პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მიგრაცია, როგორც გლობალური პრობლემა

იძულებითი მიგრაცია (მესამე ნაწილი)

წინა სტატიებში საუბარი გვქონდა ადამიანთა გადაადგილების ისეთ ფორმებზე, სადაც გადაწყვეტილებას თვითონ ადამიანი იღებს. ასეთ მიგრაციას ნებაყოფლობითი ეწოდება და გლობალიზაციის ეპოქაში სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს როგორც გამცემი, ისე მიმღები ქვეყნების სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე, იმავდროულად, მოქმედებს ბუნებრივ გარემოზეც და საგრძნობლად ცვლის დემოგრაფიულ სურათს.

განვითარებული, განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები პროცესებში ერთნაირად აღმოჩნდნენ ჩართულნი, თუმცა განვითარებადი ქვეყნები უმთავრესად სწორედ მიგრანტთა გამცემ ქვეყნებად მოიაზრება, საიდანაც ადამიანები უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მიემგზავრებიან.

ნებაყოფლობითი მიგრაცია მზარდი ტემპით მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდა და მგზავრობის გაიაფება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც უფრო მკაფიო კონტურს სძენს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შრომის ბაზრის გამრავალფეროვნება, სადაც გაჩნდა მოთხოვნა სხვადასხვა კვალიფიკაციისა და სქესის ადამიანებზე, სულ უფრო დიდი დისონანსი მსოფლიოს ქვეყნების განვითარების დონეებს შორის.

ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საცხოვრებელი, თუმცა სინამდვილე ყოველთვის არ იძლევა ამის საშუალებას; მილიონობით ადამიანი იძულებულია, დატოვოს სამშობლო და თავი უცხო ქვეყანას შეაფაროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იძულებით მიგრაციასთან, რომლის მიზეზი, ფორმა და ხანგრძლივობა სხვადასხვაა, შედეგიც – მწვავე და მრავალფეროვანი.

ქვემოთ სწორედ იძულებით მიგრაციაზე, მის მასშტაბებსა და ხასიათზე ვისაუბრებთ.

თავდაპირველად, ამ პროცესის აქტუალობა რომ გავაცნობიეროთ, რამდენიმე ფაქტს მოვიყვანთ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიოში იძულებით გადასახლებულია 44 მლნ კაცი, რომელთაგან 15,4 მლნ ლტოლვილია (რომლებმაც საზღვრები გადაკვეთეს), ხოლო 27,5 მლნ – იძულებით ადგილნაცვალი პირი (ისინი, ვინც ქვეყნის ფარგლებში გადასახლდნენ); ამათ გარდა, 800 ათასი თავშესაფრის მაძიებელია, რომლებიც ცდილობენ, მიმღებ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მოიპოვონ და სამართლებრივად ლტოლვილის სტატუსი მიიღონ. ამ “მოკრძალებული” სტატისტიკის მიღმა რჩება 12 მლნ მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელთაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. ამ უკანასკნელ ჯგუფზე ინფორმაცია ძნელი მოსაძიებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ თუ 2004 წელს მხოლოდ 30 ქვეყანა იძლეოდა მათ შესახებ ინფორმაციას, დღეს ამ ქვეყნების რიცხვი 65-მდე გაიზარდა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს ძირითადად მეზობელი სახელმწიფოები იფარებენ ლტოლვილთა ბანაკებში.
ლტოლვილთა მიმწოდებელი ქვეყნების კარტოგრამა

ლტოლვილთა მიმღები ქვეყნების კარტოგრამა

კარტოგრამების შედარებითი ანალიზისთვის საჭიროა, წინასწარ წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა იყოს სტრუქტურირებული პასუხი. თავდაპირველად დავფიქრდეთ, როგორი უნდა იყოს იგი, რა ლოგიკურ თანამიმდევრობას უნდა მივყვეთ, რათა პასუხი სწორი, ამომწურავი და გასაგები აღმოჩნდეს. სტრუქტურაში მოსაქცევად აუცილებელია, პასუხი დავიწყოთ სათაურის პერიფრაზირებით. პირველ წინადადებად სწორედ მისი დაწერა იქნება უპრიანი.

ამის შემდეგ აღვწერთ თითოეულ კარტოგრამას. აღწერა რამდენიმე წინადადებისგან უნდა შედგებოდეს და მოიცავდეს ყველა მოცემულ შინაარსობრივ კომპონენტს. ჩამოთვლილი უნდა იყოს ქვეყნები მსხვილი რეგიონების მიხედვით, რომლებიც განსაკუთრებით დიდი და მცირე მაჩვენებლებით გამოირჩევა.

მომდევნო, უფრო ვრცელი ნაწილი ანალიტიკური უნდა იყოს. მასში ხაზი უნდა გაესვას აღწერილობით ნაწილში გამოყოფილ ქვეყნებში პოლიტიკურ სტაბილურობა-არასტაბილურობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციალურ ფაქტორებს, ბუნებრივ-კატასტროფულ მოწყვლადობას, დემოგრაფიულ სურათს.

დაბოლოს, დასკვნითი ნაწილით უნდა შეიკრას ტექსტი, სადაც აიხსნება მიგრაციის მიმართულებები.

ლტოლვილთა გამცემ 10 ქვეყანა-“ლიდერს” შორის არიან ავღანეთი, ერაყი, სომალი, სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოლუმბია, ვიეტნამი, მიანმა, ბურუნდი, პალესტინა.

ლტოლვილთა მიმღებ ქვეყნებს შორის – პაკისტანი, სირია, ირანი, გერმანია, იორდანია, აშშ, კენია, ჩადი, ჩინეთი და ტანზანია.
სტატუსგარეშე პირების რაოდენობის მიხედვით გამოირჩევა ერაყი ქურთების ეთნიკური ჯგუფით, კენია – ნუბიელებით, ესტონეთი და ლატვია – რუსებით, ნეპალი – ბუტანელებით.

ყველა ამ ჯგუფის 50% 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო 11% – 5 წლამდე ასაკისა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემას.
პრობლემისთვის ხაზის გასასმელად 20 ივნისს ლტოლვილთა მსოფლიო დღე აღინიშნება.

1951 წელს შემუშავებულ იქნა ლტოლვილთა სტატუსის განმსაზღვრელი კონვენცია, რომელიც 147 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული. ქვეყნები, საიდანაც დიდია იძულებითი გადინება, მათ შორის – ირანი, პაკისტანი და სირია, აღნიშნულ კონვენციას არ უერთდებიან.

იძულებითი მიგრაციის მიზეზები

იძულებითი მიგრაციის მიზეზები მრავალფეროვანია. მათგან აღსანიშნავია ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები, ანთროპოგენული ხასიათის კატასტროფები, ომი, კონფლიქტები, შიმშილობა, ეკონომიკური განვითარება.

1. კონფლიქტით გამოწვეული გადაადგილება

ამ დროს ადამიანები იძულებით ტოვებენ საკუთარ სახლებს, სადაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ დაცვას. მიზეზებს შორისაა შეიარაღებული კონფლიქტი, მათ შორის – სამოქალაქო ომი, ძალადობა, ეროვნების, რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე დევნა.

ამ გადაადგილებული პირების დიდი ნაწილი თავშესაფრის ძიებაში საერთაშორისო საზღვრებს კვეთს. მათი ნაწილი თავშესაფარს საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით ეძებს და ლტოლვილის სტატუსს იღებს, ნაწილი გამოსახლების შიშით სტატუსგარეშე დარჩენას ამჯობინებს.

ფართომასშტაბიანი ომების რაოდენობა მცირდება, თუმცა მათ ადგილს იკავებს შეიარაღებული სეპარატისტული კონფლიქტები, რომლებიც უკვე შიდა შუღლსა და დაპირისპირებას იწვევს. ეს ბევრს გადასახლებისკენ უბიძგებს. დრამატულად იზრდება იძულებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა, რომელთა რიცხვი ლტოლვილებისას აღემატება.
2. განვითარებით გამოწვეული გადაადგილება

ამ გადაადგილებაში ჩართულნი არიან ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან, დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი მსხვილი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. ასეთი გადაადგილებები ხშირად სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. მაგალითად, გზების, პორტების, აეროპორტების, ეროვნული პარკების, კაშხლების მშენებლობა.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად დაზარალებული ადამიანები, როგორც წესი, ქვეყანაში რჩებიან და სახელმწიფოსგან კომპენსაციასაც იღებენ, თუმცა ამ ანაზღაურებას ისინი უმეტესად არაადეკვატურად მიიჩნევენ.

ასეთი გადაადგილებები საერთაშორისო საზოგადოების ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს ხალხი ზარალდება და მათი უფლებებიც ირღვევა. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 100 მილიონი კაცის საცხოვრებელი ადგილიდან აყრა მოჰყვა; ყოველწლიურად 10 მლნ-მდე ადამიანი კაშხლების მშენებლობის გამო ტოვებს თავის საცხოვრისს.
3. კატასტროფებით გამოწვეული გადაადგილებები

ეს კატეგორია მოიცავს ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობა, ვულკანი, მეწყერი, მიწისძვრა…), გარემოს ცვლილების (გაუტყეურება, გაუდაბნოება, მიწის დეგრადაცია, გლობალური დათბობა….) და ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კატასტროფების (სამრეწველო ავარიების) გამო იძულებით გადაადგილებულებს. ცხადია, ამ შემთხვევაში მკაფიო საზღვრების დადგენა რთულდება, რადგან ხშირად ერთი მათგანი მეორეს იწვევს. ამის მაგალითია იაპონიის მიწისძვრა, რომელსაც ცუნამი მოჰყვა, რამაც, თავის მხრივ, ფუკუშიმას სადგურში ბირთვული ავარია გამოიწვია.

ამ შემთხვევაში მიზეზის შეფასება უფრო რთული სადავოა, ვიდრე მიგრაციის წინა ორი ფორმის დროს. ამ ტიპის მიგრაციაში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანია ჩართული. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, აგრეთვე არასამთავრობო (საერთაშორისო თუ ადგილობრივი) ორგანიზაციები დაზარალებულებს დახმარებას უწევენ. ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენების შედეგად დაზარალებულებს ხშირად ეკომიგრანტებად მოიხსენიებენ.
ადამიანებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი

ექსპლოატაციის დაფიქსირებული ფორმები

ტრეფიკინგიც უკანონო მიგრაციის სახეობაა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – არის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ყიდვას ან გაყიდვას, ანდა მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმის (მოტაცება, შანტაჟი, თაღლითობა, მოტყუება, უმწეო მდგომარეობაში ჩაყენება, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება) გამოყენებით, რომლის დროსაც ხდება ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, საკუთარ ან სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება, ადამიანით მოვაჭრეებისათვის გადაცემა, შეფარება ანდა მიღება მისი ექსპლუატაციის გზით სარგებლის მიღების მიზნით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი).

მიუხედავად იმისა, რომ ეს დასჯადი დანაშაულია, უამრავი ადამიანი ხდება ამ სახის იძულებითი მიგრაციის მსხვერპლი.

ადამიანებს უმთავრესად ყიდიან ან ამუშავებენ სექსუალური მომსახურების მისაღებად და მისი მსხვერპლი ქალები და ბავშვები არიან.

შესაძლოა, პირმა საკუთარი ქვეყანა ნებით დატოვოს, მაგრამ ვალის, მუქარის, ზეწოლის შედეგად, შემდგომში ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდეს. არის შემთხვევები, როცა საზღვრის გადაკვეთაც უკანონოდ, კონტრაბანდისტების დახმარებით ხდება, რომლებიც არალეგალური გზებით ცდილობენ ბარიერების დაძლევას. ამის გამო ტრეფიკინგის სტატისტიკის წარმოება ძალიან რთულია.
საერთაშორისო მიგრაციის ვიზუალური გამოვლინება მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებში
მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებში ამოიცნობა საერთაშორისო მიგრაციების მასშტაბები. ქვემოთ მოგვყავს ორი სხვადასხვა ტიპის ქვეყანა, მიმღები და გამცემი.

თუ დავაკვირდებით არაბთა გაერთიანებული საამიროების სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას, ვნახავთ, რომ მას განსხვავებული ფორმა აქვს და მისი გვერდები აშკარად დარღვეული მოხაზულობისაა. განსაკუთრებით თვალში საცემია ეს გამოზნექა კაცების მხარეს. ეს შეიძლება აიხსნას მაღალი იმიგრაციით, განსაკუთრებით – სამუშაო ასაკის მამაკაცებში. რაკი ვიცით, რომ ქვეყანა ნავთობით მდიდარია, შეგვიძლია ავხსნათ, რატომ არის ეს მიგრაციული ნაკადი სწორედ ამ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში. რაც შეეხება შედარებით ნაკლებ გამოზნექას ქალების ნაწილში, ეს იმით აიხსება, რომ ქალთა შრომის ბაზარი არ არის მიმზიდველი ამ ქვეყანაში, არ არის მოთხოვნა მათ შრომაზე და ეს ამოზნექა, ანუ შედარებით მცირე ნამატი, შესაძლოა იყვნენ სამუშაოს მაძიებელი მამაკაცების მეუღლეები, რომლებიც მათთან ერთად ჩამოვიდნენ ქვეყანაში.

კონტური, რომელიც აჩვენებს შრომის ასაკის მოსახლეობის შემცირებას, ნიშნავს ამ ასაკობრივი ჯგუფის შემცირებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სიკვდილიანობით (მაგ., ომით) ან მიგრაციით. ამ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია, რომ შოტლანდიას არ გადაუტანია ომი, სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის ფორმის დარღვევის მიზეზად მიგრაცია რჩება. შოტლანდიიდან შრომისუნარიანი მამაკაცების გადინება მიმდინარეობს.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბი მომავალშიც გაიზრდება. ამდენად, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, მათ მიზეზებსა და შედეგებზე. ამ მონაცემების გამოყენება შეიძლება აისახოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში, რაც შედეგებს რამდენადმე შეარბილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი