონმდებლობა სკოლის დამთავრების დიპლომის მიღების გარანტიას აძლევს. კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები ტარდება, მაგრამ, წესისამებრ, თუ მოსწავლე რომელიმე ელიტურ სკოლაში არ გადადის, მას იმავე კლასში არ ტოვებენ.

იმაზე, რა სერიოზულად ეკიდებიან სამხრეთ კორეაში სასკოლო გამოცდების ჩაბარებას, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტესტირების დროს თვითმფრინავებს ეკრძალებათ აფრენაც და დასხდომაც, რათა ძრავის ხმაურმა გამოსაცდელებს ხელი არ შეუშალოს. გამოცდა კომპლექსურია, ბარდება 4 ძირითადი და 3 შერჩევითი საგანი. მათემატიკის, კორეის ისტორიის, მშობლიური ენისა და ინგლისურის ჩაბარება აუცილებელია. გამოცდებს ესწრებიან სხვა სკოლის მასწავლებლები. კითხვების პაკეტები ქვეყნის ყველა სკოლაში ერთდროულად იხსნება. მოსწავლეებს თან უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ბურთულიანი ავტოკალამი, ფანქარი და პირადი ჰიგიენის ნივთები. ყველა სხვა ნივთი, განსაკუთრებით – ელექტრონული მოწყობილობები და მობილური ტელეფონები, იკრძალება.

კორეელებისთვის გამოცდების მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს იმ გამოსაცდელთა თვითმკვლელობის ტალღა, რომლებიც ნიშნებით უკმაყოფილონი დარჩნენ.

კორეელები ამბობენ, რომ მათი განათლების სისტემა სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. შესაძლოა, მიიღოთ საკმაოდ მაღალი ქულა კარგი ცოდნისთვის, მაგალითად, ჰუმანიტარულ საგნებში, მაგრამ ჩაირიცხოთ სასწავლებლის ტექნიკურ ფაკულტეტზე. ასე რომ, სკოლების სპეციალიზაციას მნიშვნელობა არ აქვს – შესაძლოა, საგნების კარგი ცოდნით მოხვდეთ რომელიმე პრესტიჟულ ფაკულტეტზე, რომელსაც არჩეულ სპეციალობასთან საერთო არაფერი აქვს. მეორე მხრივ, უკანასკნელ ხანს სამხრეთკორეელი მოსწავლეები საერთაშორისო ოლიმპიადებზე საუკეთესო ადგილებს იკავებენ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი