სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დედობის სევდა და ცრუ დღესასწაულები

“ველოდები, როდის მოვა  და მეტყვის, რომ ისევ ბავშვს აჩენს. სწორედ ამიტომ ვერ ვაწინაურებ”, – ასე  ლაპარაკობს  დირექტორი ჩემზე თანამშრომლებთან შეხვედრის დროს – მიყვება თავისი სამსახურის ამბებს ჩემი ძველი მეგობარი და მეუბნება, რომ სამსახურიდან უნდა წამოვიდეს, რადგან მისი ხელფასი მხოლოდ ძიძის ხელფასისა და მგზავრობის ხარჯებისთვის კმარა. დირექტორი კი მისი დაწინაურებისგან მხოლოდ იმიტომ იკავებს თავს, რომ არ უნდა მისმა ერთ-ერთმა საუკეთესო თანამშრომელმა შვილის გაჩენა დააპიროს. და საერთოდაც, თავს დამცირებულად გრძნობს, რადგან მიიჩნევს, რომ დირექტორს არ აქვს უფლება მის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და მისი ამბები სხვა თანამშრომლებთან განიხილოს.

“აკრძალვა არ ვიცი, რა არის, მაგრამ ჩემი ქმარი თავიდანვე შემითანხმდა, რომ არ ვიმუშავებდი და მეც არ ვმუშაობ და ეს ვითომ აკრძალვაა?!”- ამბობს სხვა ქალი, რომელსაც არ ვიცნობ.

ეს ორი განსხვავებული ამბავი მგონი გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, რომ ვთქვათ: ქალებს პრობლემები აქვთ. ქალებს პრობლემები აქვთ არა მარტო ოჯახში, არამედ სამსახურებში. ისინი არა მარტო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არიან, არამედ – სამსახურებში დისკრიმინაციის ობიექტი; ისინი არა მარტო თავიანთი პარტნიორების უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი არიან, არამედ ხელმძღვანელებისაც. ისინი არიან უალტერნატივო სიტუაციებში  გაჩხერილი, სადაც  მათ აიძულებენ აირჩიონ ორიდან ერთ-ერთი – შვილი  ან სამსახური; აირჩიონ კარიერული წინსვლა და უარი თქვან ოჯახზე, ან, პირიქით, აირჩიონ ოჯახური სიმყუდროვე და უარი თქვან საკუთარი უნარების და შესაძლებლობების რეალიზებაზე. ეს ორმხრივი წნეხი ქალებს აიძულებს, გახდნენ პასიური და ინდიფერენტული არსებები, რომლებიც ადვილად დაემორჩილებიან სხვათა ბრძანებებს, იქნებიან უფრო დამყოლები და მათზე გავლენის მოხდენა არავის გაუჭირდება და, რა თქმა უნდა, აღარ გაუჩნდებათ წინსვლის სურვილი.

ჩემი აზრით, ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს დისკრიმინაციაა და ასეთი რამ იშვიათი არ არის ჩვენს რეალობაში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვეხამუშება  და არადამაჯერებელი გვეჩვენება  იმის მოსმენა, როგორ იჩაგრებიან ქალები ჩვენს ქვეყანაში. თუ ნამდვილად დავინტერესდებით შეიძლება ბევრი ასეთი ამბავი მოვიძიოთ ჩვენი ნაცნობი და მეგობარი ქალებისგან, რომელთა ისტორიები თვალს აგვიხელენ, თუ სიმართლის დანახვა გადაგვიწყვეტია. შეიძლება, ზოგიერთმა დაგვიმალოს კიდეც, რომ მას ავიწროვებენ და ჩაგრავენ, თუმცა აღმოჩნდებიან ისეთებიც, ვინც ამ თემებზე ხმამაღლა დაგველაპარაკებიან.

შეგვიძლია უბრალოდ, ვკითხოთ მათ, რატომ ვერ ახერხებენ კარიერულ წინსვლას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლიანი და მოტივირებული თანამშრომლები არიან და  აქვთ სათანადო განათლება და გამოცდილება. რატომ ბლოკავენ მათ კარიერულ წარმატებას  და აიძულებენ არჩევანი გააკეთონ, რატომ ცდილობენ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას.

სამ და რვა მარტს  ქალების დღესასწაულებს ვზეიმობთ. ამ დღესასწაულებს განსაკუთრებით დაჰკრავს კარნავალურობის ყალბი ელფერი. განსაკუთრებით ყალბია საჯარო პირების ვიზიტები მხცოვან ქალბატონებთან, როდესაც ისინი საჩუქრებით და ფერადი თაიგულებით დატვირთულები სტუმრობენ მათ.  რომელთა მიზერული პენსია არ ჰყოფნის მათ ღირსეულ და სრულფასოვან კვებას და ვერც მედიკამენტების ხარჯებს სწვდება. მეტიც, საჭირო მედიკამენტებს ისინი განვადებითაც ყიდულობენ და თავიანთი მცირე პენსიიდან ნელ-ნელა ფარავენ ბანკის ვალებს. მე ვფიქრობ, რომ მათ საერთოდ არ ედღესასწაულებათ.

განსაკუთრებით ყალბი მეჩვენება იმ ხელმძღვანელების მისალოცი გამოსვლები, სადაც ქალებს სამსახურსა და ოჯახს შორის არჩევნის გაკეთებას აიძულებენ; განსაკუთრებით ყალბია მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი სამშობიარო სახლებში, რადგან  სწორედ იქედან გამოსულ დედებს უწევთ იმ გარემოში  შვილების გაზრდა, სადაც უბრალოდ  არ არსებობს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ეტლით გადაადგილებისას; ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურების ნორმა დასაშვებ ზღვარს ბევრად აჭარბებს; ქალაქში, სადაც საბავშვო ბაღის  ჯგუფებში ოცდათხუთმეტი  და  ორმოცი ბავშვი ერთად არის შეკეტილი, რომელთაც მხოლოდ ორი აღმზრდელი მეთვალყურეობს; სადაც მოხვედრა დიდ იღბალზე და გამართლებაზეა დამოკიდებული; სადაც ათასობით ბავშვი რჩება სკოლამდელი განათლების მიღმა, რადგან რეგისტრაციის დროს ყველა ადგილი უკვე დაკავებული იყო.

დღესასწაულებს თავისი ელფერი ეკარგება ისეთ გარემოშიც, რომელზეც არავინ  ზრუნავს და მასიურად ჩეხავენ ხეებს; მაშინაც, როდესაც მსხვერპლი ქალისთვის თავშესაფრებში ადგილი არ არსებობს და ისინი იძულებულნი არიან, გააგრძელონ ძალადობრივ გარემოში ცხოვრება; სადაც, არ დგება იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დისკრიმინაციას ახდენენ შეუფერებელი და სიძულვილის წამახალისებელი ტექსტებით სტიგმატიზაციას უწყობენ ხელს და ამის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. არც სამოქალაქო საზოგადოებაა ისეთი ძლიერი, რომ შეცდომებზე მიუთითოს და პასუხი მოსთხოვოს. ზოგჯერ, საზოგადოება ვერც კი ხვდება რა შეცდომებზეა ლაპარაკი და რატომ უნდა გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა, რატომ არ შეიძლება ყველაფრის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულების ქონა.

ჩემი აზრით, ყოველთვის შესაძლებელია საკუთარი უფლებების სწავლა და მათთვის ბრძოლა, ყოველთვის შესაძლებელია პროტესტის გამოხატვა და ამაში არათუ სასირცხვილო არაფერი არ არის, პირიქით, ძალიან აუცილებელი და საჭიროა. ალბათ, სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ ბავშვებთან ურთიერთობა, ვასწავლოთ და ვაცადოთ მათ თავიანთი სათქმელის გამხელა. სწორი ღირებულებების მქონე ადამიანი კი ყოველთვის შეეცდება არ დახუჭოს თვალები, როდესაც უსამართლობას დაინახავს, არ მოითმინოს ჩაგვრა და არასათანადო მოპყრობა და ყოველთვის ფხიზლად იქნება, როდესაც მისი ან მათი მეგობრების უფლებების დარღვევას შეეცდებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“