ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება სასწავლო პროცესზე უპრეცედენტო გავლენას ახდენს. მასწავლებლები სულ უფრო ხშირად დგანან გამოწვევების წინაშე: მოიძიონ სანდო ინფორმაცია, შექმნან საინტერესო სასწავლო მასალები, შეაფასონ მოსწავლეები ეფექტურად და ამ ყველაფრის პარალელურად გამონახონ დრო შემოქმედებითი პედაგოგიური საქმიანობისთვის.
სწორედ ამ გამოწვევებზე რეაგირებისთვის შეიქმნა Google-ის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი — NotebookLM. 2025-2026 სასწავლო წლისთვის ეს პლატფორმა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ტექნოლოგიად იქცა. წინამდებარე სტატია განიხილავს NotebookLM-ის ძირითად ფუნქციებსა და პრაქტიკულ გამოყენებას ქართული სკოლის მასწავლებლის ყოველდღიური სამუშაოს კონტექსტში.
NotebookLM (notebook.google.com) არის Google-ის მიერ შემუშავებული AI-ზე დაფუძნებული სამუშაო გარემო, რომლის ძირითადი პრინციპია: ხელოვნური ინტელექტი მუშაობს მხოლოდ იმ მასალებით, რომლებსაც თავად ატვირთავ. ეს მიდგომა კარდინალურად განასხვავებს მას ჩვეულებრივი AI ჩათბოტებისგან. ინფორმაცია დადასტურებულია და მისი წყარო ყოველთვის გამჭვირვალეა.
NotebookLM-ის 2025-2026 განახლებებმა ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად გახადა უფრო ღირებული პედაგოგებისთვის. კვლევის მიხედვით, NotebookLM ამჟამად “განათლების ყველა AI-ინსტრუმენტს შორის ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად” ჩამოყალიბდა. ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი ფუნქციები:
-
აუდიო მიმოხილვის შექმნა -მოკლე პოდკასტის გენერირება, თქვენს წყაროებზე დაყრდნობით.
-
სლაიდების გენერაცია – ატვირთული მასალებიდან პრეზენტაციის ავტომატური შექმნა, სრულად მორგებული კლასის დონეზე.
-
ვიდეო მიმოხილვების შექმნა – მოკლე განმარტებითი ვიდეოები, ადაპტირებული გაკვეთილის მიზნებზე.
-
გონებრივი რუკა (Mind Map)- ეს საუკეთესო საშუალებაა რთული საკითხების სწრაფად გასააზრებლად.
-
ინფოგრაფიკების შექმნა – ძირითადი ცნებების ვიზუალურად ჩვენება, მოსწავლეებისთვის მარტივად გასაგები ფორმატით.
-
ტესტებისა და ფლეშბარათების გენერაცია – ფორმატული შეფასების მასალები, რომლებიც პირდაპირ სასწავლო შინაარსიდან იქმნება.
-
ხელნაწერი შენიშვნების ამოცნობა – ხელნაწერი გვერდების ან სახელმძღვანელოს ფოტოების ატვირთვა და ციფრულ ფორმატად გარდაქმნა.
-
სიღრმისეული კვლევა — სტრუქტურირებული ანალიტიკური ანგარიშების შედგენა ატვირთული წყაროების საფუძველზე, ციტირებით.
განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს NotebookLM-ი ყოველდღიურ სამუშაოში გამოიყენოს:
-
გაკვეთილის მომზადება: მასწავლებელი ატვირთავს ქართული ლიტერატურის ტექსტს, სახელმძღვანელოს გვერდს და სასწავლო პროგრამის სტანდარტს. NotebookLM ამ სამი წყაროს საფუძველზე ქმნის სლაიდს, ადაპტირებულ სამუშაო ფურცელს და ტესტის კითხვებს. ყველა ნაწილი კავშირშია კონკრეტულ წყაროებთან – ღიაა ვერიფიკაციისთვის.
-
განმეორება და შეფასება: მოსწავლეებს შეუძლიათ სახელმძღვანელოს ციფრული ვერსიიდან ფლეშბარათებით ისწავლონ. მასწავლებელი ამ ბარათებს ადაპტირებას უკეთებს სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებისთვის – NotebookLM-ი ამ ადაპტაციის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
-
პროფესიული განვითარება: მასწავლებელი კვლევას ატვირთავს, NotebookLM კი პირდაპირ ამ სტატიებიდან ქმნის სტრუქტურირებულ ანგარიშს – კვლევის ყველა ციტატა გადამოწმებადია.


