სამშაბათი, აპრილი 28, 2026
28 აპრილი, სამშაბათი, 2026

რთული ქცევის მართვა გაკვეთილზე

ხშირად გამიგონია, რომ რეალურ საკლასო სივრცეში რთული ქცევის მართვისთვის თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის – აქ მკაფიო გზამკვლევია საჭირო.
მინდა, რთული ქცევის მართვის პრაქტიკაში გამოცდილი ნაბიჯ-ნაბიჯ რჩევები გაგიზიაროთ. ეს რჩევები როგორც საკუთარი, ისე ჩემი კოლეგების, ეროვნულდა საერთაშორისო გამოცდილების შეჯამების შედეგი.
რთული ქცევა არის პერიოდულად ან სიტუაციურად განმეორებადი ქცევა, რომელიც ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვას (ჰიპერაქტიურობა, აგრესიულობა და ა.შ.).
ბუნებრივია, რთული ქცევის სამართავად საჭიროა გეგმა, მაგრამ ქცევის მართვის ეფექტიან გეგმას დამოუკიდებლად ვერ შევქმნით – კლასის ხელმძღვანელის, სხვა მასწავლებლების, მშობლების და თავად რთული ქცევის მქონე მოსწავლის დახმარება დაგვჭირდება, ეს კი პრაქტიკაში საკმაოდ რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ სიმშვიდე და ნებისყოფა უნდა მოვიკრიბოთ.
რთული ქცევის მართვის საჭიროების ალბათობა მინიმუმამდე რომ დავიყვანოთ, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადავდგათ:
  1. 1. შევაგროვოთ ინფორმაცია – ვიდრე რომელიმე კლასში შევალთ პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად, გავესაუბროთ კლასის ხელმძღვანელს და კლასის სხვა მასწალებლებს, ვკითხოთ მათი გამოცდილების შესახებ და მნიშვნელოვანი ცნობები ჩავინიშნოთ. კლასის ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, წინასწარ შევიმუშაოთ სწავლა-სწავლების სტრატეგია, რომელიც პირველ ეტაპზე მოსწავლეებისა და მათი შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება.
  2. 2. გავცეთ ინფორმაცია – მოვაწესრიგოთ და მოსწავლეებისთვის გასაცნობად მოვამზადოთ მიმდინარე წლისა და სემესტრის სამოქმედო გეგმები, რათა პირველივე, გაცნობით გაკვეთილზე ზედმიწევნით საინტერესოდ წარმოვაჩინოთ შესასწავლი საგანი, თემები, საშინაო დავალების ტიპები, განსახორციელებელი აქტივობები, სასწავლო პროექტები, მიმდინარე სემესტრისა და წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები. მზად ვიყოთ კითხვებისთვის, მოსწავლეების მოსაზრებებისა და ინიციატივების მოსასმენად და გასათვალისწინებლად. მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, სურვილის შემთხვევაში, თავიანთი წვლილი შეიტანონ სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვაში. მოსწავლეებმა პირველი გაკვეთილიდანვე უნდა იცოდნენ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, მათ მოსაზრებებს პატივისცემით ეპყრობიან და ითვალისწინებენ.
  3. 3. შევქმნათ გზამკვლევი – პირველივე კვირას მოსწავლეებს დამაჯერებელი არგუმენტებით ავუხსნათ ქცევის წესების დაცვის მნიშვნელობა, მერე კი ყველა მათგანის მონაწილეობით ჩამოვაყალიბოთ ეს წესები, შევიმუშაოთ პოზიტიური ფორმულირება, ჩამოვწეროთ და შესაბამისი ილუსტრაციებით გავაფორმოთ. ვეცადოთ, გზამკვლევი მეტისმეტად არ გადავტვირთოთ – ხუთი პუნქტი საკმარისია. ბოლოს გზამკვლევი საკლასო ოთახში, თვალსაჩინო ადგილას განვათავსოთ. მნიშვნელოვანია, თავადაც დავიცვათ ეს წესები და ამით ბავშვებს პოზიტიური ქცევის მაგალითი მივცეთ.
  4. 4. მივცეთ მაგალითი – მოსწავლეებს ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ პოზიტიური ქცევის მაგალითი. ვისაუბროთ თავაზიანად, დამაჯერებლად, დავიცვათ მოსწავლეთა უფლებები, შევასრულოთ საკუთარი ვალდებულებები, ეფექტიანად გამოვიყოთ საგაკვეთილო დრო, ყოველთვის მზად ვიყოთ მოსწავლეების მოსასმენად და მათ კითხვებზე დამაჯერებელი, არგუმენტირებული პასუხის გასაცემად.
  5. 5. ვესაუბროთ მიზნობრივად ყოველდღიური პრაქტიკიდან ამოვიღოთ ყოველგვარი სასჯელი და ჩავანაცვლოთ ის ახსნისა და ჯილდოს გამოყენების პრაქტიკით. დავსვათ კორექტული კითხვები და მკაფიო მითითებებით შევაწყვეტინოთ საგაკვეთილო აქტივობისთვის არაადეკვატური ქცევა. მაგალითად, როცა ვხედავთ, რომ მოსწავლე წრიალებს, ცდილობს გამოელაპარაკოს თანაკლასელს, რითაც კონცენტრირებაში ხელს უშლის არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც, ვკითხოთ: „გაქვს კითხვა?“ „გჭირდება დახმარება?“ თუ გვიპასუხა, რომ არ აქვს კითხვა და არ სჭირდება დახმარება, მშვიდი, მაგრამ მკაცრი და დამაჯერებელი ტონით ვუთხრათ: „მოიკრიბე ყურადღება და შეწყვიტე სხვა საქმის კეთება“ ან „შეწყვიტე საუბარი და სხვა მოსწავლეების შეწუხება“. გამოიყენეთ ჯილდო ეფექტიანად, შეაქეთ სიტყვიერად, დაუწერეთ პოზიტიური კომენტარი, დაურეკეთ/მისწერეთ მოსწავლის მშობლებს და მოუყევით მისი შვილის წარმატების შესახებ, აღნიშნეთ მოსწავლის წვლილი საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მეტი ეფექტიანობისთვის როგორც არასასურველ, ისე პოზიტიურ ქცევაზე რეაგირება მყისიერი უნდა იყოს.
  6. 6. დავეხმაროთ თვითგამოხატვაშიწავახალისოთ მოსწავლეთა ინიციატივ, მივცეთ ისეთი დავალება, რომელიც მათ საკუთარი ნააზრევის, იდეების, ინიციატივების შესახებ საუბრის საშუალებას მისცემს. შეძლებისამებრ დავეხმაროთ ამ ინიციატივების განხორციელებაში. შევქმნათ ისეთი საკლასო გარემო, სადაც მოსწავლეები თამამად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ. დავეხმაროთ მოსმენის, კითხვის დასმის, კომენტარის გაკეთების, დებატების, ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ახსნის უნარის განვითარება, რომელიც აადვილებს საკუთარი ნააზრევის, იდეის, ინიციატივის, პრობლემის, ემოციის გამოხატვა.
  7. 7. მივანიჭოთ თავისუფლებამივცეთ თავისუფალი დრო, – ეს შეიძლება იყოს სულ რამდენიმე წუთი, – რომლის დროსაც რომელიმე აქტუალურ საკითხზე ვისაუბრებთ. საზოგადოდ კი ყოველი აქტივობის დაგეგმვისას გავითვალისწინოთ, რომ, ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით, ფიქრისთვის ყველა მოსწავლეს სჭირდება ოპტიმალური დრო, რათა გაიაზრონ შეკითხვა, დავალების პირობა და ჰქონდეთ თანაბარპირობები საგაკვეთილო პროცესში საკუთარი თავის გამოსავლენად.
მიუხედავად ჩვენი დაუღალავი შრომისა, მაინც შეიძლება, გაკვეთილზე მოსწავლის რთულ ქცევას შევეჯახოთ. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
ყურადღებით დავაკვირდეთ ქცევას, რათა შეგვეძლოს მისი აღწერა და არგუმენტირებული პასუხების გაცემა კითხვებზე:
  • რა სახისაა რთული ქცევა?
  • რამდენად ხშირად მეორდება ეს ქცევა?
  • ჰქონდა თუ არა მას წინაპირობა?
  • რომელი პოზიტიური ქცევით გვინდა რთული ქცევის ჩანაცვლება?
აღწერასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსწავლესთან გასაუბრება მისი ქცევის შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა, მოსწავლე ვერ აცნობიერებდეს საკუთარი ქცევის შედეგებს ან უბრალოდ არ იცოდეს, როგორ მოიქცეს, ამიტომ:
  • ვცადოთ, გავარკვიოთ ქცევის მიზეზი;
  • ავუხსნათ, რატომ არის ასეთი ქცევა არასასურველი;
  • ავუხსნათ/ვაჩვენოთ, როგორ უნდა მოიქცეს.
ინტერვიუს დროს, ისევე როგორც მთელი სწავლა-სწავლების პროცესში, გამოვიყენოთ თავაზიანი, მეგობრული, მარტივი და გასაგები ენა.
თუ რთულ ქცევა რაიმე წინაპირობა არ აქვს ან ინტერვიუს შემდეგ მოსწავლის ქცევაში პროგრესი არ შეინიშნება, ერთიანი, კოორდინირებული მიდგომისა და გეგმის შესამუშავებლად მივმართოთ სკოლის ფსიქოლოგს, კლასის ხელმძღვანელს, კოლეგა მასწავლებლებს, მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს.
გამოყენებული ლიტერატურა
  1. თანამედროვე სკოლის მართვა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2021 წ.
  2. სკოლის ხელმძღვანელობა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივა, მეექვსე გამოცემა, ტომას ჯ. სერჯიოვანი
  3. ქცევის მართვის ინდივიდუალური შემთხვევების განხილვა, გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. თ. მუმლაძე, ნ. მიქაია, თ. საამიშვილი. საქართველოს განათლები, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2018 წ.
  4. ინკლუზიური განათლების გზამკვლევი, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, მ. ბაგრატიონი, შ. ტყეშელაშვილი, ლ. ქურციკიძე. 2021 წ.
  5. ლიდერობა და ადმინისტრირება სკოლაში, მნიშვნელოვანი ცნებები, სიტუაციური სავარჯიშოები და სიმულაციები. რიჩარდ ა. გორტონი, ჯუდი ა. ალსტონი, პეტრა ი. სნოუდენი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“