პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვი და ქალაქი 

ქალაქში ცხოვრება ცუდად აისახება ბავშვთა ფსიქიკაზე – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დიუკის უნივერსიტეტისა (აშშ) და ლონდონის სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევრები. მიზეზი მეზობლებს შორის არსებული სუსტი სოციალური კავშირი და დანაშაულის მაღალი დონე აღმოჩნდა.

მკვლევართა ახალი სტატია რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Schizophrenia Bulletin-ში გამოქვეყნდა. მკვლევრები დაკვირვებას აწარმოებდნენ დაბადებიდან – 12 წლის ასაკის სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ორი ათას ტყუპ ბავშვზე.

12 წლის ასაკში ბავშვთა ფსიქოტიური სიმპტომების დასადგენად ჩატარდა ტესტირება პარანოიდულ აზრებზე, ხმოვან და ვიზუალურ ჰალუცინაციებზე, მზარდ შფოთვასა და ეჭვებზე. მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს ის გარემო, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ. გამოკითხვა ჩაუტარდა მეზობლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, Google Street View-სა და ადმინისტრაციული მონაცემების მეშვეობით შეიქმნა რაიონების სივრცული პროფილები, გაანალიზდა ფსიქიატრიულ მოშლილობათა ოჯახური ისტორიები.

„გვინდოდა გაგვეგო, როგორ აისახება ბავშვებზე გარემო, სადაც იზრდებიან, – ამბობს დიუკის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი კენდის ოჯერსი. – ამისათვის ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევის ყველა არსებული მეთოდი გამოვიყენეთ“.

12 წლის ასაკისთვის ქალაქელ ბავშვებს ორჯერ მეტი ფსიქოტიური სიმპტომი აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ სოფლელ თანატოლებს. ქალაქში მცხოვრებ 7,4%  ბავშვს ერთი ფსიქოტიური სიმპტომი მაინც აღენიშნა, რაც სოფლად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 4,4%-ს ჰქონდა. „სიმპტომების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური დაავადება აუცილებლად განვითარდება, – აზუსტებს ოჯერსის კოლეგა ჰელენ ფიშერი. – ბევრს არ გაურთულდება, მაგრამ სამომავლოდ რისკი მაინც იარსებებს“.

ანალიზმა აჩვენა, რომ ფსიქოტიური სიმპტომები უფრო ხშირად გხვდება არაკეთილმოწყობილ, დანაშაულის მაღალი დონის მქონე ქალაქურ რაიონებში მცხოვრებ ბავშვებთან, სადაც მეზობლები არა მხოლოდ არ ეხმარებიან, არამედ არც კი იცნობენ ერთმანეთს. ასეთ გარემოში ბავშვებს არავისი თანადგომის იმედი არ აქვთ. მცირე ასაკიდანვე ისინი არაკეთილმოსურნე, ვანდალიზმითა და გულგრილობით გაჟღენთილ სივრცეში ვითარდებიან. აქ ხშირად ჩხუბობენ მეზობლები. საქმე უარესდება მაშინ, როდესაც ბავშვის რომელიმე მშობელი მეზობლებს შორის ჩხუბისა და გარჩევების მსხვერპლი ხდება.

ოჯერსის თქმით, მეზობლებს შორის სუსტი სოციალური კავშირების ნეგატიური ზემოქმედება ბავშვთა ფსიქიკაზე არ განიხილება ფაქტორად, რომელიც რამენაირად  ოჯახების შემოსავლების დონეზეა დამოკიდებული. „ჩვენ მიერ გამოკვლეული ბევრი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ მეგობრული იყო“, – ხაზგასმით ამბობს ის. ოჯერსი და მისი კოლეგები გეგმავენ ახალ კვლევას, რათა უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ, რომელი სოციალური და ბიოლოგიური მექანიზმების დახმარებით ახერხებენ ბავშვები „ქალაქურ სტრესებთან“ გამკლავებას.

ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც მკვლევრები ამტკიცებენ, რომ დიდ ქალაქებში ცხოვრება ბავშვებისთვის მხოლოდ უპირატესობების წყება არაა. შემოქმედებითი წრეების, სპორტული სექციებისა და მოსწავლეთა სასახლეების გარდა, სადაც ქალაქელ ბავშვებს განვითარების მრავალგვარი შესაძლებლობა ეძლევათ, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მეტი პრობლემაც აქვთ. რაც უფრო დიდია ქალაქი, პრობლემებიც მეტია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტით ხშირი გადაადგილება, ტელევიზორი და კომპიუტერი, როგორც გართობის საშუალება და აი, ჰიპოდინამიის პრობლემა უკვე არა მხოლოდ უფროსი თაობის ხვედრია. რასაკვირველია, სპორტული სექციები სიტუაციას აკეთილშობილებენ, მაგრამ რამდენიმესაათიანი ვარჯიშით კვირაში-2-3-ჯერ აქტივობის დეფიციტის კომპენსირება ვერ ხდება. ცხოვრების უძრავი წესი მოზარდობის პერიოდში იწვევს ჩონჩხის დეფორმირებას, აუარესებს ბავშვის მხედველობასა და გულის მუშაობას. ფიზიკურ აქტივობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის ყოველდღიურია, თუნდაც მცირე დოზით. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ამას აქტიური სირბილით და სეირნობით ინაზღაურებენ, მაგრამ სკოლის ასაკის მოსწავლეები შედარებით პასიურნი არიან. ყოველდღიური ვარჯიში და 40-60-წუთიანი სეირნობა მათთვის ნორმა უნდა იყოს.

ბავშვის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება ქალაქის ხმაური. ხმაურის უწყვეტი ნაკადი იწვევს დაღლილობას და აღგზნებადობას. ხმაურის ის ნაწილი, რომელიც   მხოლოდ, ე.წ. ინფრაბგერების სახით არსებობს, კიდევ უფრო სახიფათოა. დაბალსიხშირიანი რხევები ბავშვებს „ზღვის დაავადების“ მსგავს შეგრძნებებს უჩენენ.

ჟანგბადის უკმარისობა – კიდევ ერთი არაპოზიტიური თემა. ადრე ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად საწარმოო კომპლექსების არსებობა მიაჩნდათ, დღეს კი ეს სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეულ გარემოს დაბინძურებასთანაა კავშირში. საწვავის ხარისხთან მიმართებაში საქართველოში სულ უფრო და უფრო მკაცრდება არსებული რეგულაციები და 2017 წლიდან ის ევროსტანდარტებს  უნდა გაუთანაბრდეს, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემა პრობლემად რჩება. გამონაბოლქვი განსაკუთრებით მატულობს საცობების პერიოდში, მათი რიცხვი კი თბილისის სხვადასხვა მონაკვეთებზე სულ უფრო იზრდება.

კარცეროგენს შეიცავს ქალაქის მტვერი. ის აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სიმსივნეს. ეს ყველაფერი მძიმე გავლენას ახდენს ბავშვების იმუნურ სისტემაზე. პრობლემაა მწვანე ნარგავების შემცირებაც. სკვერებსა და პარკებში იდგმება შენობები, რის გამოც ქალაქის ქუჩები საკმარისად ვერ ნიავდება.

ქალაქელ ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს არასაკმარისი განათებაც. თანამედროვე პედიატრები ხშირად ჩვილებსაც კი უნიშნავენ ვიტამინ D-ს, რადგან დიდ ქალაქებში მისი ბუნებრივი გზით მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ქალაქში ბევრია ისეთი ბინა და სახლი, სადაც პირდაპირი მზის სხივები ვერ აღწევენ. არადა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ პატარა ადამიანის გუნება-განწყობა, არამედ ათასგვარი ბაქტერიების გამრავლება და იმ ვიტამინის გამომუშავებაც, რომლის უკმარისობის გამო ბავშვებს ხერხემლისა და ძვლების დეფორმირება ემუქრებათ.

მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა, გადატვირთული ოფისები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსების გამრავლებას. სწორედ ამიტომ ქალაქებში ეპიდემია უფრო მალე ვრცელდება, ვიდრე მცირე დასახლებებში. ვირუსების გამრავლებას ხელს უწყობს ხოლმე მშობლების მჭიდრო სამუშაო გრაფიკიც, როდესაც ბავშვისათვის დაგვიანებით იცლიან. დაავადებული ბავშვები ბაღსა და სკოლაში დაჰყავთ, რაც ინფექციის გავრცელების სწრაფი წყარო ხდება.

კიდევ ერთი ქალაქური სენი – ელექტრომაგნიტური დასხივება, რომლის შესახებ პირველი კვლევები ცამეტიოდე წლის წინ დაიდო. პასიურ რეჟიმში არსებული მობილური ტელეფონიც კი ძილის დარღვევებს იწვევს. მართალია, ეს საკითხი ჰაერის დაბინძურებასთან შედარებით მინიმალურია, მაგრამ დღის წესრიგში დგას და ამ მიმართულებით ახალ კვლევებს საჭიროებს.

აგრეთვე, ბავშვები ქალაქური ცხოვრების სწრაფი რიტმის მსხვერპლნი არიან. თანამედროვე მშობლები ცდილობენ ბავშვის გრაფიკი მაქსიმალურად დატვირთონ. ბავშვი იძულებულია ყოველ დილით ადრე ადგეს, გაძლიერებულად ისწავლოს, იაროს უცხო ენებზე, სპორტულ და ცეკვის სექციებზე… – ეს ყველაფერი მისი ვალდებულება ხდება. მშობლები ცდილობენ შვილების განათლების დონე მაქსიმალურად უზრუნველყონ, მაგრამ ხშირად ეს არცთუ კარგად მთავრდება. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი ყველაფერზე ღიზიანდება, გახდა აგრესიული, დიდხანს ვერ იძინებს, შფოთავს, დაეკარგა მადა და მეცადინეობას მოუკლო, ეს სტრესული დაღლილობითაა განპირობებული. დაადგინეთ, რა არის ამის მთავარი მიზეზი და დატვირთვის მეოთხედი მაინც შეუმცირეთ. თუ შედეგი არც ამან არ გამოიღო, მხოლოდ სკოლის გაკვეთილებით შემოიფარგლეთ, ნუ ატარებთ რამდენიმე წრეზე ერთდროულად. ბავშვის გრაფიკის ფორმირების პროცესში თავისუფალი დროის უკმარისობა აუცილებლად მიგიყვანთ არასასურველ შედეგებამდე. დასვენებისთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის ბავშვს დღეში 1,5-2 საათი და მეტიც უნდა ჰქონდეს.

ქალაქში ცხოვრების ერთ-ერთი ხიბლი სწრაფად ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა, რაც რეგიონში მცხოვრები ბავშვისთვის შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს, მით უმეტეს საქართველოს მთიან სოფლებში, სადაც გამოძახებულ ექიმს დღესაც უწევს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. ამიტომ პედიატრები გვირჩევენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შანსი და დროულად გამოვიკვლიოთ ბავშვის ფიზიკური და სულიერი საჭიროებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი