პარასკევი, აპრილი 24, 2026
24 აპრილი, პარასკევი, 2026

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება V–VI კლასებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე

მიკრომწვანილი
სტატია ეხება მიკრომწვანილის თემაზე აგებულ საგანმანათლებლო კვლევით პროექტს V-VI კლასებში ბუნებისმეტყველების საგანში. კვლევითი პროექტი აერთიანებს პრაქტიკულ და შემოქმედებით აქტივობებს, მათ შორის თეატრით სწავლების მეთოდს.
მიკრომწვანილი (წიწმატი, ბროკოლი, წიწიბურა, ხორბალი, ბოლოკი, მზესუმზირა, ლობიო, მუხუდო, მდოგვი და ა.შ.) წარმოადგენს მცენარის ახალგაზრდა ყლორტებს, რომლებიც იჭრება აღმოცენებიდან ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით 12-14 დღეში, როდესაც განვითარებულია პირველი ფოთლები. აღნიშნულ ფაზაში მცენარეები გამოირჩევიან მაღალი ბიოლოგიური აქტივობით და შეიცავენ ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვან კონცენტრაციას.
კავშირი საგნობრივ სტანდარტთან: სამიზნე ცნება – ორგანიზმი, საარსებო გარემო (შედეგები: 1, 2, 3, 4, 5)
საკვანძო კითხვები: რატომ განსხვავდებიან ორგანიზმები ერთმანეთისგან? როგორი აგებულება აქვს ამა თუ იმ ორგანიზმს? როგორი ურთიერთკავშირია ორგანიზმის ცალკეულ ნაწილებსა და მათ ფუნქციებს შორის? როგორ ზემოქმედებას ახდენს გარემო და მასში მიმდინარე ცვლილებები სხვადასხვა ორგანიზმზე?
მასწავლებელი ორგანიზებას უკეთებს კვლევით აქტივობას ხუთი ეტაპის დაცვით, რომელიც ეფუძნება შემდეგ საკვლევ კითხვას: რატომ იზრდება მიკრომწვანილი სხვადასხვა პირობებში განსხვავებულად?
პირველ ეტაპზე ის ეხმარება მოსწავლეებს პრობლემის გააზრებასა და კითხვის ჩამოყალიბებაში, ამახვილებს ყურადღებას გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა სინათლე, წყალი და ტემპერატურა. შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ ჰიპოთეზებს რამდენად არის ისინი კონკრეტული, ლოგიკური და შემოწმებადი და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ დაკონკრეტებაში დამხმარე კითხვების გამოყენებით.
1.პრობლემის დასმა
2.ჰიპოთეზის ფორმულირება
3. ექსპერიმენტის დაგეგმვა
4. მონაცემთა შეგროვება
5.დასკვნების გამოტანა
მოსწავლე აყალიბებს კვლევით კითხვას – რატომ იზრდება მიკრომწვანილი ზოგ შემთხვევაში სწრაფად და ჯანსაღად, ხოლო ზოგ შემთხვევაში სუსტად ან ნელა?
მოსწავლე აყალიბებს მოსაზრებას, მაგ: ვფიქრობ, რომ მიკრომწვანილი უკეთ იზრდება მაშინ, როცა მას აქვს საკმარისი სინათლე, წყალი და სითბო.
მოსწავლე გეგმავს ექსპერიმენტს – დათესავს მიკრომწვანილს სხვადასხვა პირობებში, მაგ: ერთი სინათლეზე, მეორე სიბნელეში; აწოდებს მათ სხვადასხვა რაოდენობის წყალს.
მოსწავლე აკვირდება მიკრომწვანილის ზრდას, ზომავს სიმაღლეს, აღწერს ფოთლების ფერს და ფესვების მდგომარეობას, მონაცემებს წერს დაკვირვების დღიურში.
მოსწავლე ადარებს მიღებულ შედეგებს ჰიპოთეზას და აკეთებს დასკვნას, რომელი პირობებია საუკეთესო მიკრომწვანილის ზრდისთვის.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს პრობლემის დაზუსტებაში, ამახვილებს ყურადღებას გარემო ფაქტორებზე (სინათლე, წყალი, ტემპერატურა).
მასწავლებელი ამოწმებს, არის თუ არა ჰიპოთეზა კონკრეტული, ლოგიკური და შემოწმებადი.
მაგ: მიკრომწვანილი ყოველთვის კარგად გაიზრდება თავისით, ასეთი ჰიპოთეზა არ არის კონკრეტული და ვერ მოწმდება ექსპერიმენტით. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ჰიპოთეზის დაკონკრეტებაში დამხმარე კითხვებით: რაზეა დამოკიდებული ზრდა? რა პირობები შეიძლება შევცვალოთ? მიუთითებს, რომ კარგი ჰიპოთეზა უნდა იყოს შემოწმებადი, კონკრეტული, დაკავშირებული კვლევით კითხვასთან.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ექსპერიმენტის ეტაპების სწორად დაგეგმვაში და უსაფრთხოების წესების დაცვაში.
მასწავლებელი სთავაზობს მას დაკვირვების ცხრილს, ეხმარება მონაცემების სწორად დაფიქსირებასა და შედარებაში.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს დასკვნის სწორად ფორმულირებაში და მეცნიერული ტერმინების გამოყენებაში, მაგ.ზრდის პირობები, გარემო ფაქტორები.
ამ დროს მოსწავლეები აწარმოებენ დაკვირვების დღიურს, სადაც სისტემატურად აფიქსირებენ მცენარის ზრდის დინამიკას, ფოთლების ფერსა და ფესვების მდგომარეობას.
 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც კვლევის პროცესს აერთიანებს, არის დაკვირვების დღიური, რომელიც ინდივიდუალურად მიეწოდება მოსწავლეებს (თვალსაჩინოებითი, ელექტრონული). ორი კვირის განმავლობაში დღიური მოსწავლეების მიერ დაკვირვების საფუძველზე შეგროვებული მონაცემებით ეტაპობრივად ივსება.
სასურველია, მოსწავლეებმა დაკვირვების დღიურის საფუძველზე ასევე მცირე რეპორტაჟებიც ჩაწერონ, რომლებიც ცალკე სასწავლო რესურსად შეიძლება მიზნობრივად იქნეს გამოყენებული.
დაკვირვების დღიურიმიკრომწვანილის კვლევა
(დაკვირვების ცხრილი 12-14 დღის განმავლობაში შესავსები)
მოსწავლის სახელი/გვარი:—————–
კლასი:—————–
მიკრომწვანილის სახეობა —————————
დაკვირვების დაწყების თარიღი: ——————————-
I დღე
III დღე
V დღე
VII დღე
X დღე
XII დღე
XIV დღე
დასკვნა:-——————————————————————————————-
პროექტში კვლევასთან ერთად გამოყენებულია ასევე თეატრით სწავლების მეთოდი, რომელიც წარმოდგენილია პიესით „მიკრომწვანილის თავგადასავალი“. პიესის პერსონაჟები (თესლი, ნიადაგი, მზე, წვიმა და სხვ.) ასახავენ მცენარის ზრდისათვის აუცილებელ პირობებს და მათ ურთიერთქმედებას, რომელიც აგებულია სამიზნე ცნების-ცნებების შინაარსობრივი მოცულობით. (დანართი N1)
პროექტის დასკვნითი ეტაპი არის მშობელთა ჩართულობით განხორციელებული კულინარიული ექსპერიმენტი. აღნიშნული აქტივობის მიზანია სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორობის გაძლიერება, ჯანსაღი კვების კულტურის პოპულარიზაცია, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
მოსწავლეები და მათი მშობლები ერთობლივად ერთვებიან კულინარიულ პროცესში. ჯგუფები მოიძიებენ და თანამშრომლობით ამზადებენ მიკრომწვანილის სალათებს, იყენებენ ჯანსაღ ინგრედიენტებს მიკრომწვანილთან ერთად. აქტივობის დასრულების შემდეგ ჯგუფები განიხილავენ, როგორ შეიცვალა კერძის გემო მიკრომწვანილის დამატებით, რომელი სახეობის მიკრომწვანილი აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო, რა სარგებლობა აქვს მიკრომწვანილს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება არის ინტეგრირებული ხასიათი, რომელიც აერთიანებს ექსპერიმენტულ კვლევას, თეატრალურ აქტივობასა და კულინარიულ პრაქტიკას. აღნიშნული მიდგომა სრულად ეხმიანება STEAM განათლების პრინციპებს, რადგან მოსწავლეები ერთდროულად იყენებენ მეცნიერების, ხელოვნების, პრაქტიკული უნარებისა და კრეატიული აზროვნების კომპონენტებს.
თეატრის მეშვეობით ისინი აცნობიერებენ მცენარის მარტივად ზრდის პროცესს, ექსპერიმენტებით იკვლევენ გარემო ფაქტორების გავლენას, ხოლო კულინარიული აქტივობით მშობლებთან ერთად მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში იყენებენ. მსგავსი მრავალმხრივი ჩართულობა მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეებში სწავლის ეფექტიანობასა და მოსწავლეთა მოტივაციას სამომავლოდ.
დანართი N1
თეატრით სწავლება
„მიკრომწვანილის თავგადასავალი“
რეკომენდაცია მასწავლებელს:
სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად მოირგონ ქვემოთ შემოთავაზებული როლები და ისე ითამაშონ თეატრი მიკრომწვანილის თავგადასავალზე, ასევე შესთავაზეთ, მოსწავლეებმა თავად დაამზადონ თეატრალური პერსონაჟები.
ქაღალდზე დახატონ შესაბამისი ფიგურები, ამოჭრან, ორივე მხრიდან გადააკრან გამჭვირვალე წებოვანი ლენტი გამძლეობისთვის და შემდეგ ხის ჩხირებზე დაამაგრონ;
თეჯირის გამოყენებით თოჯინები პიესის მიხედვით გაათამაშონ.
 
პერსონაჟები:
თესლი – პატარა, მორიდებული, მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე
ნიადაგი – თბილი და მზრუნველი
მზე – მხიარული და ენერგიული
წვიმა – კეთილი
ახალი აღმოცენებული მიკრომწვანილი – ცნობისმოყვარე და ბედნიერი
მოწყენილი ყვითელი მიკრომწვანილი – მზის შუქს მოკლებული, მოწყენილი
მწვანე და ცოცხალი მიკრომწვანილი – ყველაზე ენერგიული
გადაზრდილი დიდი ზომის მწვანილი – მოწყენილი, თითქოს ყველასგან მივიწყებული
 
თესლი
გამარჯობა, ბავშვებო, მე პაწაწინა თესლის მარცვალი ვარ, გუშინ დამთესეს, რაღაც უცნაურ გარემოში მოვხვდი, სადაც ძალიან ბნელა და რაღაც უცნაური სიჩუმეა… ძალიან მეშინია…
ნიადაგი
– არ ინერვიულო, პაწაწინა მარცვალო! მე შენი პატარა მეგობარი ვარ, სახელად ნიადაგი მქვია, ახლა საბანივით გადაგეფარები, ჩაგთბუნავ და დაგმალავ, შემდეგ კი ჩემი ბიძაშვილები ცხრათვალა მზე და შხაპუნა ცელქი წვიმა მოგხედავს და ზრდაში დაგეხმარება. ჩვენ ერთად გაგილამაზებთ სიცოცხლეს.
მზე
– გამარჯობა, პატარა მარცვალო! აი, მეც მოვედი! მე ცხრათვალა მზე ვარ, სამყაროს ირგვლივ სითბოს და სინათლეს ვჩუქნი, მე შენ გაგათბობ და მოგცემ ძალას, რომ გაიზარდო! შენამდე გამოვუშვებ ჩემს სხივებს, რომლებსაც გამოვატან სითბოს და სინათლეს.
წვიმა
– აი, მეც მოვედი, მე წვიმა ვარ წკაპუნა, მე დაგინამავ მიწას, რომ მზემ ზედმეტად არ გამოგაშროს, შენი ფესვები, ჩემი წვეთების დახმარებით ღეროს და ფოთლებს წყალს და საკვებს მიაწოდებს. შენ გაიზრდები ჩემო პატარა და გაძლიერდები.
ახალი აღმოცენებული მიკრომწვანილი
– გამარჯობათ! ოოო! რა სიკაშკაშეა აქ! იქ ქვემოთ ნიადაგში გახსოვთ როგორ მეშინოდა, როგორი სიბნელე იყო, აქ ზემოთ კი ეს სულ ახალი სამყაროა მართლაც. ნახეთ, თავი სად ამოვყავი, გამარჯობა, მზეო! გამარჯობა, წვიმა! მე მესმოდა თქვენი ხმა, ვგრძნობდი როგორ ზრუნავდით ჩემზე.
მზე და წვიმა ერთად
– გაგიმარჯოს, პატარა მიკრო! ახლა შენ გელოდება დიდი თავგადასავალი, შენ უნდა გაიზარდო, გაძლიერდე და გახდე მიკრომწვანილი!
მოწყენილი ყვითელი მიკრო
– მოგესალმებით ბავშვებო, როგორ მიხაროდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ… ძალიან მოწყენილი ვარ, იცით რატომ? იმიტომ, რომ ძალა აღარ მაქვს, დავსუსტდი, მე ვერ ვიზრდები… ნახეთ ჩემი კაბა-ხალათი ყვითელი გახდა, მე მზეს ვერ ვხედავ… ფანჯარასთან არ დამსვეს ადამიანებმა, არადა, თავიდან პირობა დადეს, რომ მომხედავდნენ, მომივლიდნენ, წყალს, სითბოს და სინათლეს არ მომაკლებდნენ და აჰაა, რას დავემსგავსე სულ ერთიანად გავყვითლდი გავფერმკრთალდი…
მზე
– მოიცა, მოიცა ნუ მოიწყენ! ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი მეგობრობა შეძლებს შენს გადარჩენას, მოიცა შენც გაჩუქებ ჩემს სინათლეს, სინათლე კი დაგეხმარება ფოთლების გამწვანებაში.
მწვანე მიკრომწვანილი
– მოდი ჩემთან! მოდი, მე მზის ქვეშ ვიზრდებოდი, ძალიან კარგი პატრონი შემხვდა, და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ! სულ მწვანე და ხასხასა ვარ.
– ნახე, როგორ გავმწვანდი! ნუ გეშინია, არ მოიწყინო. მოდი, ვიმეგობროთ. აქ შენი ადგილიც გამოჩნდება ფანჯრის რაფაზე, აბა მოიწიე ჩემკენ, ბავშვებს კი ერთად ვუთხრათ, რომ დღეიდან არ დაავიწყდეთ ჩვენთვის მზის სხივებისკენ მიშვერა, წყლის დასხმა და სიყვარულის ჩუქება.
გადაზრდილი მწვანილი
– აქ რა ხდება, ვინ შეკრიბა ეს ლამაზი არსებები, მე დიდი ბროკოლი ვარ, მე უკვე დიდი ვარ, მაგრამ აღარ ვარ მიკრო… თუმცა ოდესღაც მეც ეგეთი, პატარა და ძალიან ენერგიული ვიყავი…
ბავშვებისთვის უზღვავი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მეჩუქებინა, თუმცა ჩემს ზარმაცა პატრონს, სანამ ორყურა ვიყავი, ჩემი მოსავლის აღება დაავიწყდა და ახლა აღარ ვარ ისეთი გემრიელი, როგორც პაწაწინა ჩემი მეგობარი მიკრომწვალები…
ნიადაგი
– ეგ არაფერია! ქოჩორა ბროკოლო, შენ ახლაც იმდენი ვიტამინი გაქვს, მაინც საჭირო და სასარგებლო ხარ, მაგრამ ახლა პატარებს ვუთხრათ, რომ 12-14 დღეს არ გადააშოროთ, დროულად დაკრიფონ მიკრომწვანილის მოსავალი, სანამ ჯერ კიდევ ორი ფოთოლი აქვთ!
მზე
– როცა ყველა ერთად ვართ და ერთმანეთს ვეხმარებით მე, წვიმა, ნიადაგი და ბავშვები მიკრომწვანილი იზრდება ბედნიერად და უდარდელად!
მიკრომწვანილები ერთად
– ჩვენ კი ვცოცხლობთ მზის სხივებით, წვიმის წკაპუნა წვეტებით, ნოყიერი ნიადაგით და თქვენი მზრუნველობითა და სიყვარულით ბავშვებო!
სააზროვნო კითხვები:
·         რა ეტაპები გაიარა თესლმა, სანამ მიკრომწვანილი გახდებოდა?
·         ვისგან მიიღო მიკრომწვანილმა დახმარება ზრდაში?
·         რა დაემართა ყვითელ მიკრომწვანილს და რატომ?
·         რატომ უნდა მოვკრიფოთ მიკრომწვანილი დროულად?
·         როგორ დაეხმარა მას მწვანე მიკრო და რას გვასწავლის ეს მეგობრობაზე?
·         როგორ ფიქრობ, რას იგრძნობდა გადაზრდილი მწვანილი, როცა მიხვდა, რომ დაივიწყეს?
·         რას ნიშნავს ზრუნვა მცენარეზე? ადამიანებზე?
·         მიკრომწვანილს რომ შეეძლოს საუბარი, რას გეტყოდათ დღეს? რას ეტყოდი შენ სხვა თანატოლებს მიკრომწვანილზე?
 
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 2018-2024 ეროვნული სასწავლო გეგმა. ბუნებისმეტყველება, დაწყებითი საფეხური.
  2. მ. ბლიაძე, შ. ტყემალაძე, თ. შუბლაძე, ნ. ფსუტური, 2025. სახალისო პროექტები – „ჩვენ და ბუნება“ V–VI კლასი, ბუნებისმეტყველება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“