ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025
22 დეკემბერი, ორშაბათი, 2025

მრავალსახეობა ახალი წლისა. როდიდან აღნიშნავენ ადამიანები ახალი წლის დღესასწაულს

(პირველი ნაწილი)

 „შეებრძოლე შენს ვნებებს, მშვიდობა გქონდეს მეზობლებთან და ყოველ ახალ წელს გაპოვნინოს ღმერთმა უკეთესი ადამიანი“.

ბენჯამინ ფრანკლინი (1706–1790), ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, შეერთებული შტატების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი

 

მალე ახალი წელი დადგება, ხალისით, მომავლის იმედით, ნუგბარი კერძებით, წინასაახალწლო ფაციფუცით და ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევის სპონტანური, ეკლექტური, თუმცა საბოლოოდ მაინც სასიამოვნო მომენტებით. როდის გაჩნდა ადამიანთა საზოგადოებაში ცნება „ახალი წელი“? საიდან ითვლება „ახალი წლის“ დღე? რატომ არის ახალი წელი დღესასწაული? ვფიქრობთ, ამ კითხვებზე პასუხები თქვენთვისაც საინტერესო და შემეცნებითი იქნება.

გარდა ახალი წლის დღესასწაულის წინარეისტორიისა და ჩამოყალიბების ეტაპებისა, ვფიქრობთ, საინტერესოა ისიც, როგორ მოიხსენიება ეს განსაკუთრებული დღე სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში. ახალ წელს უამრავი სახელი აქვს და თითქმის ყველა კულტურა, ხალხი, ეთნოსი ამ დღეს თავისებურად მოიხსენიებს.

* აშშ-სა და ინგლისურენოვან კანადაში ახალ წელს New Year’s Eve (ან New Year’s Night) და სან-სილვესტრი ჰქვია, ფრანგულენოვან კანადაში – რევეიონი (Le Réveillon du Nouvel An).

* ჩრდილოეთ ევროპაში ახალი წლის ღამეს მრავალი სახელი აქვს: დანიასა და ნორვეგიაში – Nytårsaften, შვედეთში – Nyårsafton, ფინეთში (ამ ქვეყანაში ორი ოფიციალური ენაა – ფინური და შვედური) – Uudenvuodenaatto და Nyårsafton, ისლანდიაში – Gamlárskvöld, პირველ იანვარს კი Nýársdagur ჰქვია.

* ბალტიის ქვეყნებში ახალი წლის წინა დღეს ასე მოიხსენიებენ: ესტონეთში – Uusaastaõhtu, ლატვიაში – Vecgada vakars, ლიეტუვაში – Naujųjų metų išvakarės.

* გერმანიაში, ავსტრიაში, ლიხტენშტაინსა და შვეიცარიის გერმანულ ნაწილში ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს, Silvester ჰქვია. ეს ტერმინი მომდინარეობს ძველი რომაული გადმოცემიდან, რომ პაპმა სილვესტრმა (IV ს.) 31 დეკემბერს ლოცვით განკურნა კეთრისგან კონსტანტინე დიდი და შემდეგ მონათლა. ამის გამო 31 დეკემბერს სილვესტრი ეწოდა, შემდეგ კი ეს სახელი გერმანიისა და აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოების რომანულ-კათოლიკურ რეგიონებშიც (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ავსტრია, სლოვაკეთი) გავრცელდა. დღეს სილვესტრი (Sylvester, უნგრ. Szilveszter) ყველა ამ ქვეყანაში ახალი წლის წინა დღეს ნიშნავს. გერმანიაში მას Neujahr-ს („ახალი წელი“) ან Neujahrstag-ს („ახალი წლის დღე“) უწოდებენ და ის წყნარი და მშვიდი დასვენების დღეა. პირველ იანვარს გერმანელები ისვენებენ, სტუმრად დადიან ან ახალი წლის დადგომას პარკებში სეირნობით აღნიშნავენ.

* ლათინურ სამყაროში (ლათინური ამერიკის ქვეყნები, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და იტალია) 31 დეკემბერს სხვადასხვა სახელი აქვს: ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში – Nochevieja, ანუ „ძველი ღამე“; კატალონიაში – Cap d’Any, „წლის თავი“; გალისიაში – Noitevella, ანუ „ძველი ღამე“. პორტუგალიაში წინასაახალწლო ღამეს Noite de Ano Novo-ს („ახალი წლის ღამე“) ეძახიან. იტალიაში, გერმანიის მსგავსად, 31 დეკემბერი San Silvestro-ა, თუმცა წინასაახალწლო ღამეს აქ, კატალონიის მსგავსად, a notte di Capodanno-ს („წლის თავის ღამე“) უწოდებენ. საფრანგეთში ახალი წლის წინა დღეს Le Réveillon de la Saint-Sylvestre-დ მოიხსენიებენ. შუაღამისას ის დღესასწაულად გარდაიქმნება და ახალ წელს და მის შეხვედრასაც მოიცავს. ასევე გავრცელებულია სახელი le soir du Nouvel An („ახალი წლის საღამო“), რომელიც რევეიონის გაგრძელებაა.

* რუსეთსა და ბელარუსში ახალ წელს, შესაბამისად, „ნოვი გოდ“ ან „ნოვი ჰოდ“ ჰქვია, ხოლო უკრაინელები ამ დღესასწაულს „ნოვი რიკს“ ეძახიან. სხვა სლავურ ქვეყნებში ახალ წელს და წინასაახალწლო ღამეს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: პოლონეთში – Sylwester, ჩეხეთში – Silvestr, სლოვაკეთში – Silvester, ხოლო 1 იანვარს – Nový Rok, სლოვენიაში – Silvestrovo, ხოლო 1 იანვარს – novo leto, უნგრეთშიSzilveszter, ხორვატიაში – Silvester. არსებობს წინასაახალწლო ღამის სხვა სახელებიც: novogodišnja večer, ხოლო ახალი წლის დღეს ხორვატიაში Nova godina ჰქვია. მართლმადიდებელ სერბეთში გავრცელებულია შემდეგი სახელები: Новогодишња вече და Нова година; მართლმადიდებელ ბულგარეთში – новогодишна вечер და Нова година; ჩრდილოეთ მაკედონიაში – новогодишна вечер და Нова година.

* საბერძნეთსა და კვიპროსში ახალი წლის დღეს Protochroniá ჰქვია, რაც ნიშნავს “პირველ დღეს” და იანვრის 1-ელ დღეს აღნიშნავს.

* სომხეთში ახალ წელს ერთმანეთს ასე ულოცავენ: Շնորհավոր Նոր Տարի („შნორ(ჰ)ავორ-ნორ-ტარი“ – სომხ. „შნორავორ“ – გილოცავთ, „ნორ ტარი“ – ახალი წელი); აზერბაიჯანელები, როგორც შიიტი მუსლიმები, ახალი წლის დღესასწაულს 21 მარტს აღნიშნავენ (ნოვრუზი – გაზაფხულის დღეღამსწორობის დღე), თუმცა, საბჭოთა ტრადიციის თანახმად, 31 დეკემბერსაც ზეიმობენ და ამ დღეს Yeni İl-ს უწოდებენ. თურქეთში ახალ წელს (1 იანვარს) Yılbaşı (იილბაში) ჰქვია, რაც „ახალი წლის თავს, დასაწყისს“ აღნიშნავს.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? როდის დადგინდა ახალი წლის დღე ან მისი აღნიშვნა? ისტორიული წყაროები გვაუწყებენ, რომ ახალი წლის აღნიშვნის უძველესი წესი შუამდინარეთისა და ბაბილონის ცივილიზაციას უკავშირდება.

 

ბაბილონური აქიტუ

მარტის ბოლოს, გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ ახალმთვარეზე, ბაბილონელები ბუნების აღორძინებას რამდენიმედღიანი ფესტივალით – აქიტუთი აღნიშნავდნენ. ახალი წლის ეს ადრეული აღნიშვნა ძვ. წ. 2000-5000 წლებით თარიღდება. მიჩნეულია, რომ ეს რიტუალი ბაბილონელების რელიგიასა და მითოლოგიასთან სიღრმისეულად იყო გადაჯაჭვული. მრავალი მკვლევარი მიუთითებს აქიტუს შინაარსობრივ და კონცეპტუალურ კავშირზე ძველშუმერულ ახალ წელთან, რომელიც გაზაფხულის სეზონს, ბუნების განახლების პერიოდს ემთხვეოდა. აქიტუს წარმოშობის ისტორია ათასწლეულების მტვრით არის დაფარული და პირდაპირ კავშირშია ძველი შუამდინარეთის წარმართულ კულტებთან – გაზაფხულის ფესტივალი ტიგროსისა და ევფრატის ძველ საზოგადოებებში აღიარებული იყო როგორც დღე, როცა დედამიწა შეიქმნა მფარველი ღმერთის  – ენლილის (შუმერული პანთეონი), მარდუკის (ბაბილონურიპანთეონი) ან აშურის (ასურული პანთეონი) მიერ. ნისანი (აპრილის თვე) ან ნისანუ არამეულში (და სირიელები დღემდე იყენებენ არამეულ სახელებს თვეებისთვის) აღნიშნავდა წლის დასაწყისს, გაზაფხულის მოსვლას და განახლებას.

აქიტუს დღეებში ღმერთების ქანდაკებები ქალაქის ქუჩებში დაჰქონდათ და ასრულებდნენ რიტუალებს, რომლებიც ქაოსზე ღმერთების გამარჯვებას განასახიერებდა. ბაბილონელებს სწამდათ, რომ ამ რიტუალების მეშვეობით ღმერთები სიმბოლურად ასუფთავებდნენ და ხელახლა ქმნიდნენ სამყაროს, რითაც ახალი წლისა და გაზაფხულის დაბრუნების საფუძველს ამზადებდნენ.

აქიტუს ერთი განსაკუთრებით საინტერესო ტრადიცია მეფის რიტუალურ დამცირებას მოიცავდა. ბაბილონის მეფეს ღმერთ მარდუკის ქანდაკებასთან მიიყვანდნენ, ღვთაებრივ სამეფო რეგალიებს ჩამოართმევდნენ და აიძულებდნენ, დაეფიცა, რომ ქალაქს პატივისცემით მართავდა (შენიშვნა: სწორედ ამ დროს – ძვ. წ. 7 000 -5 000 წლებს – უკავშირდება დედამიწაზე პირველი ქალაქებისა და ურბანული კულტურის გაჩენძველ შუმერში, ბაბილონსა და ასურეთში).

მონარქისგან მიღებული ფიცის შემდეგ მღვდელმთავარი მეფეს სილას გააწნავდა და ყურებით დაითრევდა, იმ იმედით, რომ იგი ატირდებოდა. თუ მეფეს ცრემლი წამოუვიდოდა, ეს მარდუკის კმაყოფილების ნიშნად და მეფის ხანგრძლივი ზეობის მომასწავებლად მიიჩნეოდა. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ეს  იყო მეფის ღვთიური ძალაუფლების მტკიცებისა და ხალხზე მონარქის ძალაუფლების რეაფირმაციის (ხელახალი დადასტურების) ინსტრუმენტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შურისძიება

ევა, იანვარა და იასამანი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“