პარასკევი, მაისი 22, 2026
22 მაისი, პარასკევი, 2026

სოციო-ემოციური უნარების სწავლება

SEL – სოციემოციური სწავლება – არის პროცესი, როდესაც ბავშვები და მოზარდები იძენენ და ეფექტიანად იყენებენ ცოდნას, დამოკიდებულებასა და უნარებს ემოციების გასაგებად, პოზიტიური მიზნების განსასაზღვრად და მისაღწევად. გრძნობენ და ამჟღავნებენ ემპათიას სხვების მიმართ, ამყარებენ და ინარჩუნებენ პოზიტიურ ურთიერთობას და იღებენ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს.
ჟურნალ „მასწავლებელში“ დაბეჭდილ სტატიაში ავტორი დ. ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ თუ სკოლამდელ ასაკში მშობლები შვილების განვითარებაზე ზრუნვით არიან დაკავებული, მაგ. უკითხავენ ზღაპრებს, უმღერიან ძილის წინ, ეხმარებიან ყოფითი ცხოვრების უნარების ჩამოყალიბებაში, სკოლის შემდეგ ეს პროცესი სუსტდება, რადგან მშობლის მხრიდან პასუხისმგებლობა გადადის სკოლასა და შვილის ბუნებრივი ზრდა-განვითარების პროცესზე, „დანარჩენს თავად ისწავლის“ პრინციპით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე ( https://mastsavlebeli.ge/?p=177740).
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ემოციური ინტელექტის თეორიის ავტორი ამერიკელი ფსიქოლოგი დანიელ გოლმანი იკვლევდა – რატომ არ იყო დამოკიდებული ადამიანების წარმატება მხოლოდ გონებრივ შესაძლებლობებსა და აკადემიურ უნარებზე, როგორ ახერხებდა ზოგიერთი პიროვნება მასზე გონებრივად აღმატებულ ადამიანებთან შედარებით წარმატების მიღწევას, რატომ არ არის ინტელექტის მაჩვენებელი საკმარისი პროგნოზების გასაკეთებლად.
გოლმანმა მკვლევრების მიერ გამოგონილ ახალი ტიპის ინტელექტს, „ემოციური ინტელექტი” უწოდა. მეცნიერების განმარტებით, ეს გახლდათ ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ემოციურ ინტელექტს IQ-გან (გონებრივი, კოგნიტიური ინტელექტი) ისიც განასხვავებს, რომ ემოციური ინტელექტის ზრდა შესაძლებელია. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისთვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად „ადამიანური ურთიერთობის” უნარსაც უწოდებენ.
საინტერესოა მკვლევრების ერთი დასკვნაც. როგორც ისინი ფიქრობენ, ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. ემოციურ ინტელექტს, ისევე როგორც სხვა რომელიმე უნარს, ზოგიერთი ბავშვი თავიდანვე ავლენს. ასეთი ბავშვები კონტროლს უწევენ საკუთარ იმპულსებს, ნაკლებად მიდრეკილი არიან ტანტრუმის და სხვა მსგავსი ქცევების მიმართ. ადრეულ ასაკში ემოციური ინტელექტის მიმანიშნებელია ისეთი ერთი შეხედვით უბრალო მოქმედება, როგორიცაა – დესერტის მშვიდად დალოდება მაგიდასთან, სანამ სხვები სადილს დაამთავრებენ. ემოციურად ინტელექტუალური ბავშვები ხალისიანი არიან. ისინი უკეთესად ახერხებენ სასკოლო სირთულეებისათვის თავის გართმევას, ინარჩუნებენ სიმშვიდეს რთულ ვითარებაში, აკონტროლებენ ემოციებს, შეუძლიათ გამოიცნონ ახლობელი ადამიანების გრძნობები და შესაძლო რეაქციები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში. სკოლას შეუძლია, მოახდინოს „ემოციური განათლების” პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს ბრაზით, იმედგაცრუებით და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვას. განათლების სპეციალისტები მიუთითებენ ამგვარი უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელობაზე, რადგან მოზარდები, რომლებიც ვერ ფლობენ საჭირო ტექნიკებს ბრაზის დასარეგულირებლად, ან დეპრესიაში არიან, ხშირად აქვთ კონფლიქტები თანატოლებთან, რაც აფერხებს მათ მენტალურ კეთილდღეობას და აკადემიურ პროგრესს სკოლაში. კონფლიქტის კრეატიულად გადაჭრის პროექტი (The Resolving Conflict Creatively Project) ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებული ერთი პროგრამა გახლავთ. პროექტის დასახელება გვიჩვენებს, რომ იგი მიმართულია, დაეხმაროს მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში, უვითარებს მათ ინტერპერსონალურ უნარებს. ჯოან დაფელი, პროექტის ავტორი და ბავშვთა კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს – „ეს ის უნარებია, რომლებიც ბავშვებს ამშვიდებს გაბრაზებისას, ეხმარება მეგობრების შეძენაში, ასწავლის სხვების აზრის გათვალისწინებით კონფლიქტების გადაჭრას, უყალიბებს ეთიკური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების არჩევის უნარს”.
დონა ჰიუსმენი, ფსიქოლოგიის სპეციალისტი მასაჩუსეტსიდან, ამბობს, რომ ემოციური ინტელექტის სწავლა სავსებით შესაძლებელია. მან თანამოაზრეებთან ერთად შექმნა სოციო-ემოციური სწავლის (Social-emotional learning; SEL) პროგრამა, რომელიც ახდენს ჰუმანიტარული მიმართულების სასკოლო საგნებთან ისეთი სასიცოცხლო უნარების ინტეგრირებას, როგორებიცაა – ძიება, აქტიური სწავლა, რეფლექსია, საკუთარი თავისა და სხვების შეცნობა. „უამრავი კვლევით და თითქმის 30 წლის განმავლობაში ემოციური ინტელექტის ჩვენი სკოლის კურიკულუმში ჩართვით დავამტკიცეთ, რომ მოსწავლეები ხდებიან რა თავიანთი ემოციების მცოდნენი, ეფექტურად შეუძლიათ მათი მართვა და უკეთესად ართმევენ თავს სწავლაზე კონცენტრირებას”, – ამბობს ჰაუსმანი. ის მიიჩნევს, რომ საუკეთესო შედეგი დაწყებითი კლასების მოსწავლეებში დაფიქსირდა.
ჰაუსმანის თანამოაზრე ჯონ პეიტონი იკვლევდა, რა შედეგები მოჰქონდა სოციო-ემოციურ სწავლებას აკადემიური შედეგების თვალსაზრისით. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 300-ზე მეტი კვლევა 300,000-ზე მეტ მოსწავლეს შორის (ასაკი 6 -13 წელი). დადგინდა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სოციო-ემოციური სწავლების პროგრამაში იყვნენ ჩართული 11-17%-ით უფრო უკეთეს შედეგებს აღწევდნენ ვიდრე ისინი, ვინც ამ პროექტის მიღმა იყვნენ. „ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ სოციო-ემოციური სწავლება არ არის მოსწავლის ძვირფასი დროის არააკადემიური მიმართულებით ტყუილად ხარჯვა. მოსწავლეების აკადემიური მიღწევები იზრდება, მათი სოციალური და ემოციური უნარები უმჯობესდება, ცუდი ქცევა და აგრესია მცირდება”, – ამბობს პეიტონი.
ამგვარად, სოციო-ემოციური უნარების სწავლება სკოლებში ამაღლებს მოზარდთა მოტივაციას, აძლიერებს მენტალურ კეთილდღეობას და ქმნის უსაფრთხო, ინკლუზიურ და ეფექტურ სასწავლო გარემოს, რაც კვლევების მიხედვით, გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების პროგრესზე.
გამოყენებული ლიტერატურა
  1. Durlak, J.A., C.E. Domitrovich, R.P. Weissberg and T.P. Cullotta. 2015. Handbook of Social and Emotional Learning
  2. Goleman, D. Emotional intelligence. New York: Bantam Books. 1995.
  3. PANORAMA EDUCATION, USER GUIDE, SOCIAL-EMOTIONAL LEARNING, 2015
  4. The Pennsylvania State University. 2017. Social and Emotional Learning in Elementary School.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“