როლურ თამაშზე დაფუძნებული სწავლება ბიოლოგიის გაკვეთილზე
სკოლაში მიღებული ცოდნა ხშირად რჩება აბსტრაქტულ სივრცეში – ტექსტებში, განსაზღვრებებში, ტერმინებში. თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად კუჭ-ნაწლავის დაავადებები, თავისი ბუნებით მოითხოვს სხვა ტიპის მიდგომას.
– როდის იწყებს მოსწავლე რეალურად სწავლას ?
– მაშინ, როდესაც საგაკვეთილო მასალა მის გამოცდილებად იქცევა.
სტატიაში განხილული გაკვეთლი სწორედ ცოდნასა და გამოცდილებას შორის არსებულ ზღვარზე გადის. ფორმალურად, გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების გაცნობა, მათი გამომწვევი მიზეზებისა და სიმპტომების გააზრება, პრევენციული მიდგომების ჩემოყალიბება. თუმცა, რეალურად მიზანი ბევრად უფრო მასშტაბურია, კერძოდ: მოსწავლემ უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორც მკვლევარმა ანუ დასვას კითხვები, ეჭვი შეიტანოს მონაცემებში, იპოვოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და მიიღოს გადაწყვეტილება არასრული ინფორმაციის პირობებში.
ინტერაქტიული სტრუქტურა, როგორც აზროვნების სტიუმული
გაკვეთილი დაყოფილია სამ ფაზად.
I ფაზა: წინარე ცოდნის აქტივაცია – ეჭვის გაჩენა.
გაკვეთილი იწყება წინარე ცოდნის აქტივაციით: მასწავლებელი განვლილ მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა სირთულის მართებულ და მცდარ დებულებებს, რომელთა შეფასებაც მათ არგუმენტირებულად უნდა შეძლონ. ერთი შეხედვით აქტივობა ემსახურება ცოდნის შემოწმებას, მაგრამ მისი ფუნქცია უფრო ღრმაა – ის მოსწავლეს აყენებს არჩევანისა და დასაბუთების აუცილებლობის წინაშე, რითაც ხელს უწყობს ანალიტიკური აზროვნების განვითარებასა და ეწინააღმდეგება მზა პასუხებზე ორიენტირებულ სწავლებას.
II ფაზა: ახალი მასალა – ინფორმაციის სტრუქტურირება
ახალი მასალის დამუშვებისას, თუკი გამოვიყენებთ პრეზენტაციას, რომელშიც განხილულია კუჭ-ნაწლავის დაავადებები, მათი სიმპტომები, გამომწვევი ფაქტორები და პრევენციული ღონისძიებები, ვერბალური ახსნის პარალელურად ვიზუალური რესურსების მიწოდება დაეხმარება მოსწავლეებს საკითხის უკეთ გააზრებაში.

III ფაზა : როლური თამაში – გარდატეხის წერტილი
გაკვეთილის მესამე ნაწილი ეთმობა როლურ თამაშს, რომელიც ეფუძნება კვებითი ინტოქსიკაციის ლოკალური აფეთქების შემთხვევას. მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად: ეპიდემიოლოგებად, ჯანდაცვის სპეციალისტებად და ჟურნალისტებად. ინფორმაცია კვებითი ინტოქსიკაციის ლოკალური აფეთქების შესახებ მიეწოდათ ტექსტისა და ცხრილის სახით. აქტივობა დასრულდა ჯგუფების მიერ ჩატარებული ბრიფინგით.
ლოკალური აფეთქების მაგალითი
ერთ-ერთი სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულზე მოაწყვეს ექსკურსია, რომლის ფარგლებშიც ესტუმრნენ საოჯახო ტიპის კვების ობიექტს, სადაც მასპინძლებმა სტუმრებს სხვადასხვა ტიპის კერძები შესთავაზეს: ხაჭაპური, ბოსტნეულის სალათი, კრემიანი ნამცხვარი, ქათმის სალათი მაიონეზით და სახლში მოხუფული კომპოტი.
დაახლოებით 6-8 საათის შემდეგ, რამდენიმე მოსწავლემ თავი შეუძლოდ იგრძნო. მოსწავლეები უჩიოდნენ გულისრევის შეგრძნებას, პირღებინებას, მუცლის ტკივილსა და ფაღარათს. დაავადებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება. მომდევნო სამი საათის განმავლობაში მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა კიდევ რამდენიმე მოსწავლეს.
შემთხვევის შესახებ მასწავლებელმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სკოლის ადმინისტრაციას, რის შემდეგაც ინფორმაცია გადაეცა შესაბამის სამედიცინო სამსახურს. ეპიდემიოლოგებმა დაიწყეს შემთხვევის შესწავლა. მათ გამოკითხეს ექსკურსიაზე მყოფი ყველა მოსწავლე და დაადგინეს, თუ ვინ რა საკვები მიიღო.
მოსწავლე
|
კომპოტი
|
ბოსტნეულის სალათი
|
ქათმის სალათი
|
კრემიანი ნამცხვარი
|
ხაჭაპური
|
ავად გახდა
|
გიორგი
|
კი
|
არა
|
კი
|
კი
|
კი
|
დიახ
|
ანა
|
კი
|
კი
|
არა
|
არა
|
არა
|
არა
|
მელანო
|
კი
|
არა
|
კი
|
კი
|
არა
|
დიახ
|
ნიკოლოზი
|
კი
|
კი
|
არა
|
არა
|
არა
|
არა
|
ნია
|
არა
|
კი
|
არა
|
კი
|
კი
|
არა
|
ილია
|
კი
|
კი
|
კი
|
არა
|
კი
|
დიახ
|
მარიამი
|
კი
|
არა
|
კი
|
არა
|
კი
|
დიახ
|
დემეტრე
|
კი
|
კი
|
არა
|
კი
|
არა
|
არა
|
თათული
|
არა
|
არა
|
კი
|
არა
|
არა
|
დიახ
|
გაბრიელი
|
არა
|
კი
|
არა
|
არა
|
კი
|
არა
|
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინტოქსიკაციის გამომწვევი საკვები დაბინძურებული იყო ბაქტერიებით, კერძოდ სალმონელათი (Salmonella).
დავალება თითოეული ჯგუფისთვის:
ეპიდემიოლოგები:
-
ვინ გახდა ავად?
-
განსაზღვრეთ, რატომ არ გახდა ყველა ავად?
-
განსაზღვრეთ სავარაუდო ინფექციის წყარო.
-
არის თუ არა 100% კავშირი საკვებსა და ავადობას შორის?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები:
-
განათავსეთ, რა შეცდომები შეიძლებოდა დაეშვათ საკვების მომზადებისას ან შენახვისას.
-
ჩამოაყალიბეთ 3-5 რეკომენდაცია, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები.
-
შექმენით პრევენციული ღონისძიებების გზამკვლევი ბროშურის ან ფლაერის სახით.
ჟურნალისტები:
-
მოამზადეთ მოკლე რეპორტაჟი.
-
დაუსვით კითხვები ეპიდემიოლოგებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს.
-
1-2 ფრაზით აღწერეთ ფაქტი, რომელიც ყველაზე საინტერესოდ მოგეჩვენათ.
როლური თამაში არ არის მხოლოდ სახალისო აქტივობა, არამედ აქვს ფართო პედაგოგიური დატვირთვა: ცოდნა იძენს ფუნქციას. გაკვეთილის გარდამტეხი მომენტი იწყება მაშინ, როდესაც მოსწავლე იღებს როლს. ის აღარ არის უბრალოდ მოსწავლე, ის არის:
-
ეპიდემიოლოგი, რომელმაც უნდა დაადგინოს დაავადების წყარო;
-
ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაზე;
-
ჟურნალისტი, რომელიც რეალობას საზოგადოებას გადასცემს.
მოსწავლეები იწყებენ ფიქრს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე: რატომ არ გახდა ყველა ავად? არის თუ არა ავადობა შემთხვევითობაზე დამოკიდებული? დაავადება კონკრეტული საკვებით ხომ არ არის გამოწვეული და თუ კი მაშინ რომლით ?
საბოლოო ჯამში, აღნიშნული აქტივობა აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს :
-
კოგნიტურ დატვირთვას – მოსწავლე აანალიზებს მონაცემებს;
-
სოციალურ ინტერაქციას – მოსწავლე მუშობს ჯგუფში;
-
ემოციურ ჩართულობას – მოსწავლე იღებს პასუხისმგებლობას;
-
ტრანსფერს – მოსწავლე აკავშირებს თეორიულ ცოდნას რეალურ სიტუაციასთან.
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით, ის უნდა ქმნიდეს გამოცდილებას. განხილული გაკვეთილი ადასტურებს, რომ ინტერაქტიული მეთოდები ზრდის მოტივაციას; რეალური კონტექსტი აძლიერებს ინფორმაციის გააზრებას; ემოციური ჩართულობა ამყარებს ცოდნას.
რაც მოსწავლემ განიცადა ის ბევრად უფრო დიდი ხნით რჩება მის მეხსიერებაში ვიდრე ის რაც მოისმინა.