განსაკუთრებული თვეა იანვარი – მოლოდინის, სიხარულით გაბრწყინებული თვალების, სითამამის, წინ გადადგმული ნაბიჯების, ყველა ნატვრის ახდენის. მსოფლიოს საუკეთესო ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ნიმუშებიც ახალი წლისა და შობის დღესასწაულებთან დაკავშირებით მხოლოდ იმედითა და უკეთესი მომავლის მოლოდინით სავსე ამბებს გვთავაზობენ. შობა–ახალ წელს ადამიანთა უმრავლესობას ამაღლებული განწყობა ეუფლება. ამ დროს არც ვარდისფერი სათვალის მორგება ნიშნავს თვალის მოტყუებას.
ასეთ დროს, როცა სტუმრობისა და გასტუმრების პროცესი უსასრულოდ იჭიმება, პატარები მწვავედ აპროტესტებენ არდადეგებზე შესასრულებელი დავალებების ნუსხას, რომელიც მათ ისევ სასკოლო რუტინას მოაგონებს.
სემესტრის დასასრულ, როცა მოსწავლეებს საშობაო დავალება გავაცანი, მათი უმრავლესობა ინტერესით შეხვდა ახალ გამოწვევას, რადგან წასაკითხი წიგნების სიაში უმეტესად სადღესასწაულო თემატიკის თხზულებები შედიოდა, რომლის წაკითხვის შემდეგაც ბავშვებს სახალისო კვლევითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ. მაგალითად გთავაზობთ საშობაო არდადეგებზე შესასრულებელი დავალების ერთ-ერთ ჩემეულ ნიმუშს ქართულ ენასა და ლიტერატურაში:
,,აირჩიეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ერთ-ერთი წიგნი:
5.აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თხზულება.

როგორც ხედავთ, ჩემ მიერ შედგენილი ზამთრის არდადეგებზე წასაკითხი წიგნების სია ,,საშობაო სიმღერით” იწყება. შეგახსენებთ, რომ ჩარლზ დიკენსის ამ პატარა ნოველამ პოპულარობით ,,ოლივერ ტვისტიც” კი დაჩრდილა. 31 წლის ჩარლზმა თხზულება ექვს კვირაში დაწერა და შობამდე რამდენიმე დღით ადრე, 1843 წლის 19 დეკემბერს გამოსცა. დიკენსის თანამედროვენი ირწმუნებოდნენ, თხზულების პერსონაჟთა პროტოტიპები რეალური ადამიანები და მწერლის კარგი ნაცნობები არიანო. აი რას წერდა ავტორი თავისი ახალი თხზულების შესახებ:
,,მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემ მიმართ. დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე. თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჩ.დ.”

,,ლაჟვარდისფერი ისარი” ის იშვიათი წიგნია, რომელმაც შობის დღესასწაულზე, შეიძლება ითქვას, თავად მიპოვა. მაშინ არავინ გვაძლევდა საარდადეგებო დავალებებს და არც კომპიუტერში გადმოწერილი სადღესასწაულო ფილმების მრავალფეროვანი არჩევანი გვიქმნიდა საშობაო განწყობას. ჰოდა, ჩვენც, მოწყენილობის გასაქარვებლად, მშობლების მიერ მივიწყებულ წიგნებით სავსე ძველ სკივრებში ვიქექებოდით. სწორედ ამგვარ ,,საწყობში” გადავაწყდი ვარდისფერ, მარიონეტების გამოსახულებიან კრებულს, რომელსაც სადღესასწაულო განწყობისა არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მაინც გადავშალე და…
საშობაო არდადეგებზე დასაგემოვნებელი წიგნებიდან ყველაზე გემრიელი ,,ლუკმა” როალდ დალის ,,ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” გახლავთ. ყველას ვურჩევდი ვილი ვონკას ტკბილეულის გასინჯვას, ოღონდ გაითვალისწინეთ, მის ნახელავს მხოლოდ წარმოსახვის რეცეპტორებით თუ შეიგრძნობთ. აბა რომელი ნუგბარი შეედრება იისგემოიან მარმელადებს, კარამელებს, რომლებიც ყოველ ათ წამში ერთხელ იცვლიან ფერს, ჰაეროვან ტკბილეულს, პირში ჩადებისთანავე რომ დნება ან ცისფერ ჩიტებს, რაღაც ჯადოსნობის წყალობით, ენის წვერზე ციცქნა ალისფერ ბარტყებად რომ იქცევიან?! ვილი ვონკას არც განსაკუთრებული საღეჭი რეზინების გამოგონება უჭირს. გემოსა და ფერის მრავალფეროვნება რაღა გასაკვირია, როცა უცნაური კონდიტერის მიერ დამზადებული კევი სიტკბოს არასდროს კარგავს. მსუყე სადილისა და დესერტის გემოთა მონაცვლეობით განთქმული საბედისწერო საღეჭი რეზინი ხომ წარმოსახვით–კულინარიულ შედევრს წარმოადგენს…
საბედნიეროდ, ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი საკმაოდ გვიან ვნახე. მანამდე კი ვის აღარ მოვარგე როალდ დალის საოცარი პერსონაჟების როლი. ჩემი მოგონების სცენაზე ჩარლი სულაც არ იყო ლამაზთვალება და სიფრიფანა თავმდაბალი ბიჭი, იგი გახლდათ ჩემი ნაყვავილარსახიანი და ,,ზომიერად ფერხორციანი” თანატოლი, რომელმაც ოდესღაც გამიმხილა, რომ არასდროს გაუსინჯავს შოკოლადი. დანარჩენ პერსონაჟთა როლებს კი ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ინაწილებდნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ,,ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” უკეთეს მომავალში აღმოჩენის კიდევ ერთი უმოკლესი გზაა, იმ მომავალში, სადაც სასწაულები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება.