შაბათი, მაისი 9, 2026
9 მაისი, შაბათი, 2026

ენის განვითარების დარღვევები და დამნაშავეობრივი ქცევა მოზარდობისას თუ მის შემდგომ

როგორც მიუთითებენ, ენის განვითარების დარღვევის მქონე მოზარდებს უმთავრესად შემდეგი თავისებურებები ახასიათებთ:

მათ უჭირთ:

  •  სწრაფი პასუხი საუბრის დროს – შესაძლოა, დასჭირდეთ ინსტრუქციის გამეორება;
  •  გაკვეთილის მსვლელობისას რთული ლექსიკის გაგება და დასწავლა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის სწავლის პროცესს;
  •  სარკაზმის, ხუმრობის, უფროსების რთული ენის გაგება;
  • იდიომების, მეტაფორებისა და ორაზროვანი სიტყვების მნიშვნელობის გაგება;
  •  სრულყოფილი წინადადებების აგება, მიუხედავად იმისა, რომ იციან, როგორ უნდა წარმოთქვან ეს წინადადებები;
  •  გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვებით გამდიდრებული ენის გამოყენება.
  • მათ მონათხრობს ან წერილობით გადმოცემულ ამბავს აკლია დეტალები, არასრულყოფილია და ძნელად გასაგები;
  • უჭირთ დამოუკიდებლად მუშაობა და პრიორიტეტების დასახვა.
  • მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, ვერ აკონტროლებენ დროს.
  • სრულყოფილად ვერ მონაწილეობენ სკოლის სოციალურ ცხოვრებაში, რადგან არ შეუძლიათ საუბარში ჩართვა და სოციალური წესებისა და განსხვავებული შეხედულებების მიღება.
  • ემოციური სირთულეების გამო ხშირად ფრუსტრაციას განიცდიან და მათი ქცევა ზოგჯერ რთულად სამართავად მიიჩნევა. ეს შესაძლოა გამოხატული იყოს სიტყვიერი და ფიზიკური რეაქციებით ან ურეაქციობით, რის გამოც მათ ხშირად პასიურებად აღიქვამენ.
  • მათი ორგანიზების უნარები ხშირად მწირია.
  • ენობრივი სირთულეები დაბრკოლებას წარმოშობს სამუშაო გამოცდილების შეძენისა და გასაუბრების დროს.
კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლამდელ ასაკში პოზიტიური ჩარევის შედეგად ეს თავისებურებები მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს სასკოლო საზოგადოების მზაობას ენის დარღვევის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად. წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი გარდაუვალია.
გაგიგონიათ გვარ-სახელები: დენიელ ლაპლანტე (აშშ), ლუის იუჯინ გილბერტი (აშშ), გარი ლი სიმპსონი (აშშ)? 1980-იან წლებში მათ არაერთი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. სასამართლო ჩანაწერებში მიუთითებდნენ, რომ სამივე მკვლელს ბავშვობაში ენის განვითარების დარღვევა, კითხვისა და ყურადღების დეფიციტი ჰქონდა, რასაც ადვოკატები შემამსუბუქებელ გარემოებად ასახელებდნენ, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა – დამნაშავეებს უმკაცრესი განაჩენი გამოუტანეს.
ენობრივი განვითარების დარღვევები და რეციდივიზმის რისკი ახალგაზრდა დამნაშავეებში
დღესდღეობით უცხოეთში – ნაკლებად, ჩვენში კი თითქმის არ არის შესწავლილი ენობრივი განვითარების დარღვევის (DLD) პოტენციური გავლენა დანაშაულის რისკზე იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც სისხლის სამართლის სისტემასთან კონტაქტის ისტორია აქვთ. არადა, სასამართლო პროცესებისა და თავად დამნაშავეთა საუბრის ჩანაწერებიდან აშკარად იკვეთება ენის დარღვევის სხვადასხვა დონე, რაც საინტერესოა შედარების, პრევენციისა თუ მრავალი სხვა თვალსაზრისით.
საკითხით დაინტერესებამ ერთ-ერთ უცხოურ კვლევამდე მიგვიყვანა.[1] აღნიშნული კვლევის ობიექტია 145 ახალგაზრდა დამნაშავე. მათი ენობრივი განვითარების დონე დადგინდა ახალგაზრდული მართლმსაჯულების სამსახურის ჩანაწერებში ნაპოვნი ინფორმაციის საფუძველზე. შეკრებილი მონაცემები მოიცავდა ექსპრესიული და რეცეპტული ენის სტანდარტიზებულ საზომებს, არავერბალურ ინტელექტს (IQ-ს) და გულქვა, არაემოციური თვისებების ნაზავს. გაანალიზდა ხელახალი დანაშაულის რისკებს შორის შესაძლო განსხვავება ენის განვითარების დარღვევის (DLD) მქონე და არმქონე ახალგაზრდა დამნაშავეებთან. კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელახალი დანაშაულის კუმულაციური შემთხვევების მაჩვენებელი DLD-ს მქონე ახალგაზრდებთან გაცილებით მაღალი იყო (62%; 95% CI 52, 72), ვიდრე DLD-ს არმქონეებთან (25%; 95% CI 16, 39).
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე და ამიტომ მოზარდებში რეციდივიზმის პრევენცია პრიორიტეტია ახალგაზრდული მართლმსაჯულების სისტემისთვის (YJS) (Bateman, 2010). დამნაშავეთა რისკის გაზომვა სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება სასამართლო კვლევებში და პრაქტიკოსები ჩარევის რისკის დონესთან შესაბამისობის დადგენას ცდილობენ (Cording,Beggs, Christofferson, & Grace, 2015).
დიდ ბრიტანეთში ბრაიანმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ DLD-ს გავრცელება 46-დან 67%-მდე მერყეობდა, შემთხვევით შერჩეულ პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდებში, რომელთა საშუალო ასაკი 17 წელი იყო (Bryan, Freer & Furlong, 2007). იმავე ავტორებმა ჩაატარეს უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა დაცულ ბავშვთა სახლში და განაცხადეს, რომ ახალგაზრდების 42%-ს, რომელთა საშუალო ასაკი 15 წელი იყო, მიმართული (რეცეპციული) ენის საზომით, მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელზე 1.5 (ან მეტი) სტანდარტული გადახრა ჰქონდა (Bryan, Garvani, Gregory & Kilner, 2015). შედარების ჯგუფების კვლევამაც იგივე აჩვენა. ავსტრალიაში სნოუმ და პაუელმა (2008) მამაკაც დამნაშავეებს დაუდგინეს მნიშვნელოვნად დაბალი ჯგუფური ქულები ყველა ენობრივ საზომში, მათ შორის – ფიგურალურ ენობრივ უნარებში, თხრობით უნარებსა და წინადადებების გამეორების ამოცანებში, დემოგრაფიულად შესაბამის საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ასეთივე შედეგი აჩვენა ახალი ზელანდიის ახალგაზრდული მართლმსაჯულების რეზიდენციაში 14-17 წლის მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევამ. ავტორებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდების 58%-მა სტანდარტიზებული ენობრივი შეფასებისას პოპულაციის საშუალო მაჩვენებელზე 1.5 სტანდარტულზე ნაკლები ქულა მიიღო (Lount, Purdy & Hand, 2017). გარდა ამისა, ნიმუშის 87%-მა საშუალოზე დაბალი ქულა მიიღო (სტანდარტული ქულა 100), რაც ადასტურებს დიდი ბრიტანეთიდან ადრე მიღებულ დასკვნებს (Bryan et al., 2007). ამან ავტორები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ მოსახლეობისთვის ნორმალური მრუდი მნიშვნელოვნად არის გადახრილი მარცხნივ (Lount et al., 2017) და ახალგაზრდული მართლმსაჯულების თანამშრომლები ენობრივი უნარების ასეთ დონეს ნორმად მიიჩნევენ (Bryan et al., 2007). ჯამურად, ეს მტკიცებულება მიუთითებს, რომ ახალგაზრდების არაპროპორციულ რაოდენობას აქვს ენობრივი სირთულეები. მეთოდოლოგიური ვარიაციების მიუხედავად, დასკვნები თანმიმდევრულია და, საზოგადოდ, მიღებულია, რომ ახალგაზრდა დამნაშავეების 50%-60%-ს აღენიშნება ენობრივი სირთულეები, რაც კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. უფრო მეტიც: ეს სირთულეები, როგორც წესი, დიაგნოზირებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდული მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა არ იციან მისი შედეგების შესახებ (გრეგორი და ბრაიანი, 2011; სნოუ და პაუელი, 2012).
როგორც ვხედავთ, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომელიც დეტალურად აღწერს კავშირს ენის განვითარების დარღვევასა (DLD) და ახალგაზრდების მიერ ჩადენილ დანაშაულს შორის. უფრო მეტიც: იკვეთება მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ენობრივი სირთულეები ახალგაზრდა დამნაშავეებში რეციდივის პროგნოზირების მთავარი ფაქტორია -ასეთი ახალგაზრდები, სულ მცირე, ორჯერ უფრო ხშირად ჩადიან დანაშაულს, ვიდრე მათი თანატოლები ენობრივი განვითარების დარღვევების გარეშე.
კვლევის დასკვნები სწორად ენას ასახელებს დანაშაულებრივი ქცევის გაგრძელების ძირითად ფაქტორად და, შესაბამისად, ხაზს უსვამს ახალგაზრდა დამნაშავეების არაოპტიმალური ენობრივი უნარების გათვალისწინების მნიშვნელობას. ეს კი ის კომპონენტური უნარებია, რომლებიც ზღუდავს ახალგაზრდის შესაძლებლობას, აქტიურად მონაწილეობდეს ენით გაშუალებულ სიტუაციებში. ამ ახალგაზრდების მიერ განცდილი ენობრივი სირთულეების გაურკვეველი ბუნება რისკის ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც უნებლიეთ შესაძლოა უგულებელყოფილ იქნეს.
მკვლევრები წუხან, რომ ახალგაზრდული მართლმსაჯულების ამჟამინდელ ჩარჩოში ენა დაჩრდილულია იმ ფაქტორებით, რომლებიც უფრო გავლენიანად მიიჩნევა, რაც პრობლემურია, რადგან დასკვნები მიუთითებს, რომ განვითარების ენობრივი დარღვევა ძლიერი რისკფაქტორია, რომლის რამდენადმე მოწესრიგება შემდგომ დანაშაულებრივ ქმედებებს უსათუოდ აგვაშორებს თავიდან. 
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. Bryan, K., Garvani, G., Gregory, J., & Kilner, K. (2015). Language difficulties and criminal justice: The need for earlier identification. International Journal of Language & Communication Disorders, 50, 763-775.
  2. Winstanley, Maxine, Webb, Roger T and Conti-Ramsden, Gina (2021) Developmental language disorders and risk of recidivism among young offenders. The Journal Of Child Psychology And Psychiatry, 62 (4). pp. 396- 403. ISSN 0021-9630
  3. Hopkins, T., Clegg, J., & Stackhouse, J. (2018). Examining the association between language, expository discourse and offending behaviour: An investigation of direction, strength and independence. International Journal of Language & Communication Disorders, 53, 113-129.
  4. Hughes, N., Chitsabesan, P., Bryan, K., Borschmann, R., Swain, N., Lennox, C., & Shaw, J. (2017). Language impairment and comorbid vulnerabilities among young people in custody. Journal of Child Psychology and Psychiatry, 58, 1106-1113. Hughes, N., Williams, P., Chitsabesan, P., Davies, R., & Mounce, I. (2012). Nobody made the connection: the prevalence of neurodisability in young people who offend. London: Office for the Children’s Commissioner
[1] Winstanley, Maxine, Webb, Roger T and Conti-Ramsden, Gina (2021) Developmental language disorders and risk of recidivism among young offenders. The Journal Of Child Psychology And Psychiatry, 62 (4). pp. 396- 403. ISSN 0021-9630

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“